კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:03

ძალიან საინტერესო სტატია მინდა მოგაწოდოთ და თუ ყველა წაიკითხავთ, კარგი იქნება...

ეს არის დასავლური მედიაში გამოქვეყნებული მასალა:




სააკაშვილი მოატყუეს?

ვენდელ სტივენსონი


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძირითადად ღამის საათებში მუშაობს. აგვისტოში რუსეთთან სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ სოეთის გამო ხუთდღიანი ომის განმავლობაში და მას შემდეგ ის მთელ დღეებს დასავლელი მაღალჩინოსნების მიღებაში ატარებდა - კონდოლიზა რაისი, დიკ ჩეინი, ჯო ბაიდენი, ნიკოლა სარკოზი, ანგელა მერკელი - ღამით კი, ხშირად გათენებამდე, უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს მხარდასაჭრად აერთიანებდა. როდესაც მის სანახავად საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მის ოფისში, ჯერ კიდევ მშენებარე კანცელარიაში მივედი, მითხრეს , რომ ”სადღაც შუაღამის შემდეგ” მიმიღებდნენ. სააკაშვილის მრჩეველი დენიელ კუნინი, 35 წელს გადაცილებული ამერიკელი, რომლის ხელფასსაც ბოლო დრომდე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო იხდიდა, იქ მელოდება.

კუნინი ქერაა, ბიჭური იერით, მხიარული, მაგრამ ახლა თვალები აქვს ჩასისხლიანებული . ”ვშიშობ, რომ ცოტა მოცდა მოგიწევთ” - მეუბნება კუნინი.
საკაშვილის ოფისი ქართული მართლმადიდებლური ხატებითაა მიმოფენილი, წიგნის თაროებზე სტალინისა და კენედის ოჯახის ბიოგრაფიები დაულაგებიათ. გვერდით მაგიდაზე 1939-40 წლის ზამთრის ომის ისტორია დევს, რომლის დროსაც საოცრად მცირერიცხოვანმა ფინურმა არმიამ საბჭოთა კავშირს თავისი ქვეყნის ანექსიის მცდელობა ჩაუშალა.

სააკაშვილი ოფისში ღამის 2 საათის შემდეგ ბრუნდება, მუქი კოსტუმი აცვია, ჰალსტუხი გახსნილი აქვს. ის ახლა 40 წლისაა. 36 წლის იყო, როდესაც პრეზიდენტი გახდა. მანამდე კი ვარდების რვოლუციას სათავეში ჩაუდგა - ახალგაზრდა, ქარიზმატული დემოკრატი გმირი, რომელიც საქართველოს პოსტ-საბჭოთა ლიდერს ყვავილით ხელში დაუპირისპირდა. მას ყველა მიშას ეძახის. თითქმის ექვსი ფუტის სიმაღლის იქნება, მოუქნელი მოძრაობები აქვს, დიდი მასა და მოუსვენრობა უხერხულ იერს ანიჭებს.

”ერთ ადგილას წყნარად დიდხანს ვერ ზის” - მითხრა ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა - ” აქ ამ თემაზე ხუმრობენ: ”ხალხი ნაძლევს დებს, რამდენ ხანს გაძლებს გაუნძრევლად, 10 წუთს, თუ 12 წუთს.”

“AFP-ს სტატია გამოუქვეყნებია, სადაც კონდი რაისი, ხუთშაბათს, კონკრეტულ ზომებზე განცხადებას აკეთებს”, ეუბნება სააკაშვილი კუნინს. სააკაშვილმა თავისი ქვეყნის უსაფრთხოება შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობებს დააფუძნა და იმედოვნებდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი ჯარი საქართველოში გამოაგზავნა, რაღაცას მოიმოქმედებდა.
”კი”, ამბობს კუნინი, ”თუმცა არ ვიცი რის თქმას აპირებენ.”

”დაბომბვას აპირებენ! ალიასკიდან!” პასუხობს საკაშვილი სიცილით. (ორი კვირით ადრე გუბერნატორი სარა პეილინი ჯონ მაკკეინმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.) ”ან ხარირმებს დაუშენენ!” მერე ერთ ბოთლ ქართულ ღვინოს, საფერავს ითხოვს და მეუბნება, რომ იმედი აქვს, სტატიას ნეკროლოგად არ გადავაქცევ. წერდნენ, რომ აგვისტოში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ნიკოლა სარკოზისთან საუბრისას დაიმუქრა, სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებო, (რაზეც სააკაშვილმა ასე უპასუხა: ”ამისთვის სამყოფი თოკი არ ექნება.”)

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:05

:arrow: :arrow: :arrow:

სააკაშვილისა და პუტინის მტრობამ ზაფხულის ომს ზედმეტად პერსონალური შეფერილობა შესძინა. ”ვისაც სააკაშვილი და პუტინი ერთად უნახავს, ყველა ამბობს, რომ გარემო სიძულვილით იმუხტება” - მითხრა რიჩარდ ჰოლბრუკმა, ყოფილმა ელჩმა გაეროში - ”პატარა კაცი დიდი ქვეყნიდან, პატარა ქვეყნის დიდი კაცის პირისპირ” (პუტინი დაახლობით ხუთი ფუტის სიმაღლისაა. (ამბობენ, რომ განსაკუთრებით გაღიზიანდა, როდესაც თბილისში შერქმეული მეტსახელი ლილი-პუტინი გაიგო).

როდესაც იგი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, გვიყვება სააკაშვილი, პუტინი ”საკმაოდ თავაზიანი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო ცინიკური და აგრესიული ხდებოდა”. 2006 წელს, რომ ვნახე, ის უკვე იმპერატორივით იქცეოდა. ”პუტინი” - ამბობს სააკაშვილი -”არასდროს სცემდა პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. ”არა მარტო საქართველოსას”, დასძინა მან. ”ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანა არ არის.”

რუსების ”ქედმაღლობა ნავთობის ფასების ზრდასა და ამერიკის ერაყული პრობლემების კვალდაკვალ მატულობდა” - ყვება სააკაშვილი. მაგრამ რაც უფრო მეტს ლაპარაკობს სააკაშვილი რუსების თავკერძა ზნეზე, ორივე მხარის განაწყენება მით უფრო ცხადი ხდება. რუსეთში ისეთი განცდა აქვთ, ამბობს მაშა ლიპმანი, მოსკოვის კარნეგი ცენტრიდან, რომ ”საქართველო, ეს პატარა ქვეყანა, ოთხ ნახევარი მილიონი მოსახლეობით და სუსტი ეკონომიკით, რუსეთის პროვოცირებას ქედმაღლურად ბედავს, რადგან ზურგს დიდი ბიჭი” - ამერიკის შეერთებული შტატები -”უმაგრებს” - ”ამით შეგულიანებული მათი ლიდერი უტიფრად ლაპარაკს ამიტომაც ბედავს”.

