VII კარავში თვითდამკვიდრება(ციკლიდან ,,უნამუსო მოგონებანი")
დიდი ხნის წინ, როდესაც კარავზე გავწევრდი, არავის ვიცნობდი. შემოვარდნენ welcome მითხრეს და ისევ თავისთვის გაგრძელეს საუბარი...
ვერცერთ თემაში სიტყვა ვერ ჩავაგდე... სიტყვები ხო იცით როგორაა წიინადადებაში? აი, ,,ტეტრისი" ხომ გითამაშიათ, ერთი კონკრეტული ფორმის კუბიკი რომ აკლია და რომ შეივსება, მასეა წინადადებაში სიტყვაც... ხოდა ეგეთ სიტყვას ვერ ვნახულობდი ხოლმე, არადა პოსტებს შორის ის ცარიელი ადგილი ისე მიმზიდველად იყურებოდა (სხვები რატომღაც ვერ ამჩნევდნენ), მარტო მე მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა- მიდი კაცო, ჩასვი რამე, თუ შიგნით ბუნებრივად არ ჩაჯდა და არ მოერგო, მაშინ- გაჭედეო!
- ახალი ამბავი არ იცით?!!! - ვიკითხე თემაში ,,უკვე შემდგარი ლაშქრობები"
- არა, თქვი აბა! -მიპასუხეს მაშინვე.
- არც მე ვიცი-ვუთხარი მზაკვრულად კმაყოფილმა და ასე გაჩნდა პირველი ოფტოპიკი...
როდესაც დავპოსტე და მთავარ გვერდზე განყოფილების გასწვრივ ჩემი ნიკი დავინახე, სიხარულის და სიამაყის ცრემლი მომადგა თვალებზე. მერე ვიღაც უნდილმა სულ სხვა თემაში დაპოსტა... შევხედე, აღარც ჩემი თემა აღარც ჩემი ნიკი... ქვედა პოზიციაზე ჩამოიწია. 2 დღე საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, აღარც ვჭამდი, აღარც ვსვამდი... წავედი ბიბლიოთეკაში და გადავიკითხე წიგნი ,,ფარული ტაქტიკა და უჩინარი კონკურენცია". წიგნის კითხვისას სამკითხველო დარბაზში ვიღაცამ მკითხა:
-რას კითხულობთ?
-ფარული ტაქტიკა და...
-მე ვკითხულობ მაკულატურის ფილოსოფიას-დამასწრო უცბათ.
,,ჰეჰ, ესა ნახე რა!"-გავიფიქრე და გავაგრძელე:
- და უჩინარი კონკურენცია.
-მაკულატურის ფილოსოფია!
-უჩინარი კონკურენცია-მეთქი ბიჭო, რატო არ მაცდი?!
უცბათ იმ ტიპმა ნიშნისმოგებით გაიღიმა.
გავიღიმე მეც-დიალოგის მოგებით... და უცბათ იდეალურმა აზრმა გამიელვა: რა საჭიროა წინადადებები, ფრაზები, სიტყვები, მარცვლები, როცა არსებობს სმაილიკი! მვვარდი კომპთან, შევედი და ჩემ თემაში სმაილიკი დავპოსტე და ჰუუუუუჰ, ისევ პირველ ადგილას ამოიწია... მივლულე თვალები, თან დროდარდო მთავარ გვერდს ვუყურებდი... აი, ახლა კი ნამდვილად ჩავწვდი თუშური სიმღერის ერთ ფრაზას: ,,მზეს ამაჰლალებდ უმტეროს თავზეეეე...", მართლაც, როგორ ამოჰლალდა ჩემი დაპოსტილი მაღლა და როგორ მიმოვფანტე სხვები!
მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ იყო...
კარველების რომელიღაც შეკრება იყო, თუმცა, ჩემთვის პირველი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირველ ეფექტს და ისევ ძალიან ბევრი ვიფიქრე...
დათქმულ დღეს კარველები შეიკრიბნენ. მე შორიახლოს ვიდექი და ვიცდიდი.
