შთაბეჭდილებები:
ხევსურეთი ფერადი იყო, სიმართლე გითხრათ მეგონა რომ ფოთოლი აღარაფერს ექნებოდა, ქონდა, და თანაც სხვადასხვა ფერი.
შატილში არ ავსულვართ, არც მუცო დაგვითვალიერებია, პირდაპირ არდოტში მივდიოდით. შატილს გაცდენილებს იმდენი ხალხი შეგვხვდა გზაზე, ისეთი სახლებიდან ამოდიოდა კვამლი, გაგვიჩნდა განცდა რომ ხევსურეთი ჯერ სულ არ დაცარიელებულა.
ზურა დაიაურთან დავტოვეთ ერთი ტომარა, რაც მისთვის გვქონდა გამზადებული, თვითონ ზურა და ვერც ზეზვა ვერ ვნახეთ.
დანარჩენი წავიღეთ არდოტში. ერთ ადგილას გზა მორებით იყო გადახერგილი, გავჩედით, ამ დროს ზემოდან ერთი მორი კიდევ ჩამოსრიალდა, გავაგებინეთ ხალხი ვართ აქო და ამ მორის ფრენის სისწრაფით ზემოდან ჭაღარა კაცი ჩამოფრინდა, გვითხრა ღვთისო ვარ, ხევისბერიო, ადრე რომ ბახაოში ალუდას ოჯახისთვის დავტოვეთ ტვირთი, ამის სახლთან დავტოვეთ, გაეხარდა რომ გაიგო ისინი ვიყავით და ძალიან დარდიანად მკითხა, ნინო როგორ არისო... ვინ ნინო ვერ მივხვდით, ჩვენთან ერთად რომ იყვნენ ალბათ იმათგანი მოიკითხა ვინმეო ვიფიქრეთ... არადა აშკარად წუხდა ნინოზე, ერთი ისიც გავიფიქრე ნინო ბურჯანაძე ხომ არ ადარდებს-მეთქი...
არდოტში სანამ ტვირთს ავიტანდით გავარკვიეთ რომ ერთ-ერთი მანქანა ბენზინის ფულს არ გვართმევდა, სწორედ მის მანქანაში 4 მგზავრი იჯდა, ჩვენ გზის ფულად 20 ლარს ვვარაუდობდით და ეს 80 ლარი შორენასთვის გადასაცემ თანხას დავამატეთ და მშვენიერი რიცხვი 400 ლარი გამოვიდა.
ა, ხო, ჭუნას გამოტანებული, 8 ცალი 2 ლიტრიანი ნავთით გავავსეთ, ამაში 24 ლარი დაგვეხარჯა.
გავინაწილეთ ტომრები და ნავთი, ზუსტად გამოვიდა 9 ადამიანზე, და დავადექით ნიკო არდოტელის სახლისკენ მიმავალ ბილიკს... რატო ცხოვრობენ ეს ხალხი ასე მაღლა, დღეს დილას ორივე ხელი მტკიოდა 8 ლიტრი ნავთის ტარებისგან...მისაყვედურეს მძღოლებმა სამანქანე გზა ახლოს მიდიოდა მეორე მხრიდანო
შეიძლება ითქვას რომ გაუკვირდათ ამდენი რამის მიტანა, როგორც გვეტყვით ისე გავანაწილებთო, შორენას ქმარი ალუდა, ნიკოს ბიძაშვილი ყოფილა და მანაც მადლობები გვიხადა, ეს ჩემი ტვირთის შემსუბუქებაც არის, მე რაც უნდა გამეკეთებინა ამ ოჯახისთვის, თქვენ დამეხმარეთ ამის გაკეთებაშიო...
ძალიან შეწუხდნენ რომ ვჩქარობდით და ვერ გავჩერდით დიდხანს...
ძირს რომ ჩამოვედით, დავინახეთ ზემოდან ნიკოს ბავშვები მორბოდნენ, რაღაც მოქონდათ აშკარად თავის ასაკისთვის მძიმე... ერთი დიდი თავი ყველი გამოეტანებინათ და ჩქარობდნენ არ გაგვასწრონო... ბედად აჩიკო და მისი პლიუსი ხელი-ხელ ჩაკიდებული სასეირნოდ იყვნენ და შევყოვნდით... ბავშვებს ხილი, პეჩენიები და შოკოლადები გავატანეთ და დავემშვიდობეთ... ეხლა ვნანობ, მანქანით უნდა გაგვეკატავებინა ცოტა

, ვერ მოვიფიქრეთ...
ჩვენ მხარეს არავინ არ პატრონობსო, ვერტმფრენი თუ მოფრინდება, მარტო შატილში ჯდება, ბავშვი რომ ცუდად მყავდეს, შატილამდე როგორ მივიყვანოო, რამე რომ გვიჭირს ხან ამინდი არ არის, ხან რა და დროზე მშველელი ვერ მოდისო... ეს ზამთარიც და გაიკრიფება ხალხი ალბათ აქედანო, ბევრს უკვე ნანახი აქვს ბარში სახლი, რომელიც უნდა იყიდოს და მომავალ წელს გადაბარგდებიანო...
ორ საათში თოვა დაიწყებაო, ნიკომ, ოთხ საათში ისე ჩამოთოვს, გზები ჩაიკეტება ალბათო... ისე გამოვქანდით არსად გავჩერებულვართ, ორ საათში უღელტეხილზე ვიყავით, გავჩერდით შესაჭმელად და ბარდნაც დაიწყო... რა თქმა უნდა ამ მხარის სადღეგრძელოს ვსვამდით და ვამბობდით, არავითარი accuweather, ამ მხრის ხალხმა ყველაზე კარგად იციან ამინდის ცნობაო... ჩაიკეტა თუ არა 4 საათში გზა არ ვიცით, ჩვენ გამოვასწარით...