ზაფხულის ომი, ლიპმანის თქმით, აღქმული იყო როგორც ”დაპირისპირება ამერიკასთან, რომელიც რუსეთის გამარჯვებით დასრულდა, რადგან ამერიკამ თავისი კლიენტისა და მეგობრის დასახმარებლად ვერაფერი მოიმოქმედა”

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:09

:arrow: :arrow: :arrow:

მიუხდავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მუდმივად ემუქრებოდა, ბევრი უცხოელი ქსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილიც ზედმეტად პროვოკაციულად იქცეოდა. 7 აგვისტოს, საქართველოს პოლიციასა და ოს სეპარატისტთა შორის კვირების მანძილზე მიმდინარე შეტაკებების შემდეგ, მან ცხინვალზე მიიტანა შეტევა. ოსი სეპარატისტები რეგიონის დიდ ნაწილს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აკონტროლებენ. (სამხრეთ ოსეთი, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთით მდებარეობს და რუსეთს ესაზღვრება, საუკუნეების მაძილზე საქართველოს ნაწილი იყო, მაგრამ ოსები სხვა ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან და საკუთარი ენა აქვთ).

სააკაშვილი ამბობს, რომ სიტუაცია აუტანელი გახდა, ხოლო სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთის შემოსვლა რეგიონში უკვე დაიწყო, ან მალე დაიწყებოდა. ის აცხადებს, რომ არჩევანი აღარ დარჩა და ცხინვალისთვის უნდა შეეტია - ან უნდა ებრძოლა, ან დანებებოდა. რუსები მოვლენათა ამ ვერსიას სერიოზულად არ მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო აგრესორივით მოქმედებდა, საფრთხეს უქმნიდა რუსეთის მოქალაქეებს ცხინვალში და აქ დისლოცირებულ რუს სამშვიდობო ძალებს. ასეა თუ ისე, რუსებმა მყისიერი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინეს, საჰაერო შეტევა დაიწყეს და საქართველოში ტანკების კოლონები გამოაგზავნეს.

ტანკები თბილისთან მხოლოდ ოცი მილის მოშორებით შეჩერდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სააკაშვილმა აგვისტოსა და სექტემბერში პროპაგანდისტული ომი მოიგო - დასავლურმა მედიამ და პოლიტიკოსებმა რუსეთის აგრესია და ძალის არაპროპორციული გამოყენება დაგმეს. მაგრამ ამ ბოლო კვირებში დასავლელი დამკვირვებლები (და ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც) სააკაშვილის მონათხრობს უფრო სკეპტიკურად ეკიდება.

ნოემბრის ბოლოს მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა, ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ხანმოკლე დროით მოსკოვში საქართველოს ელჩად მსახურობდა, საპარლამენტო მოსმენებზე განაცხადა, რომ მისი აზრით, სააკაშვილი აფხაზეთში შესაჭრელად უკვე კარგა ხანია ემზადებოდა. როდესაც კიწმარიშვილს პარლამენტში მისვლამდე ველაპარაკე, ის ჩიოდა - მისი თქმით ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ცხოვრობს ალყაში, რომელშიც საქართველო სააკაშვილმა მოაქცია: ”კავკასიის ისრაელში ცხოვრება არ მინდა” - ამბობდა კიწმარიშვილი - ”ამას მირჩევნია კავკასიის ირალანდიაში ვცხოვრობდე. მათ ჯერ კიდევ აქვთ პრობლემები ჩრდილოეთში, მაგრამ არავის არ ეშინია”.

სააკაშვილი მსგავს კრიტიკას არ ეთანხმება. (”ეროსისთვის ყოველთვის ფული იყო მნიშვნელოვანი” - მითხრა სააკაშვილმა), ხოლო მისმა მთავრობამ კიწმარიშვილის ბრალდებები უარყო. ისინიც კი, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთი უბრალოდ საბაბს ეძებდა აგრესიისთვის, ახლა სააკაშვილის მიერ ცხინვალზე შეტევის გადაწყვეტილებას (რაც იმ დროს, როდესაც არავითარი კონკრეტული გეგმა არ არსებობდა, ნამდვილად პროვოკაციული ნაბიჯი იყო) ასე განიხილავენ: კი მაგრამ რაზე ფიქრობდა?

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:11

:arrow: :arrow: :arrow:

სააკაშვილი კომპეტენტური, მაგრამ გაფანტულია. როდესაც ზაფხულის ომზე ლაპარაკობს, ის ხან საბჭოთა პერიოდში უმცირესობებისადმი მიმართულ პოლიტიკას იხსენებს, ხან გენერლებსა და პრეზიდენტებზე ანეკდოტებს ყვება, ხან კი ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ იმ მასალას ციტირებს, სადაც ფარულად ჩაწერილ სატელფონო საუბრებზეა ლაპარაკი.

მაგალითად, ერთხელ ის ჯერ საქართველოს მთიანი კუთხის, დუშეთის ქალების სილამაზეს აღმიწერდა(ყველა ქერაა), მერე ცხინვალს (სულ სამი ქუჩა აქვთ: მოსკოვის, ლენინის და სტალინის), მერე ქართულ ტომებს ახასიათებდა (ორი წინაპარი მყავს - ოსები, ნახევრად ველურები, შესაძლოა ხანდახან იმპულსურები, მაგრამ მეგრული სისხლიც მაქვს, მეგრელებს კომპრომისი უყვართ).

”ტყვიამფრქვევივით ლაპარაკობს” - ამბობს სააკაშვილის ერთი თანაშემწე. დასავლელმა, რომელიც სააკაშვილთან მჭიდროდ თანამშრომლობს მითხრა: ”მასთან კონტაქტის მერე უნდა წამოწვე. ან დალიო”.

