გინახავს, გსმენია ანდა ეგებ თავად განგიცდია: კაცი როცა უმშვენიერეს მორთულ ქალს შეხვდება, უნებურად თავის სატრფოს შეადარებს გულში იმ ქალს. და გული სწყდება, როცა პირველს უფრო მეტი გემოვნებით მორთულსა ხედავს, ვიდრე მეორეს. ეს შედარება სრულად ინერციულად მოსდის მას.
ჩემშიც, ყოველი დაწესებულება, ყოველი საგანი, დასავლეთ ევროპისა, ასეთ შედარებას იწვევდა: გერმანელ გლეხკაცის კოხტად მოკაზმულ სახლ-კარიდან დაწყებული, ვიდრე ქალაქის ლარივით გაჭიმულ ქუჩებამდის; თეატრ-მუზეუმებიდან – უნივერსიტეტამდე; სახლების კედლებზე წარწერილი თქმულება-ანდაზებიდან – გერმანიის მშვენიერ ლიტერატურამდე და ამ შედარებასთან ერთდ თვალწინ დამიდგებოდა ქართველი გლეხის კარ-მიდამო. ჩვენი ქალაქების ოღრო-ჩოღრო ქუჩები, თეატრები და სხვა.
და იმ დროს სულ პაწია, პაწია მოწყენის ჩრდილი წამეპარებოდა საიდანღაც. მაგრამ, არ იფიქრო, ეს სიხარბით იყოს გამოწვეული – ეს პატარა მოწყენის ღრუბელი, არა, ჩემო კარგო, ეს უბრალო ადამიანური გრძნობა იყო, შეგნება საკუთარი ჩამორჩენილობისა.“
კ. გამსახურდია, წერილები გერმანიიდან, 1913წ.
გაგიკვირდებათ, და, პირველ წერილში გერმანიიდან მშობლებს სწორედ ამ სიტყვებს ვწერდი. უკეთესად ვერც ვიტყოდი და განცდილს ვერც ვერაფერს დავამატებდი (წარმოგიდგენიათ, თითქმის ასი წლის წინანდელი წერილი!).
ახლა კი რამდენიმე დღის წინ მეგობრის მოწერილმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ ამ თემის შექმნის იდეა შთამაგონა (inspirieren, inspire, inspiro, როგორც გენებოთ). ის პირველად არ იყო ამ ქალაქში, თუმცა კი მივხვდი - მან ქალაქი პირველად დაინახა. ქალაქში, რომელმაც XIX და XX საუკუნეებში დიდი ამბები გადაიტანა. თუმცა, მეტყვიან მსოფლიო ისტორიის მოყვარულები, რა გადაიტანა ამ ქალაქმა ისეთი, ევროპიდან აზიამდე ქალაქებს რომ არ გადაუტანიათო. პრინციპში არც არაფერი. მაგრამ სხვისი ქვეყნის ამბებმა ასე გულის ტკენა არ იცის ხოლმე. ასეა.
ჰოდა, მეც ქართულ ქალაქებზე მომინდა დაწერა. მომინდა, რომ ჩვენი ქალაქების შესახებ საინტერესო დეტალები გავიხსენოთ. უამისოდ ხომ თქვენც ბევრი გიწერიათ სოფლებზეც და ქალაქებზეც, ქალაქებზეც და დაბებზეც. მაგრამ ეს თემა ცოტა განსხვავებული მინდა იყოს. დავწეროთ, როგორ შენდებოდა, არ შენდებოდა ან ვერ შენდებოდა ჩვენი ქალაქები. იყოს აქ ომის შედეგად დაზიანებულ უბნებზე, ქალაქის არქიტექტურაზე, ღირშესანიშნავ ძეგლებზე საუბარი.
ჰო, კიდევ იმაზე, თუ როგორ კარგავდნენ და იძენდნენ ეს ქალაქები თავიანთ ფუნქციებს. ეს უკანასკნელი ჩემთვის ყველაზე საინტერესო დეტალია. მოკლედ დაწერეთ ყველა კონტექსტში, რასაც კი თქვენ საინტერესოდ ჩათვლით ამ თვალსაზრისით.
