ან წარმოიდგინეთ რომ საქართველოში იყოს რამდენიმე მოქმედი ვულკანი, მაგალითად სადმე ჯავახეთში (ანუ იქ სადაც მართლა იყო კაი ხნის წინ) და ჩვენ მას ვსტუმრობთ
უკვე შორიდან ჩანს მაღალი მთა რომელიც სულაც არ არის დაფარული თოვლით და ყინულით არამედ მუქი ფერისაა რასაც ალაგ-ალაგ წითელი დაღარული ზოლები ჩამოჰყვება ძირს-ეს ცომივით სქელი ლავაა რომელიც დაბლა ჩამოედინება და გზად ყველაფერს წვავს. იგი გვეუბნება: ფრთხილად მოდით ჩემთან თორემ მე დაუდევარი ხალხი დანდობა როდი მჩვევიაო!
კარავს ვშლით ვულკანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ეს უსაფრთხო მანძილია ჩვენთვის მაგრამ ვულკანის გუგუნი ძილის საშუალებას როდი გვაძლევს, თუმცა სხვისი არ ვიცი და მე ეს ხმა ძალიან ტკბილად ჩამესმის ღამით რამეთუ ეს ჩვენი მშობლიური პლანეტის ხმაა რომელიც თავის ძალას გვაგრძნობინებს............
ღამით როცა გამოვდივარ კარვიდან ჩუმად ვუყურებ ვულკანს და მის მრისხანე ძალას:

ჰა, როგორია? იგრძენით რამე?

ცეცხლის მფრქვეველი ვულკანი ლავას ისვრის მაღლა და მისი ენები წითლად ლოკავენ ცის კაბადონს. ცოტა ხნით ყველაფერი გაყუჩდება და მერე ისევ თავიდან იწყება........გსურთ უფრო ახლოს გავეცნოთ ამ სტიქიას?
მეორე დღეს ჩვენ ვულკანისკენ მივდივართ, გზადაგზა ნიადაგი სულ უფრო და უფრო უდაბური ხდება, მცენარეები კლებულობს, მიწა ხურდება და ჩექმების ტარების მიუხედავად ფეხისგულებს გვიწვავს, ალაგ-ალაგ გეიზერებიც გვხვდება და მათგან მომდინარე ცხელი ოხშივარი სახეს გვიწვავს მაგრამ რაკი ამტკიცებენ რომ ორთქლის აბაზანები სასარგებლოაო ჩვენ მაინც წარბშეუხრელად მივიწევთ წინ.
ესეც ვულკანის კრატერი, ესეც მისი კიდე. აქ ცეცხლის სამფლობელოს შესასვლელია და ჯოჯოხეთის სცენები თამაშდება, მაგრამ თურმე აწი რამდენიმე დღის განმავლობაში ამოფრქვევა აღარ იქნებაო და აბა რომელი თქვენგანი გაბედავს კრატერის კიდეზე ღამის გათევას? მე ვბედავ, თქვენ გამომყვებით?
დილით რამდენიმე ძლიერი გულის და გრილი თვალის მქონე კარაველი ვიღვიძებთ კრატერის პირზე გაშლილ კარავში, მაგრამ გამოტყდით ახლა-ვის გეძინათ მშვიდად? ვინც ასეთები იყავით მაშ გამომყევით კრატერის საფუძვლიანად დასათვალიერებლად.
და აი, ჩვენ უკვე კრატერს ვუვლით გარს რომლის გარშემოწერილობა ერთ კილომეტრს უდრის და მისი დალაშქვრა იოლი საქმე როდია თუ გავითვალისწინებთ უთვალავ გეიზერებს, ორთქლის შადრევნებს და კრატერის სიღრმეში ავად მობუყუბუყე ლავას წითელი თვალებით რომ შემოგყურებთ.........მუხლები მაინც არ გიკანკალებთ?
ჰოდა, როცა ჯერ მზის სხივები არ მისდგომია კრატერს თქვენ უეცრად თვალს მოჰკრავთ კრატერის საწინააღმდეგო მხარეს ორთქლის პერანგში გამოსახულ ჩვენს გადიდებულ გამოსახულებებს ორთქლის მოძრაობის გამო ერთიანად რომ თრთიან, ესაა მთაში გავრცელებული მირაჟი-
ბროკენის მოჩვენება, მაგრამ იგი აქამდე არასოდეს არ გვინახავს ვულკანთან, ამ მოვლენის გამო ერთიანად ვმუნჯდებით და ბუნების დიად მოვლენას ჩუმად შევყურებთ, ასე გვგონია რომ ვულკანის კრატერიდან ამოსულ ორთქლის ენებს ჩვენც მაღლა მივყავართ და ნელ-ნელა ფრენას ვიწყებთ, თითქოს სიცხიდან მაღლა სიგრილეში ავდივართ, თითქოს ღრუბლებზე სიარული შეგვიძლია და ნეტარების ბურუსში ვეხვევით (ორთქლის ბურუსში ისედაც გახვეულები ვართ)........
საღამოს კი მე თქვენ გიყვებით კრიოვულკანიზმის შესახებ, იცით ეს რას ნიშნავს? გაგიგიათ რო ოდესმე ვულკანს ცხელი და გავარვარებული ლავის მაგივრად ყინული ამოეფრქვიოს? თუ არა-მე მომისმინეთ
