ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 10 დეკ 2008, 19:59

უწინ აქ ჯარებს უხმობდნენ , დაფდაფითა და ბუკითა,
ეხლა კი ქვევრი შემომხვდა წითელი ღვინით, მუქითა.
დამისხა, დამალევინა, ჩინჩხლები გამაყრევინა,
ქარის წისქვილთან მებრძოლსა, ფარ-ხმალი დამაყრევინა.






qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 11 დეკ 2008, 21:30

Image
შფოთავდა, ბორგავდა ვერ ისვენებდა. სიზმარში რაღაც საშინელი, აფთრის თავიანი არსება ორი რქითა და ორი იატაგანით მისი მშობლების საფლავებთან მისულიყო და მათ დაპატრონებას ლამობდა. საბრალო გიორგის უნდოდა მორეოდა, გაეგდო ურჩხული საფლავებიდან, მაგრამ ხელ ფეხი შებორკილი ჰქონდა. ან კი, რას გახდებოდა შიშველი ხელებით რქიან და ალმასივით ბასრ იატაგანებიან აფთართან, რომელიც ხმლებს აქეთ იქით იქნევდა და ღრიალებდა. გიორგი მიაჩერდა აფთრის ბინძურ პირსა და კბილებს, რქებსა და თვალებს და უცებ...... ეს ხომ ის თვალებია... აფთარს ადამიანის თვალები ჰქონდა. იმ ადამიანისა, რომელმაც გიორგის მშობლებს მისსავე თვალწინ ყელები დააჭრა. ცოცხლები წამართვა და მკვდრებსაც აღარ მანებებს, გაიფიქრა, მშვილდივით მოიზიდა, დაპატარავდა, უცებ გაიშალა, გადახტა, აფთარს რქებში სწვდა და თავი ლოდზე დაახლევინა. ამპარტავანი ამ თავხედობას ვიღაც პირტიტველასაგან არ მოელოდა და ბრაზისაგან ისეთი ჭყივილი დაიწყო როგორსაც დასაკლავად განწირული ღორი გამოსცემს. ჭყივილი განმეორდა, მაგრამ უკვე ცხადში, გაბმულად. ოფლში გალუმპულმა გამოიღვიძა და თვალი ჯერ მუხის ძელებიან ჭერს მერე შუაცეცხლზე მოთუხთმხე ქვაბსა და აგურის იატაკს მიავლ-მოავლო. საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, როდესაც ჭყივილის ხმა კიდევ გაიგონა. გიორგიმ ხელი მამისეულ, შავტრიან სატევარს წამოავლო და სარკმელიდან ფრთხილად გაიხედა. ვაჩე, გიორგის ბიძა რთველს აპირებდა და მეზობლებისათვის შველა ეთხოვა. ფეხები კაცო ფეხები დაუჭით იძახდა ვაჩე და წამოქცეულ კერატს ყელში ყამას უყრიდა, ვერ გაიგე ადამიანო ფეხები დაუჭით თორემ გაგვექცა და მოგვეჭრა თავი კაცოოო. ვაჩეს საადრეო ვენახი ედგა ეზოს უკან, ფერდობზე. ზაფხული იყო მაგრამ გარემოში შემოდგომის სურნელი იდგა. ეზოში დიდი სამზადისი იყო, კაცები, ვინ სართვლო ცხვირმოკაუჭებულ დანებსა ჰპირავდა, ვინ გოდრებს აწყობდა კამეჩებშებმულ ურემზე, ვინ ამ დღისათვის გაზრდილი ღორის დაკვლაში იღებდა მონაწილეობას, ზოგი მარანში ფუსფუსებდა, სხვებიც სხვა საქმეებით იყვნენ გართულნი. გაგაღვიძეთ? ჰკითხა ვაჩემ გიორგის ღიმილით და საქმეს მიუტრიალდა. გიორგიმ ეზო გადაჭრა და დედ მამის საფლავებისაკენ გასწია. მალევე მივიდა და იმ ქვაზე ჩამოჯდა, რომელიც ამ ორი წლის წინ სამების ტყიდან ჩამოიტანა ზურგით და რომელზეც წუხანდელ სიზმარში აფთარს თავი დაახლევინა. ვინ იცის რამდენჯერ მოსულა გიორგი აქ, ამ ადგილას, რამდენჯერ გადმოუღვრია ცრემლები ჩუმად, ხმის ამოუღებლად და რამდენჯერ შეუვედრებია დახოცილი მშობლების სულები უფლისათვის. გიორგის თხუთმეტი წლის წინ თურქებმა მშობლები თვალწინ დაუხოცეს, მაშინ იგი ხუთი წლისა იყო, მას შემდეგ გიორგი აღარ ლაპარაკობს, იგი დამუნჯდა. ვერ იქნა და ვერ შეეგუა მშობლების სიკვდილს, მაგრამ სიკვდილიც არის და სიკვდილიც... ორ რქიანი და ორ ხმლიანი, ნეტავი რას უნდა ნიშნავდეს? გაივლო გულში და იმ ადგილისაკენ გასწია რომელიც ამ რამოდენიმე დღის წინ ჩახერგეს მეფე დავითის ბრძანებით. (ამ ადგილებს ხალხი დღესაც ჩახერგილს უწოდებს). ხეობა ისე იყო ჩახერგილი რომ იქ გაძრომა თაგვსაც გაუჭირდებოდა. გიორგი მწვანე ქვების წყაროსთან გაჩერდა, წყალი დალია და ჩახერგილს მიადგა, სადაც ოცამდე იარაღასხმული ცხენოსანი მოგროვილიყო და ხმამაღლა რაღაცას ბჭობდა. ერთერთმა მხედარმა გიორგის ანიშნა მათთან მისულიყო. სადაური ხარ, მიმართა თეთრწვერა და სახენაიარევმა კაცმა გიორგის, მან ხელი უკან, სოფლისაკენ გაიშვირა და ამით ყველაფერი თქვა. იგია, ვაჩეს ძმისშვილი, ჩაილაპარაკა თავისთვის თეთრწვერამ. ხალხში მითქმა-მოთქმა იყო: ბევრზე ბევრი, თავით ფეხებამდე რკინაში ჩამჯდარი ჯარი მოედინებაო, უნდა გადაგვთელონო, ამოგვწყვიტონო, ჩვენ ალაგას თვითონ უნდა ისახლონო, მოდიან ცოლ-შვილიან ცხვარ-ფარიანადაო, ან ჩვენა და ან არავინაო და მისთანანი. მგლები დაგვეცნენ შვილო, თქვა თეთრწვერამ.
