Post
by Ketevan Guliashvili » 27 დეკ 2011, 16:18
არწივი9 - როცა მთაში ხარ..... /თებ 02, 2010/
მთა
მთა....უამრავი ადამიანის ოცნების და შთაგონების წყარო
მთა....სასიამოვნო მოგონებების და ჯანმრთელობის საწინდარი
მთა....მშვენიერი ადგილები და სულისშემაგუბებელი ხედები
მარშრუტი: ქალაქი-ზღაპრული ადგილები-ქალაქი
ანუ
თბილისი-ფასანაური-გუდაური-ყაზბეგი-დარიალის ხეობა-ხდის ხეობა და უკან.........
ეს კი ასეა მეგობრებო, მაგრამ ის თუ იცით როგორია მთა სინამდვილეში? არა? გაინტერესებთ? თუკი ასეა მაშ მომყევით!
როცა გახურებულ შუა სწავლაში მოულოდნელად გეტყვიან რომ ალპინიადა იმართება და გთავაზობენ მასში მონაწილეობის მიღებას, შენ ცოტა არ იყოს იბნევი-ამ შემოდგომაზე, სწავლის დროს მთაში რომ არ წავიდე ნეტავი რა გაჭირვებააო იფიქრებ კაცი. მაგრამ მთაში წასვლაც რომ ძალიან გინდა? განა აქამდე მთაში ყოფილხარ? განა აქამდე გაგითევია ღამე კარავში? კოცონის დანთებაში მიგიღია მონაწილეობა? გივლია მთის ციცაბო ფერდობებზე და ყინვარებზე? ზურგით გითრევია მძიმე ტვირთი? არა, სამწუხაროდ ჯერ არა, მხოლოდ ალბომებში თუ გინახავს ეს ყველაფერი, მხოლოდ სხვისი გადმოცემით და წაკითხულით თუ იცი ეს. სურვილი კი დიდი გაქვს.....
ამიტომ ცოტა არ იყოს შეფიქრიანებული მიდიხარ ალპურ კლუბში საქმის ვითარების გასარკვევად. არა, აღმოჩნდა რომ აქ ყველაფერი რიგზეა, ალპინიადა ნამდვილად ეწყობა მითითებულ დროს და ადგილას, ადგილი კი-ეს ხდის ხეობაა რომლის სახელი შენ პირველად გესმის და არ დაგავიწყდება არასოდეს.........მაშ რაკი ასეა, წასვლა უკვე გადაწყვეტილი საქმეა, ჯანდაბას ლექციები, ჯანდაბას საგნები, მთაში მიღებული უდიდესი სიამოვნება და შთაბეჭდილება ამ ყველაფერს ხომ გადაფარავს! და იგი ნამდვილად გადაფარავს, ეს შენ უკვე ურყევად იცი და გწამს.
მაგრამ რამდენი რამეა საშოვნელი სანამ მთისკენ გაუდგები გზას? აქამდე ხომ მთასთან არავითარი შეხება არ გქონია და წესიერად არც ის იცი საძილე ტომარა რა არის და კარავი კი რითი განსხვავდება ზურგჩანთისგან. ან ჩექმა როგორი გჭირდება, სათვალე ჩვეულებრივია საჭირო თუ საგანგებო-მთისა....დიახ, ეს საკმაოდ მძიმე საქმეა, მოგიწევს ეს ყველაფერი იშოვო და თანაც უმოკლეს დროში თორემ საცაა ექსპედიცია გზას გაუდგება...........აბა ჰერი-ჰერი ბაზრობებისკენ, თუ რამეში ვერ გაერკვიო მე მკითხე და აგერ ვარ.....
მთისკენ გასვლა
აი მაღვიძარამ დარეკა დილაადრიან.............
ძნელია, ძალიან ძნელია თავის წამოწევა და თბილი ლოგინიდან ასე ადრე, დილის შვიდ საათზე ადგომა, ძნელია ძილბურანიდან თავის დაღწევა როცა თბილი საბნის გემო ასე მშვენივრად ეხება შენს სხეულს......თუმცა თუკი სხვა დროს თითქმის იძულებით, უხალისოდ დგები ლოგინიდან, ახლა შედარებით სწრაფად აღწევ თავს ძილქუშს, სწრაფად წამოიმართები და სიყვარულით შეავლებ თვალს შენი ოთახის კუთხეში დადებულ ზურგჩანთას და ყველა სხვა აღჭურვილობას-იგი იქნება შენი იმედი შემდეგი ათი დღის განმავლობაში. გაუფრთხილდები მათ? ისინიც ერთგულად მოგემსახურებიან; არ გაუფრთხილდები? მაშინ საკუთარ ტყავზე გამოსცდი რას ნიშნავს მთა და მისი ულმობელი კლანჭები როცა უსაჭმლოდ ან უქუდოდ დარჩები ცივ ამინდში......