დილის სამი საათია, კუნინი ამთქნარებს, სააკაშვილი უყურებს და ეკითხება, დღეს რაიმე კარგი ამბავი რატომ არ მომიტანეო. კუნინი პასუხობს, რომ მაკკეინისა და ობამას მაჩვენებლები ერთმანეთს დაუახლოვდა. მაკკეინი სააკაშვილს პირველად 1990-იანებში, ვაშინგტონში შეხვდა და მას შემდეგ მხურვალედ უჭერს მხარს. საქართველოშიც რამდენჯერმე ჩამოვიდა.

”დაგვპირდა, რომ თუ არჩევნებს მოიგებს, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ექნება” - ამბობს სააკაშვილი. მე ვივარაუდე, რომ აეროპორტისკენ მიმავალ გზატკეცილს, რომელსაც ჯორჯ ბუშის ქუჩა ქვია, სახელს შეუცვლიან. სააკაშვილი იცინის: ”არა, ცხინვალს დავარქმევთ ”ახალ მაკკეინს, ან რამე ამგვარს”.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:13

:arrow: :arrow: :arrow:


სააკაშვილის ენთუზიაზმმა, ენაწყლიანობამ და ხიბლმა მას დასავლელი პოლტიკოსების გული მოაგებინა, რაც ყოფილ საბჭოთა ლიდერებთან დაკავშირებით საერთოდ უჩვეულოა. (კუნინი, რომლის დედაც ვერმონტის ყოფილი გუბერნატორია, ამბობს: ”ის მართლა ტიპური დასავლელი პოლიტოკოსია”). არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ასევე მისი მხარდამჭერია და აგვისტოში საქართველოშიც იყო ჩამოსული. რაღაც აზრით, სააკაშვილის პიროვნულმა ძალამ საქართველო ისეთ სტატუსამდე აიყვანა, რომელიც მის რეალურ მნიშვნელოვნებას სცილდება.

საქართველოში მცხოვრები ერთი დასავლელი პოლიტიკოსი გამომიტყდა, რომ სააკაშვილის იმპულსურობა აფიქრებს, მაგრამ მაინც ხვდება რაშია მისი ხიბლი: ”ის შუქურაა კავკასიისთვის, ლიდერი, რომელიც დასავლური დემოკრატიისა და საბაზრო რეფორმების გზას ადგას და უნაკლო ინგლისურით ლაპარაკობს. ”საქართველო კარგი ამბების პატარა კუნძული იყო, ერაყისა და ავღანეთის ჭაობების ფონზე” - მითხრა დიპლომატმა. ”ჩვენ მასში იმას ვხედავდით, რისი დანახვაც გვინდოდა”.

საქართველო კავკასიის სამხრეთ ფერდობზე, კასპიისა და შავ ზღვას შორის, უძველეს აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ამ გზას ახლა ნაწილობრივ ნავთობსადენები სერავს. ქვეყანა დიდხანს მოპაექრე იმპერიათა ბრძოლის ველი იყო, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიას იმ იმედით მიუერთდა, რომ ის სპარსელთა თავდასხმებისგან დაიხსნიდა. მაგრამ ქართველები ჯიუტად იცავდნენ თავის იდენტობას: მართლმადიდებლობას, ენას, რომელიც არც თურქულ, არც სლავურ, არც ინდოევროპულ ენათა ჯგუფს არ განეკუთვნება და კიდევ თავის გასაოცარ დამწერლობას.

1991 წელს, კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ მყისიერად ჩაეფლა სამოქალაქო და სეპარატისტულ ომებში - შავ ზღვასთან მდებარე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. 1992 წელს არაფორმალური სამხედრო შენაერთების მმართველმა ტრიუმვირატმა ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილი პირველი მდივანი და საბჭოთა პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის მმართვლობისას საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის ლიდერად მოიწვია.

ქართული ჯარები აფხაზეთში დამარცხდნენ, შედეგად მეოთხედი მილიონი ეთნიკური ქართველი იქიდან გამოაძევეს. სამხრეთ ოსთიდანაც ათობით ათასი გამოიქცა და ეს ანკლავები გაყინული კონფლიქტების ზონებად იქცა, თავისი არაღიარებული სეპარატისტული მთავრობებით და ერთმანეთისადმი უნდობლობით განმსჭვალული სამშვიდობო ძალებით, სადაც რუსები, ქართველები და ოსები მსახურობდნენ და რომლებსაც მონიტორინგს რამდენიმე ევროპელი სამხედრო მეთვალყურე უწევდა.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:14

:arrow: :arrow: :arrow:

შევარდნაძე პრეზიდენტად 1995 წელს აირჩიეს, რამაც სტაბილურობა მოიტანა, მაგრამ 2000 წლისთვის, როდესაც შევარდნაძემ კიდევ ერთი არჩევნები მოიგო, საქართველოში ეკონომიკური სტაგნაციისა და ენდემური კორუფციის ერა დაიწყო. ზამთარში, თბილისში ხანდახან სინათლე ოთხი საათითაც კი არ მოდიოდა. სახელმწიფო სამსახურებში ხელფასი თვეში 35 დოლარის ეკვივალენტი იყო. პოლიცია ავტომანქანებს აჩერებდა და, ხშირად მობოდიშებით, მაგრამ მაინც, ორ დოლარს ითხოვდა.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები რეალურად შევარდნაძის მმართვლობის რეფერენდუმად იქცა. ქართველებმა ღიად გამოხატეს თავისი უკმაყოფილება არსებული მდგომარეობით. დამოუკიდებელმა ეგზითპოლებმა აჩვენეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც სათავეში, მაშინ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ედგა, პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 26% მოიპოვა. სამთავრობო პარტიამ მეორე ადგილი, ხმების 19% დაიკავა, ხოლო დანარჩენი ხმები სხვა პატარა პარტიებს შორის გაიყო.

ოფიციალური შედეგების თანახმად კი შევარდნაძის პარტიას უმნიშვნელო, მაგრამ მაინც უპირატესობა ჰქონდა. სააკაშვილი და სხვა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები თბილისში დემონსტრაციებს ჩაუდგნენ სათავეში. ეს აქციები კარგად ორგანიზებული, ხისტი, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მაგალითად იქცა. (უკრაინული ნარინჯისფერი რევოლუცია ერთი წლის შემდეგ მოხდა). სამკვირიანი საპროტესტო პროცესის პიკზე, როდესაც შევარდნაძემ მოლაპარაკებებზე და ახალი არჩევნების დანიშვნაზე უარი განაცხადა, სააკაშვილი და სხვა დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინეს.