ჩადი და ბიძაშენს შეატყობინე მეფე გიხმობსთქო. გიორგი მყისვე მიტრიალდა და სოფლისაკენ სირბილით დაეშვა, ეზოში შევარდა და ბიძამისს მთლად გახვირთქული აეტუზა წინ. რა ამბით? ჰკითხა ვაჩემ, გიორგიმ ხელი ჩახერგილისაკენ გაიქნია, ვაჩე ყველაფერს მიხვდა და გაჩუმდა. უცებ მთავარანგელოზის საყდარიდან ზარების გაბმული რეკვა შემოისმა, რასაც სოფელში მსტოვრების შემოსვლაც დაერთო. ხალხმა ერთ ადგილას მოიყარა თავი, ხალხნო და ჯამაათნო დაიწყო ერთ-ერთმა მსტოვარმა, წინ დიდი ომი გველოდება, ეს არის ომი, როგორიც ჯერ არასოდეს ყოფილა ღვთისმშობლის წილხვედრში. ვისაც მკლავი გვიჭრის ზემოთ გვიხმობენ, დრო აღარ ითმენს ჯაჭვი აისხით და გამოგვყეთ. ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, ცაზე ახლად ამოსული მზე სხივებს უხვად უნაწილებდა ქვენას, ხალხი წავიდწამოვიდა..... ვაჩემ დაცარიელებულ ეზოკარს მოავლო თვალი: ქვითკირის სახლი, მარანი, კაკლის ხეებში მოლიცლიცე მზე, ეზოს კუთხეში ცეცხლზე მოთუხთუხე ვეება სპილენძის ქვაბი, დასაკრეფად გამზადებული ვენახი, კამეჩებშებმული ურემი, გოდრები, თვალცრემლიანი ცოლი, თამარი...... რომელსაც ხელში სართვლო დანები ეჭირა და ჩუმად ქვითინებდა. რა გატირებს დედაკაცო? განა გვჭირს რამე სატირი? ჰკითხავდა ვაჩე ცოლს. ვაჩე ჯან ღონით სავსე, შუა ხანს გადაცილებელი ვეება ვაჟკაცი იყო, რომელსაც სოფელში ბრძენის სახელი ჰქონდა. მისი სიდიდის გამო მას სოფლელები მეტსახელად ვაჩეგოლიათს ეძახდნენ. იგიცა და მისი ძმისშვილი გიორგიც მეფე დავითს ბარე ათჯერ მაინც ახლდნენ ბრძოლაში და კაი სახელიცა ჰქონდათ მოგროვილი.
გვერდიდან არ მოიშორო, მაგის მეტი არავინა მყავს, სლუკუნებდა თამარი. გული ცუდს მითხრობს, ეს რთველიც რაღა დღეს წამოიწყეო წყრომით იძახდა ეზოში გადი-გამოდიოდა. მასეთ არეულ საუბარს აბგა გაგვიმზადო იქნება სჯობდეს, სთქვა ვაჩემ და ჯაჭვის ასხმა დაიწყო. გიორგის უკვე ჩაეცვა რკინა და ეზოში თავდახრილი და რაღაცაზე დაფიქრებული დააბიჯებდა. გამომიტანე, გასძახა ვაჩემ ცოლს მოკლედ და თან ხელი სახლისდაკენ გაიშვირა. თამარმა ცოტა ხანში ორივე ხელით, ფრთხილად მიართვა ქმარს მისი განუყრელი იარაღი, ლახვარი. ლახვარი ვაჩეს პაპისეული იყო. მას ტარად ძელქვა ეგო, ხოლო პირად ბასრი, დაკბილული რკინა ეკეთა. ვაჩემ ლახვარს თვალი აავლ ჩაავლო, შემდეგ ცოლს გამოართვა და ჰაერში გაიქნ-გამოიქნია. გიორგი როგორც ყოველთვის ბრძოლაში მამისეული სატევარის ამარა შედიოდა, ხოლო მარცხენაზე ფარის ნაცვლად ღაჯია ეკეთა. ვაჩემ ცალ ხელში ფარი და ლახვარი დაბღუჯა მეორეთი კი თამარს მოეხვია, მიიზიდა და ცრემლიანი თვალები ჩაუკოცნა, რა გატირებს? ასე არასოდეს მოქცეულხარ დედაკაცო, რა გჭირს? არ ვიცი არა, გიორგიზე თვალი გეჭიროს ხო იცი მაგის მეტი არავინა მყავს. ნუ გეშინიან გენაცვალე, ილოცე.... უთხრა ვაჩემ ცოლს და გასწია. თამარი გიორგისთან მივიდა და გადაეხვია. გამარჯვებით დამიბრუნდი შვილო ჩასჩურჩულა მან ყურში გიორგის. ვაჩეგოლიათი... ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მსტოვარმა ჩუმად, რომელიც მუხის ჩრდილში ელოდა ხალხს სხვა მსტოვრებთან ერთად. მშვიდობა ვაჩევ, დაიძახა მან ხმხმაღლა, ცხენიდან ჩამოხტა და ვაჩეს გადაეხვია. მშვიდობა შენცა და ქვენასაც გაბრიელ, უთხრა ვაჩემ თავის ძველ მეგობარს, რომელთანაც არაერთხელ უბრძოლია მხარდამხარ. სულ არ შეცვლილხარ მოხევევ. რაით უნდ შავცვლილიყვ, ხინკალ და ლუდ ხევჩი ბევრ გვეშოვნის, ძროხ და ცხორ ჯერამც დამიდის და მკლავთვალი ჯერამც მიჭრის, ეგ არი რჯულძაღლა იმუქრის ზენას, ესა სთქვა და ხელი მაღლა, მთებისაკენ გაიშვირა. გვემუქრება და ავაკითხოთ კაცო მკლავები რისთვინ გვასხია? მაშ ჩვენი მამა პაპის ძვლებზე მაგათ უნდა გაიხარონ? ჰაი დედასა მე მაგათ დღე დაუყენო ჩემი