და თუკი თქვენს ნაწერს ამ ქალაქების ძველ ფოტოებს დაურთავთ, ვფიქრობ, ეს მათ ისტორიას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
კარავში ერთგან აბასთუმანის ძველ ფოტოებს წავაწყდი. აღარ მახსოვს, რომელი მომხმარებელი წერდა აბასთუმანზე. ფოტოებიც მისი დადებული იყო. კარგი იქნებოდა, ამ „მშვენიერი სააგარაკო ადგილის“ (როგორც ერთგან ვეიდენბაუმი წერს) ისტორიასაც თუ აქ ვიხილავდით.
ჰო, მეგობრის შეტყობინებას მივუბრუნდები. ასე ეწერა: „მზიანი დღეა. ირგვლივ ოდნავ ჩამოთოვლილი მთები. ამ ქალაქს კარგი არქიტექტურა როგორ დაამშვენებდა...“
ასე წერდა იგი ახალციხეზე.
ცოტა არ იყოს გული ჩამწყდა.
ეს გრძნობა ხშირად მეუფლება.
მეუფლება და არ მტოვებს დიდხანს...
მოდით, ისტორიულ წყაროებს მოვიშველიებ და ჯერჯერობით ახალციხეზე და ბათუმზე მოგაწვდით ცნობებს. კიდევ ერთ პატარა ნაწყვეტს ქუთაისზეც შემოგთავაზებთ.
მერე კი ჯერი თქვენზეა.
ახალციხე
მონპერე ასე იწყებს ამ ქალაქის აღწერას: „რამდენადაც ძველი კოლხეთი არის ტენიანი და ტყიანი, იმდენად ახალციხის აუზი, ქართველთა საათაბაგო, არის მოშიშვლებული და მშრალი. დაახლოებით შვიდ ვერსზე ფოცხოვის აყოლებით, მტკვართან შეერთებამდე ზემოთ, შედიხარ მშვენიერ ქალაქ ახალციხეში“.

ახალციხე, 1887წ.
მოგზაური ახალციხის 1829 წლის ამბებს იხსენებს: „თურქებმა ჯავრი ქალაქზე იყარეს, გაანადგურეს და ააოხრეს ყველაფერი, რაც რუსებმა დაინდეს. სახლებმა, რომლებიც შემორჩენილი იყო ციხე-სიმაგრის გარშემო, დიდი დაბრკოლება შეუქმნეს რუსებს, ვინაიდან იქ დაბანაკებული თურქები ცეცხლს უხსნიდნენ ალყაშემორტყმულებს. მათი გაქცევის შემდეგ, რუსები იძულებულნი გახდნენ გაეწმინდათ ეს ადგილი. მათ აიღეს ციხე-სიმაგრის გარშემო არსებული ყველა სახლი და ნანგრევი."
ТифлиÑÑкие ведомоÑти-ში ვკითხულობთ (1871 წ. N.8 ): - „რადგან ძველი და ერთ დროს ბრწყინვალე ახალციხე დანგრეული იყო და ფაქტიურად აღარც არსებობდა, მისი უმაღლესობის ბრძანებით შემუშავდა ახალი გეგმა მდ. ფოცხოვის მარჯვენა მხარეს ქალაქის გასაშენებლად.“
აი, როგორ გადმოგვცემს იმ ისტორიულ მომენტს მონპერე: „შემდეგ შეიქმნა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა გადაეტანათ ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე. აქ გამოუყვეს მიწები სომხებს, რომლებიც მორბოდნენ ყარსიდან და არზრუმიდან. როდესაც მე იქ ჩამოვედი 1833 წელს, ვრცელი რაიონი უკვე შექმნილი და მოწყობილი იყო. მაგრამ ძველი ქალაქის მცხოვრებლებს ვერ გადაეწყვიტათ მისი მიტოვება. ახალი ქალაქის მაცხოვრებლები კი ჩიოდნენ, რომ მათ დაარსეს ახალი ბაზარი, საცხოვრებელი ბინები, ქარვასლა და იქიდან ვერ იღებდნენ ვერავითარ სარგებელს. ამგვარი იყო საჩივრები, რომლებსაც ვისმენდი ჩემი იქ ყოფნის დროს. ყველაზე უკმაყოფილონი იყვნენ ის ახალმოსული სომხები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ახალციხეში ოქროს გორებს იშოვიდნენ. ეს ქალაქი თურქების დროს აწარმოებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ვაჭრობას. საფაშოს მთავარ ქალაქში განვითარებული იყო მრეწველობა. მას კავშირი ჰქონდა ყარსთან და არზრუმთან. ამასთანავე ახალციხე იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. ... თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იქნება მონათა ბაზარი.“
„თავისი ჩართვით რუსეთის საბაჟოების რანგში, ამ ქალაქმა ახალი დანაკარგი განიცადა, იგი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული და თითქოს კუთხეში მიგდებული იმის შემდეგ, რაც ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება ანატოლიის მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობისა. ამასთანავე, ის არ მდებარეობს არც ერთ ბუნებრივ დიდ სავაჭრო გზაზე. ახალციხესთან ყველაზე ახლოს მდებარე ბათუმის პორტი მისგან მოშორებულია მთების მაღალი ჯაჭვით. ამგვარად, ახალციხემ მნიშვნელობა დაკარგა. ქართველი და თურქი მუსლიმი მოსახლეობა გაიქცა ქალაქის აღების დროს. ახალციხის „სანჯაყი“ შეიცავდა 5 000 განსხვავებულს და დაახლოებით 40 000 ორივე სქესის მცხოვრებს."