სააკაშვილმა, რომლსაც ხლში ვარდი ეჭირა, შეჰყვირა ”გადადექი ახლავე!”. შევარდნაძე დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა (ის მეორე დღეს გადადგა), ხოლო სააკაშვილმა შევარდნაძის დატოვებული ჭიქა აიღო და ჩაი დალია. ის პრეზიდენტად 2004 წელს, ხმათა 96%-ით აირჩიეს.

მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ქვსი თვის შემდეგ სააკაშვილმა Financial Times უთხრა: ”ხალხი ჩემს სტილს ჯონ კენედისას ადარებს, მაგრამ ჩემთვის უფრო ახლოს ათათურქია, ან ბენ-გურიონი ან შარლ დე გოლი, ადამიანები, რომლებმაც ნაციონალური სახელმწიფოები შექმნეს”.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:15

:arrow: :arrow: :arrow:

სააკაშვილი 1967 წელს, თბილისში დაიბადა. ის სამი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ და მას, ერთადერთ ბავშვს, თბილისის ახალშენში, ფართო ქუჩაზე მდებარე სახლში, ხუთი ზრდასრული ადამიანი ზრდიდა: დედა - უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორი, მისი მშობლები და მისი ბებია და ბაბუა. როდესაც ამას წინათ დედამისს ვესტუმრე, ჩვენ ზუსტად იმ პატარა სასტუმრო ოთახში ვისხედით, სადაც სააკაშვილი იზრდებოდა, კენკრის ნამცხვარს მივირთმევდით და ჩაის ვსვამდით. მან მითხრა, რომ როცა სააკაშვილი პატარა იყო - ”ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ და მის აღზრდაში ყველამ შეიტანა გარკვეული წვლილი”. პროფესიონალების ეს ოჯახი საბჭოთა ელიტას არ განეკუთვნებოდა.

”მახსოვს ბაბუაჩემს ინსტიტუტში, სადაც ასწავლიდა, სპეციალური კუპონი მისცეს” - მიყვება სააკაშვილი - ”წელიწადში ერთხელ შეგვეძლო წავსულიყავით და ორი ფინური ძეხვი აგვეღო, ხუთი, თუ ექვსი ქილა ლატვიური შპროტი, ფინური შოკოლადი და ხანდახან, თუ ბედი გაგვიღიმებდა, წითელი ხიზილალა. ძალიან დამამცირებელი განცდა იყო - სადღაც, კომუნისტური პარტიის შტაბის, თუ კიდევ რაღაცის, სარდაფში უშველებელ რიგში უნდა მდგარიყავი და ჩვენც ვიდექით ერთად, პროფესორები და კომუნისტური პარტიის დეპარტამენტების უფროსების მძღოლები”. მას სამყაროს აბსოლუტურად ცხადი აღქმა ჩამოუყალიბდა. ”მე, ისევე, როგორც მთელი ჩემი თაობა იმ განცდით ვიზრდებოდი, რომ დასავლეთი აბსოლუტური სამოთხეა, ხოლო ჩვენ აბსოლუტურ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ასეთი იყო ჩემი თაობის იდენტობა”.

სააკაშვილს საბჭოთა კავშირიდან წასვლა უნდოდა. ის აღფრთოვანებული იყო დასავლელი პოლიტიკოსებით: ”რეიგანი და ტეტჩერი მიყვარდა” - და საბჭოთა არმიაში სამსახურის შემდეგ კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის შესწავლა გადაწყვიტა.

აქ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ სააკაშვილი საქართველოს მთავრობაში ადამიანის უფლებათა დამცველ ოფიცრად მუშაობდა და სწორედ ამ დროს შეირთო, გაცნობიდან სამი თვის შემდეგ, ცოლად სანდრა რულოვსი, ჰოლანდიელი იურისტი, რომელსაც სტრასბურგში უფლებადაცვით საზაფხულო კურსებზე შეხვდა.

სააკაშვილმა მითხრა, რომ სანდრას სომალიში, ჰუმანიტარულ მისიაში უნდოდა წასვლა: ”მე ვუთხარი, საქართველოშიც ისეთივე მძიმე ვითარებაა, როგორც სომალიში, ერთი განსხვავებით, აქ რაღაცის იმედი კიდევ დარჩა”. ახალგაზრდა ამბიციურ იურისტს საქართველოში 1990-იანების დასაწყისში დიდი არჩევანი ვერ ექნებოდა და აი, 1993 წელს სააკაშვილმა კოლუმბიის უნივრსიტეტის იურიდიული სკოლის სტიპენდია მიიღო.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:16

:arrow: :arrow: :arrow:

სანდრა და მიშა თავიდან ქვინსში, სარდაფში განთავსებულ ბინაში ცხოვრობდნენ, რომლის მფლობელიც ”სულ იმას ცდილობდა შუქი გამოერთო”. სანდრა Cheesy Pizza-ში მუშაობდა და საათში ოთხ დოლარს იღებდა, მაგრამ ერთ წელიწადში ორივემ ნიუ-იორკის იურიდიულ ფირმებში იშოვა სამსახური და საცხოვრებლად ზემო ვესტ-საიდში გადავიდნენ. ”მშვენიერი იყო, თითქმის ფუფუნებაში აღმოვჩნდით”.

მერე სააკაშვილმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხის მოპოვება გადაწყვიტა. სადისერტაციო თემად uti possedts, საერთაშორისო სამართლის პრინციპი აირჩია. დისერტაციაში ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოებმა, რომლებმაც ახლად მოიპოვეს თავისუფლება, იგივე საზღვრები უნდა შეინარჩუნონ, რომელიც დამოუკიდებლობამდე ჰქონდათ. ამით, ამბობს ის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე აშკარა მინიშნებით, ის ითქვა, რომ: ”არალეგალური ქმედება რეზულტატს ვერ მოიტანს”.

