Post
by ARCHILI » 02 თებ 2010, 16:02
ლიმბო სამყარო
გრიმ ვუდი
ისინი რეალური ქვეყნებივით იწყებენ მოქმედებას და შემდეგ ამ ქვეყნებად გადაქცევაზე ოცნებობენ
ჩემი ბოლო ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელიც არ არსებობს, ინეტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაქსიმ ღვინჯიასთან ჩავწერე. საუბრის თემა – საგარეო ვაჭრობა იყო, რომელიც აფხაზეთს არ აქვს იმ აღიარებულ, რეალურ ქვეყნებთან, რომლებიც მას შავი ზღვით ესაზღვრებიან. საუბრის ბოლოს, ის გაჩუმდა, ჩემს ფეხს დახედა და მკითხა, რატომ მომდიოდა სისხლი ფეხიდან, რის გამოც იატაკი დასვრილი იყო. ვუთხარი, რომ რამდენიმე საათით ადრე ფეხი დამიცურდა, ძვალი დავიზიანე და მონეტის ხელა ჭრილობა გამიჩნდა. დოლბანდიდან სისხლი ჟონავდა და გადახვევა მჭირდებოდა. „თქვენ შეგიძლიათ ჩვენს საავადმყოფოში მიხვიდეთ, მაგრამ იქ ისეთი პირობებია შოკში ჩავარდებით“, მითხრა ღვინჯიამ. მან მეზობელი შენობისკენ მიმითითა, სადაც დაახლოებით 20 წუთში, ჩემი ფეხი მუქი ფერის ხის მაგიდაზე ეჭირათ და სიმწრისგან ვხტოდი, როდესაც ჩემს ჭრილობას დიდი სპირტიანი ნაჭრით უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრი ამუშავებდა. ასეთ პერსონიფიცირებულ სამთავრობო მომსახურებს მიჩვეული არ ვიყავი. ყალბი ქვეყნები როგორც ჩანს უფრო მეტად მონდომებულები არიან, ვიფიქრე მე, და საკუთარ თავს ვკითხე, ბედი ხომ არ მეცადა და ხომ არ მეთხოვა ფინანსთა მინისტრისთვის პერსონალურად დაეფინანსებინა ჩემი დამატებითი გადასახადი, ტრანსპორტის მინისტრს კი ჩემი საქართველოში, ანუ რეალობაში დასაბრუნებელი ბილეთი დაედასტურებინა.
აფხაზეთი, ისევე როგორც ათამდე სხვა კვაზი–ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოებრიობის ზღვარზე მერყეობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაბადებამდელი მფარველობის ქვეშ იმყოფება. თუკი აწყმო და წარსული მომავალზე მიუთითებს, მაშინ ასეთი ემბრიონული ქვეყნების უმრავლესობა მკვდრადშობილია, მაგრამ იმის გამო არა, რომ ისინი ძალისხმევას იშურებენ. სახელმწიფოებრიობის კულტი ასეთ ფანატიკურ ქვეყნებში ყველგან იგრძნობა: ოფისები სავსეა ჰალსტუხებში გამოწყობილი ჩინოვნიკებით, სამაგიდო მინიატურული, ემბლემიანი საქაღალდეებით, და რა თქმა უნდა, უამრავი რეალური დოკუმენტით, რომელთაგან ყველა დამუშავებულია, რათა ჩემისთანა უცხოელი სტუმრები იმაში დაარწმუნონ, რომ მათი საერთაშორისო აღიარება დამსახურებული და გარდაუვალია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სომხური სეპარატისტული ანკლავი მთიანი ყარაბახი, უცნაურ ჰოლოგრამებიან ვიზებს გამოსცემს. სომალილენდი, (რომელიც სომალის გამოეყო), საკუთარ ვალუტას ბეჭდავს, რომელიც რეალურს გავს, მას სომალილენდის შილინგი ჰქვია, თუმცა მისი ღირებულება იმდენად დაბალია, რომ ცოცხალი ფულის რეზერვების შესავსებად მსხვილფეხა საქონელს იყენებენ.
ეს კვაზი სახელმწიფოები (დაწყებული ძველი საერთაშორისო ცხელი წერტილებიდან, როგორებიცაა პალესტინა, ჩრდილოეთ კვიპროსი, ტაივანი – დასრულებული კიდევ უფრო გაურკვეველი ანკლავებით, როგორებიცაა დნესტრისპირეთი, დასავლეთ საჰარა, პუნტლანდი, ერაყის ქურთისტანი და სამხრეთ ოსეთი), რომლებიც საკუთარ ტერიტორიებს აკონტროლებენ და მათ ნახევრად ფუნქციური მთავრობებით მართავენ, საერთაშორისო აღიარების დეფიციტს განიცდიან. დავარქვათ მათ ჩაკეტილი – ლიმბო სამყარო. ისინი რეალური ქვეყნებივით იწყებენ მოქმედებას და შემდეგ ამ ქვეყნებად გადაქცევაზე ოცნებობენ.