შენ ვერ ითმენ, ლამის დაუღეჭავად ყლაპავ საუზმეს და საათს შესცქერიხარ მოუთმენლად-წესით ცხრაზე გასვლაა დანიშნული და არაფრით არ უნდა დააგვიანო თორემ შემდეგი შანსი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ თუ იქნება....თუმცას ნუ სწუხხარ-ძალიან მალე შენ უკვე ადგილზე ხარ, ავტობუსიც მოსულია, ხალხიც შეკრებილია. თავმომწონედ ათვალიერებთ ერთმანეთის აღჭურვილობას (ვაი, რომ შენ ამ მხრივ თავმოსაწონი ბევრი არაფერი გაქვს) და ხუმრობით ერთმანეთს აპარებთ გადაკრულ სიტყვას მომავალ ლაშქრობაში უშბის ან თვით ჯომოლუნგმის დალაშქვრის თაობაზე.....კარგია ახალგაზრდობა და თავდაჯერებულობა, არა? თქვენ, გამოცდილი მთამსვლელი კი დაუშვებდით რომ ჯერ კიდევ დაუღვინებელ ყმაწვილებს უშბაზე ასვლა გაებედოთ? ნურას უკაცრავად, ეს მხოლოდ 18-19 წლის ჯეელებს შეიძლება მოუვიდეთ თავში.......წმინდა წყლის ავანტიურაა!
ბოლოსდაბოლოს, ლამის ერთსაათიანი გულისშემაღონებელი ლოდინის შემდეგ ავტობუსი დაიძრა ადგილიდან, ჩალაგდა ჩვენი ბარგი, ჩალაგდა სურსათ-სანოვაგე , დავემშვიდობეთ მშობლებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს და ჰაიდა მთებისკენ!
ძველი, დანჯღეული ავტობუსი სწრაფად მიჰქრის საქართველოს სამხედრო გზაზე, იგი ცოტა ხნით თუ შეჩერდება ძველ ციხესიმაგრეში-ანანურში, თუ პირველად ხარ ამ ადგილებში მაშინ დაუფარავი სიამაყით შესცქერიხარ მძლავრ ციხესიმაგრეს და ჟინვალის წყალსაცავის მოლაციცე ლურჯ-მწვანე ფერს, კაცს რომანტიკულ და მშვენიერ აზრებს რომ აღუძრავს-ისეთი ლამაზია აქაურობა....შეიძლება კოშკში აძვრე და იქიდან გადმოხედო არემარეს და ძრომიალის პირველადი პრაქტიკა გაიარო. მაგრამ აქ დიდხანს ვერ დავრჩებით რადგან ყველას გული მაინც მაღალი მთებისკენ მიუწევს და ავტობუსი არ აყოვნებს-მგზავრობა გრძელდება.
გზა არაგვის პირას გადის რომელიც ჩვენგან ხელმარჯვნივ მიედინება. იგი ამ ადგილას უკვე მთის მდინარეა, მჩქეფარე და ტალღოვანი, ხანდახან კი მეტად მღვრიე თუკი მაღლა მთაში ნაწვიმარია. სხვათაშორის ეს გზა ხანდახან თითქმის ჰორიზონტალურად მიედინება რაც შენ მეტისმეტად არ მოგწონს-თუ ასე გაგრძელდა მაშინ მაღლა მთებში როდისღა ავალთ? უბრალო მდელოების სანახავად ხომ არა ხარ ამსიშორეს წამოსული? თუმცა საბედნიეროდ არა........გზა უკვე ნელ-ნელა მაღლა იწევს და იწევს და როცა გუდაურს გასცდები, გული განსაკუთრებით გიცემს, შენს თავს ყოველ წუთას ეუბნები და იმეორებ: ”შენ მთაში ხარ, მთაში ხარ...........” ცდილობ არ გამოგეპაროს აქ ყოფნის არცერთი წამი, ცდილობ მეხსიერებაში ჩაიბეჭდო ლამისაა თვითოეული ქვის ლოდი, ყოველი მოსახვევი........შეჰყურებ კლდეებს, შეჰყურებ ვრცელ მდელოებს და სუფთა და კამკამა ცას.....ის კი არა სკამიდანაც წამოდგები და საქარე მინასთან ახლოს მიდიხარ რომ ყველაფერი უკეთ დაინახო, დაიმახსოვრო და შეაფასო...
