II დღე
საერთოდ, როცა კარავში ვათევ ღამეს, ეს უპატრონო მეღვიძება 7-8 საათზე. დაისვენე შე კაცო ცოტა და იძინე სანამ შეგიძლია. რაც არის, არის. მოკლედ, გავიღვიძე როგორც ვთქვი 7-8 საათისკენ დიაპაზონში. რამოდენიმე მეგობარი უკვე დამხვდა გამოღვიძებული და ამ ყველაფერთან ერთად ცეცხლიც ჰქონდათ დანთებული.
რომ იცოდეთ, დილით ძალიან ცივა, მიუხედავად იმისა, რომ შუადღეს კარგი სიცხე იცის. www.karavi.ge-ზე თუ გაქვთ წაკითხული „სამომავლო გეგმებში“ ამ გასვლის თემა, ეწერა, რომ მეორე დღეს უნდა მოგვენახულებინა ბუბას მთა. გასვლა იყო დათქმული 10:00 საათზე. ვინაიდან და რადგანაც რაჭაში ვართ და ზოგს უყვარს დილის ძილი, დავაგვიანეთ 45 წუთით. ამდენი მძაფრსიუჟეტიანი დილის პროცედურების მერე, დავადექით ბუბას მთისკენ გზას. გზა მთისკენ იწყებოდა კოტეჯების ზემოდან.
თავიდან თითქოს ნორმალური გზა იყო, მაგრამ მალევე შეგვეცვალა წარმოდგენა: დაიწყო მარა რა დაიწყო აღმართები.
აღმართებს რომ მიუყვებოდით, გზაზე წამოგვეწია ბუტკუცუნა (ლადო) თავის მეგობრებით. მათი ერთი წევრი შეუძლოდ გახდა და მიბრუნება მოუწია. დანარჩენები კი შემოგვიერთდნენ და ერთად განვაგრძეთ მსვლელობა. 2 საათი მოვანდომეთ აღმართებიან ბილიკზე სიარულს. წინ მიუძღოდა ჯნოსი (გიგა) მოლაშქრეებს, ბოლოში კიდევ ვინმე რომ არ დაგვჩენოდა, ჩამკეტის მოვალეობას ვასრულებდი. აღმართების სერია რომ მორჩა, ცოტა ამოვისუნთქეთ, მერე იყო ვაკე სასიარულო. გზადაგზა გვხვდებოდა წყაროები.
მოვიმარაგებდით წყალს და ვაგრძელებდით გზას ბუბასკენ. თანდათან სიმაღლეზე ავდიოდით, ამასობაში ქე არ გავედით ალპურ ზონაში? მივიხედეთ, მოვიხედეთ და სადღაა ტყე (ტიტუ, ტიტუ). ჩვენი ეკიპაჟის რიცხვი იზრდებოდა, გზად შეგხვდა ლეონტი თავისი ლამაზი ოჯახით. როგორც იქნა ავედით ბუბას მთის ძირში. ცოტა შევისვენეთ, მოვედით აზრზე, ვიცანით ერთმანეთი (უი შენც აქ ყოფილხარ?).
შემდეგ უკვე გავაგრძელეთ მსვლელობა მყინვარ „თბილისა“-სკენ. ბოლო რამდენიმე კილომეტრი იყო ძალიან დამღლელი. მზე იყო ზენიტში, აცხუნებდა როგორც შეეძლო. ჩვენი მეგობარი თამუნია ცოტა შეუძლოდ გახდა. რაღა დაგიმალოთ და მეც ჯიშიანად შემეშინდა უარესად არ გახდესთქო. ჩემთან ერთად მოდიოდა ბუტკუცუნა (ძალიან მაგარი კაცი).
-ლადო, ცუდად არის საქმე, თამუნას ფერი ვერ აქვს როგორიც უნდა ჰქონდეს. რაცხა უნდა ვიღონოთ.
-კარგი, რა ვქნათ? იქნება ცოტა დაისვენოს და ძალები აღიდგინოს.
-მოდი ამ ხესთან გავჩერდეთ. რას იტყვი?
-კარგი.
ერთხმად გადაწყდა, რომ უნდა დაგვესვენა. მართლაც ერთი დიდი ხე ავირჩიეთ ჩრდილით, მივუსხედით და დავისვენეთ. ჩანთიდან ამოვალაგეთ საგზალი და ცოტა შევჭამეთ. კიტრი ყოფილა მაგარი კაცი ლაშქრობაში ნუ იტყვი რა. ერთ კილო კიტრს მუსრი გავავლეთ. თამუნია მოვიდა ხასიათზე, 10 წუთი კიდევ დავისვენეთ და გავაგრძელეთ გზა რათა დავწეოდით დანარჩენებს.
ცოტა უკან დავბრუნდები და ვიტყვი რომ, როცა მოვდიოდით, ერთ ადგილას მოსახვევი შეგვეშალა და არასწორი მიმართულებით დავიწყეთ მოძრაობა. ამ არასწორმა მარშრუტმა, დაგვაკარგინა 2-3 საათი დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. ბოლო აღმართს როცა მივუყვებოდით, ზოგი აღმართს მიდიოდა, ზოგი დაღმართს, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც ბოლო ვიყავი და ყველას ვხედავდი (რას ბლატაობ შეჩემა).