მეფის გამარჯვებამ, იძახდა ბრაზმორეული ვაჩე და თავის მეგობარს მხარძე ხელს ურტყავდა. ცოტა ხანში ხუთასიოდე მებრძოლი ქართველთა მთავარ ლაშქარს შეუერთდა, რომელიც უკვე დაწყობილიყო და საოცარი სიდინჯითა და მდუმარებით ელოდა თავის ხვედრს. ვაჩემ იქაურობას მოავლო თვალი: ცხენოსნები, შუბოსნები, მეხმლეები, მოისარენი, მეშურდულეები, მებუკეები, მედროშენი, ასისთავნი, ათასისთავნი, სარდლები, მეფე..... მეფე დავითთან ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ სარდლები, იღებდნენ დავალებებს და თავიანთ ალაგს უბრუნდებოდნენ. მეფე გიხმობს... მეფე? გაიკვირვა ვაჩემ, მე? დიახ მიუგო ვაჩეს მსტოვარმა. ადექი, უთხრა მეფემ მის წინ დაჩოქილ და მიწამდე თავ დახრილ ვაჩეგოლიათს, რომელმაც ბრძანება მოისმინა, ერთხანს მეფეს თვალებში უყურა და თავისიანებთან დაბრუნდა. ორასი ვაჯკაცი, ჩაილაპარაკა მან და მებრძოლებს გადახედა. ვაჩემ მეფის დანაბარები ხმამაღლა გადასცა იქ მდგომთ ხოლო თვითონ დაუმატა: ქართველებო, დღეს ჩვენ, ჩვენს დიდ წინაპრებს შევეყრებით და ვინძლო პირი არ შევირცხვინოთ... ორ წუთში მის წინ ორასიოდე ქართველმა მოიყარა თავი, აქედან ასამდე ფარ-შუბიანი თუში და დანარჩენი მეხმლე ქართლელ-კახელნი იყვნენ, მათში შედიოდნენ ვაჩეცა და გიორგიც....
ორასივემ კარგად შეიგნო თუ რას ითხოვდა მათგან ჟამი. საჭირო იყო მათი მტრის ლაშქარში შესვლა, მაგრამ რატომ, რისთვის? ეკითხებოდა თავის თავს ვაჩე, თუმცა მან ყველაფერი უკვე კარგად იცოდა. მაშ დავიხოცებით, სამუდამოდ აქ დავჩებით? მაშ ეს არის ჩვენი სააქაო ბოლო დღე? ვაჩეს უცბად გაახსენდა სახლკარი, ვენახი, თამარი, გიორგი, გიორგიიი დაიძახა მან ხმამაღლა, გიორგი მყისვე მასთან გაჩნდა, აბა შენ იცი შვილო უთხრა მან თავის ძმისშვილს და შუბლზე აკოცა, ერთი ახედ-ჩახედა და ფიქრი განაგრძო, თამარი ვაჟკაცი ქალია არ გაუჭირდება მარტო ცხოვრება, თანაც მეზობელ-მოკეთეებიც ბლომადა მყავს ღვის მადლითა და ისინი დაუდგებიან გვერდში დაქვრივებულსა და მარტოხელას...
გამოჩნდა მტერი. გაივსო ხეობა, ზეგანი, ტყე, ბილიკი... მოდიოდნენ და მოჰქონდათ სიბნელე, სიშავე, ღრიანცელი, სიკვდილი. ცოტა ხანში თურქები და ქართველობა პირისპირ იდგა. ქართველთა წინა რიგებში ცხენზე ამხედრებულ დავით მეფეს ჯაჭვი ვერცხლისფრად უბზინავდა. მუზარადი და ჯაჭის პერანგი ილღაზსაც უელვარებდა, მაგრამ იგი თავისი ჯარის ბოლო რიგებში იდაგა და ბრძოლის ველს იქიდან ადევნებდა თვალს. დავით მეფემ მტერს ზურგი აქცია, ქართველთა ლაშქარისაკენ მიტრიალდა და თავის ხალხს მიმართა: ეჰა მეომარნო ქრისტესანო.... და ჯარი დალოცა. მთელ ლაშქარს ჟრუანტელმა დაურბინა. ვაჩე მიხვდა თავისი ჟამის მოახლოვებას და თავისი ორასი ვაჟკაცით მეფისაკენ გასწია. იმზეგრძელე მეფეო, დაიძახა მან ხმამაღლა, მარცხენა ხელზე მიბმული ფარი მოიხსნა, და მეფეს ფეხებთან დაუდო. ასე მოიქცნენ დანარჩენებიც. შემომიწირავს ჩემი სიცოცხლე შენი და ქვეყნის დღეგრძელობისათვის, უთხრა ვაჩემ მის წინ მდუმარედ მდგომ მეფეს, შეტრიალდა და მტრისაკენ აუჩქარებლად გასწია... თავი გასწირეს, ჩაიდუდუნა დავითმა... ხომ გეუბნებოდი დიდო სარდალო ქართველთა ლაშქარი ორად არის მეთქი გახლეჩილი, ჩაჰსისინა ილღაზს მისმა მარჯვენა ხელმა გველურად და უშნოდ გაიღრიჭა. თავად სარდალი უცქერდა ერთ მუჭა ქართველობას და ალაჰს მადლობას სწირავდა უდავო გამარჯვების წყალობისათვის. გადავთელავ, ერთიანად გადავთელავ ქართველთა ლაშქარსა და მთელ საქართველოს ალაჰსა ვფიცავ, ჩურჩულებდა იგი. მტრის პირველი რიგები ალაყაფივით გაიღო და ორასი ქართველი გაატარა. ორასი ქართველი, ორასი ფარი, ორასი ნაბიჯი ილღაზამდე. ქართველები გაჩერდნენ..... გვიბრძანე მიმართა ვაჩეს მის გვერდში მდგომმა თუშმა, რომელსაც შუბი დაებღუჯა და თვალში თურქთა მედროშე ამოეღო მისგან ოციოდე ნაბიჯზე მდგარი. ღმერთო ეს ხომ...... ეს ხომ ის არის...... გუშინდელი, არა, არა ის ხომ სიზმარი იყო... იქნებ ცხადიც, მაგრამ როგორ? გიორგის წინ ორ რქიანი და ორ ხმლიანი იდგა, რომელსაც მუზარადზე აფთრის თავი ჰქონდა გამოსახული. წმინდა გიორგი გვიწინამძღვრე, დაიძახა ვაჩემ ხმამაღლა და ლახვარი მოიქნია. წამში ორასი თურქი ძირს ეგდო. რას ბედავენ წყეულნი, დაიღრიალა ილღაზმა და მთელი, ზღვასავით ჯარი ქართველებზე მიუშვა არეულად. თურქები ალაჰის ყივილით გაცვივდნენ ქართველებისაკენ, გიორგი აფთარს აეტუზა ცხვირწინ, მას მამისეული სატევარი გაეშიშვლებინა და აფთრისაკენ გაეწვერა, პირი ოდნავ გაეღო და ჯიქივით აელვებდა კბილებს. ჯიქი და აფთარი.......
წამი გაჩერდა, პირველად ჯიქმა შეუტია, მაგრამ ვერას გახდა მთლიანად რკინაში ჩამჯდარ აფთართან. აფთრის მოქნეულმა იატაგანმა გიორგის ცხვირწინ გაუწუილა და რომ არ ემარჯვა ალბათ თავს წააგებდა. შევწირავ, ჩემი მშობლების საფლავებს შევწირავ მაგ მუზარადს, გაივლო გიორგიმ გულში და ლაზეთში ნაჭედი გააელვა... აფთარს იატაგანები გაუცვივდა, მუხლებზე დაეცა და ხელები გამოღადრულ ყელზე იტაცა. გიორგი თურქს მიეჭრა და თავიდან აფთრის თავიანი მუზარადი ააგლიჯა. თურქს თვალები დაეჭყიტა და ყელიდან თუ პირიდან სისხლს ათხევდა.
“მუხლო და მკლავო გასჭერი
გულო ნუ შეგვიშინდები
სისხლისა ნატალახარსა
ფეხო ნუ მოგვიცურდები”
-ხალხური-
ქართველები არ იძროდნენ. ისინი მდუმარედ უცდიდნენ მათკენ მომქროლავი თურქების ზვირთებს. დავითმა მარჯვენა ხელი ასწია, გაისმა ღოროტოს გაბმული ხმა. თურქები სულ ახლოს იყვნენ, ისინი მორბოდნენ ცხენებით, ფეხით, ჯორებით, აქლემებით, მოკლედ ყველაფრით რასაც კი ფეხები ება....დავითმა პირველმა მოსხლიტა ცხენი, მიჰყვნენ ქართველები საყვარელ მეფეს. მტრის ჯარში ცოტა არ იყოს შიში დაითესა, მათკენ ხმალშემართული დავითი მოჰქროდა. თურქებმა იცოდნენ რომ ძალზე ბევრნი იყვნენ, რომ ქართველობა ძალზე ცოტა იყო, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ დავითს არც ერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული და აი, მათ წინ იდგა უძლეველი დავითი. ორი ძალა ერთმანეთს შეასკდა და შეელეწა, ერთმანეთს შეემსხვრა ფარი, შუბი, ხმალი. ქართველებმა თურქთა პირვილი რიგები გადათელეს და მტრის თითქმის შუაგულში მოექცნენ. მთელი ძალებით, მთელი ძალებით ხაოდა უკანასკნელი ხმით ილღაზი. ქართველთა მეშურდულეებმა და მშვილდოსნებმა ცა დააბნელეს...
ვაჩე დაიჭრა, მას მკერდში შორიდან ნასროლი შუბი მოხვდა და ჯაჭვის პერანგს რომ არ დაეცვა ალბათ უსულოდ დაეცემოდა. ჭრილობა ღრმა იყო მაგრამ ვაჩე არ ჩერდებოდა, იგი გრძნ ...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 12 დეკ 2008, 09:35

ლეონტი wrote:უწინ აქ ჯარებს უხმობდნენ , დაფდაფითა და ბუკითა,
ეხლა კი ქვევრი შემომხვდა წითელი ღვინით, მუქითა.
დამისხა, დამალევინა, ჩინჩხლები გამაყრევინა,
ქარის წისქვილთან მებრძოლსა, ფარ-ხმალი დამაყრევინა.
ქარის წისქვილთან ბრძოლასა ღვინოსთან გიჯობს ბრძოლაო,
შუბის და ისრის სროლასა ჯიხვის ყანწისა სროლაო,
ჭენებას როსინანტისას სუფრის გარშემო რბოლაო
ომში ვეფხვივით ქროლვასა სადღეგრძელოში ქროლაო :D
Last edited by qvevri on 04 მაი 2009, 21:34, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 12 დეკ 2008, 10:29

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ეს ნოველაც აქ გადმოვსვი.
გარაჟის მეღვინეები და სპირტის ბოჭკების საიდუმლო
სწორედ რომ სენი უნდა ეწოდოს იმას, რაც ჩვენს დედაქალაქში ბევრმა ადამიანმა უკვე რამდენიმე წელია წესად შემოიღო. სენი კი მოგეხსენებათ გადამდებია და მოედო კიდევაც თითქმის მთელ თბილისს. რომელ სენზე გელაპარაკებით?
