http://www.interpressnews.ge/index.php? ... _id=235626
პაველ ფელგენგაუერი - ეს იყო დაგეგმილი და არა სპონტანური ომი
(სტატია დაწერილია ბუშის განკარგულებამდე საქართველოსთვის რეალური დახმარების გაწევის ოპერაციის დაწყების შესახებ)
13 აგვისტო
პაველ ფელგენგაუერი
"ნოვაია გაზეტა"-ს სამხედრო მიმომხილველი
ეს იყო დაგეგმილი და არა სპონტანური ომი
"დღეს ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში წინასწარ იყო დაგეგმილი, ამასთან, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ომისთვის მომზადების დასრულებისა და საომარი მოქმედებების აგვისტოში დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, მიღებულია ჯერ კიდევ აპრილში".
ოსები წინასწარგანზრახულად უწყობდნენ პროვოკაციებს ქართველებს და ნებისმიერი პასუხი - ხისტი თუ ნაკლებად ხისტი - გამოყენებული იქნებოდა თავდასხმის საბაბად. ხოლო თუ ქართველები მორჩილად მოითმენდნენ, მაშინ აფხაზები, ისე, როგორც ახლა, დაიწყებდნენ დიდი ხნის წინათ მომზადებულ კოდორის ხეობის ზემო ნაწილის "გაწმენდის" ოპერაციას. თუ ომი დაგეგმილია, საბაბი ყოველთვის მოინახება.
აგვისტოსთვის შავი ზღვის ფლოტის გემების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მზად იყო ხანგრძლივი საბრძოლო ცურვისთვის. სახმელეთო, სადესანტო და საზღვაო ფეხოსანთა ნაწილები მზად იყვნენ მოქმედებისთვის, ხოლო ომამდე ერთი კვირით ადრე - 2 აგვისტოს დამთავრებულ სამხედრო სწავლებებში, სახელწოდებით "კავკასია-2008", სამხედრო-საჰაერო ძალების, ფლოტისა და საარმიო ძალებმა დაასრულეს საქართველოს საზღვართან მზადყოფნის საბოლოო შემოწმება. პარალელურად აგვისტოს დასაწყისისთვის სარკინიგზო ჯარებმა აფხაზეთში დაასრულეს რკინიგზის რემონტი, რომლითაც ამ კვირაში ენგურთან გადასროლილი იქნა ტანკები, მძიმე ტექნიკა და დაახლოებით 10 000-იანი კონტინგენტის მომარაგებისთვის საჭირო მარაგი, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ ყოველგვარი საბაბის ან თუნდაც ფორმალური მიზეზის გარეშე - ცხადია, არავითარი "სახალხო-სამეურნეო მიზნებისთვის" - როგორც ამას ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა. სახელმწიფო პროპაგანდისტულმა აპარატმა ასევე ჩაატარა მომზადება და დაამუშავა მოსახლეობა, რომ აუცილებლად იქნებოდა თავდასხმა საქართველოს მხრიდან და ამის უკან დგას აშშ და დასავლეთი.
ბუნებრივია, შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ გყავდეს ჯარი და ფლოტი 24-საათიანი საომარი მზაობის მდგომარეობაში. ოქტომბერში ამინდი იცვლება, თოვლი კავკასიონის მთავარ უღელტეხილებს ფარავს და ამიტომ აგვისტოს მეორე ნახევარი მიჩნეული იყო საქართველოსთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად ბოლო მიჯნად.
აპრილში ნატოს სამიტზე ბუქარესტში, რომელშიც პუტინი თავად მონაწილეობდა, ცხადი გახდა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიერთება ალიანსთან მართალია გადაიდო, მაგრამ გარდაუვალია. რუსი სამოქალაქო და სამხედრო პირები პატიოსნად აფრთხილებდნენ დასავლეთსაც და ხელისუფლებებს თბილისსა და კიევში, რომ "ნატოში შეთრევა" (რუსი დიპლომატების ენით რომ ვთქვათ) იმ ქვეყნებისა, რომელთაც რუსეთი თავის ტრადიციულ გავლენის სფეროდ მიიჩნევს, კრიზისს გამოიწვევდა. გამოცხადდა, რომ რუსეთი "ყველა საშუალებით" არ დაუშვებდა საქართველოს ნატოში მიღებას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მაშინ კი მოვლენები სულ უფრო დაჩქარდა.