ჯვრის უღელტეხილთან დროებით ეგრეთ წოდებულ ტრავერტინებთან ვჩერდებით. ესაა ფაქტიურად მეტად დამრეცი კლდეები რომელზეც მჟავე წყალი გადმოდის და მთელს ფართობზე წითელ, ყვითელ და მეწამულ ფერს ტოვებს. ამას დაუმატეთ გაყინული წყაროები (სიცივეში) და წარმოიდგინეთ მთელი არემარეს სილამაზე და მასზე სიარულის მომხიბვლელობა (სიარულის დროს ფრთხილად იყავით!).........თუმცაღა ეს წყალი რომელიც ყველას მჟავე ჰგონია სინამდვილეში სიმჟავეს სრულიად მოკლებულია, მცოდნე ხალხი ამბობს გზადაგზა სიმჟავეს კარგავსო მაგრამ რა მოხდა მერე, აქაურობა ხომ ისედაც ძალიან ლამაზია....ან კი წყლის გემოს რას დაეძებთ თქვენ?
ჯვრის უღელტეხილს ნახევრად დანგრეული გზის გამო წვალებით გადავდივართ და ყაზბეგში ცოტა ხნით ვჩერდებით, აქ შენ პირველად ხედავ ხევის დედოფალს-მყინვარწვერს და თვალს ვერ აშორებ მას, მის დიდებულ, სქელი ყინვარებით დაფარულ კალთებს, მის ცაში ატყორცნილ მომრგვალებულ მწვერვალს, შენ უყურებ მას და გეამაყება რომ შენ ქართველი ხარ და მას უყურებ.........
აქეთა, საპირისპირო მხარეს კი ყუროს ქედია, მეტად შვეულად აღმართული, კლდოვანი, დაკბილული და თითქმის სრულიად მოკლებული თოვლს და ყინვარებს. სწორეც ამ ქედზე ვაპირებთ ჩვენ ასვლას რამდენიმე დღის შემდეგ სრულიად საპირისპირო მხრიდან (პრაქტიკულად მხოლოდ იქითა მხრიდან ადიან მასზე, ყაზბეგის მხრიდან კი თითქმის არავინაა მანდ ასული). ვნახოთ პირადად შენ როგორ იყოჩაღებ ამ ამბავში.............
ყაზბეგში ჩვენ დიდხანს არ ვჩერდებით, მას მალე ვცილდებით და დარიალის ხეობაში შევდივართ. საერთოდ ამ ხეობაში მოგზაურობისას ისეთი შეგრძნებაა თითქოს შენ სიღრმეში შედიხარ და მთები კი შენს გარშემო ნელ-ნელა ამოიზარდებიან და ურჩხულის ამომავალ კბილებს ემგვანებიან......მისი კალთები მწვანე მდელოებითაა დაფარული (თუ ზაფხულში მოინახულებ ამ ადგილებს თუ არადა შემოდგომობით მოყვითალო-მოყავისფრო ფერი გადაჰკრავს). თერგი კი მქუხარედ გრგვინავს ვიწრო კლდეებს შორის. მისი მჩქეფარე, თეთრი და კუნთმაგარი ტალღები სწრაფად მიექანებიან ჩრდილოეთისკენ და თითქოს ამით ჩვენს მგზავრობასაც აჩქარებს...ვინმე გაბედავს მასში შესვლას და მის ტალღებთან შეჭიდებას? მე ჯერ არ გამირისკავს.......
ესეც ასე, ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილზე მოვედით. ავტობუსი ჩერდება და ყველანი ძირს ჩამოვდივართ. ნება მიბოძეთ ეს ადგილი დაწვრილებით აგიწეროთ:
წინ ანუ ჩრდილოეთით-ვიწრო ხეობა სადაც ხიდის გადაღმა ჩანს საბაჟო და მერე სასაზღვრო პუნქტი.