ამას წინათ კახეთში გახლდით სტუმრად, ერთ ჩემს უფროს მეგობართან. კარგი მეურნეა, კარგად მოვლი¬ლი ბაღ-ვენახიცა აქვს და კარგი ეზოკარიც. სახლის გვერდზე, ნეკერჩხლების სქელ ჩრდილში მამა, პაპეული მარანი უდგას, რომლის თავზეც სხვენი აქვს მოწყობილი. ეზოში ის-ის იყო შევედი, რომ ჩემმა მასპინძელმა, რომელიც სამოცდაათს მიტანებული ჭარმაგი კაცია, პირდაპირ მარანში შემიპატიჟა. შემოდგომის ერთი ლამაზი დღე იდგა. ნეკერჩხალს ფოთლები აქა იქ უკვე შესწითლებოდა. “აქა მშვიდობა” და ბარაქიანი შემოდგომა ვუსურვე და მარანში შევედით. მე იქაურობას მოვავლე თვალი: უზარმაზარი ქვითკირის საწნახელი თავისი თაღარით, ვეებერთელა ჩასავალი ქვევრები თუ პატარა ქოცოები, თახჩა-ნიშებში შელაგებული ხელადები, ტოლჩები, გოზაურები, ხელჩაფები, მენახევრეები თუ ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ სიძველე. მარანს ოთხივე კედელში ქვის ჯვრები ჰქონდა დატანებული. ჩემი მასპინძელი ერთ ქოცოსთან მივიდა, პირჯვარი გამოისახა და თოხით აუჩქარებლად დაიწყო მისი მოხდა, მერე დაიჩოქა და ხელჩაფით ფრთხილად ამოიღო ღვინო. ცოტა ხნით ნაკლულ ქოცოს ჩააცქერდა, მე მომხედა და მეუბნება: ძმისწულო, შვილები მე არა მყავ და მშობლები მე აღარ დამრჩნენ, ეს არი, ე დალოცვილი, ჩემი მშობელიცა და ჩემი შვილიცაო. პატარძალს არ უნდა იმდენი ფერება და მოვ¬ლა, რამდენიც ქვევრსაო, და იმიტოა, ღვინოც ეგეთი კარგი რომ გამოდისო. ქოცოს სიპი დააფარა, ხელჩაფი მარნის კედელთან მდგარ კასრზე შემოდგა და ცოლს გასძახა: ქალო, სატანი რამ ჩამოგვიტა-ოოო. ორ წუთში მარანში შაოსანი საშუალო ტანის ქალი შემოვიდა; ხელში ხონჩა ეჭირა, რომელზეც ქოთნით ლობიო, რამდენიმე შოთი, მარილი, თუშური გუდაყველი, ახლად მოკრეფილი კიტრები და ხაშლამის მოზრდილი ნაჭრები ეწყო. ი სურათი რო გვიკიდია შინა, გოდრით რო ვაარო, ამი გადაღებულიაო,-უთხრა ცოლს, შარშან რთველში რო გვიშველა და მერე ალაზნი ლიფსიტასავით გაგვისხლტა, აბა ეხლაც წამივიდესო, ამბობდა ღიმილით ჩემს გასაგონად. აიმ გოზაურს რო უყურებ, პაპიჩემის მამის ნახელავიაო, იმ დღეი ერთი ვინმე უცხოელი გადამეკიდა, გინდა თუ არა მომყიდეო, კაი ფულ მოგცემო, გაგიგია, ჯოო? მე უთხარ, რომა, ჩემი წინაპრები სახელ არა ვყიდიმეთქი. მააშ. მოდი, ჩემო ძმისწულო, ამით ჩვენი წინაპრების განათლება იყოი იმ ქვეყნადაო, ღმერთმა ბრძანოი, რომა პირნათლები შევყროდით იმათ სულებსაო, თქვა და საფერავით სავსე, კარგად მოზრდილი ჯამფილა გამოსცალა. დაასხა და ახლა მე გადმომილოცა. ცოტა რო შევზარხოშდით, გარეთ გამომიყვანა და მეუბნება, აბა გახედე, ძმისწულო, აქაურობაი რამე შეედრებაო? და უკან მიმახედა, მე სუნთქვა შემეკრა, მოსაღამოვებულიყო, ალაზნის ველი ხელისგულზე იდო, ნეკერჩხლის შეწითლებული ფოთლებიდან მოჩანდა გასპეტაკებული კავკასიონი, ალაგ-ალაგ ღრუბლის ქულებში გახვეული, არაფერი სჯობდა იმ სილამაზის ყურებას. მეორე დილით ადრევე გამოვუდექი გზას. მასპინძელმა ორი კალათა გამოიტანა და მანქანასთან დამიწყო, ერთიდან კარგა მოზრდილ დოქს მოუჩანდა ყელი (ყველაზე მეტად ამან გამახარა). შარშან რო რთველში მიშველე, იმ ღვინისააო, შეგარგოსო. დანარჩენი? ესა ჩვენი ეზოი კაკალიო, ესა კიდენა შოთები თავი გუდითაო, ცოტა ჩვენი ბაღის კიტრი და ხილიო. ამ რთველზეც მესტუმრე შავი ციკანი უნდა დაგიკლაო ღიმილით მითხრა და გზა დამილოცა. წამოსვლისას მანქანის სარკეში შევამჩნიე რაღაცნაირი, ნაღვლიანი სახე ჰქონდა, თითქოს ცრემლიც კი შევნიშნე. მარნის თავზე, სხვენში, დიდი ხნის წინათ ატანილ და დამტვერილ აკვანს მოუჩანდა ცალი გვერდი, სწორედ მას უცქერდა ჩემი მასპინძელიც. დღემდე არ მავიწყდება ის დღე და იმ საფერავის სურნელი, რომელშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მწიფე მაყვლის, შავი ქლიავისა და ალუბლის გემო თუ სუნი, რომელიც ღვინოს საოცარ ხალისსა სძენდა. ისეთი რა საიდუმლო იცის იმ დალოცვილმა, რომ ესეთ ღვინოს აყენებსმეთქი, ვფიქრობდი. ეგეთი ღვინით რომ წინაპრების შესანდობარს იტყვი, სცხონდებიან, აბა რა იქნება.
