Post
by ARCHILI » 03 იან 2009, 13:31
საქართველოს ლიდერს პრობლემები შინ, რუსეთის გარეშეც ყოფნის
ელენ ბარი (ნიუიორკ თაიმსი)
31 დეკემბერი 2008
გომარდული, საქართველო - 20 დეკემბერს, თავისი 41-ე დაბადების წინა დღეს, მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთ საქართველო მოიარა და მოსახლეობას შეხვდა. მეშახტეებს უთხრა, რომ ”გული სტკივა”, როდესაც ხედავს, თუ რა ცუდ დღეშია მათი ქალაქი და პირობას აძლევს, რომ სოფელ გომარდულში სათხილამურო კურორტს ააშენებს, თან კამერასთან ოქროსკბილებიან ბებოსთან ერთად პოზირებს, რომელიც მასთან ჩახუტებული ონავარი სკოლის მოსწავლესავით ხითხითებს.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო კამპანიას მართავს. ის დასვენებული და ბედნიერი ჩანს. ”ერთი სიტყვაც არ მითქვამს რუსებზე, და მათაც არაფერი უკითხავთ,” თქვა მან მოგვიანებით. ის გრანდიოზულ გეგმებს აწყობს, როგორიცაა მაგალითად ”ყველა ქართველისთვის, ყველაზე გადაკარგულ სოფელშიც” კი ინგლისური ენის სწავლების ორ-წლიანი კამპანია. ეს ძველი მიშა იყო, ყველასთვის ნაცნობი - თვალშისაცემი, ვუნდერკინდი.
მაგრამ დედაქალაქში, თბილისში ასეთ მიშას ვერ ნახავთ. ზამთრის მოახლობასთან ერთად ბატონი სააკაშვილი თავდაცვის პოზიციებზე გადადის. აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების წინააღმდეგ შეტევის ბრძანება გასცა. ეს ერთ-ერთია იმ ორი რეგიონიდან - აფხაზეთი მეორეა - სადაც საქართველო და რუსეთი 15 წლიან ჩიხში იყვნენ მოქცეულები. ქართული არმია ძალიან მალე დამარცხდა, და რუსეთმა ორივე ტერიტორიაზე საკუთარი კონტროლი დაამყარა.
სააკაშვილმა საკუთარი თავდასხმა ახსნა, როგორც აუცილებელი პასუხი რუსეთის ქმედებაზე, რომელიც მის ქვეყანაში იჭრებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ვერცერთი ხელშესახები ფაქტი ვერ მოიძებნა, რის გამოც მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის გაუაზრებლად მოქმედებდა.
რუსეთის ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ მისი გადაყენება სურდათ; ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური ოპონენტებიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოცილების იმედი აქვთ. მას პრეზიდენტობის ვადა 2013 წელს ეწურება.
ხოლო ქართველები, რომელთა ლოიალობაც ომის შემდეგ გაიზარდა, ახლა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩდნენ, რამაც
პოლიტიკური სიტუაცია შესაძლოა ყირაზე დააყენოს.
”როგორია სააკაშვილის მომავალი?” ამბობს სოზარ სუბარი, საქართველოს სახალხო დამცველი და პრეზიდენტის დიდი ხნის ოპონენტი. ”მან ომი დაიწყო, მან ომი წააგო, მან დაკარგა ტერიტორიები. ეს კრიზისია. საქართველოში არანაირი ინვესტიცია არ შემოდის. სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდება. თუკი არაფერი შეიცვლება, ის დატოვებს საქართველოს როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა”.
სააკაშვილი უკვე არაერთი თვეა, რაც ამგვარ შეფასებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ დარწმუნებულია - ქართველი ხალხი მას მხარს უჭერს. მთელი მისი პოლიტიკური მოქნილობის მიუხედავად, სააკაშვილი კრიტიკაზე ბრაზით რეაგირებს. მათ ვინც ომის მისეულ ვერსიას სკეპტიკურად უყურებს, ის ნაცისტური გერმანიის აპოლოგეტებს ადარებს ”ზუსტად ასეთივე ხალხი იყო, ვინც თვლიდა, რომ მეორე მსოფლიო ომი პოლონელებმა დაიწყეს”.
”ამ ომისთვის ემზადებოდნენ, მათ სურდათ ეს ომი, ისინი შემოიჭრნენ ჩვენთან და შემდეგ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს,” თქვა მან. ”თუკი ხალხს ამის დანახვა და გაგება არ სურს, ეს მათი არჩევანია.”
2004 წელს 36 წლის ასაკში პრეზიდენტად არჩეულმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ისტორიული ფიგურა გამხდარიყო: მოდელი, რომელსაც ის ხშირად ციტირებდა დავით აღმაშენებელია, 12 საუკუნის მეფე რომელმაც საქართველოდან თურქები განდევნა და რომელიც წმინდანად შერაცხეს.
სააკაშვილმა თავის პირველ არჩევნებზე ხმების 97 პროცენტი მოიპოვა, ადრენალინით და ვნებებით შეგულიანებულმა კი საქართველოს კონსტიტუცია შეცვალა და საკუთარ თავს ექსტრაორდინარული ძალაუფლება მიანიჭა. მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ეს თანამედროვე დროში პოსტსაბჭოთა კორუმპირებული სახელმწიფოს შესაცვლელად ერთადერთი საშუალება იყო; კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ მან ავტოკრატია შექმნა, და გარშემო ლოიალურთა ჯგუფი შემოიკრიბა. ასეა თუ ისე, საქართველოს დანაწევრებული ოპოზიციიდან ჯერ არცერთი რეალური ალტერნატილი ფიგურა არ ჩანს, რასაც სააკაშვილი ”ძალიან სამწუხარო” ფაქტს უწოდებს.
”მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ამ მთავრობას სამ თვეში დავანგევდი,” განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თქვა მან. კითხვაზე როგორ, მისი პასუხი თითქმის დამცინავია, ”მე ვიცი როგორც, მაგრამ არ მინდა მათ ეს ვასწავლო.”
ბატონი სააკაშვილი ძალიან სწრაფად ფიქრობს, ლაპარაკობს და მოძრაობს. როდესაც ის გადაწყვეტს, რომ ღონისძიება დასრულდა, მისი დაცვა ხშირად გასაქცევად ემზადება, რომ შემდეგ მის დევნაში გული არ ამოიგდოს. მისი მადა ლეგენდარულია: 45 წუთიანი ფრენის დროს, მან 3 ჭიქა ჩაი, ერთი ჭიქა ღვინო და კონიაკი მოითხოვა, გამცილებელს კი უამრავი პრობლემა შეუქმნა იმის გამო, რომ თვითმფრინავში ყველი არ აღმოჩნდა.
მას ყველაფერი მალე სწყინდება. ფრენის დროს წასაკითხად წამოიღო პრიალა ჟურნალი, შერცხვენილი ფრანგი გენერლის, მარშალ ჰენრი ფილიპ პეტენის ბიოგრაფია; აეროპორტის სატვირთო ტერმინალის არქიტექურული პროექტი, რომლის მონახაზიც, მას შემდეგ რაც 20 განაცხადი ჩავარდა, თავად გააკეთა (”ამის აღიარებას ვერ ვიტან,” ამბობს ის); და ქართული გაზეთი, რომელსაც თვალი გადაავლო და გვერდზე გადადო.
”ვერცერთი ქართული გაზეთი ვერ მიტანს; რა მნიშვნელობა აქვს?”თქვა მან. ”თუკი ისეთს მომიძებნით რომელსაც მოვწონვარ, მთელ დღეს მის კითხვაში გვატარებ.”
სააკაშვილის პრეზიდენტობა თავიდანვე თამამი ჟესტებით გამოირჩეოდა. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში მან საქართველოს საგზაო პოლიციის 13 000 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა - პოსტსაბჭოთა ეპოქის საგზაო პოლიცია, რომელიც ცნობილი იყო თავისი წვრილმანი მექრთამეობით - და ისინი 1 600 ამერიკულ ყაიდაზე განსწავლული ოფიცრით შეცვალა. მას ასევე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის პირობაც დადო, რაც ქართულ ნაცონალიზმს აღვივებდა და კიდევ უფრო ართულებდა მოსკოვთან ურთიერთობებს.
დასავლელი დამკვირვებლები რეფორმებით მონუსხულები იყვნენ, მათ ხიბლავდათ თბილისის ახალი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც უიღბლო ქვეყანას იმედის და წარმატების მუხტი შესძინა.
