ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები
Posted: 31 ოქტ 2008, 01:11
გიო, მართალია ხალხი, არ იყო ამის ადგილი "აუ რაღაც მინდა ვთქვა"-ში, სად გვემეტება დასაკარგად შენი ნაწერები?
შენ თუ არ გახსნიდი თემას, აგერ ბატონო მე გავხსენი და შენ თუ არ დადებ შენს ნაწერებს აქ, გამოგეკიდები პოსტდაპოსტ და მე დავაკოპირებ, თუ ისევ იმ წასაშლელად განწირულ თემაში დადებ რამეს
. მაგრამ იმედია, არ მაწვალებ და შენვე შემოიხედავ აწი აქ, როცა მუზა მოგაკითხავს
:



qvevri wrote:ლერწმის სტვირების გამყიდველი
საოცრად ლურჯი თვალები ჰქონდა. ფეხზე სალდათის ძველი ჩექმები ხოლო ტანზე გაცრეცილი ლურჯი პიჯაკი ეცვა ზამთარ-ზაფხულ. ჩაუვლიდა ბაკა-ბუკით ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს დინჯად და გასწევდა ლერწმის ჭალისაკენ. მაღალი იყო, თხელი. დინჯადვე შევიდოდა ჭალაში და დაიწყებდა სასტვირე ლერწმების მოგროვებას. მოაგროვებდა, შეჰკონავდა, გაიდებდა მხარზე და წავიდოდა და გადაიკარგებოდა სადღაცა ერთიხანობა. გასცდებოდა მცხეთას და ღართისკარს, აუხვევდა მარცხნივ თოფების საწმენდისაკენ, მთლად ბოლოში რომ ავიდოდა გადასახედთან შეჩერდებოდა მხარიდან კონაჩამოუღებლად და გასცქეროდა ერთხანს რაღაცას გაოცებული, რაღაცას კი არა და, იმ ადგილიდან ფშავის მთები მოსჩანდა მოწმენდილზე და იმას უცქერდა. მართლაცდა საოცარი სანახავი იყო მოწმენდილზე ფშავის მთები, იდგნენ მძიმე-მძიმეთ წუთისოფლის ღრიანცელით დაღლილები, არც არაფერს ამბობდნენ ამოდენა ამბის მომსწრენი და არც არავის ელოდნენ, ერთი კი იყო, როდესაც ბამბის ქულასავით თეთრი ნისლები მიაკითხავდნენ და მთებს ზედ შუბლზე დაადგებოდნენ გვირგვინად, მაშინ რაღაცნაირად გახალისდებოდნენ მთები, სულ სხვა ელფერს მიიღებდნენ ხოლმე. ნისლიც თითქოს გრძნობდა მთების ამგვარ ამბავსა და უფრო მეტად ეკვროდა ტანზე მთებს მიჯნურივით. ლერწმის სტვირების გამყიდველი კი იდგა და გასცქეროდა წარბებშეკრული და რაღაცაზე ჩაფიქრებული ყველაფერ ამას. თოფების საწმენდზე სხვაც ბევრი გადადი-გადმოდიოდა, მაგრამ ისინი მთისა და ნისლის მიჯნურობას კი არა საკუთარი ცხვირის იქით რა იყო იმასაც კი ვერა ხედავდნენ, ლერწმის სტვირების გამყიდველს კი სიშორის მიუხედავად ლამის სათითაოდ დაეთვალა მთის კალთების ნაოჭები და ხევები. ერთხელ მთების ცქერით დაღლილმა ამგვარი რამა სთქვა:
“ნისლოვ რას ჰფიქრობ ოხერო
შემდგარო მაღალს მთაზედა
ნუთუ შენც რამე გაწუხებს
ამ ტიალ ქვეყანაზედა”
ვინ იცის რამდენ რამეს შეეწუხებინა ლერწმის სტვირების გამყიდველი, ვინ იცის რამდენჯერ ატკინა მას გული ტიალმა ქვეყანამ, რომ ამგვარ რამეს ეკითხებოდა ნისლს “ნუთუ შენც რამე გაწუხებსო”.
