ტობავარჩხილზე რამდენჯერმე ყოფილან კარველები. თითოეული რეპორტაჟი საოცარ და სიმძაფრით გამორჩეულ თავგადასავალზე მოგვითხრობს, საიდანაც ერთ დასკვნას აკეთებ - საკმაოდ რთული მარშრუტია, ისეთი, სერიოზული მომზადება რომ სჭირდება. ამიტომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე სპონტანურად, ფაქტიურად 2 დღით ადრე გადავწყვეტდი ტობაზე წასვლას, მაგრამ ისეთი მაცდუნებელი იყო პაატას შემოთავაზებული წინადადება, უარს როგორ ვიტყოდი?

პაატა ზუგდიდელების ჯგუფს მიყვებოდა სასწავლო პროგრამის ფარგლებში და მე, ილია და მელექსაც თან გაგვიყოლა. ავიღე შვებულება ამ, როგორც პაატამ მითხრა, 3დღიანი ტურისთვის, სათადარიგოდ 1 დღის შვებულება ზედმეტად მივაყოლე, რა იცი, რა ხდებათქო, ახლობლები გავაფრთხილე, თუ არ დავრეკე არ ინერვიულოთ, ტელეფონი არ იჭერს და სამშაბათამდე არ მელოდოთთქო. ერთი დღე აქაც წავუმატე, თავის დაზღვევის მიზნით.
ხუთშაბათს საღამოს ზუგდიდის მატარებელს გავყევით, პარასკევს, დილის 7-ის ნახევარზე უკვე ზუგდიდის რკინიგზის სადგურში ვიყავით. გავიცანით ჩვენი თანამგზავრები. სულ 13 ვიყავით. მალე მინიბუსიც მოვიდა და გავემართეთ სოფელ სქურისკენ. როგორც აღმოჩნდა ტობასკენ მიმავალი რამდენიმე გზა ყოფილა, აქედან სქური ერთერთია. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ მუხურიდან ავდიოდით და ნაზვავარზე გადასასვლელად ვიყავით მზად, შესაბამისი სალაშქრო ფეხსაცმელიც გვქონდა წაღებული და არაერთი

, მაგრამ სანდლები ფეხიდან არ გამიხდია 3 დღის განმავლობაში.
სქურში მისვლის შემდეგ, სანამ გამყოლები ბარგს ცხენებზე დაკიდებდნენ, მარშრუტი განვიხილეთ. მაშინ გვითხრეს რომ ეს შედარებით გრძელი, მაგრამ იოლი მარშრუტი იმიტომ იქნა შერჩეული, რომ ახალბედა მოლაშქრეებს არ გასჭირვებოდათ. თუმცა პირველსავე შესვენებაზე, როცა პირველი დაბრკოლება, სოფლის მდინარე გადავკვეთეთ და ცოტა ავიმაღლეთ, ერთერთმა გამყოლმა, უფრო სწორედ გამყოლთუხუცესმა, რომელიც დანარჩენ ორ გამყოლს თავის ნებაზე ატრიალებდა და რომელიც მელექსამ ენვეროლოგად მონათლა

, გვითხრა ტობამდე 50 კმ დაგვრჩაო

ცოტა არ იყოს გაგვიკვირდა, 35 კმ-იანი მარშრუტის პირველი 3კმ-ის გავლის შემდეგ 50 კმ როგორ დარჩა. მთავარმა ენვეროლოგმა მაშინ გვითხრა, ხომ ვეუბნებოდი ორგანიზატორ ქალბატონს, 3 დღე ამ მარშრუტისთვის ძალიან ცოტაა, სულ მცირე 4 დღე უნდაო. ორგანიზატორ ცოლ-ქმარს გამყოლმა რა უთხრა არ ვიცი, მაგრამ ამ ინფორმაციამ ყველასთვის არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვია. გამოდიოდა, რომ 3 დღეში 100 კმ უნდა გვევლო. მაშინ მივხვდი, რა კარგად მოვიქეცით რომ 1 დღე დამატებით ავიღეთ. 4 დღეში ტბამდე ასვლა ჩამოსვლა სიარულის კარგი ტემპის შემთხვევასი შედარებით რეალური ჩანდა. ეს იდეა ყველამ აიტაცა. თუმცა ამ გეგმის რეალობაში ეჭვი პირველად მაშინ შევიტანეთ, როცა დაწინაურებული კარველები უკან ჩამორჩენილებს ველოდებოდით, ჯერ 10-10 წუთით, მერე ნახევარი საათით, ბოლო "შესვენება" 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აი მაშინ მივხვდით, რომ ამ ტემპით სიარულის შემთხვევაში ტობას ვერ ვნახავდით