როდესაც სტუდენტობისას ვაშინგტონში ჩამოვიდა და თეთრი სახლის პირდაპირ ლაფაიეტის სკვერში უამრავი უსახლაკრო ადამიანი და ვირთხები აღმოაჩინა, ხოლო მახლობელი ქუჩები მოუვლელი დახვდა, საშინლად შეშფოთდა. ”ხვდებოდი, როგორი შეიძლება იყოს სხვა მთავრობები” - ყვება სააკაშვილი -”გზა მართლაც ცუდ მდგომარობაში იყო, უარესში ვიდრე გზები შევარდნაძის დროს. მაგრამ, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას, ფული არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზას თეთრ სახლთან მიყავდი, ამაზე არავინ წუხდა. აი, აქ ზის მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი პრეზიდენტი, მაგრამ გზის შეკეთება ვერ მოუხერხებია” -აგრძელებს თხრობას სააკაშვილი: - ”ისინი ამას ძალაუფლების სეპარაციას უწოდებენ. ვიღაცეებისთვის ეს დემოკრატიაა, მე კი ამას არაფექტურობას დავარქმევდი”.

სააკაშვილმა დოქტორის ხარისხი ვერ მიიღო. 1995 წელს, ზურაბ ჟვანიამ, შევარდნაძის პარტიის, მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთმა ახალგაზრდა რეფორმატორმა, საქართველოში დაბრუნება და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მონაწილეობა სთხოვა. მისმა ხელმძღვანელმა, ჰოლოკოსტს გადარჩენილმა თომას ბუერგენტალმა, რომელიც ახლა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეა, ასევე შინ დაბრუნება ურჩია. სააკაშვილი მის ნათქვამს იხსენებს: ”მისმინე, სულაც არა ხარ ვალდებული ეს დისერტაცია დაწერო. შეცვალე შენი ქვეყანა და ამას ახალი ქვეყნის შენება დაარქვი. ბევრად უფრო საინტერესო იქნება”.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:17

:arrow: :arrow: :arrow:

სააკაშვილი უკან დაბრუნდა და პარლამენტში სახელისუფლებო სიით შევიდა. 1999 წელს მან ვაკეში, თბილისის იმ უბანში იყარა კენჭი, რომელიც გასული საუკუნის ორმოცდაათიან, სამოციან წლებში აშენდა მაშინ, როდესაც საბჭოთა არქიტექტორები ჯერ კიდევ აგებდნენ მაღალჭერიან სახლებს ”აპარატჩიკების” კლასისთვის.

”მე კონკურენტად საგადასახადო ინსპექციის ძალიან კორუმპირებული ხელმძღვანელი მყავდა” - ყვება სააკაშვილი - ”მეგონა, რომ ადვილად გავიმარჯვებდი, რადგან ახალგაზრდა ვიყავი, თანამდროვე და ა.შ. და ა.შ. მაგრამ გამოკითხვებმა გვაჩვენა, რომ ძალიან დიდი მაჩვენებლით მისწრებდა. ეს იყო პირველი რეალური საარჩევნო კამპანია საქართველოში. პირველი ბილბორდი, პირველი ნეგატიური სარეკლამო რგოლი, საერთოდ პირველი პოლიტიკური რეკლამა ტელევიზიით. ეს იყო ნამდვილად კლასიკური დასავლური კამპანია” - ამბობს სააკაშვილი - ”და მე 50 ხმით გავიმარჯვე”.

2000 წელს შევარდნაძემ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად დანიშნა. სულ მალე ის კაბინეტის სხდომაზე გადამღებ ჯგუფებთან ერთად შეიჭრა, ხელში სხვადასხვა მინისტრების ახალი ”დაჩების” სურათებს აფრიალებდა. ეს საქციელი - სახიფათო, თვითდარწმუნებული, მედიის თანდასწრებით ჩადენილი, მისი მომავალი ქმედებების მოდელად იქცა. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნა და მალე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედაც აირჩიეს.

როგორც ახალგაზრდა პარლამენტარმა სააკაშვილმა რამდენჯერმე იმოგზაურა ვაშინგტონში ჟვანიასთან, იმ კაცთან ერთად, ვინც საქართველოში დაბრუნება ურჩია და კაპიტოლიუმის ბორცვზე ნებისმიერ კარზე დაკაკუნება შეეძლო. (სააკაშვილი მალე მიხვდა, რომ ვაშინგტონში კავშირების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და უკვე, როგორც პრეზიდენტი, რენდი შუნემანის, სენატორ მაკკეინის ახლობელისა და მრჩევლის, ორკაციან ლობისტურ ფირმას, ორიონ სტრატეჯის ასი ათასობით დოლარს უხდიდა). ის იხსენებს: ”ჩვენ დიდი რუკა უნდა გვქონოდა და უნდა გვეთქვა მათთვის, ”ეს ამერიკაა, ეს რუსეთი. ეს საქართველო. ეს კი მილსადენი. აი, რატომაა საქართველო მნიშვნელოვანი”.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:17

:arrow: :arrow: :arrow:

სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი თვეები თავბრუდამხვევი იყო. პოლიციის თანამშრომელთა უმეტესობა სამსახურიდან დაითხოვეს, შეცვალეს და კრიმინალურმა შემთხვევებმაც იკლო. გადასახადები შემცირდა, მაგრამ სახელმწიფო შემოსავლებმა იმატა. სახელმწიფო სამსახურები გააუქმეს და კორუფციაში დადანაშაულებული მინისტრების დაპატიმრებებს ნაციონალური ტელევიზიებით გადასცემდნენ.

თბილისში სააკაშვილს ძირითადად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მოუთმენლობით, მან ის ინსტიტუტები დაამხო, რომლებსაც დემოკრატიული რეფორმების საფუძვლები უნდა შეექმნა. ”ვუყურებდი და ვხედავდი მოქმედებდა ისე, თითქოს ჯულიანის სამოქმედო გეგმას მისდევდა და ისიც მინახავს, როგორ იმეორებდა პუტინის ნაბიჯებს” -ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი კოლუმბიიდან, რომელიც 2 წლის განმავლობაში თბილისში, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ნაციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობდა - ”ისეა თითქოს მხრებზე ორი ანგელოზი უზის, კეთილი და ბოროტი. კეთილი ანგელოზი კეთილი საქმეებისკენ უბიძგებს და ბოროტი კი იმას კარნახობს, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ მიიღოს ის, რაც სჭირდება”.

2007 წლისთვის საქართველოში მშპ 12%-ზე მეტით გაიზარდა, ხელახლა დაიგო გზები, განახლდა სკოლები და საავადმყოფოები, განვითარდა ბინათმშენებლობა, აშენდა შადრევნები, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ გასულ წელს 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ჩატარდა ათასობით ობიექტის პრივატიზაცია, უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც საქართვლოში უკვე ათ წელიწადზე დიდი ხანია ცხოვრობს, საქართველოს მთავრობას ლიბერტერიანულად მიიჩნევს.