წარსულში, ასეთ კვაზი–სახელმწიფოებთან დაკავშირებით შემდეგი ტენდენცია არსებობდა: ისინი დამოუკიდებლობას ან მალევე მოიპოვებდნენ ხოლმე ან რამდენიმე წელიწადში ასიმილაციას განიცდიდნენ (ჩვეულებრივ სისხლიანი სამოქალაქო ომების შემდეგ, როგორც ეს ბიაფრასთან დაკავშირებით ნიგერიაში მოხდა). მაგრამ დღეს ჩაკეტილი სამყაროს ქვეყნების პოლიტიკურ განსაწმენდელში უფრო დიდი ხნით დარჩენა (ამ სტატიის ზოგიერთმა გმირმა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ გაურკვევლობაში საშუალოდ 15 წელი დაჰყო), ძალიან სახიფათო, ახალ საერთაშორისო ფენომენს წარმოადგენს: ეს მუდმივად მეორეხარისხოვანი სახელმწიფოებია.
ეს არის ტენდენცია, როდესაც არეულობა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. პირველი საფრთხე: თუკი ამ კვაზი–სახელმწიფოებიდან, რომელიმეს შემთხვევით გაუმართლა, ეს დანარჩენებს გაამხნევებს. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა მოძრაობა, რომელსაც ერთი ყუთი კალაშნიკოვი აქვს, ჩათვლის, რომ, თუკი ვაშინგტონში კარგ ლობისტებს დაიქირავებს და თავის კუსტარულ დედაქალაქში რეალისტურ საგარეო საქმეთა სამინისტროს გახსნის, შეიძლება ახალ ქურთისტანად გადაიქცეს. მეორე საფრთხე: ამ პრეტენდენტ ერებს სრულფასოვანი ქვეყნების მსგავსი არც უფლებები და არც ვალდებულებები არ აქვთ, არამედ აქვთ მხოლოდ საეჭვო სტატუსი და უკანონო იარაღი. საბოლოო ჯამში კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაორებულია: თქვენ ან ხართ ამ ორგანიზაციაში ან არ ხართ, და თუ არ ხართ, მაშინ თქვენი მინიატურული სამაგიდო დროშების ადგილი Turtle Bay –ში არ არის.
ბოლო წლებში ჩაკეტილ სამყაროში მოგზაურობისას, მე ამ ანკლავების სრულ სპექტრს გავეცანი – დაწყებულს უიმედოდ მოლაყბე ვირტუალური ხალისტანიდან (სიკხის სეპარატისტული სახელმწიფო) რომელსაც დევნილი პრეზიდენტიც ჰყავს, მაგრამ არ აქვს რეალური ტერიტორიის აღმნიშვნელი საფოსტო მარკა – დისფუნქციურ სომალილენდამდე და საკმაოდ ოპტიმისტურ ნავთობის სახელმწიფო ქურთისტანამდე. თითოეული ეს არშემდგარი სახელმწიფო, თავისებურად, შეზღუდული სახელმწიფოებრიობის თვალსაჩინო მაგალითია.
ისინი მომავალი და წარსული ომების ლანდებს გვანან – მათ უმრავლესობას მტერი ჰყავს, რომელსაც ერთი სული აქვს ეს გამოყოფილი ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. ისინი იმ ომებს წარმოადგენენ, რომლებიც დრომ დაივიწყა და გაყინულ კრიზისებში ჩარჩნენ, რადგან მათი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება ან ძალიან კომფორტულია, ან გადასაწყვეტად ძალიან რთული. გაურკვევლობა, როგორც ჩანს, სასარგებლოა, რადგან ეს ფაქტობრივ ქვეყნებს ერთმანეთზე ზეწოლის საშუალებას აძლევს, კვაზი სახელმწიფოები მათი „პატრონების“ მიმართ ლოიალურები არიან. ლიმბო სტატუსს რომ არ ეარსება, მას ალბათ გამოიგონებდნენ.
გენერალური ასამბლეის დამოკიდებულება ლიმბო გაერთიანების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. ქვეყნებისათვის ტერიტორიების წართმევა თითქმის ყოველთვის სისხლისღვრით მთავრდება და ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. სომალისა და აფხაზეთის ტერიტორია თითქმის 20 წლის განმავლობაში სულდგმულობს იმით, რომ მათი ფართო აღიარება გარდაუვალია. ქვეყნებს მართლაც რომ დიდი წარმატება ხვდათ წილად, მათ დიდი ნახტომი გააკეთეს მშფოთვარე ანკლავებიდან დამოუკიდებელ ქვეყნებამდე. აღმოსავლეთ-თიმორმა და კოსოვომ ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნები გამხდარიყვნენ. ლიმბო ქვეყნების ტენდენცია ძალისმიერი ქმედებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, თვალნათლივ ჩანს, რომ მათ მიერ არჩეული გზა არასწორი და აბსურდულია.
აფხაზეთის შემთხვევაც ტიპურია. (მოსახლეობა 190.000) აფხაზეთი გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. მისმა ნაპირებმა, ფიჭვის ტყეებმა, მთებმა და ტბებმა საბჭოთა ლიდერებიც – სტალინი, ხრუშჩოვი და ბრეჟნევი – მოაჯადოვეს.
90-იანი წლების ომის შედეგად აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას გამოეყო. ორივე მხარემ პირველი ცამეტი თვის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაკარგა, ხოლო 100 000 ეთნიკური ქართველი და მეგრელი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთის აჯანყების ინიციატორი, მათი მოკავშირე და გარანტი რუსეთი იყო.
საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც დასავლეთთან ალიანსი სურდა. აფხაზეთი კი რუსეთისთვის იყო მიზეზი, რათა საქართველოსთვის მისი დასავლეთისკენ სწრაფვის გამო უდიდესი დარტყმა მიეყენებინა. რუსეთმა აფხაზეთს თანადგომა გამოუცხადა; ვაჭრობისათვის საზღვრები გაუხსნა და ნელ-ნელა აფხაზეთის ანექსიის გზას დაადგა. 2006 წელს, აფხაზურმა მოსახლეობამ რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისად რუსული პასპორტები მიიღო. საბოლოოდ კი აფხაზეთი სრულად დაექვემდებარა რუსეთს, რომელმაც პირველმა სცნო მისი დამოუკიდებლობა. აფხაზების ინფორმაციით, 2008 წლის ზაფხულში საქართველო მათ ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდა, ხოლო რუსული ჯარის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანამ ბოლო მომენტში საქართველოს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგა და მან სამხრეთ ოსეთისკენ გადაინაცვლა. საქართველო განწირული იყო დამარცხებისთვის, რუსეთის ძლიერი და მოულოდნელი საპასუხო შეტევის გამო. სამხრეთ-ოსეთი რუსეთის მიერ საქართველოსთვის წართმეული მეორე მიწაა. რუსეთს ფორმალურად არ მიუტაცებია აფხაზეთი საქართველოსგან და თავის მხრივ აფხაზებიც ადასტურებენ, რომ რუსეთს მათი ანექსია არ მოუხდენია.
“პირველივე ქართველ ჯარისკაცს, რომელიც მდინარე ენგურს გადმოკვეთს, ვესვრით” – მითხრა ღვინჯიამ მასთან სტუმრობის დროს.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანიამ, ჩემი ფეხის დამუშავების დროს, იმედგაცრუებულმა ამოიოხრა იმ მძიმე მდგომარეობის გამო, რომელშიც მისი მთავრობაა. მე ვუთხარი, თუ როგორ აღმაფრთოვანა იმ ამბავმა, რომ აფხაზეთს თავისი ძველი საბჭოთა (ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის) სტატუსი დაუბრუნდა. როდესაც უკანასკნელად 2006 წელს, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს ვესტუმრე სასტუმრო “აფხაზეთი” დაბომბილი და მიტოვებული იყო. ახლა ის ნახევრად აღდგენილია. სასტუმრო “რიწა” კი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ სტუმარს მასპინძლობს. ტურისტების უმრავლესობა რუსები არიან. (“რიწა”-ში 208 ოთახია. მისი ერთ-ერთი აივნიდან, ერთ დროს ამავე სასტუმროში დამსვენებელმა ლევ ტროცკიმ, ლენინის სიკვდილის დღეს ხალხს მიმართა. სასტუმროს ნომერი 150 ამერიკული დოლარი ღირს). ქალაქი სოხუმი ცუდად სულაც არ გამოიყურება, თუმცა მისი ჰოსპიტალები “შოკისმომგვრელია”.
აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ისინი ახდენენ, ვინც მათი დამოუკიდებლობა სცნო. ნიკარაგუაში დანიელ ორტეგას მთავრობამ 2008 წელს, რომელიც როგორც ჩანს ძველი საბჭოთა გავლენის ქვეშ იყო და ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა 2009 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნეს. სინამდვილეში, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, აფხაზეთს რეალური ოფიციალური კავშირები არავისთან არ აქვს. მათ დიპლომატებს მკაცრად აქვთ განსაზღვრული, სად შეუძლიათ წასვლა და სად არა. მიხეილ სააკაშვილის უახლოესმა მოკავშირემ შეერთებულმა შტატებმა, აფხაზეთის მაღალჩინოსნებს ვიზებზე უარი უთხრა და სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად ინდოეთი, იზიარებენ ვაშინგტონის პოლიტიკას.