. ერთერთი ასეთი ლოდინისას წყაროზე ერთ მწყემს გადავეყარეთ, თავის კარავში, იქაურად კარეში, შეგვიპატიჟა. დიდი მადლობა გადავუხადეთ , მეგობრებს ველოდებითქო ვუთხარით, მაგრამ არაფრით მოგვეშვა, სულ ძალით წაგვიყვანა თავისთან, კარავში გრილა, ცოტა დაისვენეთო. რაღას ვიზამდით, შევყევით. არ ვიცი რატომ ვითრევდი ფეხს, და რატომ არ მინდოდა კარავში შესვლა. ამის მიზეზს მალე მივხვდი, თურმე მთაშენკურ ინტუიციას რომ ეძახიან "კარველები", აი ის მე-6 გრძნობა ჩამერთო. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით შევედი დახუთულ, გახურებულ კარავში, ჩამოვსხედით საწოლებზე და ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა ოთარმა ხის ტაბაკას რომ სტაცა ხელი, წინ დაგვიდგა, უმალ დანით დასაჭრელი, უსქელესი მაწვნით სავსე ჯამები დაგვილაგა და ახლადამოყვანილი, მთელი თავი რძიანი სულგუნი ჩაგვითალა ჯამში, მაშინ მივხვდი, რაზეც მაფრთხილებდა ჩემი ინტუიცია იმ პარასკევ დღეს. ბიჭებს მეტი რა უნდოდათ? სულგუნის მოზრდილ ნაჭრებს ტაბაკაზევე დაყრილ დაფქვილ წიწაკასა და სუნელებში აწობდნენ, მერე ცხვირწინ მიტრიალებდნენ და აყოლებდნენ რა დროს მარხვაა, ასეთ სულგუნს სადღა გასინჯავო და უმალ ხახაში გადაუშვებდნენ ხოლმე. ასე გადასანსლეს მთელი თავი სულგუნი. ბატონმა ოთარმა ახლა მეორე თავი ჩათალა ჯამში. მაგრამ მაგრად ვიდექი

) ცივი ღომის ნაჭრები ამოვავლე წიწაკიან-სუნელებიან ნაზავში და იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, ადვილად წარმოვიდგინე, რა ნეტარებით მიირთმევდნენ ბიჭები სულგუნს

. ბატონმა ოთარმა ღიმილით უცქირა, ბიჭების უზურპატორობას, ჩემს დამშეულ თვალებს და კიდევ ერთი თავი რძიანი სულგუნი პარკში გაახვია, აი აქ კი ნამდვილად შევწუხდი, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ უარი არ გამივიდა, ყველმა მელექსას ჩანთაში დაიდო ბინა მეორე დღემდე

) ჩვენს ასსართულიან მადლობებზე, ბატონმა ოთარმა ჩაიღიმა, აქ ასეთი წესია, სტუმარი ისე არ უნდა გაუშვა, პატივი არ სცეო, მაგანასთან ჩემი ძმაკაცის, ელგუჯას კარეა, ის ციკანს მოკლავს რომ დაგინახავთო, სწორედ ასე თქვა

. მე კიდევ უკან რომ გამოივლით, შემომიარეთ ელარჯს გავაკეთებო. ელარჯის ხსნებაზე ბიჭებს ტობა სულ დაავიწყდათ, ერთმანეთს თვალებით ანიშნეს, ხომ არ დავრჩეთო

. თუმცა სერიოზულად დარჩენას არავინ აპირებდა, ისევ გზა გავაგრძელეთ, ჯგუფს რომ დავწეოდით, გაგვესწრო და მერე ისევ ჩვენ გველოდა მათთვის

. მორიგი ასეთი ლოდინისას მეორე მწყემსის - ტუტუს კარე მოვინახულეთ. ისევ სულგუნი, ღომი, მაწონი, ისევ ყველის მსუყე ნაჭრების ცხვირწინ ტრიალი

, თუმცა ამჯერად მშვიდად ვიყავი და მელექსას ჩანთაში შენახული სულგუნი სიმშვიდეს კიდევ უფრო მმატებდა

. ასე სეირნობა-სეირნობა-სტუმრობა-სტუმრობაში დაახლოებით 18 კმ გავიარეთ. გზა სამანქანე გზაზე გადიოდა, თუმცა სამანქანე გზა პირობითი ნათქვამია, ოდესღაც შეიძლება იყო კიდეც აქ სამხიდიანი მანქანების გზა, მაგრამ ახლა ყოველ 100 მეტრში ჩაწყვეტილი იყო გზა, სადაც შემორჩენილი იყო, იქ ბასრი ქვები და ლოდები ეყარა, რაც სიარულს სასიამოვნოს არ ხდიდა, მაგრამ იმ გზებთან შედარებით სადაც "კარავი" დადის, მაგ გზა გზატკეცილი იყო

. ვხვდებოდით, რომ ამ ტემპით 4 დღეშიც ვერ ჩავაღწევდით ტობამდე

, მაგრამ ჩვენი თანამგზავრები გვამშვიდებდნენ, ხვალ დილით 5-ის ნახევარზე ავდგებით, 6-ის ნახევარზე გზას გავუდგებით და ტობამდე თუ არა, ტობას ძირამდე მაინც მივალთო. რაღას ვიზამდით, მაგ იმედით გავშალეთ კარვები და დავიძინეთ. თუმცა დაძინებამდე იყო ჯერ მწვადების შეწვის მცდელობა და მერე, რადგან შამფურები ვერ გამოთალეს, ხორცის მოხარშვის მცდელობა. ხორცმა მოხარშვა, რა თქმა უნდა, ვერ მოასწრო, სხვანაირად ღამის თევა მოუწევდა ვინმეს.