უკან, ყაზბეგისკენ-არსებითად იგივე სურათი ოღონდ ყოველგვარი საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების გარეშე.
მარცხნივ (ესე იგი დასავლეთით) ფრიალო და მაღალი კლდეები და თერგი რომლის გადაღმა ჩანს ძველი ციხის ნანგრევები.
ხოლო მარჯვნივ...........ეს უფრო კი უფრო დაწვრილებით უნდა აღიწეროს:
პირველი რაც მაშინათვე ჩანს-დარიალჰესი, ძველი ორსართულიანი შენობა რომლის ეზოშიც ვაწყობთ ჩვენს ბარგი-ბარხანას (ზურგჩანთებს ძირითადად) და დანარჩენი (საგზალი, გაზის ბალონები, ჯამ-ჭურჭელი და ა.შ.) კი მის მეორე სართულზე აგვაქვს, ისინი მეორე დღესაა მაღლა ბანაკში ასატანი.
ამ ჰესის თავზე კი-უზარმაზარი, ჭეშმარიტად რომ უზარმაზარი, პიტალო და ფრიალო კლდეები, ჩამავალი მზის სხივებზე რომ ლიცლიცებენ და ალაგ-ალაგ მწვანედ რომ შეფერილან ფიჭვების სიმრავლის გამო..........
უზარმაზარნი არიან ეს კლდეები. მათ ძირში მყოფი ქვანაყარის თხემზე ამაყად რომ აღმართულან და თითქოს ძემოდან რომ დაგყურებენ და გაგრძნობინებენ თავიანთ ძალას.......მათ სამეფოში მოწიწებით უნდა შეხვიდე, იცოდე მთა არავის პატიობს დაუდევრობას. აქაური, მთის ჰაერი კი სითბოთი და მოგზაურობის წყურვილითაა გავსებული.....
ამ ჰესის ეზოში დასვენებას და წახემსებას ასე ერთი საათი მიაქვს, წინ არც ისე იოლი გზა გველის-პირველ ბანაკამდე კარგა 5-6 კილომეტრი მანძილი მაინც არის, თან საერთოდ ხეობის სწორედ ეს მონაკვეთია ყველაზე ძნელი სავალი თავისი ქვიანი, ციცაბო აღმართებით და ვიწრო ბილიკებით რომლებიც ხმაურიანი მდინარის გვერდზე გადიან.
ჩვენ ხიდს გადავდივართ და ასვლისას ბილიკების დასაწყისში გხვდება მესაზღვრეების ორსართულიანი შენობა სადაც გულმოდგინედ გვამოწმებენ-ვინ შედის ხეობაში და რა მიზნით, რაც არ უნდა იყოს ეს საზღვარია უკვე და აქედან სულ ახლოს კი ომი მიმდინარეობს......ცოტა ხანში ყველაფერი რიგზეა და შეგვიძლია ძნელ აღმართსაც შევუდგეთ.
ეს მოგზაურობა ჯერ ადის საკმაოდ დამრეც ფერდობებზე სადაც რამდენიმე ბილიკი ერთმანეთის პარალელურად მიდის და ჩვენ უნდა ვიაროთ იმაზე რომელიც რაც შეიძლება ახლოს მიჰყვება მდინარეს რადგან ჩვენი ბანაკი სწორედ მდინარესთან მდებარეობს და იგია ჩვენი ორიენტირი. ამის შემდეგ ბილიკები ძირითადად უკვე ნაკლებად დაქანებულია და სიარულიც შედარებით ადვილდება. მაგრამ სამაგიეროდ გზაში უკვე ბევრი ერთნაირი მისახვევ-მოსახვევი გხვდება და ყოველი მათგანის შემდეგ ბანაკი გელანდება.......თუკი მთაში პირველად ხარ მაშინ მით უფრო ძნელია ეს გზა-როცა ყოველ მოსახვევში კითხულობ ”მალე მივალთ”? და როცა განუწყვეტლივ გპასუხობენ რომ არა, ჯერ ადრეაო........
მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და როცა ბოლოს და ბოლოს, მრავალი აღშფოთების და დაღლილობის მერე უცებ გიცხადებენ ”მოვედით” და მოულოდნელი სიხარულისგან ლამის ძირს ვარდები-მაშ ეს არის ჩვენი საბანაკო ადგილი? მოიცა, აბა ერთი კარგად შევათვალიეროთ....
მაშ ასე, იგი დამრეცი, ალაგ-ალაგ ქვიანი და ძირითადში კი ბალახით დაფარული ფერდობია, იქვე მდინარე ჩამოუდის სადაც ხელ-პირის დაბანა შეიძლება დილაობით (ოღონდ ამის გაფიქრებაც კი საშინელია). დიდრონი ქვის ლოდები კი სამზარეულოს იოლად და კარგად მოწყობის მტკიცე გარანტიას იძლევა და აგრეთვე იმისაც რომ გაჭირვებისას კაცს შეუძლია იმის იმედი ჰქონდეს რომ მშვიდად გათავისუფლდება არასასურველი ნარჩენებისგან და ამ დროს თავზე არავინ წამოადგება.......
მაშ ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ამ საღამოს არავითარი ვახშამი არ იქნება, ჩვენ ამის თაობაზე გაფრთხილებულები ვართ და არსებითად კარვის გაშლაა საჭირო. ამას კი იქამდე ვერ გააკეთებ სანამ შენი მეწყვილეც არ მოაღწევს არ ადგილას, მარტო კარავს ვერ გაშლი, ან იქნებ კარავი სულაც შენ არ მოგაქვს. ასე რომ, დაისვენე და ეცადე გაშრე თორემ ვეჭვობ რომ საკმაოდ გაოფლიანებული უნდა იყო.................
-შენ უკვე აქ ხარ?-ეს შენი მეგობრები მოვიდნენ.
-ჰოოო....-ცოტა ზმორებით და დაზარებით პასუხობ, აკი ამდენი ცხოვრებაში არ გივლია ფეხით და არც ამდენი გითრევია, ცოტა დასვენებას და უზრუნველად ბუნების თვალიერებასაც არ იმსახურებ?
-კარვის გაშლა რომ არ ვიცით რა ვქნათ?-შენი მეგობარი აშკარად შენზე მეტადაა შეწუხებული ამ ამბით და მართლაც-უკარვოდ ხომ არ დარჩები ცივ მთაში? სხვების დახმარების იმედი კი ნაკლებად უნდა გქონდეს რადგან ჯერ ერთი შენს თავს აქ შენ თვითონ უნდა მოუარო და მეორეც-შესავით გამოუცდელი და კარვის გაშლის არ მცოდნე აქ ბევრია, უფრო სწორად კი-უმრავლესობა.
-კარვის გაშლას ბევრი არაფერი უნდა-ხუმრობის გუნებაზე მოდიხარ და ცოტ-ცოტა ფილოსოფოსობ-საკმარისია ცოტა ტვინი დაატანო, ცოტაც სთხოვო, ცოტაც ჩაასო პალოები მიწაში და ეგაა......
გარშემომყოფთ ეცინებათ-იუმორი მთაშიც ისევე კარგად ჭრის როგორც ბარში. ცოტა ხნის წვალების შემდეგ კარვებსაც ვშლით (კარვის ფორმაზე კი რა მოგახსენოთ), შიგნით ვალაგებთ ჩვენს ბარგი-ბარხანას და სიამოვნებით ვიმართებით წელში რადგან პირველი გამოცდა ჩაბარებულია, ახლა შეგვიძლია არხეინად ვუყუროთ სხვების წვალებას თუმცაღა დახმარებაზე უარს როდი ვამბობთ-ეს შენ სიამაყეს გმატებს როცა რაღაცა იცი და შენს ცოდნას მთაში სხვას უზიარებ, ამით შენ შენს თვალში ცოტათი მაინც მაღლდები....
როგორც უკვე ვთქვით, პირველ დღეს ასე რომ ვთქვათ ”ოფიციალური”, ანუ საერთო ვახშმის იმედი არ უნდა გვქონდეს რადგან საგზალი ქვევით, დარიალჰესშია დატოვებული და ის აქ, ბანაკში მარტო ხვალ იქნება. ამიტომ ამ ლაშქრობის ყველა მონაწილე როგორც გაფრთხილებულია ამ საღამოს მხოლოდ მშრალი ვახშმის, ძირითადად საკუთარი პურის და
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია