თავდაპირველად ისევ ტაბაში წასვლას ვაპირებდით მე და ტომა, იორდანია და სინას მთა სანახავი დაგვრჩა და თან ისევ წითელ ზღვაზე დავისვენებთთქო.
მაგრამ ის ფასები რაც სხვადასხვა ტუროპერატორმა შემოგვთავაზა, ცოტა არ იყოს, ტაბასთვის და ეგვიპტისთვის გვეძვირა. გადავწყვიტეთ, თანხა დაგვემატებინა და ევროპისკენ აგვეღო გეზი. თუ მოგზაურობაა, მოგზაურობა იყოსთქო და პრაღა-ვენა-დრეზდენი-ბუდაპეშტის მიმართულებას დავადგით თვალი. მაგრამ ჩვენს სანდო ტუროპერატორთან (ვინც ეგვიპტეში გაგვიშვა) კონსულტაციების მერე, ესპანეთის იდეამაც გაიჟღერა. ესპანეთი იაფი ქვეყანაა, პრაღა და ვენა უფრო ძვირი დაგიჯდებათო და ახლა ამ მიმართულებაზე გადავერთეთ. ანტონიო გაუდის სეგრადა ფამილიას, სხვა ზღაპრული არქიტექტურული შედევრების და მადრიდის პრადოს მუზეუმის ნახვის იდეით მაშინვე ავენთეთ. მესამე მოსანახულებელ ადგილად პალმა დე მალიორკა შევარჩიეთ და ტურიც დავგეგმეთ. ბარსელონაში წასვლის შესახებ ჩვენს ძმას და მეგობარს ბარსელონას ყველაზე გულანთებულ ქომაგს- გიორგი ბარსას რომ ვაცნობეთ, რეაქცია როგორი იქნებოდა, ძნელი გამოსაცნობი არ ყოფილა. თან იმ დღეებში თურმე ბარსელონას რამდენიმე თამაში ჰქონია, მათ შორის ერთერთ მნიშვნელოვან თამაშს თავის ცნობილ ძლიერ მეტოქესთან რეალთან მართავს. თამაში კი 20 აპრილს ვალენსიაში გაიმართებაო. ისე გვითხრა გიომ, რომ გადავწყვიტეთ პალმა დე მალიორკას შევლეოდით, ჩვენი მოგზაურობა 1 დღით გაგვეზარდა, ვალენსიაც ჩაგვერთო მოსანახულებელ ადგილებში მალიორკას ნაცვლად და გიოსთვის თამაშზე დასწრების შანსი მიგვეცა

ასე ჩამოყალიბდა ჩვენი მოგზაურობის ვფიქრობ საბოლოო გეგმა

19 აპრილი - თბილისი-პრაღა-ბარსელონა-ვალენსია. ვალენსიაში 2 დღე, 20 აპრილს ბარსელონა-რეალის თამაშზე დასწრება.
21 აპრილი - ვალენსია-მადრიდი. მადრიდში 3 დღე
24-27 აპრილი - ბარსელონაში 4 დღე
28 აპრილი- გამომგზავრება ბარსელონადან დილის 7 სთ-ზე, დილის 10:სთ-ზე პრაღაში ჩაფრენა. მთლიანი დღის პრაღაში გატარება და 21:00სთ-ზე თბილისში გამოფრენა
ახლა რაც შეეხება ხარჯებს. მართალია ტურის დაგეგმვაში ერთერთი სააგენტოს ხელმძღვანელი დაგვეხმარა, მაგრამ ტური მაინც ინდივიდუალური, შეიძლება ითქვას არაკომერციულია და უშუალოდ სასტუმროს და ბილეთების ხარჯებისგან შედგება. აქ არ შედის არც ტრანსფერი არც რამე გაბერილი ხარჯი, რაც ტურპაკეტების დაკომპლექტებისას ხდება ხოლმე. ყველა ხარჯი გამჭვრვალეა, მაგრამ ამ მიზეზის გამო ეს ხარჯები მიახლოებითია, რადგან შეიძლება ყოველ წუთში შეიცვალოს მატარებლის ან თვითმფრინავის (საერთაშორისო თუ შიდა ფრენების) ბილეთის ფასი.
ახლა თავად ხარჯები: ავიაბილეთი თბილისი-პრაღა-ბარსელონა-პრაღა-თბილისი - დაახლ. 265 ევრო ორი გზა
სასტუმროების ხარჯი - 9 ღამე საუზმით- დაახლ. 380 ევრო (უფრო იაფადაც შეიძლება ნახვა)
შიდა ფრენები ან მატარებლით მგზავრობა (ბარსელონა-ვალენსია, ვალენსია-მადრიდი, მადრიდი-ბარსელონა) - დაახ. 170 ევრო.
სულ ეს ხარჯები 815 ევროს შეადგენს 10 დღიანი მოგზაურობისთვის.
აქ არ შედის კვების (საუზმის გარდა) და მუზეუმების და ექსკურსიების, ასევე ფეხბურთის მატჩის (სურვილის შემთხვევაში) თანხა, ასევ ტაქსის და სხვა ხარჯების თანხა. კვებაზე დიდი თანხა არ დაგეხარჯებათო. მუზეუმები საშუალოდ 6 ევრო, ზოგიერთი მაქსიმუმ 11 ევრო ღირსო. თუმცა არის მთელი რიგი უფასო მუზეუმების, ან არის სპეციალური კვირის დღეები ან საათები (მაგალითად საღამოს) როცა მუზეუმებში, მათ შორის მადრიდის ცნობილ პრადოს მუზეუმში, შესვლა უფასოა. ამ ხარჯებზე რა თანხა დაგჭირდებათ, ძნელი სათქმელია, ვინმემ შეიძლება 200 ევრო იმყოფინოს, ვინმეს შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტი არ ეყოს.
კარველების ნაწილმა საქმის გადადებას მოქმედება ვარჩიეთ და უკვე დავჯავშნეთ ავიაბილეთები, რამდენიმე დღეში სასტუმროსაც დავჯავშნით.
ამ ეტაპზე სია ასე გამოიყურება, იმედია ხელს არაფერი შეგვიშლის და ყველა მოვახერხებთ ამ მოგზაურობაში წასვლას, თუკი რომელიმე კარველი მოგვემატება კიდევ ამას რა ჯობია:
1. მთა მყვარებია
2. ტომა
3. თებრო
4. რუსკიტო
5. გიორგი ბარსა ანუ გიორგი მეზვრიშვილი
6. დონი
ნაწილმა უკვე დავრეკეთ გერმანიის საელჩოში (აქ უნდა შევიტანოთ ვიზაზე განაცხადი) საბუთების მისატანად რიგში ჩავდექით, ნაწილი კიდევ ხვალ დარეკავს.
თუ ვინმეს შემოერთების სურვილი აქვს დროულად უნდა გადაწყვიტოს და სურვილის შემთხვევაში დავაკვალიანებთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს და რა საბუთები უნდა შეაგროვოს.