ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისაგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომლიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.
გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.
ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.
ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო.
შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.
საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.
დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე, და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაის საცდურს სძლია. ღირს მამას წმიდა ელია თეზბიტელის (ხსენება 20 ივლისს) მსგავსად ფრინველები უზიდავდნენ საზრდელს.
წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.