ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 00:35

როდესაც სამხრეთ-დასავლეთისკენ მიიხედავს კაცი, პირველად გარდაავლებს თვალს ორს მაღალ-მაღალ მრგვალ ქვითკირის კოშკებს და სამს მაღალ ქვითკირისვე კედლებს, და შეაჩერებს თვალს მოფერდო დიდ მაღალ შიშველ კლდესა, განით მდებარეს, რომელიც სიმაღლით ოთხას საჟენამდის არის და სიგრძით მარტო ის ნაწილი, რომელიც პირ-და-პირ დასცქერის ამ უდაბნოს, არის თითქმის ამდენივე; მაგრამ სრულიად ამ მთის სიგრძე იქნება არა უმცირეს ორის ვერსტისა, რომელიც დაჰყურებს დასავლეთ ყარაიის მინდვრებს, ტყეს და მდინარე მტკვარს, სამხრეთისკენ პატარა არარატს და სხვა სომხეთის მთებსა. ამ მთას გადმოღმით (უდაბნოსკენ) აქვს მრავალი სხვა-და-სხვა ამოკვეთილი ღარები და ძირს თორმეტი ჭები, ამოკვეთილნი, ძირ-ფართო და პირ-ვიწროები, სიმაღლით სამ-ნახევარ საჟენიდამ ხუთ საჟენამდინ, რომელნიც აივსებიან ხოლმე წვიმიანობის დროს და ინახავენ გრილ წყალს, რომელსაც ხმარობენ ძმანი სასმელად და საჭმლისათვის.

Image


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 00:47

ამ მთის კალთაში არის გამოკვეთილი სიმაღლით საჟენი და განით სამი საჟენი; ამაში ძირიდამ და ზემო კედლებიდამ სწვეთს, როგორც ცვარი, და შესდგება საათში ერთი ბოთლი წყალი, მშვენიერის ფერის და გემოსი, რომელსაც უწოდებენ „ცრემლის წყალსა“; ხოლო მლოცველი ხალხი კი ეძახის: „მადლის წყალს“, რომელიც მიაქვთ ხოლმე სახლში, როგორც ნაკურთხი წყალი.

აი აქაა დავითის წყარო -
სადაც გადმოცემით წმ დავითის ლოცვით წყარო გაჩნდა...
Image

ეს გამოქვაბული უდაბნოდან უკან დაბრუნებისას გზაზე - დაღმართზე
გვხვდება...

Image

გამოქვაბული დაკეტილია, მაგრამ შიგნით წყაროს მუდამ უდგას ჭურჭელი.
ამბობენ, როცა ჭურჭელი გაივსება, წვეთები წყვეტენო წანწკარს, სანამ ახალ ჭურჭელს არ დაუდგამენო

Image

ამ წმინდა წყაროზე შეგროვებული წყალი იქვე მონასტერშია და შეგიძლიათ დალიოთ და წამოიღოთ კიდეც სახლში -