უთქმელი იყო, მაგრამ ერთხელ კი ეს დასცდა ტაძრის გალავანთან მდგარს: “ადამიანი დიდი სევდის პატარა ნაწილიაო”...
ეხლაც ყურში მიდგას იმ პატარა სტვირების ტკბილი ზუზუნი, რომელზედაც ლერწმის სტვირების გამყიდველი უკრავდა ხოლმე. იშვიათად გამოჩნდებოდა ტაძრის შესასვლელთან, მაგრამ როცა მოვიდოდა, ხალხი მაშინვე მასთან მოიყრიდა ხოლმე თავს და უსმენდა მისი სტვირის მხიარულ ხმას. ეს ყველაფერი დიდათ ვერ მოსწონდა იქვე შორიახლოს მდგომარე მოხუცს, რომელიც ფანდურს აფხაკუნებდა მთელი დღე მომაბეზრებლად და ზედაც უნიჭოდ დაამღერებდა ხოლმე ლექსს მოწყალების მოლოდინში. იგი ყოველთვის ბრაზით მისჩერებოდა ლერწმის სტვირების გამყიდველს, რომელიც გრძნობდა კიდევაც ბერიკაცის ფარულ პაექრობას და ერიდებოდა მასთან სიახლოვესა და საუბარს. მოხუცი კი, დაინახავდა თუ არა თავის მეტოქეს უფრო ხმამაღლა ააფხაკუნებდა თავის გამჭვარტლულ ფანდურს და თან ბრაზმორეული ხმით მღეროდა რაღაცას. ხალხს უკვე კისერში ჰქონდა ამოსული მოხუცის უნიჭო სიმღერა და ფანდურის გულისწამღები ფხაკუნი, მაგრამ რა ექნა?
ერთ დილას მოხუცი რაღაცნაირად, მედიდურად მოვიდა თავის ალაგას და დადგა ვიღაცის მოლოდინში, მას მთელი ღამე არ დაუძნია და ლერწმის სტვირების გამყიდველს ერთი შაირი მოუგონა, რომელიც მერე ფანდურზეც დაუმღერა:
ემაგ ლერწმისა სტვირსაო
ნაღდად რაღაცა სჭირსაო
ვერცა სათქმელსა ამოსთქომს
პატრონსაც უქმად რჯისაო.
ლერწმის სტვირების გამყიდველი ამ დროს ტაძრის გალავანს მიჰყუდებოდა და მთებზე და ნისლებზე ჩაფიქრებულიყო. მოისმინა თუ არა ნათქვამი უცებ გამოფხილდა და დაუფიქრებლად, შაირითავე უპასუხა მოხუცს, რომელიც გამარჯვებაში დარწმუნებული უშნოდ იღრიჭებოდა:
ნეტავ არ აფხაკუნებდე
ემაგ ფანდურსა უშნოდა
შენ და შაირი იგრე ხართ
როგორც მადლი და მრუშობა.
მოხუცს უშნო ღიმილი სახეზე შეეყინა, თავი დახარა და ფეხის თრევით მოშორდა იქაურობას...
... ერთ დღეს წეროვნელ მწყემსებს უცნაური ამბავი უნახავთ თოფების საწმენდზე, გადასახედთან ჯოხზე დაყრდნობილი კაცი დაუნახიათ ფშავის მთებისაკენ მაცქერალი, დიდხანსა მდგარა თურმე გაუნძრევლად, მერე ერთი მწყემსი მისულა ახლოს და ვინაობა უკითხია, ჯოხზე დაყრდნობილ კაცს არაფერი უპასუხია, როდესაც მწყემსი მთლად ახლოს მისულა უნახია, რომ კაცი ცოცხალი აღარა ყოფილა. მწყემსის თქმით, კაცს ღიად დარჩენილი და თან საოცრად ლურჯი თვალები ჰქონია, ფეხზე სალდათის ძველი ჩექმები ხოლო ტანზე გაცრეცილი ლურჯი პიჯაკი სცმია...
გ. ბარისაშვილი
2008წ.