უცბათ შეგროვილ კარველებთან მიირბინა ჩემმა ერთმა მეგობარმა და აქოშინებულმა იკითხა:
- მოგესალმებით! კოტეტბელი ხომ არ მოსულა უკვე?
- ჰა? ეგ ვინაა?
(ამის გაგონებაზე, სიბრაზისგან ფეხის თითები ისე მოვკუმე, სანდლები 2 ზომით დამიპატარავდა)
-მე კარავზე დარეგისტრირებული არ ვარ, მაგრამ შორიდან გიცნობთ ყველას- არ დაიბნა ჩამი მეგობარი- მისი ნახვა მინდა, მინდა პირადად ვიცნობდე!
ამ დროს მიირბინა ჩემმა მეორე მეგობარმა (ასაკით ცოტა განსხვავებულმა)...
- სალამი! კარველების შეკრებაა? კოტეტბელი მინდა რა!
ხალხი დაიბნა და შეიშმუშნა ინტერესით.
(ისევ გავშალე ფეხის თითები)
- კაცო, რა ყველა კოტეტბელს კითხულობთ?-იკითხა მეორემ.
არც მეორე მეგობარი დაიბნა:
- იქით კიდე ხალხი იცდის, ძალიან ბევრნი ვართ და მე გამომაგზავნეს-გაიგე კოტეტბელი ხომ არ მოსულაო...
- უკაცრავად და თქვენ მისი მეგობრები ხართ? - იკითხა ვიღაც მაღალმა სათვალიანმა გოგომ სანდომიანი სახით(დღემდე არ მევასება ეგ ტიპი).
ზუსტად ამ დროს მივუახლოვდი მათ და თითქოს გულგრილად მივუგე:
- არა, რა მეგობრები... გამარჯობა, მე კოტეტბელი ვარ!..
- აა, გამარჯობა!-თქვა მაღალმა სათვალიანმა სანდომიანმა და ისევ სხვებს მიუტრიალდა- აბა, რას ვშვრებით, მივდივართ ხვალ?..
ძნელია, ძლიან ძნელია თვითდამკვიდრება...
ვისაც ყველაზე მეტი პოსტი და გამოხმაურება ჰქონდა, შევეცადე იმის სტილი გადამეღო. მისნაირად ვხუმრობდი, მისნაირად ვწერდი, მისნაირად ვმღეროდი... + სმაილიკების ტაქტიკა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, თუმცა, ამას შთამომავლობა იტყვის რა გამომივიდა და რა-არა! (ცრემლებს ვერ ვიკავებ). შევქმენი ცალკე საიტი-
www.mevardachemikaravi.ge, ვპოსტე, ვპოსტე, ყველგან მე ვიყავი. მერე მთავარ გვერდს ფოტო გადავუღე და ახლაც საძინებელში მიკიდია ზოგჯერ მეტი მხნეობის და გამძლეობის მოსანიჭებლად!.. მერე ესეც მომბეზრდა.
ეს თემის მიპინვა რაღა ყოფილა, თურმე სულ ზემოთა პოზიციაზეა შენი თემა... ეს რომ გავიგე, მერე მიპინულ თემებში დავიწყე პოსტვა სიტყვების, სმაილიკების და როცა ძალიან გამიჭირდებოდა-ტირეების, წერტილებისა და მძიმეების პოსტვა...
ბანი დამადეს. უმოწყალოა ეს წუთისოფელი. ცდილობ ადამიანი რაღაცას, იდეალებს იქმნი, ფასეულობების ,,რაზვალს" ასწორებ, ღირებულებებს ,,შტატივზე" დადგამ მყარად და ამ დროს აღმოჩნება, რომ ყველაფერი ნაცარია და მტვერი, ილუზიაა და 3D!
არა, აშკარად გამომელია www.karavi.ge-ს სპეციფიური ლექსიკა... ძველებურად ისევ უნდა მოვუხშირო ლაშქრობებს!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...