პუტინმა დაავალა მთავრობას "შეემუშავებინა ზომები საგნობრივი დახმარების თაობაზე" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის, რაც იურიდიულად უარყოფდა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს. შემდეგ რუსულმა გამანადგურებელმა აფხაზეთში ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. აფხაზეთში, როგორც "მშვიდობისმყოფელები" შეიყვანეს საბრძოლო ნაწილები მძიმე შეტევითი შეიარაღებით, შემდეგ კი სარკინიგზო ჯარები. მანევრების ბოლო სერიაა - რუსული სამხედრო თვითმფრინავების საქართველოს ცაში ფრენა, მოგონილი მიზეზებით ფაქტობრივი უარის თქმა კონფლიქტების მოგვარებაზე და ბოლოს ომი, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაეცალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართული მოსახლეობისგან, მოეცილებინა სააკაშვილი თბილისიდან, ხოლო ამიერკავკასია - ნატოსა და ამერიკელებისგან. პრინციპში, მოსკოვი იმაზეც თანახმაა, ფორმალურად შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რაღაც კონფედერაციის სახით და მისცეს ქართველებს საშუალება დემოკრატიულად აირჩიონ პრეზიდენტად ის, ვისაც მოსკოვი მოიწონებს.
ზუსტად ასე ამზადებდა რუსეთის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთში შეჭრას 1999 წელს. მაშინ ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე, ყოფილი პრემიერის სერგეი სტეპაშინის ჩვენებით, მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება ომის აგვისტო-სექტემბერში დაწყების შესახებ. მთელი ზაფხული მიმდინარეობდა საინჟინრო და სხვა სახის მზადება დამრტყმელი დაჯგუფებების განსალაგებლად. მაშინ პუტინი და მისი გუნდი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ, დღეს კი, როგორც ჩანს, პასტსაბჭოთა სივრცის აღდგენას მიჰყვნენ.
1999 წელს ომის საბაბი ჩეჩენი "ბოევიკების" დაღესტანში შეჭრა გახდა, მაგრამ ამ შეჭრის მოულოდნელი საწყისი წარმატება კრიზისის მიზეზი გახდა - შედეგად სტეპაშინი პუტინმა შეცვალა. დღესაც სააკაშვილის მოულოდნელმა ძლიერმა დარტყმამ - ოსური ფორმირებების მყისიერმა განადგურებამ - კარტების სერიოზული არევა გამოიწვია. მოსკოვს აღარ დარჩა საშუალება თავის მოკატუნებისა - თითქოს ეს მამაცი ოსები ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ხოლო ჩვენები კი მხოლოდ მხარეების დაშორიშორებას და მშვიდობის დამყარებას ცდილობენ. საჭირო გახდა ღია ინტერვენცია, დანაკარგებისადმი შეგუება და დასავლეთის ზეწოლის ატანა, რაც დასავლეთის ფინანსურ სისტემაში ინტეგრირებული რუსული ბიუროკრატიისთვის შეუძლებელია.
საჭირო გახდა ჯარების ბრძოლაში ჩაბმა შედარებით მცირე-მცირე ჯგუფებით. როკის გვირაბი (სიგრძე 6 კმ) სივიწროვის გამო მხოლოდ მონაცვლეობით ცალმხრივი მოძრაობისთვისაა გამოსადეგი და ჯავისა და ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე საშინელი საცობები წარმოიქმნა. მუდმივად გამოდიოდა მწყობრიდან ძველი რუსული ტექნიკა. დაჭრილებსა და სამოქალაქოთა გამოყვანა, ამ სიტუაციისთვის სრულებით არასაჭირო მოხალისეების გამოჩენა, - ყველაფერმა ამან გამოიწვია საშინელი და დღემდე გაგრძელებული კრიზისი მომარაგებაში, ხოლო მოწინავე მცირე ნაწილებს ბრძოლაში ჩაბმამ მარშიდან მოუწიათ.