აქვე დიუბუას მოჰყავს ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ, რომელიც გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ და რომლის მიხედვითაც 1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 40 000 სულს, მათ შორის იყო 500 კათოლიკური ოჯახი.
„ქალაქის საალყო მდგომარეობის გამო განადგურებული და გაფანტული მოსახლეობა – წერს ავტორი – დააკომპლექტეს იმ ახალმოსახლე სომხებისაგან, რომლებიც გამოიქცნენ ყარსიდან და ერზრუმიდან. მათ შეადგინეს მოსახლეობის უმრავლესობა. როდესაც მე იქ ჩავედი, 1833 წელს, ახალციხის მთლიანი მოსახლეობა შედგებოდა 11 000 სულისაგან, გარნიზონის ჩაუთვლელად. მ. ევეცკის კავკასიის თავის სტატისტიკაში (1835), მოსახლეობა აჰყავს 13 000 სულამდე, ხოლო მე თვით ახალციხეში გარნიზონთან ერთად ის აღმირიცხეს 16 000 სულამდე.“
დიუბუა გვაძლევს იმ დროს ახალციხეში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღწერას. მას რვა ეკლესია და ახალციხის ციხე-სიმაგრე მოუნახულებია, რომელიც მისი გადმოცემით, შედგებოდა დაბალი ციხე-სიმაგრის, მაღალი ციხე-სიმაგრის და ციტადელისაგან.
ლეილა მაღრაძე, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ
Frederik Dubois de Montperroix, Voiage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Cohchide, en Georgie, en Armenie et en Crieme, Paris 1839 a 1843.
ნ-----
ევგენი ვეიდენბაუმის ცნობები ახალციხის შესახებ
ახალციხე, თურქულად აჰისკა; ახალციხის მაზრის ცენტრი; გაშენებულია მდინარე ფოცხოვ-ჩაის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას; ზღვის დონიდან 3376 ფუტზე; მოსახლეობა: 13 265 კაცი.
ახალციხე განთქმული იყო თავისი სიმდიდრითა და ხალხმრავლობით. 1828 წელს, რუსების მიერ მისი აღების წინ, აქ 50 000 კაცი ცხოვრობდა. თურქთა მიერ წარმოებული პოლიტიკის წარმატებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მესხეთის მკვიდრმა ქართულმა მოსახლეობამ დაივიწყა საკუთარი წარმომავლობა და ამჟამად მგზნებარე მუსლიმთა რიცხვს მიეკუთვნება. თვით ოფიციალური ანგარიშებიც კი ყოფილი ახალციხის საფაშოს მცხოვრებლები თურქებად იწოდებიან.
ახალციხის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. საისტორიო წყაროებში იგი პირველად XII საუკუნეში მოიხსენიება, მაგრამ როგორც ჩანს სხვა სახელით ახალციხე ადრეც უნდა არსებულიყო. მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირას მდებარეობს ქალაქის ძველი უბანი, რომელიც შეიცავს კლდეზე აშენებულ დიდ ციხესიმაგრეს, მართლმადიდებლურ ტაძარს, რამდენიმე კათოლიკურ ეკლესიას და ა.შ. რუსეთის მიერ ახალციხის შემოერთების შემდეგ ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე ახალი უბანი გაშენდა.
ევგენი ვეიდენბაუმი, ბათუმიდან ართვინამდე, 1878წ.