”მილტონ ფრიდმანი იამაყებდა” - ამბობს ის. თუმცა მიღწევებისადმი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ”ბევრი პრივატიზაცია არაგამჭვირვალედ ჩატარდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროცესი გამჭვირვალედ მიდიოდა, მას წინ ძალიან ბევრი დაბრკოლება ეღობებოდა” - ამბობს ბიზნესმენი. (მაგალითად, რამდენიმე საწარმო უცხოეთში რეგისტრირებულ ისეთ ფირმებს მიყიდეს, რომელთა მფლობელთა ვინაობა ბუნდოვანი იყო).

ერთმა მრჩეველმა სააკაშვილის პროექტი ასე აღწერა: ”200 დასავლელი ბავშვი, რომელიც ოთხნახევარი მილიონი ქართველის ოცდამეერთე საუკუნეში გადმოთრევას ცდილობს”. აშშ-ს სახელმწიფო დპარტამენტისა და სოროსის ფინანსური დახმარების მეშვეობით, სააკაშვილი თავისუფლად იყვანს სამსახურში კუნინის მსგავს ევროპელ და ამერიკელ მრჩევლებს და თავის მთავრობაში მაღალ თანამდებობზე უცხოეთის მოქალაქეებსაც ნიშნავს (მისი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩი იყო, მისი ეკონომიკის მინისტრი საქართველოსა და ამერიკის მოქალაქეა, ხოლო ბოლო დრომდე თავდაცვის მინისტრად საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე ყავდა). ეს ყველაფერი კი რუსეთს ისეთ განცდას უჩენს, რომ საქართველო დასავლეთის (დასავლეთი კი რუსეთისთვის იგივეა, რაც ამერიკა) სატელიტია.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:18

:arrow: :arrow: :arrow:

სააკაშვილის მინისტრები ამტკიცებენ, რომ მათი პოსტმოდერნული ეკონომიკური ექსპერიმენტი, მოსკოვისთვის სახიფათოა, რადგან ქმნის პრეცედენტს იმისას, რომ რეგიონში რუსეთის დახმარების გარეშეც ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. მაგრამ ეკონომიკურმა რეფორმებმა ჩვეულებრივ, რიგით ქართველებს ბევრი ვერაფერი მოუტანა და ეიფორიაც, რომელიც ვარდების რევოლუციას მოყვა, გაიფანტა.

ლევან რამიშვილი, რომელიც თბილისში, თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობს, ამბობს, რომ უმუშევრობა საქართველოში 18%-ს აღწევს და თბილისში კიდევ უფრო მაღალიც კია. ბევრი რეფორმა, მაგალითად განათლებისა და ჯანდაცვის ცუდად სრულდება, ან არ ფინანსდება. ”ჩვენ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ყველაზე მცირე ნაწილს ვხარჯავთ განათლებაზე” - ამბობს რამიშვილი. მაშინ, როდესაც სამხედრო ბიუჯეტი მთელი სახელმწიფო ხარჯების მესამედამდე გაიზარდა - ”ყოველთვის ხდება რაღაც კრიზისი, რომლის გამოც პოლიტიკური აქცენტი და რესურსი ეკონომიკური კეთილდღეობიდან სხვა საკითხებზე გადადის”.

თბილისში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის მთავრობა სულ უფრო უპასუხისმგებლოდ იქცევა, არაფრად აგდებს რიგითი ადამიანების პრობლემებს და კანონის უზენაესობას. 2007 წლის 2 ნოემბერს 50 000 ადამიანი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა - მასა, რომელიც ვარდების რევოლუციის საპროტესტო ტალღასაც კი გაუწევდა კონკურენციას. ამ ხალხში ზოგიერთი ეკონომიკური სიტუაციის გამო იყო უკმაყოფილო, ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ მთავრობა კორუმპირებულია და ზოგი კი სააკაშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრის კორუფციაში ბრალდებით დაპატიმრებამ აღაშფოთა.

გამოძიება დაწყებული იყო, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ტელევიზიით განაცხდა, რომ ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, ხოლო სააკაშვილი პოლიტიკურ მკვლელობებსა და სხვა კრიმინალურ ქმედებებში დაადანაშაულა. (სააკაშვილმა ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და თავდაცვის მინისტრმაც ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ მათზე უარი თქვა). სატელევიზიო არხი იმედი, რომლის მფლობელი მილიარდერი ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი იყო, საპროტესტო დემონსტრაციებს პირდაპირ ეთრში გადასცემდა და პროტესტანტებს სააკაშვილის რეჟიმის დაგმობისკენ მოუწოდებდა.

როდესაც სააკაშვილმა, პარლამენტის კიბეებზე დაბანაკებული დაახლოებით 70 მომიტინგის დასაშლელად პოლიცია გააგზავნა, იმედმა ესეც გააშუქა, რაც ფაქტობრივად საპროტესტო ტალღის გაძლიერებისკენ მოწოდებას უტოლდებოდა. შეიკრიბა ასობით მომიტინგე, სპეცდანიშნულების შენაერთბმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით ქუჩა გაწმინდეს. მერე პოლიცია იმედში შევარდა, დალეწა სტუდიები, უცხოელი ჟურნალისტები და სტუდიის სტუმრები სახით იატაკზე დააწვინა და მაუწყებლობა ეთერიდან გამორთო. სააკაშვილმა ათი დღით საგანგებო მდგომარეობა დააწესა და გამოაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები მისი ხელისუფლების დასამხობად რუსეთის მიერ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილი იყო.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:19

:arrow: :arrow: :arrow:

სოზარ სუბარმა, საქართველოს სახალხო დამცველმა (მის მოვალეობებში სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა შედის) მითხრა, რომ დემონსტრანტთა და პოლიციას შორის ჩადგომას ცდილობდა და ამ დროს სცემეს. ჩემმა თანამშრომელმა წამოიძახა: ”რას აკეთებ, ის სახალხო დამცველია” და მასაც უთავაზეს. ზოგიერთი კანონი, რომელიც სააკაშვილმა მიიღო, პოზიტიურ მომენტებსაც შეიცავს, მაგრამ პრაქტიკულად, ამბობს სუბარი, პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოსა და მოსამართლეებზე გაძლიერდა”.

