რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 05 ივლ 2011, 10:13

ტონგა ზევით, იაპონია ქვევით - საქართველო მეთოთხმეტეა

წყნარი ოკეანის თასის 2011 წლის გათამაშების პირველი ტურის შედეგებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამას არ მოუხდენია გავლენა საქართველოს ნაკრებზე, რომელიც 70,30 სარეიტინგო ქულით, კვლავ მე-14 საფეხურზე რჩება, ოღონდ, მისი მეზობლები შეიცვალნენ.
ტონგას ეროვნულმა ნაკრებმა 2008 წლის შემდეგ წყნარი ოკეანის თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სამი წლის წინანდელი გამარჯვებისა არ იყოს, ტონგელებმა ამჯერადაც ფიჯი შეიწირეს, ოღონდ წელს გამარჯვებას მეტოქის მოედანზე, ლაუტოკაში მიაღწიეს. ტონგელებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს, ორის საპასუხოდ 5 ლელო გაუტანეს და 45:21 იმარჯვეს. სტუმრებმა მასპინძლებს სივრცეები შეუზღუდეს, დაცვაში კარგი თამაშით გასაქანი არ მისცეს და წლევანდელი გათამაშება შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყეს.
ტონგამ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და შესვენებისას 23:9-ს იგებდა, მეორე ტაიმის განახლებიდან რამდენიმე წუთში კი, უპირატესობა უფრო მეტად გაზარდა - 33:9. ფიჯი ამის შემდეგ ამოქმედდა და ორი საპასუხო ლელო გაიტანა. ანგარიში 21:33 გახდა და მასპინძლები მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს განლაგდნენ, მესამე ლელოსთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბურთი დაკარგეს და კონტრშეტევაზე ლელო თავად მიიღეს. ამან ფიჯი საბოლოოდ გატეხა. ტონგამ მიწურულს ერთი ლელოც გაიტანა და წყნარი ოკეანის თასზე ხუთ წელიწადში თავისი მე-5 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, 4 სწორედ ფიჯისთან მატჩებზე მოდის.
გამარჯვებით დაიწყო ტიტულის დაცვა სამოას ნაკრებმაც, რომელმაც ტოკიოში იაპონიას 9700 მაყურებლის წინაშე 34:15 აჯობა. სამოელებმა მე-15 წუთამდე ორი ლელო გაიტანეს და 17:0 დაწინაურდნენ. სტუმრებმა ტაიმი 24:8 მოიგეს, თუმცა, იაპონელებმა მეორე ნახევარი პირველზე უკეთ დაიწყეს და სხვაობა 9 ქულამდე (15:24) დაიყვანეს. ამან მასპინძლები გამოაცოცხლა და დიდი ხნით მეტოქის 22-ში დაიდეს ბინა, მაგრამ ეს უპირატესობა ქულებში ვერ ასახეს, 59-ე წუთზე კი, სამოამ თავისი მორიგი ლელო გაიტანა და მეტოქეს იმედები საბოლოოდ გადაუწურა.
შედეგად, ტონგამ სარეიტინგო მონაგარს 2,73 ქულა შემატა და ერთბაშად ოთხი საფეხურით დაწინაურდა. მან საქართველოს ნაკრებსაც გადაასწრო და მე-12 პოზიციამდე აღზევდა, თუმცა, იაპონელებმა სამოასთან მარცხის გამო 1,56 ქულა დაკარგეს და მე-15 ადგილამდე დაქვეითდნენ. ფიჯის მარცხმა თითო პოზიციით დაწინაურების შანსი მისცა სამოას და იტალიას, თავად ფიჯელები კი, ახლა “ბორჯღალოსანთა” წინა, მე-13 ადგილზე არიან. 9 ივლისს წყნარი ოკეანის თასზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება, ტონგა იაპონიას, ხოლო სამოა ფიჯის ეთამაშება და სარეიტინგო ცვლილებები ერთი კვირის თავზეც მოხდება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 4 ივლისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,19
2 (2). ავსტრალია 87,45
3 (3). სამხრეთ აფრიკა 86,44
4 (4). ირლანდია 82,51
5 (5). ინგლისი 82,48
6 (6). საფრანგეთი 82,06
7 (7). უელსი 79,55
8 (8). არგენტინა 78,97
9 (9). შოტლანდია 77,35
10 (11). სამოა 75,58
11 (12). იტალია 73,54
12 (16). ტონგა 71,63
13 (10). ფიჯი 71,33
14 (14). საქართველო 70,30
15 (13). იაპონია 69,89
16 (15). კანადა 69,78
17 (17). აშშ 66,78
18 (18). რუმინეთი 65,57
19 (19). რუსეთი 61,93
20 (20). ნამიბია 61,43
21 (21). პორტუგალია 60,67
22 (22). ურუგვაი 60,02
23 (23). ესპანეთი 59,43
24 (24). ჩილე 59,19
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,11
27 (27). ჰონკონგი 54,49
28 (28). ბრაზილია 54,35
29 (29). მოლდოვა 54,10
30 (30). კორეა 53,89
31 (31). ჩეხეთი 53,78
32 (32). ყაზახეთი 53,66
33 (33). უკრაინა 53,34
34 (34). პოლონეთი 52,88


http://worldsport.ge/Read.aspx?news=22336&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 27 აგვ 2011, 13:42

გიორგი ნიჟარაძე: “რაც ვარჯიშებზე მუშავდება, ჯერ არ გვიჩვენებია”

რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირა რჩება, საქართველოს ნაკრები კი, თავის მესამე ჩემპიონატში პირველ შეხვედრას 19 დღეში გამართავს და მზადების ეტაპიც დასკვნით ფაზაში შედის. ძირითადი საწვრთნელო ეტაპების დასრულების შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობამ ბიჭებს ერთკვირიანი დასვენება გამოუწერა. მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტი ილია მაისურაძე ცოტა ხნით თბილისში დაბრუნდა და რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად, ჟურნალისტებთან განვლილ პერიოდზე ისაუბრა.
გიორგი ნიჟარაძე: “მზადების უმთავრესი პერიოდი დასრულდა და მწვრთნელებმა ბიჭებს დასვენების საშუალება მისცა. ეს აუცილებელი იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ისე ნუ გაიგებთ, რომ ეს კვირა ბიჭები უსაქმოდ იყვნენ, უბრალოდ, ისინი აქტიური დასვენების რეჟიმში, ინდივიდუალურად ემზადებოდნენ. გუნდი ორშაბათს შეიკრიბება და გაგრძელდება ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტების დახვეწა. მანამდე, ორშაბათ საღამოს, ბიჭები ტესტებს ჩააბარებენ და მათი მდგომარეობა კიდევ ერთხელ შემოწმდება.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო დიქსონს ახალ ზელანდიაში წამსვლელთა შერჩევა გაუადვილდა. ზვიად მაისურაძემ “ორიაკთან” მატჩში მუხლი დაიზიანა და საოპერაციოა. მას საფრანგეთშივე გაუკეთდება ოპერაცია და სარეაბილიტაციო პერიოდსაც იქვე გაივლის. ხელი იტკინა და შემადგენლობას გამოეთიშა გიორგი ბეგიძე. გვესმის გულშემატკივრების, რომლებსაც ბევრი ამხანაგური მატჩების, თანაც ძლიერ მეტოქეებთან გამართვა სურდათ, მაგრამ აქ არის ორი მხარე. ერთის მხრივ, ბევრი თამაში შეთამაშებას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი, ტრავმების მიღების ალბათობის შანსი იზრდება. “ბურგუენთან” მატჩში, მეც, მწვრთნელებსაც და მორაგბეებსაც, ერთი სული გვქონდა, მსაჯი საფინალოს როდის ჩასტვენდა, რათა ტრავმები თავიდან აგვეცილებინა. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ რომელიმე მორაგბის გამოკლების შემთხვევაში, მისი შემცვლელი უმტკივნეულოდ ვიპოვოთ.
ამხანაგურ შეხვედრებში ბიჭებს ყველაფერი არ უჩვენებიათ, რაც ვარჯიშებზე დახვეწეს. ტრიბუნებზე იყო ხალხი, რომლებიც საქართველოს ნაკრების შესახებ მეტოქეებს ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიდა და მათთვის სიურპრიზები შემოვინახეთ. “ბურგუენთან” შეხვედრებში იყო ლამაზი ეპიზოდები და სწორედ ასეთ ლამაზ კომბინაციას მოყვა ჩვენი ერთ-ერთი ლელო. აშკარად ჩანდა, რომ ბიჭებს მომატების დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ტრავმების თავიდან ასარიდებლად, მეტის გაკეთება საჭიროდ არ ჩავთვალეთ. რაც შეეხება ორ სინბინს, ფრანგებმა კარგად იციან, როგორ გამოიყვანონ მდგომარეობიდან გორგოძე და ნებისმიერი ქართველი კაცი. რაც მამუკამ იმ ეპიზოდში გააკეთა, ნებისმიერი ჩვენგანი იგივეს გააკეთებდა. მეტოქემ ისეთი რაღაც უთხრა, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა. მაინც უფრო კორექტულად მოიქცა, რადგან მსოფლიო თასისთვის ემზადება, თუმცა, მეტოქესაც ღირსეული პასუხი გასცა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი შემთხვევები მსოფლიო თასზე არ იქნება. დისციპლინის მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნება და დათუნაშვილის სინბინიც სათამაშო ეპიზოდს მოყვა.
როგორც ჩვენ ვვითარდებით, ასე ვითარდებიან ჩვენი მოწინააღმდეგეებიც. ჩვენა ყველა მომავალი მეტოქის თამაშის ვიდეოფირი გვაქვს. რიჩი დიქსონი შოტლანდიის ნაკრების თამაშს (იტალიასთან) უშუალოდ დაესწრო, დანარჩენებმა არგენტინის უელსთან თამაში იხილეს და ინგლისის ირლანდიასთან ჯახსაც დაესწრებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია, ურთულესი მეტოქეები არიან, ხოლო რუმინეთი ერთა თასზე ის ერთადერთი გუნდია, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. მიზანს კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ - ზელანდიაში მინიმუმ ერთი თამაში უნდა მოვიგოთ, დანარჩენებთან კი, ჩვენი თამაშით გრანდების პატივისცემა მოვიპოვოთ. ერთი რამ ნაღდად ვიცი, საქართველოს ნაკრების თამაშის შემყურე, არცერთ ქართველს სირცხვილის გრძნობა არ გაუჩნდება და ყველა შეხვედრაში იქნება ბრძოლა პირველიდან ბოლო წამამდე”.
ილია მაისურაძე: “ორ თამაშში რამდენიმე მორაგბე დაშავდა და ადვილი წარმოსადგენია, რა იქნებოდა მეტი საკონტროლო მატჩი რომ ჩაგვეტარებინა. ვინც მსოფლიო თასზე მიდის მათგან, ხელის თითი მოიტეხა და უკვე ოპერაცია გაიკეთა ილია ზედგინიძემ. ის პირველ შეხვედრაში ნაღდად ვერ დაგვეხმარება, თუმცა, მერე თამაში შეეძლება. დავით ზირაქაშვილს სამი წელია მენისკი აწუხებს და ახლა ანთება ჰქონდა. არ გავრისკეთ და მეორე შეხვედრაში არ ვათამაშეთ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის მსოფლიო თასისთვის მზადყოფნაში იქნება. ფეხის თითი აწუხებს ლაშა მალაღურაძეს, მიკრო ტრავმა ძლივს მოიშუშა მალხაზ ურჯუკაშვილმა. სწორედ ამიტომ, ფულბეკის (15 ნომერი) პოზიციაზე რევაზ გიგაური მოვსინჯეთ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევის პირობებში, შემცვლელი გვყავდეს.