ავედით როგორც იქნა. აი ეგ იყო გამარჯვება. მე პირადად გავშალე პარალონი და დავბღლარძუნდი ზედ. დანარჩენებს ჰქონდათ გაშლილი საგზალი და მიირთმევდნენ საჭმელს. ავტეხეთ სურათების გადაღება ბუნების ფონზე. გავშალე ჩემი დროშა (სადაც დავბოდიალობ სულ თან დამაქვს). ლამაზი სურათები გამოვიდა. ამ დროს მე და ჯნოსი ვთათბირობდით გავლილ გზაზე და რიგ დეტალებზე.
ის იყო უნდა გავსულიყავით და რა ხდება: გაუთვალისწინებელი მდგომარეობა (ჩეპეს რომ ეძახიან რუსები). გვაკლია ერთი მოლაშქრე. გავკიოდით მის სახელს: აბა დათო სად ხარ? დავიწყეთ გლობალური ნერვიულობა, რამე ხომ არ მოუვიდა. რომ არ შემოგვღამებოდა, ხალხმა დაიწყო უკან გზაზე დაბრუნება. მე და ბუტკუცუნა დავრჩით. ველოდებოდით როდის დაბრუნდებოდა. ვიცადეთ ასე საათნახევარი და შემდეგ უკვე ჩვენც გავტრიალდით უკანა გზაზე. თან გზადაგზა ვნერვიულობთ სად უნდა წასულიყო ნეტავ. ლადომ გაიხსენა ბილიკი როგორც უნდა ამოვსულიყავით ნორმალურად. დაახლოებით 1 საათში დავეწიეთ ჩვენს წინ წასულ მოლაშქრეებს. იმათაც არ იცოდნენ დაკარგული კაცის ბედი (მაგ დროს ასე გვეგონა). უკვე უნდა დაგვეწყო დაღმართებზე სიარული რომ ვცადე ბედი და დავურეკე დაკარგულ კაცს (დათოს), ქე არ გავიდა? აიღო ტელეფონი:
-ცოცხალი ხარ ტო?
-კი რა იყო?
-რაღა რა იყო შეკაცო რა აღარ ვიფიქრეთ... სად ხარ ახლა?
-დანგრეული ქოხი რომ არის მანდ.
-მიდი მიდი აუჩქარე და დაგვეწიე.
აუ მე დავითის ხმა გამიხარდა, რავიცი რა უნდა ეჩუქნათ, ეგრე რომ გამხარებოდა. მერე დანარჩენ ხალხს შევეხმიანე და ვუთხარი: ვიპოვნე, ვიპოვნე ხალხო.... დიდ დაღმართს დაშვებული ვიყავით. შუა გზაზე გავჩერდი და დაველოდე. ამოვიდა ჩემთან ბაცკი (ზვიადი). ერთად ველოდებოდით. სად იყო და სად არა გამოჩნდა დავითი. შევიკრიბეთ და დავეშვით ქვემოთ. დავეწიეთ ჩვენიანებს. პირველად შემხვდა დავითა და ვერიკო. ვერიკოს სიარულისგან ფეხები ტკიოდა. დავითთან მოვილაპარაკეთ და დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელსაც ერქვა: „როგორ ჩავიყვანოთ ვერიკო ბანაკამდე“. დაახლოებით 300 მეტრი ვატარეთ ხელში აყვანილი. ქვემოთ გველოდებოდა დარჩენილი ხალხი. ერთად შევიკრიბეთ და გავაგრძელეთ მოძრაობა. უკვე ნახევარი საათის შეგვიანებული იყო. ფანრებით, მობილურებით და ყველაფრით რაც შუქს ანათებდა, ვინათებდით გზას.
გავედით სწორ გზაზე, აი მანდ ამოვისუნთეთ. ვერიკო აინტერესებდა გზის ხანგრძლივობას.
-აუ რა მანძილი დარჩა?
-20 წუთში მივალთ - ეუბნება უკვე მეთოთხმეტედ (დათო)
-ვერიკო, ნუ ნერვიულობ, მალე მივალთ (კოსტია)
როგორც იქნა მივედით კოტეჯებში, მოვედით აზრზე, გავაცნობიერეთ მომხდარი და გაგვიხარდა მშვიდობით რომ ჩამოვედით. დავანთეთ ცეცხლი, შემოვუსხედით ირგვლივ და დავიწყეთ ჩვენი აზრების გაზიარება.
ამ დღეს უკვე ყველა ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი იყო. პირველად მოლაშქრეებმა ნახეს, როგორ ვუდექით გვერდში ერთმანეთს. თუ ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, ან თავის ტვირთს ვეღარ ატარებდა, ჭრილობა თუ ვინმეს ექნებოდა, იქვე გამოცდილი ექიმებივით აღმოვუჩენდით დახმარებას. იმ დღეს მალევე დავიშალეთ და გავწიეთ ნაწილმა კარვებისკენ და ნაწილმა თავიანთი კოტეჯებისკენ.