ფოტო თუ თხრობითი რეპორტაჟისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს. მართლა კარგი რეპორტაჟია და ვისიამოვნე მისით, თუმცა მეც ასე გვიან ვნახე ეს თემა.

საწყენად არავის მიმართ არ ვამბობ, მაგრამ გამიკვირდა და არ მეჭაშნიკა, აქ აჭარლების კარგ ქართველობაზე ცოტა გაკვირვებით რომ ითქვა. მე არც აჭარელი ვარ და არც იქაური მყავს ვინმე, მაგრამ როგორც გურულმა, კარგად ვიცი ეგ ხალხი და არც ერთი კუთხის ქართველზე ნაკლები ქართველები არ არიან. პირიქით - ისეთი ტრადიციებიც შემოინახეს, რაც სხვაგან უკვე დაივიწყეს. მაგალითად - უფროსისადმი, მოხუცისადმი პატივისცემა, რაც მაგათთან ჯერ ისევ კულტის დონეზეა. ღმერთმა ნურც მოშალოს! სტუმარი საქართველოში ყოველთვის ღვთის საჩუქრად მიიჩნეოდა და მთაში ახლაც ასეა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ - ბევრგან იღებენ სტუმარს ისე თბილად, როგორც - აჭარაში? თან, მანდ მთიანსა თუ ბარის აჭარას მნიშვნელობა არა აქვს. მაგათ შემოინახეს საოცრად თბილი სიტყვა - ნენეი, რაც დედას ნიშნავს...
ასლანას დროს, როცა მთელ საქართველოში ათასგვარი ჭორი ვრცელდებოდა, კარგად მახსოვს რომელიღაც გაზეთში უბრალო ქედელი გლეხკაცის სიტყვები -აჭარის გზა საქართველოს გულზეა გადავლილიო. არათუ დღეს, ეს გზა მაშინაც კი გადიოდა საქართველოს გულზე, როცა ქართველობას უშლიდნენ და რელიგიას უცვლიდნენ. მართალია, მათში ძალიან ბევრია მუსულმანი, მაგრამ, ჯერ ერთი, რელიგია საერთოდ ხალხებს შორის არ უნდა იქცეს ბარიერად, არათუ ერთ ერში, და მეორეც - ისინი რელიგიის მიუხედავად, თავს ყოველთვის ქართველებად მიიჩნევდნენ. მანდ კი არა, უკვე საკმაოდ ბევრი ღირსეული და საქართველოს პატრიოტი ადამიანი თურქეთის ქართველებშიც კი ვიცი და მაგათი კარგი ქართველობა რატომ უნდა გვიკვირდეს.
ქრისტიანული სიმბოლიკა ქვეშეცნეულად შემოინახესო, ერთგან ეწერა. მეჩეთზე რომ ჯვარისა და ვაზის სიმბოლიკას ამოგიტვიფრავს, ეს ქვეშეცნეულია? იქნებ იმ ფარული თუ აშკარა მედგარი ბრძოლის ნაირსახეობაა, რის ხარჯზეც ფერეიდნელებმა და თურქეთის ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში ჯოჯოხეთურ პირობებში, გაუგონარი ზეწოლის პირობებში შეინარჩუნეს ქართველობა! მხოლოდ აჭარაში შემორჩა ჭადზე ჯვარის გამოსახვის ტრადიცია, რაც ცოტას არ უნდა ნიშნავდეს. ერთხელ ერთი ბეგების ჩამომავალი ახალგაზრდა კაცი მიყვებოდა თავის მუსლიმან ბებიაზე, ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავინახე, წადზე როგორ გამოსახა ჯვარი და ვკითხე, რატომ აკეთებ მაგას, ჩვენ ხომ ქრისტიანები არ ვართო. ამომხედა და მითხრაო, არ დაგავიწყდეს, ადრე ჩვენც ქრისტიანები ვიყავითო. სწორედ ეს "არ დაგავიწყდეს" იყო ის ჯაჭვი, რომელსაც თავად მუსულმანები შვილებს დედასამშობლოს წიაღში დასაბრუნებლად ნისანსვეტად, გზის მაჩვენებლად უტოვებდნენ. ამის შედეგია, რომ დღეს აჭარაში ახალგაზრდობის 90 და 100 % თუ არა, 80 % მაინც ქრისტიანია. არადა, ახალგაზრდობა ამ კუთხის მომავალია, ის მუსულმანი მშობლების თაობა კი - წარმავალი. აი, სწორედ ამისთვის სახავდნენ აჭარელი ნენეები თუ დიდნენეები ჭადზე ჯვარს და ამისთვის ეუბნებოდნენ: არ დაგავიწყდეს!..
დაბოლოს, მომიტევეთ ამხელა მონოლოგი და კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის წყენინება არ მინდა. უბრალოდ, გული მტკივა, როცა საქართველოში აჭარლების კარგი ქართველობა უკვირთ და რომელ ფორუმზეც, რა საზოგადოებაშიც არ უნდა შევესწრო ამაზე კამათს, მუდამ "მძიმე არტილერიით"

ვებმები ბრძოლაში, რადგან საკმაოდ ახლოს ვიცნობ იმ მართლაც კარგ ხალხს. და თუ მაინც ჩემი ტონი ზედმეტად გაღიზიანებული და ჭკუის დამრიგებლური გეჩვენათ, მაშინ, ჩანს სათქმელი კარგად ვერ გადმოვეცი და ასე ვიტყვი - მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ აჭარლების კარგი ქართველობა ნუ გიკვირთ.
ბოქაულო, მწვანე ტბაზე წასვლა მეც ძალიან მინდა და სხვა კარაველებსაც. ამაზე თემაც კი გავხსენი ორი წლის წინ - "განავარდება მთიან აჭარაში". დავათობაზეც ველაპარაკებოდი მაგაზე რამდენიმეს და იქნებ, ერთხელ მართლაც დავგეგმოთ... ოღონდ სადრაც ივლის-აგვისტოში, თორემ მანამდე თოვლია იქ.
აქ იქაური დღეობებიც ახსენეს. იქნებ რომელიმეზე - შუამთობაზე" ან ნებისმიერზე მართლაც წავსულიყავით, ჰა?