მინდა გითხრათ, რომ გიგაურს 15 ნომერზე თამაში კარგად გამოსდის, უბრალოდ ცოტა დრო უნდა რაღაც-რაღაცეების დასახვეწად. ამ პოზიციაზე მისი და ურჯუკაშვილის გარდა მერაბ კვირიკაშვილი მოიაზრება. 10 ნომერზე კვირიკაშვილის გარდა ლაშა ხმალაძე და მალაღურაძე განიხილება, თუმცა, ამ უკანასკნელს უფრო შუამარბად მოვიაზრებთ. პირველ შეხვედრაში, შოტლანდიის წინააღმდეგ, ძირითადი შემადგენლობის ბირთვი ისეთივე იქნება, როგორითაც “ბურგუენის” წინააღმდეგ ვითამაშეთ და სავარაუდოდ, მაქსიმუმ 4-5 კაცი შეიცვლება. ორშაბათიდან ვარჯიში განახლდება, მეტოქის თამაშების სრული ანალიზი გვაქვს, მათ კიდევ უკეთ შევისწავლით და ამის მიხედვით განვაგრძობთ მზადებას.
საფრანგეთში მხოლოდ ვარჯიშით არ ვიყავით დაკავებული. სამდღიან ინტენსიურ ვარჯიშებს, ერთდღიანი განტვირთვები ანაცვლებდა. დავდიოდით ზღვაზე, ვსეირნობდით ველოსიპედებით. სხვათა შორის, საფრანგეთში საქართველოს ნაკრებს გულშემატკივართა მთელი არმია ყავს. “მონპელიეს”, “კლერმონის” და სხვა ფრანგული კლუბების გულშემატკივრები, საფრანგეთის ნაკრების შემდეგ საქართველოს ქომაგობენ. საფრანგეთში სტუმრად გვეწვია ლევან ვასაძე და მისი “ბასიანის” ბიჭები. მათ ჩამოგვიტანეს პატრიარქის მიერ ჩვენი გუნდისთვის საჩუქრად გამოგზავნილი ხატი. იყო ქართული სიმღერა და შესანიშნავი საღამო, ისეთი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება”.
სრკ-ს პრეზიდენტისა და ნაკრების მწვრთნელის გარდა, პრესკონფერენციას ნაკრების მედია-მენეჯერი ახალ ზელანდიაში ლაშა ხურციძე ესწრებოდა. მისი თქმით, ზელანდიაში საქართველოს ნაკრებს არასპორტული ღონისძიებებიც ელის, რაც ძირითადად მეორე-მესამე თამაშობს შორის არსებულ ათდღიან პერიოდში გაიმართება.
ლაშა ხურციძე: “საქართველოს ნაკრების ტვირთი უკვე ზელანდიაშია. მისი განბაჟების შემდეგ, ზელანდიელი მებაჟეებისგან მივიღეთ თხოვნა, რომ მათთვის საქართველოს ნაკრების ორმოცდაათი მაისური გაგვეგზავნა და ისინი ჩვენ გვიქომაგებდნენ. ზელანდიაში გვხდება საქართველოს ნაკრების ქომაგთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ჩვენს პატივსაცემად აღლუმის გამართვას აპირებს. გარკვეულ კულტურულ ღონისძიებებს ჩვენც ვგეგმავთ. გვექნება ქართული კულტურის დღეები, სადაც მთელი ნაკრები ქართულ ჩოხებში იქნება გამოწყობილი და სტუმრებს გავასინჯებთ ქართულ ღვინოს. იქნება სხვა სიურპრიზებიც”.
პრესკონფერენციის ბოლოს სიტყვა კვლავ გიორგი ნიჟარაძემ აიღო. ქართული დელეგაცია ზელანდიაში 3 სექტემბერს მიემგზავრება და სრკ-ს პრეზიდენტმა მორაგბეთა ნაკრების, მთელი სარაგბო ოჯახის სახელით, წარმატებები უსურვა საქართველოს კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ნაკრებს, ძიუდოისტებს და მოჭიდავეებს: “ჩვენ შორს ვიქნებით, მაგრამ სულით და გულით მათ გვერდზე ვიდგებით. გვწამს, რომ კალათბურთელებს მინიმუმ 3 თამაშის მოგების ძალა შესწევთ. წარმატებებს ვუსურვებთ ფეხბურთელებს, ძიუდოისტებს და მოჭიდავეებს”.
ჩვენი მხრივ კი, დავამატებთ, რომ მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშება, სტარტს 9 სექტემბერს აიღებს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ, ინვერქარგილში გამართავს, ხოლო 18 სექტემბერს დანიდანში ინგლისს დაუპირისპირდება. 28 სექტემბერს “ბორჯღალოსანთა” მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება და ეს შეხვედრა პალმერსტონში გაიმართება, ხოლო 2 ოქტომბერს, იქვე საქართველოს ნაკრები არგენტინას გაეჯიბრება.
თასისწინა მზადებაზე “ბორჯღალოსანთა” შოტლანდიელმა დამრიგებელმა რიჩი დიქსონმა შემდეგი განაცხადა: “ნაკრებმა ძალიან კარგად იმუშავა და ჩვენ უაღრესად კმაყოფილი ვართ მათი წინსვლით. საფრანგეთში გამართულმა ორმა თამაშმა ჩვენი გუნდი ერთ მუშტად შეკრა და საშუალება მისცა, დაემუშავებინათ ძირითადი სათამაშო კომბინაციები. დამსახურებული შესვენების შემდეგ, ჩვენ ყველანი კვლავ შევიკრიბებით საფრანგეთში, სადაც გავაგრძელებთ გუნდის სარაგბო ტექნიკისა და ფიზიკური ფორმის სრულყოფას”.
რაც შეეხება საბოლოო, 30 კაციან განაცხადს, შვიდი “ბორჯღალოსანისთვის” ეს მსოფლიო თასი მესამე იქნება. ესენი არიან პირველხაზელები გოდერძი შველიძე და აქვსენტი გიორგაძე, მეორეხაზელი ილია ზედგინიძე, მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე, მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი და ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი. მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს საქართველოს ნაკრების თოთხმეტი მორაგბე: პირველხაზელები ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და დავით ქუბრიაშვილი, მეორეხაზელები ვახტანგ მაისურაძე და გიორგი ნემსაძე, მესამეხაზელები ვიქტორ კოლელიშვილი, დიმიტრი ბასილაია და გივი ბერიშვილი, მგეზავი ლაშა ხმალაძე, შუამარბი ლაშა მალაღურაძე და გარემარბები ლექსო გუგავა, ირაკლი ჩხიკვაძე და ალექსანდრე თოდუა. დანარჩენმა ცხრა სპორტსმენმა, რაგბის უდიდეს ფორუმზე ოთხი წლის წინ, საფრანგეთში ითამაშა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 27 აგვ 2011, 13:46

