საქმე ეხება ახალი ტიპის ლაშქრობას, რომელიც საქართველოს პირობებში ადვილად განსახორციელებელია და თანაც თამაშის (გეოკეშინგის მსგავად) ელემენტებითაცაა გაჯერებული.
ლაშქრობა-თამაშის (რომლის სახელის საუკეთესო ვარიანტის მოფიქრებაზეც ჯობია კონკურსი გამოვაცხადოთ) პრინციპი შემდეგშია:
აუცილებელი პირობაა რომ მოლაშქრეთა რაოდენობა წყვილ მანქანათა რაოდენობაში ეტეოდეს. ანუ ან 2, ან 4, ან 6 და ა.შ. მანქანით უნდა წავიდეთ. განვიხილავ ყველაზე მარტივ 2 მანქანიან სიტუაციას და პრინციპსაც მიხვდებით. მაგალითად მივდივართ ჯუთა-როშკის მარშრუტზე. ერთი მანქანა მიდის ჯუთაში, მანქანას სოფელში ტოვებს (სანდო ხალხია) და როშკისკენ მიდიან, მეორე კი როშკაში ჩერდება (ასევე სანდო ხალხთან) და ჯუთისკენ მოემართებიან. წინასწარ დათქმულ ადგილას (თუნდაც აბუდელაურის ტბასთან) ჯგუფები ერთმანეთს ხვდებიან (ემოციური, საინტერესო მომენტია) ერთად ათევენ ღამეს და მეორედღეს საზეიმო მანქანების გასაღებების გადაცემის შემდეგ შორდებიან.
თუ ორივე ჯგუფს ექნა JPS-ი, შეიძლება შეხვედრის ადგილად რაიმე წერტილი დაითქვას (ამით გეოკეშინგის ელემენტები გაჩნდება, ოღონდ ნივთების მაგივრად ადამიანები უნდა აღმოაჩინოთ).
ამ ტიპის ლაშქრობის დადებითი მომენტებია:
1. მძღოლი არ "იჩაგრება" და ბოლომდე გადის მარშრუტს.
2. აღარ გჭირდებათ მანქანის დაქირავება (წარმოიდგინეთ რა ძვირი სიამოვნება იქნება მაგალითად არდოთი (ხევსურეთი) - ჯვარბოსელას (თუშეთი) მარშრუტი, სადაც ერთ შემთხვევაში არდოთამდე უნდა იქირაოთ ავტო და თანაც ჯვარბოსელიდანაც ან იშოვით მანქანას ან არა და იქიდანაც თბილისში უნდა ჩამოაღწიოთ).
3. ემოციურად გარდა ბუნებით ტკბობისა "ნანატრი შეხვედრის" წყურვილი გკლავთ.
4. საქართველოში სხვადასხვა სირთული მრავალი ასეთი მარშრუტია (მაგალითად გარდა ზემოთ ნახსენებისა: მანგლისი- კლდეკარი-რკონი, პავლეური-ლომისა-მლეთა, თრუსო-ყელის ტბა-ერეთო, სნოს ხეობა-ჩოხი გუდამაყრისა, საირმე-აბასთუმანი, თონეთი-ბირთვისები-ფარცხისი, ლევიტანა ტანას ხეობაში-აბუხალო ძამაში, და ა.შ.)
ამ ტიპის ლაშქრობის უარყოფითი მომენტებია:
1. ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი, მოიფიქრეთ რა დავარქვათ და რა პრიზი უნდა ერგოს სახელის მომგონს (თუნდაც პირველ სამ ლაშქრობაში საწვავის თანხა არ დადოს)