ამან აფხაზეთი ისეთი ვოლონტიორების ამარა დატოვა, როგორიცაა ჯორჯ ჰიუტი, ლონდონის აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევების სკოლის პროფესორი, რომელმაც სპეციალობად აირჩია აფხაზური კულტურისა და ენის შესწავლა (აფხაზური ენა 67 თანხმოვანს და მხოლოდ ერთ ხმოვანს შეიცავს). ჰიუტმა აფხაზური ისევე იცის, როგორც ნებისმიერმა არააფხაზმა და აფხაზურ საკითხზე შთამბეჭდავ და ინფორმაციულ ესეებს ქმნის. მაგრამ იგი მეცნიერია და არა პოლიტიკური სტრატეგი. 2006 წელს აფხაზეთში გამგზავრებამდე, მე ჰიუტს ვესტუმრე და ვკითხე საქართველოში რამეს ხომ არ დაბარებდა, სადაც მას “პერსონა ნონ გრატა”-დ მიიჩნევენ. ვიფიქრე, წიგნს ან ბარათს დამაბარებდა. მან მითხრა, რომ მეგრულენოვან გაზეთებში მის წინააღმდეგ სტატიები იბეჭდებოდა და მკითხა ამ ამბავს ხომ ვერ გამოვიძიებდი? სამწუხაროდ, ვერა.
აფხაზეთის მსგავსი ქვეყნების წაქეზებამ, მეორე კლასის სახელმწიფოებრიობა შექმნა, თავისი გაურკვეველი უფლებებითა და ვალდებულებებით საერთაშორისო სისტემაში, რომლის თავიდან აცილებასაც დიპლომატია ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე ცდილობდა. 1648 წლის ვესტფალიის ზავმა ურყევი საზღვრების საერთშორისო წესრიგი დაამკვიდრა და ფუნქციურად ისეთი დამოუკიდებელი ანკლავების არსებობის პირობები მოსპო ბრანდენბურგ–პრუსიაში, რომელიც მაგალითად საფრანგეთს შეიძლება ბერკეტებად გამოეყენებინა. მთელი პუნქტი ეძღვნება იმის განმარტებას, თუ რა არის სუვერენული ტერიტორია, რათა გამოერცხათ ორაზროვნება და ომები. ნაწილობრივ ეს ანკლავების სასიკეთოდაც კეთდებოდა, რათა დაეცვათ ისინი ხაფანგში გაბმისა და პირველხარისხოვანი სახელმწიფოების ხელში იარაღად (და კიდევ უფრო უარესი, ნეოკოლონიებად) გადაქცევის საფრთხისგან. მაგრამ ლიმბო სამყარო დღეს იგივე ბედს იმეორებს.
ეთიოპიამ ფაქტიურად შეიერთა სომალის ჩრდილოეთ ნაწილი სომალილენდი, მაგრამ დღემდე მტკივნეულად აღიქვამს ორი ათეული წლის წინ თავისი კოლონიის ერითრეას დაკარგვას. სომალილენდი დიქტატორ მუჰამედ სეად ბარეს დროს ყოველთვის გამოირჩეოდა აჯანყებებითა და არეულობით. 1980 წლის ბოლოს, სეად ბარემ ჰარგეისას დაბომბვის დროს ასობით ადამიანი დაახოცინა, ხოლო მისი მმართველობის შემდეგ, სომალილენდმა დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი დამოუკიდებლად და აგერ უკვე 20 წელიწადია, რაც იქ მშვიდობა სუფევს. სანაპირო ზოლი, რომელიც ეთიოპიამ ერითრეაში დაკარგა ეფექტურად დაიბრუნა სომალილენდში, ბერბერას პორტთან ერთად, რომელიც საკვანძო სავაჭრო პუნქტია ადენის ყურეში. სომალილენდის მხარდაჭერა ეთიოპიის მხრიდან უსაზღვრო თვითნებობის დემონსტრირებაა მოგადიშელი სომალელების მიმართ. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეთიოპია მომაკვდინებელი საგარეო საფრთხეა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ღრმად, უშუალოდ სომალის ტერიტორიაზე შეიჭრა 2006 წელს.
აფხაზების მსგავსად, სომალილენდის მცხოვრებლების უბედურება მათგან სარგებლის მიღების პირდაპირპროპორციულია. ეს მაშინვე აღმოვაჩინე, რაწამსაც ფეხი დავდგი მათ პატარა წარმომადგენლობით ოფისში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში მდებარეობს. აფრიკუá