1(1) NEW ZEALAND 91.64
2(2) AUSTRALIA 87.75
3(3) SOUTH AFRICA 85.70
4(4) FRANCE 83.79
5(5) ENGLAND 81.82
6(7) WALES 80.79
7(6) IRELAND 79.57
8(9) SCOTLAND 78.83
9(8) ARGENTINA 78.40
10(10)SAMOA 74.55
11(11)ITALY 73.88
12(15) TONGA 72.49
13(13)JAPAN 71.96
14(14)CANADA 71.56
15(12) FIJI 70.83
16(16)GEORGIA 70.30
17(17)ROMANIA 65.69
18(18)USA 65.00
19(19)RUSSIA 61.93
20(20)NAMIBIA 61.43

ესეც IRB რეიტინგის პირველი ოცეული დღეის მდგომარეობით
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 29 აგვ 2011, 12:05

იაპონია - აზიის “მარადმწვანე” ჩემპიონი
იაპონიის მორაგბეთა ნაკრები, ტრადიციულად, აზიის უძლიერესი გუნდია და მას სამეზობლოში კონკურენციას ვერცერთი ნაკრები ვერ უწევს. ამის გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ მას წყნარი ოკეანის ნაკრებებთან (სამოა, ფიჯი, ტონგა) თამაშის უფლება მისცა და იაპონურმა რაგბიმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
იაპონიის ნაკრების ზედმეტსახელი “საკურაა”, რაც ქართულად “აყვავებულ ალუბლად” ითარგმნება. იაპონიის რაგბის კავშირი 1926 წელს დაარსდა და IRB-ში იმავე წელს გაწევრიანდა, თუმცა იაპონური რაგბი გაცილებით ადრე დაიწყო.
იაპონელმა პუბლიკამ რაგბი, როგორც სათამაშო სახეობა, პირველად 1874 წელს იხილა, როდესაც ბრიტანელი მეზღვაურები იოკოჰამაში ჩავიდნენ. თავად იაპონელებმა რაგბის თამაში 1899 წელს დაიწყეს. ოვალური ბურთის თამაში კეიოს უნივერსიტეტში, პროფესორმა ედვარდ ბრამველ კლეირკმა და ტანაკაოი ჯინოსუკომ დანერგეს, პირველი საერთაშორისო შეხვედრა კი, იაპონელებმა 1932 წლის 31 იანვარს გამართეს. მათი მეტოქე იაპონიაში სტუმრად მყოფი კანადის მოვაჭრეთა დელეგაცია იყო და მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში 9:8 იმარჯვეს.
სერიოზული რაგბობა იაპონიამ 1968 წელს დაიწყო, როდესაც მათი გუნდი ახალ ზელანდიას ესტუმრა და იქაურ კლუბებთან იბურთავა. იაპონელებმა თავიდან ოთხი შეხვედრა წააგეს, მაგრამ მომდევნო მატჩში 23:19 იმარჯვეს და მას კიდევ ხუთი გამარჯვება მიაყოლეს. მალე იაპონური რაგბი ბობოლებმაც დააფასეს და 1971 წლის 29 სექტემბერს, ტოკიოს ინგლისი ესტუმრა. აზიელები გამოცდილ მეტოქეს იოლად არ დანებდნენ, მაგრად ებრძოლნენ და მხოლოდ 3:6 დამარცხდნენ, 1983 წლის 2 ოქტომბერს კი, იაპონია უელსს კარდიფში მიუხტა და მხოლოდ 5 ქულით, 24:29 დამარცხდა, რაც გამოუცდელი გუნდისთვის დიდი მიღწევა გახლდათ.
პირველ დიდ, სახელოვან გამარჯვებას იაპონიამ 1989 წელს, ავსტრალიის ტურნეზე მიაღწია. მაშინდელ “საკურას” ხიროაკი შუკუზოი ავარჯიშებდა, მისი გუნდი შოტლანდიას ეთამაშა და 28:24 იმარჯვა. იმ შეხვედრაში იაპონელებს ყველაფერი გამოუვიდათ, 7 სასწაული ჯარიმა გაიტანეს და ერთი ლელოც მიაყოლეს. შოტლანდიამ იაპონიასთან ფეხით თამაში ითაკილა, დასარტყმელი ჯარიმები აუტში გადაიტანა, მხოლოდ ხელით თამაშით კი, ფონს ვერ გავიდა და აზიელებს ისტორიული გამარჯვება მიუძღვნა.
იაპონიამ 1987 წლიდან ყველა მსოფლიოს თასზე ითამაშა, რადგან აზიაში მისი მძლეველი არ გამოიძებნა, თუმცა, ამ დრომდე ოთხწლეულების მთავარ ტურნირებზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სადებიუტო მსოფლიო თასზე, აზიელებს გამარჯვების შანსი მხოლოდ აშშ-სთან ჰქონდათ, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს და 18:21 დამარცხდნენ, ინგლისთან (7:60) და ავსტრალიასთან (23:42) კი, შანსი არ ჰქონდათ. ოთხი წლის შემდეგ, “საკურამ” მსოფლიო თასზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა. შოტლანდიასთან (9:47) და ირლანდიასთან (16:32) მარცხის შემდეგ, მათ ზიმბაბვეს 52:8 სძლიეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ეს იყო იაპონელთათვის პირველი და ჯერჯერობით, ბოლო გამარჯვება მსოფლიო თასზე.
1995 წელს, იაპონიას დიდი სირცხვილი ელოდა. აზიელები უელსთან (10:57) და ირლანდიასთან (28:50) მისაღები ანგარიშებით კი დამარცხდნენ, მაგრამ მერე დაუნდობელ ზელანდიასთან თავიანთთვის სარეკორდო ანგარიშით, 17:145 განადგურდნენ.
ამან იაპონური რაგბის განვითარება შეაფერხა, მაგრამ ის 1999 წლის მსოფლიო თასზე მაინც გავიდა, სადაც კვლავ სამივე მატჩში დამარცხდა - სამოასთან (9:43), უელსთან (15:64) და არგენტინასთან (12:33). XXI საუკუნის დამდეგს, ქვეყანაში სპორტის ამ სახეობისადმი ყურადღებამ იმატა და ეს შედეგებზეც აისახა. 2002 წლის პირველ ივლისს, “საკურამ” ტაივანი 155:3 გაანადგურა და არსებობის ისტორიაში სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა. თავის მეხუთე, 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიოს თასზე, იაპონიამ თავი სწრაფი, ლამაზი თამაშით გამოიჩინა და მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა, თუმცა, გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა და ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა - შოტლანდიასთან 11:32, საფრანგეთთან 29:51, ფიჯისთან 13:41 და აშშ-სთან 26:39.