8 აგვისტოს ცხინვალს მიახლოებული ელიტური ნაწილები, მათ შორის სადესანტო ჯარების სპეცრაზმი, თითქმის ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა ქართველების ცხინვალიდან გაძევებას მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ არტილერიის, ტანკების და სამხედრო ავიაციის მხარდაჭერა. დაიჭრა თვით 58-ე არმიის სარდალი, არმიის გენერალი ხრულოვი, რომელიც მოწინავე პოზიციებზე გაემართა წესრიგის დასამყარებლად. ქართული რეგულარული ჯარები გამოვიდნენ ცხინვალიდან საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით. რუსული გენშტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინმა აღიარა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ის აღარ არის, რომელიც 15 წლის წინ სეპარატისტებთან ბრძოლებში დამარცხდა: "მოცემულ მომენტში ეს არის თანამედროვე, კარგად მობილიზებული დაჯგუფება, რომელიც თანამედროვე იარაღითაა აღჭურვილი".
ცხინვალიდან გასვლის შემდეგ ქართულმა ჯარებმა უკან დახევა გააგრძელეს და 11 აგვისტოს თითქმის მთელი არმია თბილისის გარშემო იყო კონცენტრირებული. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით შესული იყო 20 000-მდე ჩვენ ჯარისკაცი. მოწინავე რაზმები მიუახლოვდნენ გორს, დაიკავეს ზუგდიდი, სენაკი. მოწინავე დაზვერვა კი ქალაქ-პორტ ფოთში შევიდა. ქართული არმია ბრძოლაში თითქმის არსად ჩაბმულა და უკან იხევდა. რუსული ჯარები შორს მოწყდნენ მომარაგების ბაზებს და ისინი ცოტანი არიან წარმატებული ოკუპაციისთვის, მათმა წინსვლამ საქართველოში დაკარგა აზრი და იწვევდა მხოლოდ შემდგომ დანაკარგებს ტექნიკაში ხშირი მწყობრიდან გამოსვლის გამო. უკან დახევის ბრძანებით საქართველოს ხელმძღვანელობამ შეინარჩუნა რეგულარული არმია, რომელმაც ოსების ელვისებური დამარცხებით მოსახლეობაში თავისი პრესტიჟი ასწია. არმიის შენარჩუნებით სააკაშვილმა შეინარჩუნა ერთიანი საქართველო და საკუთარი რეჟიმის საძირკვლები, ხოლო რუსეთის ინტერვენციასთან საქმის გარჩევა დასავლეთის ლიდერებსა და დიპლომატებს შეატოვა.
ქართველი ერი მთელი თავის ისტორიის მანძილზე ცხოვრობდა მსოფლიო იმპერიების შეჯახებათა საზღვარზე და შეიძინა გადარჩენისთვის მოქნილობა და ცოდნა იმისა, თუ როგორ დაუპირისპიროს ერთმანეთს ძლიერი მოწინააღმდეგეები ისე, რომ ჩვენებს არც კი დაესიზმრებათ. რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელთაგან ზოგიერთს მხოლოდ ეჩვენება, რომ ისინი ისე მოქმედებენ, როგორს სტალინი.
დანგრეული სამხედრო ბაზები და სხვა ინფრასტრუქტურა აღდგება დასავლეთის ფულით და ამ დროს დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება, განადგურებული რადარები და იარაღი შეიცვლება ახლით და უკეთესით. სააკაშვილმა წარმატებით გადაწყვიტა თავისი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა - საბოლოოდ მოახდინა სამხრეთ-ოსური და აფხაზური პრობლემების ინტერნაციონალიზაცია, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გამოიწვიოს რუსეთის თანამიმდევრული გამოდევნა და მისი გავლენის შემცირება რეგიონში. ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს თბილისში ფრანგი ელჩი ერიკ ფურნიე "ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტის თანდასწრებით ამბობდა, რომ "საერთაშორისო საზოგადოება არ მიიჩნევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სერიოზულ პრობლემებად. ჩვენ გვაქვს ირანი, ავღანეთი, სუდანი, ლიბანი, ერაყი. არავინ ბრიუსელში არ განიხილავს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გამოგზავნის საკითხს. ევროკავშირს არ ჰყავს ზედმეტი ჯარისკაცები ასეთი მცირე მნიშვნელობის საკითხისთვის. ეს საერთოდ, რუსების საქმეა, რეგიონში ძირითადი მოთამაშე სწორედ რუსეთია".
ახლა კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. რუსეთის შეჭრამ ევროპა გამოაღვიძა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წამოაყენა სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეთანხმებულია მოკავშირეებთან ნატოში და იაპონიასთან, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, ყველა დევნილის დაბრუნებას, მათ შორის აფხაზეთში, რუსეთისა და საქართველოს ჯარების სრულ გამოყვანას კონფლიქტის ზონებიდან და საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას, რომელშიც ასაევე, რუსული კონტინგენტიც იქნება ჩართული. წინა ფორმატი რუსეთის ერთპიროვნული მონაწილეობით მიუღებელი გახდა დასავლეთისთვის, ჩვენმა აგრესიამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. უბრალო ადამიანებისთვის კავკასიაში - ოსებისთვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და სხვათათვის ეს ნიშნავს რეალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას, უზარმაზარ უცხოურ დახმარებას რეგიონის აღდგენისა და განვითარებისთვის. რუსეთისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს სამხედრო-პოლიტიკურ დამარცხებას თითქოსდა წარმატებული შეჭრის შედეგად.
გასაგებია, რომ ფრანგული გეგმა გაეროში ჩვენი ელჩის ვიტალი ჩურკინის მიერ მაშინვე უარყოფილი იქნა როგორც მიუღებელი, მაგრამ შემდეგ მოსკოვმა მანევრირება დაიწყო. დღევანდელ დასავლეთზე დამოკიდებულ რუსეთს ბევრი შეუძლია ილაპარაკოს თავის აღორძინებულ სიძლიერეზე, ხოლო სინამდვილეში სულ სხვა რამ გამოდის. საქმე ის არ არის, რომ ძველი ტექნიკა სულ მუდამ ფუჭდება, ხოლო ქართველები აღმოჩნდნენ მზად, ჩამოეგდოთ ჩვენი ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი. რუსეთის ყველა ლიდერი, როგორც "ძალოვანებიდან", ისე "ლიბერალებიდან" არსით ბიზნესმენ-მილიარდერები არიან, მათი პირადი ინტერესები დასავლეთში ძევს, მათი მთავარი პოლიტიკური მიზანი "რუსეთის მოდერნიზებაა", ხოლო საქართველოში შეჭრა დღეს მათ აკოტრებს და მომავალში აშკარად გაცილებით დიდ უსიამოვნებებს უქადის. დასავლეთთან ინტეგრაციის შესაძლებლობის შენარჩუნების მიზნით სამშაბათს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაცხადა "სამხრეთ ოსეთში მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის" შეწყვეტის შესახებ. ნოგოვიცინის თქმით, ეს ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას.
მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. მოსკოვში კიდევ იმედოვნებენ სააკაშვილის გადაყენებას, და, თუმცა ეს ნაკლებად შესაძლებელია, ნებისმიერი მისი მემკვიდრე, მაგალითად დევნილი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სააკაშვილი საჯაროდ შეურიგდა, უკეთესი არ იქნება. კონფლიქტი როგორც ჩანს გართულებულია პიროვნული შეუთავსებლობით სააკაშვილსა და პუტინს შორის. თბილისის დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ სააკაშვილმა დამცინავი სიტყვები თქვა "კრემლის ბინადრებზე" მოწმეების თანდასწრებით. ჩემთან პირადი შეხვედრის დროს კი სააკაშვილმა მითხრა და უფლება მომცა დამებეჭდა, რომ ამ ჭორების შესახებ მასაც გაუგონია, მაგრამ თავად მსგვასი არაფერი უთქვამს და ეს "ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციებია".
მოუთმენელია იმასთან შეგუება, რომ იქედნური სააკაშვილი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა დსთ-დან, გამოაცხადა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებად და რომელსაც ჩვენი ხელმძღვანელები საჯარო პოლიტიკაში ვერანაირად შეეჯიბრებიან, ისევ უნდა დარჩეს თბილისში პრეზიდენტად. კრემლში გარკვეული წრეები ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი კავკასიაში დანაშაულებათა გამოსაძიებლად. (სხვათა შორის "ნოვაია გაზეტა" მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, ოღონდ პირობით, რომ გამოძიება კონფლიქტის ყველა მხარეს შეეხება). თუმცა, თუნდაც მსგავსი ტრიბუნალი მოულოდნელად კიდეც რომ შეიქმნას, (მიუხედვად იმისა, რომ უკვე არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო), მისი იურისდიქცია გავრცელდება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეც, რომელიც შესაძლოა პირველ რიგში აღმოჩდნეს დარტყმის ქვეშ კავკასიაში დღესაც და ადრეც ჩადენილი საქციელისთვის. ერთხელ შექმნილი á