”ისეთი განცდა იყო, თითქოს ”რესპუბლიკაზე ზრუნვა ოუშენის თერთმეტ მეგობარს ჩააბარეს” წერდა New Statesman-ში მარკ ლეონარდი, საგარეო პოლიტიკის ბრიტანელი ექსპერტი. ”საქმეს ხელი მოკიდეს ახალგაზრდა, ლამაზმა ადამიანებმა, რომლებიც ქვეყანას თავიდან ბოლომდე ცვლიდნენ”.
დასავლელი მოკავშირეების რწმენა 2007 წელს შეირყა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებმა ათობით ათასი სააკაშვილის მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრაციაზე შეკრიბეს. პოლიციელთა ქვედანაყოფები მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაუპირისპიდნენ, მთავრობამ კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ორი ოპოზიციური სატელევიზიო არხი ეთერიდან გათიშა. დასავლელი მოკავშირეების მიერ გაკრიტიკებულმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი რუსული შეთქმულების შესაჩერებლად მოქმედებდა.
სააკაშვილმა კრიზისს გაუძლო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც თავად ამბობდა ”მანდატის განახლებისთვის” დანიშნა და 53 პროცენტით გაიმარჯვა.
აგვსტოს ომის გამო სააკაშვილს კვლავ ნანგრევების გაწმენდვა უწევს. როდესაც რუსული ტანკების კოლონები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისკენ დაიძრნენ, დასავლეთმა მას მხარი დაუჭირა. მაგრამ დამკვირვებლები სულ უფრო ხშირად ადანაშაულებდნენ მას დაბალ საფეხურზე კონფლიქტის ესკალაციაში, რაც თავდასხმას წინ უძღოდა, თუმცა იმასაც აღიარებდნენ, რომ წინა დღეებში ქართულ სოფლებს სეპარატისები ცეცხლს უხსნიდნენ.
სააკაშვილისთვის ეს კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია - განსაკუთრებით ნიუ-იორკ ტაიმსის 7 ნოემბრის სტატია, სადაც კონფლიქტის ზონაში განთავსებული დამოუკიდებელი დამკვირვებლების მოსაზრებაა მოყვანილი, რომლებიც ომის დაწყების ქართულ ვერსიას ეჭქვეშ აყენებენ. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთი იმდენად კარგად იყო მომზადებული, რომ მისმა არმიამ უცბად მოიპოვა კონტროლი აფხაზეთზე, რომელიც კონფლიქტის ზონიდან, სამხრეთ ოსეთიდან ათასობით მილის მოშორებით მდებარეობს.
ის რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატთან, სენატორ მაკკეინთან საუბარს იხსენებს, რომელიც მას შემდეგ შედგა, რაც საქართველომ საიდუმლო სატელეფონო საუბრები გამოქვეყნა, რომლებიც აჩვენებენ, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს გამთენიისას შეიჭრნენ.
”მე ვთქვი: ეს ადასტურებდა, რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყია, - ამბობს სააკაშვილი. - ”იცით, მე სამხედრო ვარ. მე ვიცი რომ ტანკები არ დაფრინავენ, განსაკუთრებით რუსული ტანკები. ამისთვის მე მტკიცებულება არ მჭირდება.”
ამერიკული ადმინისტრაციის შეცვლა სააკაშვილის
მდგომარეობას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის, რომელსაც თბილი მეგობრული ურთიერთობები აქვს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან და სენატორ მაკკეინთან. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები მხარდაჭერას განაგრძობს - ვაშინგტონმა პირობა დადო 1 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოეჩინა საქართველოსთვის, ამ კვირას კი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
მაგრამ საკვანძო საკითხები ძალაში რჩება, მაგალითად, დაეხმარება კი აშშ შელახულ ქართულ არმიას აღჭურვაში, რაც მათი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეფასებით 8-9 მილიარდი დოლარი დაჯდება?
იმავდროულად, ძალადობის სადაო აქტებითა და ოპოზიციის წინააღმდეგობით დაკავებული სააკაშვილი ევროპული დედაქალაქების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ამ თვის დასაწყისში ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა საქართველოს და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის, ”მაპ”-ის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ - ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მათ ეშინიათ - სააკაშვილმა ქვეყანა რუსეთთან ხელახალ კონფრონტაციაში არ ჩაითრიოს.