2004 წელს იაპონიის ნაკრების სათავეში მიტსუტაკე ჰაგიმოტო მივიდა და გუნდის თამაში კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა. ჰაგიმოტოს გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში კორეას ვერ სძლია - 19:19, მაგრამ ამის შემდეგ წარმატებული სერია დაიწყო. 2004 წლის მაისის ბოლოს, იაპონიამ სუპერთასს უმასპინძლა, რუსეთის ნაკრები 29:12, კანადა კი, 34:21 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებათა სერია იაპონიამ იმავე წელს, იტალიასთან შეწყვიტა, არადა, იაპონია მოგებას იმსახურებდა, თუმცა ვეტერანმა მორაგბე დაისუკე ოჰატამ უამრავი შეცდომა დაუშვა და მისი გუნდი 19:32 დამარცხდა. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ იტალიელთა მწვრთნელმაც აღიარა, რომ მის გუნდს გაუმართლა, სულ მალე კი, იმ მატჩის ანტიგმირი ოჰატა რეკორდსმენი გახდა. დღესდღეისობით ოჰატა ის მორაგბეა, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრებში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ლელო დაუგროვდა - მან 58 შეხვედრაში 69 ლელო გაიტანა, თავისი სარეკორდო ლელო კი, მაინცდამაინც საქართველოს ნაკრებთან დაამიწა. იაპონია საქართველოს 2006 წლის 14 მაისს ეთამაშა და იმ შეხვედრაში ოჰატამ სამი ლელო გაიტანა, უკანასკნელი კი სარეკორდო გამოდგა. იმ დროისთვის იაპონელს 65 ლელო დაუგროვდა და დევიდ კამპეზეს ერთი ლელოთი გადაასწრო. ეს წარმატება, გარკვეულწილად იმის დამსახურება იყო, რომ იაპონელებს აზიაში ღირსეული კონკურენტები არ ჰყავდა და ყველა შეხვედრას დიდი ანგარიშით იგებდა, მაგრამ მიღწევა მიღწევად რჩება.
სანამ ოჰატა რეკორდს მოხსნიდა, 2004 წლის 13 ნოემბერს იაპონია შოტლანდიას ესტუმრა, შოტლანდიელებმა ძველი წყენა გაიხსენეს და აზიელებს თავისთვის სარეკორდო გამარჯვება უსახსოვრეს, ევროპელებმა 100:8 იმარჯვეს. ასეთი კატასტროფული განადგურება, გარკვეულწილად იმანაც გამოიწვია, რომ ევროპულ ტურნეზე იაპონიის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით წავიდა, რადგანაც ბევრი მორაგბე კლუბმა არ გაათავისუფლა. იაპონიას შოტლანდიური მატჩი სხვა კუთხითაც დაამახსოვრდა. მათ სურდათ, რომ შოტლანდიაში მთავარ სარაგბო არენაზე - “მარიფილდზე” ეთამაშათ, თუმცა, შოტლანდიის რაგბის კავშირის პოლიტიკა სხვაგვარი იყო, მათ სურდათ, რომ გლაზგოელი გულშემატკივარი მიეზიდათ და იაპონიას გლაზგოში, “ჰემპდენ პარკზე” უმასპინძლეს. შეხვედრას არც ისე ბევრი, 10 278 მაყურებელი დაესწრო.
ერთ კვირაში იაპონიამ რუმინეთში გადაინაცვლა და “სტიაუას” საფეხბურთო სტადიონზე რუმინეთთან 10:25 დამარცხდა, კიდევ ექვს დღეში კი, ბრიტანეთში დაბრუნდა, კარდიფის “მილენიუმზე” უელსს ეთამაშა და 0:98 განადგურდა. უელსში იაპონიის თამაშით ხალხი სერიოზულად დაინტერესდა და აზიელთა განადგურების საყურებლად, “მილენიუმზე” 56 380 მაყურებლი მივიდა. 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს თასზე, იაპონია ავსტრალიასთან 3:91, ხოლო უელსთან 18:72 განადგურდა, ფიჯის დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 31:35 წააგო, კანადას კი ფრედ 12:12 ეთამაშა და მსოფლიო თასზე მეორე გამარჯვებაზე ოცნება 2011 წლისთვის გადადო.
იაპონური რაგბის ზრდა დიდწილად 2006 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. არაფრისმომცემი აზიის თასის გარდა, “საკურა” წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩართეს და ძლიერ მეტოქეებთან თამაშის მუდმივმა პრაქტიკამ, ის სულ სხვა დონეზე გაიყვანა. მართალია, თავიდან აზიელები დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნიდნენ, მაგრამ 2011 წელს სიტუაცია შეიცვალა. ამა წლის ივნისში, სამოასთან მარცხის შემდეგ, იაპონელებმა ფიჯი და ტონგა დაამარცხეს და წყნარი ოკეანის თასი პირველად მოიგეს.
2006 წლის 26 ოქტომბერს, იაპონურ რაგბიში კიდევ ერთი გარდამტეხი რამ მოხდა. “საკურას” მთავარ მწვრთნელად მანამდე ნაკრებში კონსულტანტად მომუშავე ახალზელანდიელი ჯონ ქირვანი დაინიშნა. ქირვანმა თავიდანვე განაცხადა, რომ ის საკუთარ გუნდს სამურაის სულს შთაბერავდა და წარმატების დროც მალე დადგებოდა. ახლა იაპონიის ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა და ცოტა ხნის წინ რუსეთის ნაკრები განაადგურა, ახლახან კი, მსოფლიოს თასისთვის მზადების ეგიდით აშშ-ს 20:14 აჯობა. ქვეყანაში ამჟამად 3 620 კლუბი და 122 598 მორაგბეა რეგისტრირებული. იაპონურ კლუბებში ფიჯის, ტონგას, სამოას და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მორაგბეებიც მიდიან სათამაშოდ, რაც მათ იაპონური კლუბების და ჩემპიონატის დონეს მნიშვნელოვნად ამაღლებს.
მსოფლიო რეიტინგში იაპონიის ნაკრები 71,96 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. “საკურას” საუკეთესო ბომბარდირი კეიჯი ჰიროსეა, რომელმაც გუნდს 422 ქულა შესძინა, თუმცა, ის ნაკრების წევრი აღარაა და მონაგარს ვეღარ გაზრდის. ახალ ზელანდიაში იაპონია A ჯგუფში, მასპინძელ ზელანდიასთან, საფრანგეთთან, ტონგასთან და კანადასთან ითამაშებს. ქირვანის მიზანი მინიმუმ ორი შეხვედრის მოგება და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს რაგბის მსოფლიო თასს იაპონია უმასპინძლებს და იქ “საკურა” უკვე ჯგუფური ეტაპის დაძლევას გეგმავს.
საქართველოს და იაპონიის ნაკრებების გზები ერთხელ გადაიკვეთა და ისიც იმიტომ, რომ მაშინ ურუგვაი საკონტინენტთაშორისო თასზე სათამაშოდ თბილისში არ გვეწვია. მაშინ IRB-მ საქართველოს ნაკრებს კომპენსაციის სახით იაპონური ტურნე შესთავაზა, ქართველებიც დათანხმდნენ და კუნძულს შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნენ, შედეგად, იაპონიის A ნაკრებთან 14:15 დამარცხდნენ, არადა პირველი ტაიმის შემდეგ 14:0-ს იგებდნენ, ძირითად გუნდთან კი, უფრო დიდი სხვაობით - 7:32 წააგეს.
ჯონ ქირვანს ზელანდიაში შემდეგი მორაგბეები მიყავს: ჰისატერუ ჰირაშიმა, ნაოკი კავამატა, იუსუკე აოკი, შოთა ჰორი, ჰიროკი იუჰარა, კენსუკე ჰატაკეიამა, ნოზომუ ფუჯიტა, ჰიტოში ონო, ტოშიზუმი კიტაგავა, ლუკ ტომპსონი, ჯუსტინ ივესი, ტაკაში კიკუტანი, მახაელ ლეიტჩი, სიონე ვატუვეი, რუიკოლინიასი ჰოლანი, იტარუ ტანიგუჩი, ფუმიაკი ტანაკა, ტომოკი იოშიდა, აცუში ჰივასა, ჯეიმს არლიდჯი, მურაი უილიამსი, იუტა იმამურა, რაიან ნიკოლასი, კოჯი ტაირა, ალისი ტუპუაილაი, ჰიროტოკი ონოზავა, კოსუკე ენდო, ტაკეჰისა უზუცუკი, შეინ ვები, ტაიჰეი უედა.

