ამქვეყნად უსასრულო არაფერია. მათ შორის - არც ქეცბაიას ნაკრების წაუგებლობა გაგრძელდებოდა მუდმივად. სადღაც ეს ჯაჭვიც უნდა გაწყვეტილიყო და გაწყდა კიდეც. ალბათ, ლოგიკურიცაა - ნახორვატებს ისრაელის ძლიერ გუნდთან გასვლა მეტისმეტად მალე მოგვიწია. პრაქტიკულად, გუნდს 1 დღე ჰქონდა, რადგან დანარჩენი მგზავრობას უნდოდა. საერთოდაც, ჩვენი ჯგუფის კალენდარი საისრაელო იყო - ჩვენ ასეთი გიჟური გადარბენა, იმათ - ამ პერიოდში ორივე მატჩი სახლში იტამაშეს, ხორვატია ისვენებდა... სამწუხაროდ, ყველაფერში დოყლაპიები როგორ უნდა ვიყოთ - თავდაპირველი ვარიანტიც, ისრაელში 7 ოქტომბერს უნდა გვეთამაშა, მაგრამ მაშინ მანდ რაღაც რელიგიური დღესასწაული ყოფილა და იმათ უთხოვიათ მაგ თამაშის ახლა გადმოტანა, რასაც ჩვენებიც დაეთანხმნენ...

არავის რელიგიას არ შეურაცხვყოფ, მაგრამ არაფრის დიდებით არ უნდა დათანხმებოდნენ ამას.
თუმცა რაც მოხდა, ტრაგედია არაა. როცა ქეცბა მოვიდა, მაშინ არავინ ფიქრობდა ფინალურ ეტაპზე გასვლაზე, ერთადერტი მოთხოვნა ბრძოლისუნარიანი კოლექტივის, გუნდის შექმნა იყო. ქეცბამ ეს შეძლო და ახლა ერთბაშად გაგვიჩნდა ფინალურ ეტაპზე გასვლის ამბიცია! გასვლა კარგია, მაგრამ ეს არც ლოგიკური იქნება და ამ ნაკრებით არც არაფერი გვესაქმება იქ. ნაკრებს ჯერ კიდევ ბევრი სჭირდება, ჯერ კიდევ ასაშენებელია და მირჩევნია, ქეცბაია ამ შენების პროცესს გაჰყვეს.
ერთი საზოგადოებისთვის დაფარული, მაგრამ საინტერესო ფაქტი, რისთვისაც ქეცბაია კიდევ უფრო დავაფასე. მოგეხსენებათ, მაგას არ უყვარს ჟურნალისტების რია-რია და ხორვატიასთან თამაშის წინ გამოჰყო ორი დღე ღია ვარჯიშისთვის, დანარჩენზე კი მკაცრად მოითხოვა მედიისგან იზოლირება და ჩაიკეტა ბაზაზე. ჩვენი ანცური ხელისუფლების პიარისადმი ტრფიალი მოგეხსენებათ - ოღონდ კი ტელევიზორში გამოჩნდნენ და როცა რეალური მიზეზი არაა, სამინისტროებში ეს პიარ-ჯგუფები და იმიჯმეიკერები ზიან და ფიქრობენ, სად გაუხერხონ შეფს წასვლა, მერე მირეკავენ ტელევიზიებს, თვიტონ კი ნახევარი საათის დაგვიანებით მივლენ, რათა ატყდეს ფაცი-ფუცი, ოპერატორების კამერებით სირბილი, მაგათ კი დაყენებული ტონით იკეთონ პიარი. სპორტის მინისტრმაც ზუსტად ამგვარად მოინდომა ბაზაზე სტუმრობა. ტელევიზიები მივიდნენ და დაიჭირეს თადარიგი. ქეცბაიამ რომ დაინახა, რა უნდათ ამათ აქო. უთხრეს, მინისტრი მოდისო. მერე თუ მოდის, შემოვიდეს თვითონ და შეხვდეს ფეხბურთელებს, მაგრამ კამერები, ტელევიზიები და მაგათი ერთი ამბები არ მინდა, ახლავე მოაშორეთ ესენი აქედანო. მართლაც გაიტანა თავისი, ეს კი სპორტის მინისტრმა რომ გაიგო, საერთოდ იუარა ბაზაზე მისვლა - კამერები თუ არ იქნებოდა და ტელევიზორში არ გამოჩნდებოდა, ისე მისვლა რათ უნდოდა, მაგის კაცია განა!
მოკლედ, მაგრად გამიხარდა, ეს ამბავი რომ გავიგე.
პ.ს. ნაი, ფეხბურთს და ამ თამაშს არ ეხება, მაგრამ ორი დღის წინ შენმა მოგვარემ, ქუთაისელმა ბიჭმა ხმლით ფარიკაობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოსთვის ეს პირველი მედალია ფარიკაობაში. ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ აფციაურის მერე მედალი არ გვქონია.
პ.ს.პს. ბარემ მეორე არასაფეხბურთო "ნიუსიც" სპორტიდან, რაც კიკის დააინტერესებს:

დღეს ოლიმპიური გუნდის მედროშედ დასახელდა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომლისთვისაც ლონდონი მეშვიდე ოლიმპიადა იქნება. ლეგენდარული ქალია რა! ზუსტად ხორვატიასთან თამაშზე ხორვატიის ეოკ-ის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და არ იჯერებდა თურმე, რამდენჯერმე იკითხა, მერამდენე თამაშებიაო? ბოლოს უკითხავს, როგორ გამოიყურებაო.

ალბათ, იფიქრა, ვიღაც დედაბერი იქნებაო.
ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ სალუქვაზე საქართველოში აქამდეც რეკორდსმენი იყო, მაგრამ ახლა ტყვიის სროლაში მსოფლიოს მასშტაბითაც პირველია - ერთადერთი, სერბი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მისი მუდმივი მეტოქე და მეგობარი, სერბი იასნა სეკარიჩი თუ დაეწევა. სალუქვაძეს ერთი მსოფლიოს რეკორდიც ეკუთვნის, რომელსაც უკვე ვერავინ გაიმეორებს - 100-დან 100 ქულა, მაგრამ რეკორდსმენია მსოფლიოს სუპერტასების ფლობიტაც - 9 სუპერთასი აქვს, უახლოესი მდევრები კი, თუ იმათ მდევრები ჰქვიათ, 6-6 ჯილდოთი იგივე სეკარიჩი და ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ტაო ლუნა არიან, ოღონდ ეს უკვე აღარ ისვრის.
ერთი სიტყვით, სალუქვაძე მართლაც ყველანაირად ლეგენდაა. ერთადერთი ქართველია, ვისაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს. ძალიან დიდი შანსია, ლონდონშიც მოიპოვოს მედალი.