”საქრთველოს ბევრი პრობლემა აქვს, და მათ შორის ერთ-ერთია ის თუ როგორ აღიქვავენ საკაშვილს - ამბობს სარა მენდელსონი, ვაშინგტონის სტრატეგული და საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი რუსეთის საკითხებში. - ის არჩეული პრეზიდენია, და საბოლოო ჯამში ეს თავად ქართველების საქმეა. მაგრამ მე გამიგია როგორ საუბრობენ ზოგიერთები: ”ის უნდა მოვიშოროთ, ან კონტროლს დავუქვემდებაროთ.”
რონალდ ასმუსს, მარშალის ფონდის ”გერმანია-აშშ” ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ სააკაშვილმა ძირითადი ყურადღება ინსტიტუტების შექმნაზე უნდა გაამახვილოს და საქართველოში რუსეთის არმიის ყოფნას შეეგუოს.
”ჩემნაირი ადამიანების რჩევა, ერთია: დაივიწყეთ რუსები, რამდენადაც შესაძლებელია, -- ამბობს ის. - დააჩქარეთ რეფორმები და აღადგინეთ მორალური უპირატესობა რომელიც გქონდათ და დაკარგეთ”. წარსულში, მისი თქმით, სააკაშვილის გუნდი ამ გზით მიდიოდა, მაგრამ მათ ”ამ გზაზე გაჩერება უჭირთ”.
რჩევა შემთხვევითი არ არის. ასმუსის თქმით, საგანგებო მდგომარეობის და ომის პირობებში, სააკაშვილმა ”როგორც ჩანს ორი უდიდესი შეცდომა დაუშვა”, იმის მიუხედავად რომ რუსებს მისი დამხობა სურდათ.
”პოლიტიკოსების უმრავლესობა როგორც წესი ორი დიდი პოლიტიკური შეცდომის შემდეგ, გადარჩენას ვერ ახერხებს, - ამბობს იგი. – ”არ ვიცი მას კიდევ რამდენი პოლიტიკური სიცოცხლე დარჩა”.
ამგვარად, 41 წლის ასაკში სააკაშვილს წინ უცნაური ამოცანები აქვს გადასაწყვეტი - დაიოკოს ამბიციები, მოთოკოს ტემპერამენტი და სულსწრაფობა და შეიზღუდოს ძალაუფლება. როგორც ჩანს მას ეს ყველაფერი აბსოლუტურად ესმოდა, როდესაც გვპასხობდა თავისი დიდი საპრეზიდენტო რეზიდენციის თეთრ ინტერიერში: მან განაცხადა, რომ თუკი მის მთავრობას ნაკლი აქვს, ეს ნაკლი იმიტომ აქვს, რომ ის ”დიდ წილად ან შესაძლოა ნაკლებადაც პიროვნულ ფაქტორს ეყრდნობა, არადა ინსტიტუტებს უნდა ეფუძნებოდეს”.
სააკაშვილი ამბობს, რომ თავს იტანჯავდა იმაზე ფიქრით, ხომ არ დაუშვა მან შეცდომა, როდესაც ცხინვალზე, სამხრეთ ოსეთზე შეტევის ბრძანება გასცა. კონფლიქტის პირველ დღეებში მან საკუთარ თავს ეს კითხვა ”ათასჯერ” დაუსვა.
”ყოველ საღამოს, როდესაც საკუთარ თავზე არ ვბრაზობ, ის დღე დაკარგული მაქვს,” - ამბობს იგი.
გასულ კვირას ის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პარლამენტის სასარგებლოდ პრეზიდენტის უფლებებს ზღუდავს. მისი თქმით ბოლო დროს მას სულ უფრო ნაკლებად მოსწონს დავით აღმაშენებლის მოდელი და სულ უფრო მეტად - ჯორჯ ვაშინგტონის, რომელსაც ”შეეძლო მეფე გამხდარიყო, მაგრამ სამეფო ძალაუფლებაზე უარის თქმა ამჯობინა და დემოკრატია შექმნა”.
”ამაზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ,” - ამბობს ის. – ”ჯორჯ ვაშინგტონი”.