ეჰ ჩვენ როდის გვეღირსება ცოტა ძლიერ გუნდებთან თამაში? გადავიდა თუ არა წყნარ ოკეანეში ეს იაპონია ეგრევე გაიზარდა თამაშის ხარისხი და ჩვენც გვეშველოს რამე და უკეთესობისკენ წავიდეთ.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 05 სექ 2011, 21:01

Georgia get warm welcome in cold south
(Rugby News Service) Monday 5 September 2011


QUEENSTOWN, 5 Sept. - Georgia's Rugby World Cup 2011 squad received a warm welcome as they arrived at Queenstown Airport on Monday.
They were greeted by an enthusiastic flag-waving crowd, including two local junior rugby teams sporting Georgia-style face painting.
The players then received Maori karanga and a powhiri (a welcome haka).
Georgia's Australian defence coach John Muggleton is convinced the welcome and the locals taking the team under their wing would have a positive effect on the squad.
"It'll make them feel at home," he said. "They're a long way from home and to be welcomed like this will set us off on a good foot, because they'll start to feel like they're accepted, which is great."
Positive aspects
Queenstown Lakes District Council mayor Vanessa van Uden officially welcomed the Georgia squad and was pleased to see the reception they received.
"It was fantastic, I think the guys from Georgia were blown away," she said. "I think it makes you feel really proud to be from New Zealand and really proud to be from Queenstown."
After having already welcomed Ireland, who arrived on 1 September, mayor Van Uden said she was happy to have RWC teams in the town and recognised the positive aspects of hosting overseas visitors.
"We're absolutely delighted to have these guys here," she said.
"It's a huge opportunity for our guys to see some top-class world players and actually see them as people doing things we take for granted."
Georgia begin their RWC 2011 campaign with a match against Scotland in Invercargill on 14 September.


http://www.rugbyworldcup.com/home/teams ... 48067.html
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 07 სექ 2011, 11:59

სხვა ზელანდია სად არის?

მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშების მასპინძელი ახალი ზელანდია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, ეგზოტიკური და იმავდროულად ძალიან თანამედროვე, სტუმართმოყვარე და კეთილშობილი ხალხით დასახლებული ქვეყანა აღმოჩნდა. ამას საქართველოს ნაკრების მორაგბეები, რომლებიც ორი დღეა ამ ულამაზეს ქვეყანაში იმყოფებიან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობენ.
"ბორჯღალოსნებმა" პირველი ბანაკი ახალი ზელანდიის სამხრეთში, საკურორტო ქალაქ ქვინზთაუნში დასცეს. თუმცა მანამადე, საკმაოდ მომქანცველი, გრძელი გზა გაიარეს. ახალი ზელანდიელების გამორჩეულობას, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თავისი ქვეყნისადმი, მიწა-წყლისადმი, უცხოელი სტუმარი საზღვარის გადაკვეთისთანავე იგრძნობს.
საოცარია, მაგრამ ოფიციალურადაა აკრძალული ქვეყანაში კვების პროდუქტების, ცხოველების საკვებისა და ჭუჭყიანი, ტალახიანი ფეხსაცმლის შეტანა. თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან ქვეყანაში რაიმეს შეტანას აპირებთ, ის აუცილებლად დეკლარაციაში უნდა შეიტანოთ, თუ არადა, ან დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, ან სულაც ციხეში ჯდომა.
რატომ იკრძალება ახალზელანდიაში ჭუჭყიანი ფეხსაცმელი? ცნობილია, რომ ეს ქვეყანა ერთადერთია დედამიწაზე, სადაც რეპტილიების რამდენიმე სახეობის გარდა, ქვეწარმავლები არ ბინადრობენ. ერთი სიტყვით, სუფთა მიწაა და ადგილობრივი მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს, ეს სისუფთავე შეინარჩუნოს, ვინმემ რაიმე ახალი მიწის სახეობა არ შეიტანოს, რომელიც ათსგვარი ბინძური ცხოველისა თუ მწერის სახეობის გაჩენას გამოიწვევს.
საინტერესოა, რომ, რაც უნდა საოცარი იყოს, ახალზელანდიელები ბევრი რამით გვანან ქართველებს.
სტუმართმოყვარეობის შესახებ უკვე გითხარით. მათ, განსაკუთრებით კი აბორიგენ მოსახლეობას, მაორებს, ძალიან უხარიათ თუ მათ ენაზე რამეს ეტყვით. ისინი ყველას უსვამენ ერთ კითხვას - როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა? როცა პასუხობ, რომ გარშემო ყველაფერი ფანტასტიკურია, თვალებში ნაპერწკალი უკრთით, სახე უბრწყინავთ და კმაყოფილნი ათას მადლობას გიხდიან.
ჰო, და რაც მთავარია, ყველა ახალზელანდიელს ღრმად სწამს, რომ მათზე ჭკვიანი და ძლიერი ამ ქვეყანაზე არავინ არის. მათ სამშობლოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს. ერთი სიტყვით, სხვა ზელანდია სად არის... ცხადია, ყოველივე ეს, ახალზელანდიელებს, ისევე როგორც ჩვენ, ქართველებს, საკუთარი ქვეყნის მიმართ ასე უსაზღვრო სიყვარულის გრძნობის გამო ჰგონიათ.
საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა და პატივს სცემენ ტრადიციებს, წინაპრების ხსოვნას. ეს კი ეროვნული თვითშეგნების გარდა, მათ ცხოვრების თავისებურ, ყველასაგან გამორჩეულ წესს უნარჩუნებს. შრომისმოყვარეობა, თითოეული ახალზელანდიელის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისებაა. ქვეყანა ძირითადად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს.
თუმცა, როგორც გაირკვა, ბოლო ხანს ახალზელანდიელებს თნამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების შექმნასა და დახვეეწაში დიდი წვლილი მიუძღვით. ამ სფეროში, განსაკუთრებით კინოინდუსტრიასთან თანამშრომლობაში, მათ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავთ.
მაგალითისთვის, ისიც კმარა, რომ ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ბიუჯეტით მრავალმილიონიანი ფილმის, "ავატარის" სპეცეფექტები, სწორედ ახალ ზელანდიაშია დამზადებული. ასე რომ, ჩვენთვის (და არა მარტო ჩვენთვის) ეს შორეული ქვეყანა ყველანაირად ცდილობს მსოფლიოს განვითარების რიტმს არ ჩემორჩეს, რასაც მხოლოდ მუხლჩაუხრელი, ბეჯითი შრომის წყალობით აღწევს კიდეც.
ქართველები, ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც ცხოვრობენ ახალ ზელანდიაში. ყველაზე ცნობილი მათ შორის დედა-შვილი მზია და მარინა კანდელაკები არიან, რომლებიც ოქლენდში სახლობენ და ყველსა და სულგუნს აწარმოებენ.
ქვინზთაუნში მასპინძლებმა კიდევ ერთი ქართველი, სანდომოიანი ქალბატონი მზია ხმალაძე გაგვაცნეს, რომელიც მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდისთვის თარჯიმნად დაუქირავებიათ. ის მეუღლესთან ერთად ველინგტონში ცხოვრობს და ამ ქალაქის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.
პირველი დღიდან მოყოლებული ქალბატონი მზია გუნდს გვერდიდან არ სცილდება და ადგილობრივებთან ურთიერთობაში ეხმარება. თუმცა დასახმარებელიც ბევრი არაფერია. აქ მზად არიან ყველას, განსაკუთრებით კი მორაგბეებს, რომლებსაც გასაგები მიზეზების გამო უდიდეს პატივს სცემენ, ნებისმიერი პრობლემა უსწრაფესად მოუგვარონ.
ჩვენი გუნდის ვიზიტი ქვინზთაუნში, როგორც უკვე ვწერდით, ადგილობრივების საკმაოდ ამაღელვებელი დახვედრით დაიწყო. ბიჭები დადებითი ენერგიით დაიმუხტნენ, მიხვდნენ, რომ აქ, ამ შორეულ ქვეყანაში, მათ გულშემატკივრები ჰყავთ. თუმცა, სასტუმროში მისულებს ერთი უსიამოვნო სიურპრიზი მაინც ელოდათ. სამწუხარო გაუგებრობის გამო ავსტრალიურ კომპანია "კუგას" მიერ შეკერილი სპორტული ფორმა (სათამაშო, სვარჯიშო, ცივილიური) ადგილზე არ დაგვხვდა. არადა, კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი მოგვარებულია და ეკიპირებას სასტუმროში მიიღებთო.
მოგვიანებით, საქართველოს ნაკრების მენეჯერთა მცდლობით პრობლემა მოგვარდა და ტვირთი ქვინზთაუნში მოიძიეს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო "ბორჯღალოსანთა" ახალ ზელანდიაში ყოფნის მეორე დღე. ჩვენ გუნდს ოფიციალური მიღება - "ველქამ ფართი" გაუმართეს. ბორჯღალოსნებს ადგილობვრმა ხელისუფლებამ და IRB-ის დიდმოხელემ, სიდ მილარმა უმასპინძლა.
მიღება საკმაოდ საინტერესო ცერემონიალით - მაორების საბრძოლო ცეკვით, "კივი ჰაკათი" გაიხსნა. ამ ტრადიციას, აბორიგენი მოსახლეობის კულტურას, შეხვედრაზე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო. მასპინძლებმა ტრადიციის თანახმად თავიანთი ხალხის მოკლე ისტორია სიმღერით გაგვაცნეს. არსებული წესის მიხედვით, ჩვენ გუნდს სიმღერითვე უნდა ეპასუხა.
"ბორჯღალოსნებმა" ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, "ქართული ხმების" მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა" იმღერს. რამაც, ცხადია, დამხვდურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
სიდ მილარმა, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების დირექტორია, ისიც კი თქვა, "თუ ისევე თამაშობთ, როგორც მღერით, მსოფლიოს ჩემპიონები გახდებითო."
საქართველოს ნაკრებს სიტყვით მიმართა მაორების ადგილობრივი ტომის ბელადმა:
"ვიცით, რომ ქვეყანას, საიდანაც თქვენ ჩამოხვედით ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. იმედი გვაქვს, რომ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი წინაპრები აქ ექვსასი წლის წინ მოვიდნენ და დასახლდნენ. ცუდი გემოვნება არ ჰქონიათ. დამეთანხმებით, ფანტასტიკური ადგილია.
ჩვენ ბევრი საერთო გვქონია. თანაბარი გვყოლია ქვეყნის მოსახლეობა. ქართველები, ისევე როგორც ჩვენ, ლუდით თურმე მხოლოდ მტრების სადღეგრძელოს ამბობენ. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტს ვკითხულობ ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ, მით უფრო მომწონს ეს ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრები ახლა, აქ ჩვენთან ერთად არიან, გვიცქერენ და ჩვენთან ერთად ხარობენ.
იმედი მაქვს მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ერთი გუნდის გარდა, ყველას მოუგებთ. განსკუთრებით კარგად უნდა დაუხვდეთ ავსტრალიელებს. ინგლისი კი, პატივი დაგვდეთ და აუცილებლად დაამარცხეთ."
უხუცესმა მაორიმ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ირაკლი აბუსერიძეს, სუვენირად ადგილობრივი მადნეულისგან დამზადებული სკულპტურა გადასცა, რომელიც იქვე აკურთხეს. როგორც ბელადმა თქვა, საჩუქარი იმ მასალისგანაა დამზადებული, რომელსაც მხოლოდ ახალ ზლანდიაში მოიპოვებენ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ახალზელანდიელებს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის:
"ერთს ნამდვილად გპირდებით. ჩვენი გუნდი ყველაფერს იღონებს, რათა ისე ითამაშოს, რომ ქართველმა ერმა მისით იამაყოს. ასევე ამაყნი იქნებით თქვენც, რადგან დღეიდან, მიგვაჩნია, რომ ჩვენც თქვენი ნაწილი ვართ."
ირაკლი აბუსერიძე:
"ძალიან კარგი, სასიამოვნო შეხვედრა იყო. ნელ-ნელა ვეცნობით ადგილობრივების კულტურას, რაც ჩვენსას ბევრ რამეში ჰგავს, თუნდაც სტუმართმოყვარეობა ავიღოთ. შესანიშნავი ბუნება აქვთ.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მსოფლიოს თასზე წარმატებულად ვიასპარეზოთ და ეროვნული ნკრების კვართი ღირსეულად ვატაროთ."
დავით კაჭარავა:
"ახალზელანდიური კულტურის შესახებ კი გვსმენია, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველანი გაკვირვებული დავრჩით.ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებთ, მალე პირველი თამაშიც გვექნება და ყველაფერს ვიღონებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ."
სადილის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ფოტოსესია ჰქონდა. საღამოს კი გუნდმა ძალოსნობის დარბაზში ივარჯიშა. მოედანზე პირველ ვარჯიშს "ბორჯღალოსნები" დღეს, 7 სექტემბერს გამართავენ.