”საკმარისია პროკურორმა წარბი აწიოს და მოსამართლემ უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს. კანონი მმართველი პარტიის მოთხოვნებს მოარგეს ისე, თითქოს ახლა ლუდოვიკო მე-15-ის მეფობის პერიოდი იყოს”. მან პოლიციის ძალადობის რამდენიმე ფაქტი გაიხსენა, ქონების კონფისკაცია, საგადასახადო პოლიციის მიერ ბიზნესმენების დევნა. სუბარმა თანამდებობაზე კანონით გათვალსწინებული ხუთი წლიდან უკვე ოთხი წელი დაჰყო.

მას ვადის დასრულებამდე თანამდებობიდან ვერ მოხსნიან, მაგრამ მომიყვა (”და საქართველოში ეს ყოველთვის მუშაობდა”), რომ რამდენიმე თვის წინ ძველმა უნივერსიტეტელმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ თუ გადადგებოდა, დამოუკიდებელ სააგანტოში სამსახურს მისცემდნენ და მაღალ ხელფასს გადუხდიდნენ - ”მერე იტყოდნენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავდექი”.

სააკაშვილის ამერიკელი მხარდამჭერები დემოკრატიისადმი მის ერთგულებაზე კითხვებს გაურბიან. ერთმა დასავლელმა დიპლომატმა ისიც მითხრა, რომ ზომები, რომლებიც დემოსტრანტთა წინააღმდეგ გაატარეს, არაფრით განსხვავდება ევროპის დედაქალაქებში მიღებული პრაქტიკისგან. მაგრამ ქუჩაში გამოსულ პროტესტანტთა ტალღამ სააკაშვილი აიძულა გადამდგარიყო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. ეს არჩევნები, როგორც თვითონ მითხრა, მისი ცხოვრების ყველაზე სარისკო ნაბიჯი იყო, ”ჩვენ ვცხოვრობდით ქალაქში, რომელსაც უბრალოდ ვძულდით” - მიყვებოდა სააკაშვილი. 2008 წელს ხმების 53%-ით ის ხელახლა აირჩიეს, მაგრამ თბილისის უმეტეს უბნებში არჩევნები წააგო.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:20

:arrow: :arrow: :arrow:


შემოდგომის, ერთ ღამეს პარლამენტის წევრთან ერთად რესტორან ”კოპალას” ტერასაზე ვსადილობდი. ის მიყვებოდა, რომ ვარდების რევოლუციამდე ასეთ კარგ რესტორანში ვერ ისადილებდა. ეკონომიკური მიღწევების გამო, სააკაშვილს აქებდა, მაგრამ სანამ ვსადილობდით, ძირითადად სულ მის ქედმაღლობას, სხვისი აზრისადმი შეუვალობას და უპასუხისმგებლობას აკრიტიკებდა. მიყვებოდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ის და კიდევ ერთი მათი მეგობარი სააკაშვილს მოულოდნელად შეხვდნენ. მეგობარმა სააკაშვილს მიმართა: ”გესმის, რომ ახლა ამ დაწყევლილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდები და დაგვღუპავ იმიტომ, რომ გიჟი ხარ”. სააკაშვილმა გაიცინა: ”ყოველთვის შევძლებ რაღაცის მოფიქრებას” - თქვა მან და თითები დაატკაცუნა - ”და არეულობიდან თავის დაღწევას”.

სააკაშვილის ორივე საარჩევნო კამპანიის პლატფორმა ეკონომიკური კეთილდღეობა იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მისი მმართველობის პრიორიტეტი იქნებოდა. ქართველები ჩვეულებრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თავისი სამშობლოს შემადგენელ ნაწილად განიხილავენ. ამ რეგიონების ეთნიკური შემადგენლობა ყოველთვის შერეული იყო და მათი დაბრუნება ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

2004 წელს აჭარაზე, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ავტონომიურ რეგიონზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, სააკაშვილმა კონტროლის აღდგენა შეძლო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან აჭარას ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი, ასლან აბაშიძე თავისი პირადი ფეოდალური სამფლობელოსათვის მართავდა.

მაგალითად, ბრძანა, რომ ყველა შენობა ბათუმში, აჭარის დედაქალაქში თეთრად უნდა შეღებონ; ვაშინგტონთან დაახლოებაც სცადა და ჰილარი კლინტონის ძმას თხილის ბიზნესზე ექსკლუზიური უფლებები შესთავაზა, ხოლო პორტისა და საბაჟოს შემოსავლებს უბრალოდ იჯიბავდა. აბაშიძე არაპოპულარული იყო, მაგრამ მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობდა. სააკაშვილმა აჭარაში საპროტესტო მოძრაობა შეაგულიანა და აბაშიძეს სანქციებიც დაუწესა - იმედოვნებდა, რომ აქ ვარდების რევოლუციას გაიმეორებდა.

ბოლოს აბაშიძემ თავშესაფარი რუსეთს სთხოვა, სააკაშვილი კი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა: ”ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია!” სულ მალე ამ თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ მან ყურადღება სამხრეთ ოსეთისკენ მიმართა.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:20

:arrow: :arrow: :arrow:

2004 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ქართული პოლიცია სამხრეთ ოსეთში, საზღვართან მოქმედი ბაზრობის დასახურად გააგზავნა - აქ, ამ ბაზრობაზე კონტრბანდული სიგარეტითა და საწვავით ვაჭრობდნენ. აქციას ქართველ მშვიდობისმყოფელთა და ოსური შეიარაღბული ბანდების შეტაკება მოყვა. ამერიკელებმა განგაშის ზარი შემოკრეს. ერთი დასავლელი დიპლომატი მიყვებოდა: ”ცუდ ამბავში გაეხვივნენ, ვფიქრობ, ორივე მხარე იყო დამნაშავე ”. დიპლომატმა სააკაშვილს დაპირისპირების შეწყვეტა მოსთხოვა. ”ის გაცეცხლდა, ჯანდაბას, ამბობდა, ასეთ ვითარებაში ცხოვრება შეუძლებელია” მაგრამ უკან დაიხია.

როცა ამ ამბავს იხსნებდა, სააკაშვილი გამომიტყდა, რომ იმედს მაინც არ კარგავს. ჰგონია, რომ ერთ რამეში სამხრეთ ოსეთის ლიდერების დაარწმუნებას მოახერხებს - დემოკრატიული, ეკონომიკურად აღორძინებული საქართველო რუსეთზე უკეთესი პარტნიორი იქნება. ”მოთმინება გვჭირდება” - ამბობს სააკაშვილი.

ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომლის, ოქსანა ანტონენკოს აზრით, პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილი ძირეულად არასწორად აფასებს ოსების გრძნობებსა და მტრული განწყობების ინტენსივობას. ”როდესაც გააცნობიერა, რომ მხოლოდ ქარიზმითა და დასავლეთში ინტეგრაციის სწრაფვით მიზანს ვერ მიაღწვევს, მან იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ უყვართ, აფხაზებთან და ოსებთან, გადაწყვიტა სამშვიდობო პროცესის მოჩვენებითობა შეექმნა, სამშვიდობო პროცესის ”პოტიომკინის სოფლები”.

მან ისიც ვერ გათვალა, თუ რამდენად მტკიცედ უნდა რუსეთს რეგიონში თავისი ჰეგემონიის შენარჩუნება. ”შეუძლებელია კავკასიაში სუსტი რუსეთის წარმოდგენა” - გვითხრა მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტის თანამშრომელმა, სერგეი მარკედონოვმა - ”ეს ჩვენი ტრადიციაა, გასაგებია, რომ ევროპოლებესთვის ამის გაგება რთულია, მაგრამ, ამ ფაქტორის იგნორირება უბრალოდ შეუძლებელია”.

სააკაშვილი კი სამხედრო საკითხებში დასავლეთთან სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდა. მაგალითად, 2000 მეომარი ერაყში გაუშვა (ქართული კონტინგენტი, ამერიკული და ბრიტანულის შემდეგ, რაოდენობრივად მესამე იყო მანამდე, სანამ აგვისტოს ომის დროს ქართული შენაერთები საქართველოში არ დააბრუნეს) და ბუშის ადმინისტრაციის დახმარებით ნატოში გაწევრიანებასაც ლობირებდა. სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი უკვე გაწევრიანდნენ ნატოში და ის, რომ თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, საქართველო მათ გზას დაადგებოდა, რუსეთის მთავრობას საშინლად აავებდა. მიშა ლიპმანმა მითხრა, რომ მოსკოვში ნატოს ექსპანსიას ისე განიხილავენ, როგორც ”შემოჭრას სივრცეში, რომელსაც რუსეთში საკუთარი გავლენის ლეგიტიმურ სფეროდ განიხილავენ”.

:arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 03 იან 2009, 03:21

:arrow: :arrow: :arrow:

2006 წელს საქართველომ შპიონაჟის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააპატიმრა. საპასუხოდ რუსეთიდან იქ მცხოვრები რამდენიმე ათასი ქართველი გამოაძევეს, ქართულ ექსპორტს რუსეთში ემბარგო დაუწესეს, საჰაერო მიმოსვლა და პოლიტიკური კავშირები შეზღუდეს.

რამდენიმე კვირის შემდეგ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში არჩევნები ჩაატარა. სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და სამხედრო ლიდერს, დიმიტრი სანაკოევს, რომელიც ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, რეგიონის პრორუსული მთავრობისთვის კონკურენცია უნდა გაეწია. სანაკოევმა თბილისის ფულით ბინები, საავადმყოფოები, სპორტული ობიექტები ააშენა, მაგრამ ოსების უმეტესობისთვის ის მოღალატედ და მარიონეტად იქცა.

რუსეთმა კი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პენსიები გაუზარდა და უფრო ინტენსიურად დაიწყო რუსული პასპორტების გაცმა. სამხრეთ ოსეთთან და ქართულ პოსტებთან ორმხრივი ცეცხლი ჩვეულ მოვლენად იქცა და გასულ ივლისს სანაკოევი ძლივს გადაურჩა მისი მკვლელობის მცდელობას.

მოვლენები, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა, დღემდე კამათის საგანია. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ოსურ სამხედრო შენაერთებსა და ქართულ პოლიციას შორის მიმდინარე სროლები სიტუაციის ჩვეულ გამწვავებად აღიქმებოდა. მერე, ქართული მხარის ვერსიით, თავდასხმა მათ პოზიციებზე უფრო ინტენსიური გახდა და სროლა უკვე ზოგიერთი ქართული სოფლის მახლობლად მიმდინარეობდა. ოსებთან მოლაპარაკებების მცდელობა ჩაიშალა.

”რუსებმა სრულიად ღიად განაცხადეს უარი ჩვენთან კონტაქტზე, ხოლო სეპარატისტებმა - უკან დახევაზე, რაც ძალიან უჩვეულო იყო” - ამბობს სააკაშვილი. მისი აზრით, ეს ყველაფერი ქართველთა პროვოცირებისთვის წინასწარ დაიგეგმა (რუსების მტკიცებით, მოლაპარაკებებზე უარი საქართვლომ განაცხადა). თემურ იაკობაშვილი, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი ამ მოვლენებს შეშფოთებითა და შეცბუნებით ადევნებდა თვალს. 7 აგვისტოს, შუადღეს ის ცხინვალში კვირის განმავლობაში მეორედ ჩავიდა. ქუჩები თითქმის დაცარიელებული დახვდა ”უცნაური იყო”- მითხრა იაკობაშვილმა - ”ცხინვალში აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქი მთლიანად იყო დაცარიელბული. ცუდი განცდა გიჩნდებოდა - ქუჩაში არც მანქანა ჩანდა და არც გამვლელები. ისეთი შთბეჭდილება გრჩებოდა, რომ ქალაქი ომისთვისაა მზად”.

იაკობაშვილმა მითხრა, რომ რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს, მარატ კულახმეტოვს შეხვდა. კულახმეტოვმა უთხრა, რომ ოსებს ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ ივარაუდა, რომ ქართველების მიერ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა, სიტუაციას განმუხტავდა. იმ დღეს 7 საათზე სააკაშვილმა ტელევიზიით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა, ოს მებრძოლებს ამნისტიას, ხოლო რეგიონს ფართო ავტონომიას დაპირდა. მაგრამ ქართველების მტკიცებით, ოსები დაბომბვებს მაინც აგრძელებდნენ. (თაიმსის ცნობით, ევროპელ სამხედრო დამკვირვებლებს დაბომბვა იმ მომენტამდე არ შეუნიშნავთ, სანამ ქართულმა არტილერიამ ცეცხლი არ გახსნა).

:arrow: :arrow: :arrow:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]