მესამე თუ მეოთხე დღეს, დილით ადრე, ჩემს კარგა ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი ბაზრობასთან, ყურძენს ყიდულობდა. მეღვინეს გაუმარჯოს, მეღვინესო! -დამიძახა შორიდანვე და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, მე ვუთხარი. მეცხრე სართულზე ყურძენი სად უნდა დაწურო-მეთქი, რა¬ტომ მეცხრეზე, მერვეზეო, ღიმილით შემისწორა; რო¬გორც მთელი თბილისი წურავს, მეც ისე ვიქცევიო. მე ვუთხარი, გამოგყვები და მაჩვენე შენი ჭურ-მარანი-მეთქი, ოღონდაც ოღონდაცო, შენ რომ შარშანწინ ყურძენი მაყიდინე და მერე გამექეცი, განა დამავიწყდაო, მითხრა და წინ გამიძღვა თავისი ყურძნით დატვირთული “ჯიპით”. მივედით. მანქანები “გარაჟის” ფართოდ გაღებულ კარებთან მივაჩერეთ. აი, ეს არის ჩემი მარანიო, მითხრა ღიმილით. კი მაგრამ “გარაჟის” მარნობა ვინა თქვა და სად გაგონილა-მეთქი, ვუთხარი. კარგი ერთი, ნუ დაიწყეო, მაშ პირველყოფილი ველურები ხომ არა ვართ, ღვინო ქვევრებში დავაყენოთო. მე “მარანში” შევედი, “აქა მშვიდობა” და ხვავი და ბარაქა ვუსურვე და იქაურობას მოვავლე თვალი: მანქანის მოტორის ზეთიანი ნაწილები, ნახმარი საბურავების ჯარი, ბენზინის კანისტრები, მანქანის ზეთის სავსე თუ ცარიელი ბოთლები, სპირტის ლურჯი “ბოჭკები”, კარგახნის ლექშემხმარი მინის ბოცები და, ვინ იცის, კიდე რამდენი რამ. იცი რა ღვინოს ვაყენებთ ბიჭები აქაო? აიმ ლურჯ, პლასტმასის “ბოჭკებს” რო უყურებ, იცი, რა იოლი მოსახმარია? ორ წუთში გარეცხილიაო და ღვინოც იმიტო დგება მაგეებში ეგეთი კარგიო. ცოტა მაცალე, საქმეს მივხედო, და მერე გაგასინჯებო. მე მოვუბოდიშე და ვუთხარი, ძალიან მეჩქარებამეთქი, მაშინ, კარგიო, და სადღაც გაიქცა... მე იქვე ჩამოვჯექი, უცებ “მარანში” ძაღლმა შემოიხედა, მისუნ-მოსუნა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ დავუძახე, მოვიდა, ყურებიცა და კუდიც შიგ ძირში ჰქონდა დაუნანებლად მისხეპილი. მე ხელი გავუწოდე და იმან ჩემდა გასაკვირად, ჩამომართვა თათი. მერე პლასტმასის ბოთლი გადავუგდე, რომელიც წამშივე უკან მომიტანა, ფეხებთან დამიგდო და თავი მუხლებზე ამისვ-ჩამისვა. ძალიან მომეწონა და ეტყობა, იმასაც მოვუვედი თვალში. ბალანიცა და თვალებიც ერთიანად თაფლისფერი ჰქონდა, მეც მივეფერე, სულ გადაირია და აღარ მომშორდა, მელაქუცებოდა და თვალებით რაღაცას მეუბნებოდა. ნეტავ რა ჰქვია-მეთქი, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემი მეგობარიც მოვიდა; თაფლუჭ, შენ აქ რა გინდაო, და ძაღლი გარეთ გააგდო, თვითონ ხელში თევზის კონსერვი, პური და, კიდევ არ ვიცი, რაღაცა ეჭირა. ყველაფერი ხის ყუთზე დააწყო და თაროდან პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები გადმოიღო, ნაკლულ ბოცას თავი მოხადა და ჩამოასხა. სადღეგრძელო ჩქარ-ჩქარა თქვა: ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოსო, და ღვინო გადაჰკრა, მერე დაბლა დაიხარა, ორი ცალი კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლი მოძებნა და იმავე ღვინით გაავსო. შენ რომ შარშანწინ ყურძენი მაყიდინე, იმ ღვინისააო, მითხრა, და ბოთლები მანქანაში ჩამიყარა. მე ღვინოს დავსუნე და გაჭირვებით ცოტაოდენი მოვსვი... ის, რომ ღვინო უკვე კარგა ხნის დაძმა¬რებული იყო, ამაზე არც კი ღირს რამის თქმა. დანარჩენი? ღვინოში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბენზინის, პლასტმასის, ლაყე კვერცხისა და რაღაც თევზისმაგვარი “არომატები”. როგორიაო? მკითახა ჩემმა მეგობარმა. მე ვუთხარი: “მალადეც”-მეთქი. მერე ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და მე აუჩქარებლად დავუყევი დაღმართს. დღემდე არ მავიწყდება იმ ღვინის საშინელი გემო. მაგნაირი ღვინით რომ წინაპრების შესანდობარს იტყვი, ისინი რამ უნდა აცხონოს? მოვდივარ და უცებ ერთი, ორი, სამი, ათი... მანქანა გავაჩერე და ცოტაოდენი ფეხით გამოვიარე, ვხედავ, ხალხს გაუღია “გარაჟის” კარები და მიდის გაჩაღებული ყურძნის წურვა და ფუსფუსი, დაუვსიათ სპირტის “ბოჭკები” დასადუღებელი ტკბილით და გაცხარებულები კამათობენ, ევროპული სჯობია თუ კახურიო? იმერული თუ ქართლისაო? ზოგან უკვე მიუბარებიათ შემოდგომა “მარნებისათვის” და იქვე “გარაჟებშივე” გაჩაღებულა ლხინი. წინაპრებისაო, ტრადიციებისაო, ვაზის ფესვებისაო, ქართული სუფრისაო, შესანდობარიო, სადიდებელიო... თანაც სულ ლექსებით ამკობენ ყველა სადღეგრძელოს. შემირცხვენია ქვევრებში გაცვლილი სპირტის “ბოჭკებიცა” და გამარნებული “გარაჟებიც”. კაცთან სტუმრად მიხვიდე მარანში და ყველაზე მეტად ძაღლი მოგეწონოს? არა, ძმაო, არც მაგნაირი მარნისა და ღვინისა მწამს და არც მაგნაირი სადღეგრძელო-შესანდობრისა. მასეთ, “სპირტისბოჭკებიან” გარაჟებს, თავისი ღვინითა და თავისი ფუჭი სადღე¬გრძელოებით, ერთ ფიალა ნამდვილ, ალალ ღვინოში გავცვლიდი და იმით კიდევ ჩვენი წინაპრების სადღეგრძელოს შევსვამდი.
ქვევრი 2007 წ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 11:04

რას იზავ , მთელი საქართველო თბილისში შემოეტენა და აქ ვენახებს და მარნებს ვერ შემოატევდა. ამიტომ გარაჟის მეღვინეობა ჯობია ალბათ სულ ღვინის დავიწყებას და არაყზე ან პლანის მოწევაზე გადასვლას.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by GIRA » 12 დეკ 2008, 11:29

qvevri
მეც გულზე მომხვდა შენი ნათხრობი, მაგრამ რას იზავ, გაუკუღმართებულია ეს ცხოვრება. იმიტომაც არა ვწურავ გარაჟში ღვინოს. ეგ რა არის ამას წინათ კახეთში ღვინო ვიყიდე ჩემთვის დასალევად, წინასწარ შეუთანხმე ჩემს კახელ ძმაკაცს, შენს სოფელში ერთი 200 ლიტრი ნამდვილი ღვინო მიშოვე ჩემთვის მინდა მეთქი. ჩავედი და რასა ვხედავ კაცო, მარანი დიდებული, ქვევრებსაც უჩანთ პირი აქაიქ და ამ ოჯახაშენებულმა 200 ლიტრიან სპირტის ბოჩკას არ წააძრო სახურავი :!: :shock: მეთქი რას შვება ეს კაცი, გავიფიქრე ალბათ მე სპირტის ბოჩკაში დაყენებული ღვინო უნდა მამყიდოს და თავისთვის ქვევრში დაყენებულსა სვავს თქო :!: :!: :!: ხოდა არც ვაციე და არც ვაცხელე მაიტა ქვევრისა მომყიდე მეთქი, გაიცინა მასპინძელმა და არც შერცხვა მეუბნება: რამდენი წელია ქვევრებში ღვინოს არ ვაყენებო :!: :!: :!:
ქვევრს მხოლოდ ჩასაწურად ვხმარობ, ჩავწურავ, 2 კვირა ვაჩერებ დედაზე და მერე სპირტის ბოჩკებში გადამაქვს გადმომაქვსო........
შემრცხვა ჩემი ძმაკაცის და მაინც წამოვიღე, აბა რა მექნა. მერე გავიკითხ გამოვიკითხე და თურმე ღვინის დაყენების ასეთ წესს, სამწუხაროდ მასიური სახე მიუღია კახეთის გლეხობაში. :(
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 12:45

ჰო მე გამიმართლა 2 კაცი ვნახე ბევრი ძებნის მერე, 1 ხის კასრში ინახავს ან შუშაში, მეორე ქვევრში და შუშაში, ქვევრს იმიტო ხმარობს რო ბევრი შუშა არა აქვს.
:)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Kakha » 12 დეკ 2008, 13:18

GIRA
ასეა ასე, სამწუხაროდ. შარშან იმ დიდი მოსავლის დროს კახეთში ვიყავი. ერთ ოჯახში მოვხვდი - გასკდა ის კაცი მთავრობის, ღვინის ქარხნების დედის გინებით - ეს რას გვიშვრებიანო, ყურძენს არ ყიდულობენო, ვერ ვაბარებო და რომ ჩააბარებ რას გაძლევენო. მოკლედ არ დაუტოვა მკვდარი და ცოცხალი. საგინებელი რომ ბევრია ეგ გასაგებია, მაგრამ ახლა მივადექით მთავარს - შევედით მარანში და რას ვხედავ ცარიელა ქვევრებია. ვეკითხები კაცო აგერ ჭურჭელი გქონია რას ეხვეწები ამ ღვინის ქარხნებს ჩაბარებას დააყენე რა ღინო და ნელ-ნელა აუჩაქრებლად და უფრო დიდი მოგებით გაყიდი-მეთი. იცი რას მეუბნება - ქვევრის მოვლის თავი ვის აქვს და მერე კიდევ მაწურწურე და მაყიდინე ლიტრა-ლიტრაო. კახელი არ ვარ და არ შემიგინებია, თუმცა ალბათ უნდა შემეგინებინა, თანაც მასპიძელი იყო და მე კიდევ სხვისი მიყვანილი სტრუმარი.

აი ამ კახელი კაცის პასუხში ვხედავ ტრაგედიას.....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 12 დეკ 2008, 13:59

ღრმად პატივცემულებო გთავაზობთ ჩემს კომენტარს ვენახების გაჩეხვასთანდაკავშირებით, რომელიც პრესაში უკვე იყო (მგონი წინა კვირას). რიგი მიზეზების გამო გთავაზობთ კომენტარის არასრულ და საკარვედ გადაკეთებულ ვერსიას

კარგი იქნება თუ ამ ყველაფრის მიზეზებზეც ვისაუბრებთ და არა მარტო მომხდარ ფაქტებზე. ერთმანეთზე გადაბრალება და "მე არაფერი არ ვიცოდე და ყველაფერი სხვივი ბრალია"- ძახილი ერთია (რა თქმა უნდა ბატონი.... არა მყავს მხედველობაში), მაგრამ არსებობს ამ ყველაფრის უფრო სიღრმისეული მიზეზები, რის გამოც ყველაფერი ეს მოხდა. საერთოდ როდესაც კიბეზე ასვლა გვინდა თავიდან მეცხრეზე კი არა პირველ საფეხურზე ვაბიჯებთ ფეხს ხომკი? ან სკოლაში როცა შევედით პირველ კლასში მივედით და არა მეხუთეში ასე არ არის??? ხოდა თუ ასეა მაშინ მომხდარი სწორედ "მეცხრე საფეხური" და "მეხუთე კლასია" და საუბარი არა აქედან, არამედ ცოტა "დაბალი კლასებიდან" უნდა დავიწყოთ. ორივე ხელით ვეთანხმები ბატონ... იმაში, როდესაც ამბობს, რომ საქმეში არაკომპეტენტური ხალხია ჩარეულიო. "სამთვიანი" მინისტრები რომ გვეყოლება, რომელთა შერჩევის მთავარზე მთავარ კრიტერიუმად თავცარიელობა და სამშობლოს გაყიდვის დიდი წყურვილია, მაშინ რაზე საუბარი საერთოდ? ერთი რამე მინდა ვიკითხო: ადამიანი და უფრო კონკრეტულად მასწავლებელი, რომელმაც თავად არაფერი არ იცის როგორ ასწავლის ბაშვებს რამეს? ან თავად გასაზრდელმა დედამ როგორ უნდა გაზარდოს შვილი? მოკლედ ჩვენი სასიქადულო მთავრობის დიდი მეცადინეობის მიუხედავად ჯერ ყველაფერი არ არის დაქცეული და რაღაცის გადარჩენა ჯერ კიდევაა შესაძლებელი, თუმცა კი ეს ყველაფერი ძალიან ძნელია, მაგრამ უმოქმედობის უფლება არა გვაქვს და ვისაც რა შეგვიძლია იმით უნდა ვუშველოთ ჩვენს დაქცეულ და გასხვისებულ ქვეყანას. იყო დრო, როდესაც შემოსული მტერი საქართველოში ერთ ძირ ვაზსაც არ ტოვებდა გაუჩეხავსა და ამოუძირკვავს, მაგრამ გაეცლეობოდა თუ არა საქართველოს მტერი ქართველი კაცი კვლავ აშენებდა ვენახსა და დანგრეულ ტაძარ-მონასტრებს, კვლავ ითლებოდა საწნახელი, იყრებოდა ქვევრები და გრძელდებოდა თითქოსდა შეწყვეტილი ცხოვრება ქართველი კაცისა და ქართული ვაზისა, მაგრამ მე ერთი შეკითხვა მიტრიალებს უკვე დიდი ხანია გონებაში: იქნება სულაც არ გაგვცლია დიდი ხნის წინ შემოსული მტერი? იქნებ ჩვენში ჩასახლდა და იქიდან გვიტევს ახალ-ახალ ტალღებად?... მოკლედ მე, ერთს ვამბობ და თავად განსაჯეთ: ის ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ საკუთარ ვენახს გაჩეხავს ესე იგი არ არის ღირსი იმისა, რომ ჰქონდეს ვენახი და შესაბამისად ამაში საგანგაშო არაფერია. ისეთი ადამიანი, ვინც ვენახს გასაჭირში მიატოვებს და არ უნდა მასთან ერთად გაიზიაროს ჭირი უღირსი ადამიანია და თუ ასეთ კაცს ვენახი და ვაზი არ ექბნება და თუ ასეთი კაცი ღვინოს არ დააყენებს ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და სხვა არაფერი. პირადად მე ვთვლი, რომ საგანგაშო უფრო სხვა რამეა და არა ის, რომ "სადღაცა" "ვიღაცამ" ვაზი გაჩეხა თუნდაც იმიტომ, რომ "სადღაცა" "ვიღაცეები" არ დაილევიან და ისინი სულაც არ წარმოადგენენ საქართველოს, საქმე ისაა, რომ, როდესაც ამ ყველაფრის სათავეში ხვდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ღვინო კინოფილმ "ქვევრში" უნახია მხოლოდ და როდესაც კანონს ვაზისა და ღვინის შესახებ წერს არა ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანი არამედ გინეკოლოგი, საქმეს სწორედ ეს აფუჭებს. რამოდენიმე წლის წინ კანონი მეფუტკრეობის შესახებ დაწერა "ვიღაც გოგომ", რომლისთვისაც თუნდაც ბავშვობაში, თუნდაც ერთხელ ფუტკარს ნაკბენიც კი არ ჰქონდა... როდესაც ამისთანა ვიღაცეები ექცევიან სათავეებში საქმე სწორედ მაშინ ფუჭდება. მთავარის ღიად თქმას ჯერ-ჯერობით მოვერიდები, რომელსაც აუცილებლად ვიტყვი გარკვეული დროის შემდეგ.
Last edited by qvevri on 15 დეკ 2008, 09:41, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ლეონტი » 12 დეკ 2008, 15:08

მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული- რა არის ამაში გაუგებრად ნათქვამი, მაგრამ არ სწამს იმ კაცს და მოკალი თუ გინდა.
ჰოდა თუ საწყისი არ გწამს, არ გინდა , არ გაწყობს და ცხოვრებას ისე აშენებ, ესე იგი შენიღბული ლენინელი ხარ და თავი მამულიშვილად მოგაქვს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]