წყარო: http://www.facebook.com/notes/georgian- ... 9839509796

ეს კი სტატიაში მოხსენიებული ზელანდიასი ქართველთა მიერ დამზადებული სულგუნი :)

Image

გია უბირიას ფოტოებიდან
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 08 სექ 2011, 10:09

ხვალ, 9 სექტემბერს იწყება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი დროით 12:30 (სავარაუდოდ) იქნება პირველი თამაში ახალი ზელანდია - ტონგა
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
რაგბის მატჩები

Post by burdiani » 08 სექ 2011, 11:53

მგონი კარგია რომ პირველ წრეში ვისვენებთ და მერე ვხვდებით შოტლანდიას
საქართველოსთვის!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 სექ 2011, 15:21

დადგა ნანატრი დღე და დაიწყო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და მგონი ამართლებს მოლოდინებს. ჩემპიონატის გახსნა იყო მეტად შთამბეჭდავი და ინფორმაციული, ზელანდიელებმა თავი არ შეირცხვინეს.

ახლა გთავაზობთ ანგარიშებს:

ჯგუფი "ა"
ახალი ზელანდია 41 - 10 ტონგა
საფრანგეთი 47 - 21 იაპონია
ტონგა 20 - 25 კანადა
ახალი ზელანდია 83 - 7 იაპონია
საფრანგეთი 46 - 19 კანადა
ტონგა 31 - 18 იაპონია

ჯგუფი "ბ"
შოტლანდია 34 - 24 რუმინეთი
არგენტინა 9 - 13 ინგლისი
შოტლანდია 15 - 6 საქართველო
არგენტინა 43 - 8 რუმინეთი
ინგლისი 41 - 10 საქართველო

ჯგუფი "ც"
ავსტრალია 32 - 6 იტალია
ირლანდია 22 - 10 აშშ
რუსეთი 6 - 13 აშშ
ავსტრალია 6 - 15 ირლანდია
იტალია 53 - 17 რუსეთი
ავსტრალია 67 - 5 აშშ

ჯგუფი "დ"
ფიჯი 49 - 25 ნამიმბია
სამხრეთ აფრიკა 17 - 16 უელსი
სამოა 49 - 12 ნამიბია
სამხრეთ აფრიკა 49 - 3 ფიჯი
უელსი 17 - 10 სამოა
სამხრეთ აფრიკა 87 - 0 ნამიბია
Last edited by avtokh on 23 სექ 2011, 19:51, edited 13 times in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 10 სექ 2011, 15:25

შემოგთავაზებთ კომენტატორულ მარგალიტებს რუმინეთი-შოტლანდიის თამასიდან:

"ადვილი ხომ არაა 130 კილოგრამიანი კაცის გაქრობა? ნახე რა სახალადეცე კისერი აქვს";

"მსაჯმა რატო მისცა ჯარიმა გაურკვეველი? ალბათ ჩაესტვინა ან შოტლანდიელმა მიაძახაე ბიჭო ჩასტვინეო. კაი საბჭოთა კავშირი ხომ არაა";

"რატო უნდა გაიყინო სტადიონზე როცა ბარშიც შეიძლება უყურო თამაშს და თან ვისკი სვა";

"ტაიმებს შორის კარგად უხსნიან რაბის წესებს ვიდეო რგოლებით და ამიტომ შუა თამაშში აღარ ვხსნით წესებს ტვინი რომ არ ვუხნათ იმგენს";

"იმდენად მაგრად დაუხვდნენ რუმინელები, რომ კინაღამ ბარკალიც წააგლიჯა".
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
რაგბის მატჩები

Post by დათო » 14 სექ 2011, 14:24

კარგად იბრძოლეს ჩვენებმა. კლასში სხვაობა კვლავ საგრძნობია, მაგრამ თანდათან მცირდება. ლელო ვერ გაგვიტანეს. :)

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 14 სექ 2011, 15:09

ეგრეა დავით, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ფაქტიურად ჯარიმების ხარჯზე დავმარცხდით.
Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
რაგბის მატჩები

Post by QEBURIUS » 14 სექ 2011, 15:33

მეორე ტაიმში შოტლანდიამ შანსი არ დაგვიტოვა, თუმცა ლელოს დადება ვერც მათ მოახერხეს. ნუ რას ვზამთ, თავს ზემოთ ძალა არ არის, ვითამაშეთ და წავაგეთ. გადავდეთ ქართველებმა რაგბის სამყაროში ჩვენი სენსაციური აფეთქება. იმედია დიდი ხნით არა, იქნებ არგენტინასთან, რომელიც ჩვენტან შესაძლოა უმოტივაციოდაც კი დარჩეს
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
goldfinch
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 11 აპრ 2010, 16:36
რაგბის მატჩები

Post by goldfinch » 14 სექ 2011, 15:52

შემდეგი თამაში ინგლისთან გვაქვს. მგონი ჯგუფიდან ვერ გავალთ მაგრამ რა იცი რა ხდება, ბურთი ოვალურია
მომაწევინე თამბაქო,
ოღონდ არ მითხრა არ მაქო!

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
რაგბის მატჩები

Post by დათო » 14 სექ 2011, 20:43

avtokh
კი ავთო, დიდწილად მაგაში გამოვლინდა კლასში სხვაობა - ისინი უფრო დისციპლინირებულად თამაშობდნენ და ნაკლებ ჯარიმებს იკიდებდნენ.

goldfinch
ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი არც იყო, ასეთ ჯგუფში მე3 ადგილის დაკავებაც იქნებოდა დიდი წარმატება, მაგრამ ამისთვის შოტლანდიასთან უნდა მოგვეგო (რუმინეთის გარდა).

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]