Image


დავითის ცრემლები
მამა დავითი ბერების სენაკში ხშირად დადიოდა ნუგეშისსაცემად და გასამხნევებლად.ერთ-ერთი მათგანისგან,რომელიც კლდეზე ცხოვრობდა,შეიტყო,რომ ამ კლდის ძირას მწარე წყალი მოწვეთავდა.ბერს ამ წყლის სმა უწევდა,მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა,რომ ჯოჯოხეთის სატანჯველი უფრო მწარეა და აქ დათმენა სჯობს იმქვეყნიურ მარადიულ ტანჯვას.წმიდა დავითს შეეცოდა ბერი და უფალს შეევედრა,წყალი დაეტკბო.ჭურჭელი წყაროს წყლით აავსო და ჯვარი გარდასახა.მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა.ამ წყაროს დავითის ცრემლები უწოდეს.იგი ამჟამადაც წვეთობით გამოედინება კლდიდან და როგორც ამბობოენ,სხვადასხვა დაავადებებს არჩენს.ბერები ხშირად ხდებიან მისი სასწაულის შემსწრენი.მათი თქმით ამ წყარის წყალს მძიმე სენით დაავადებულ ქუთაისელ ბავშვს ასმევდნენ და განიკურნა.’’დავითის ცრემლები’’ წმიდა წყალია და მასში დაბანა ან ჭურჭლის გარეცხვა არ შეიძლება.იგი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და უზმოზე სვამენ.ამბობენ,რომ განსაკუთრებულად უშვილობასა და თვალის დაავადებებს შველის.მამა დავითის ჩაუქრობელი კანდელიდან აღებულ წმიდა ზეთს შუბლზე ჯვრის ფორმით ისვამენ,ავი ზრახვებისაგან რომ დაიცვას და გონება გაუნათოს.შფოთიანი და დაძაბული ძილისას წმიდანის საფლავიდან აღებულ მიწას თავქვეშ იდებენ,ამბობენ,სიმშვიდე ეუფლებათო.ძველი ტრადიციის მიხედვით,წმიდა მიწას ჯვრის ფორმით მოაბნევდნენ განსვენებულისათვის გამზადებულ საფლავზე და ის ნაკურთხად ითვლებოდა.
ქვათახევის მონასტრის ხელნაწერებში ასეთი ამბავიცაა მოთხრობილი: თათარმა მწყემსებმა მამა დავითის მონასტერი დაარბიეს. შევიდნენ იმ გამოქვაბულში, სადაც ’’ დავითის ცრემლების’’ წყალი წვეთავს და იქ თავიანთი სარწმუნოებრივი რიტუალი,ნიზამი ჩაატარეს,რის შემდეგაც წყალი გაქრა.როცა ეს მონასტრის ბეწრებმა შეიტყვეს,წინამძღვარმა მამა დავითის სახელზე პარაკლისი გადაიხადა,ამოაბრძანეს ამ ადგილზე მადლის ქვა, ნაკურთხი წყალი აპკურეს და ’’დავითის ცრემლებმა’’ ისევ დაიწყო დენა
.
Last edited by Tamari-ch. on 27 სექ 2008, 03:30, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 00:57

ამ უდაბნოში მოღვაწე ბერებისაგან სხვათა-შორის ჩვენ დაგვრჩენია მშვენიერი ძველი ხელთ-ნაწერები, ხუცური და მხედრული, ქართული სამეცნიერო წიგნები, და სახელდობრ: 1. დოღმატიკა, 2. ხრონოღრაფი, 3. გრდემლი, 4. კავშირი, 5. დიალეკტიკა, 6. საზღვარი დავითისი, 7. წიგნი დამარღვეველი ლათინთ სარწმუნოებისა, 8. წინწილი ღაღადებისა, 9. ოთხი თავი სახარების განმარტება ეტრატზედ, 10. კატეგორია, 11. იოანე სინელი, 12. დამასკელი გრიგორისა, 13. დიონისის წინა ბჭე, 14. ეფრემ ლაფსაიკონი, 15. ლაფსაიკონი მეორე, 15. ნეტართა მამათა ცხოვრება, 17. ქართველთა წმინდათა ცხოვრება, 18. სვინაქსარი ეტრატზედ, 19. ცხოვრება გრიგორი ღვთის-მეტყველისა, 20. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა, 21. დავითნის განმარტება ეტრატზედ, 22. ლაფსაიკონი ოქროპირისა, 23. წინამძღვარი იოანე დამასკელისა, 24. ჟამ გულიანი ეტრატზედ, 25. სწავლა მონაზონთათვის ეტრატზედ, 26. ქართული ლექსიკონი, 27. ქართული ღრამატიკა და სხვ., რომელნიც შენახულ არიან ამა უდაბნოს ბიბლიოთეკაში. ნუ თუ ცოდვა არ არის ამ გვარი სამეცნიერო წიგნები რჩებოდეს დაუბეჭდავად და სხვა ამ გვარი ნაშრომ-ნაღვაწი წინაპართა გაუცნობელად შემდგომთა მათთა შთამომავალთათვის?!


ნეტა სადაა ეს ხელნაწერები ახლა...
:roll:


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 01:05

გარდა წმინდა დავითის სხეულისა აქ განისვენებენ ცნობილნი კეთილის მოქმედებითა და წმინდა ცხოვრებითა თვისითა: ღირსი მამა დოდო (კახეთის თავადთაგანი, ადნრონიკანი), მოწაფე დავით გარესჯელისა, რომელმაც დააფუძნა დოდოს მონასტერი, რომელიც პირდაპირ უყურებს ჩრდილოეთიდამ ამ უდაბნოს, ერთ ვესტზედ, ერთს დიდ მთაზედ, სადაც დღესაც არის ეკკლესიები, სხვა-და-სხვა სენაკები და ჭები, კლდისაგან გამოკვეთილნი, ვიდრე ორასამდის;

Image


წმინდა დოდო აღესრულა ექვსას-ოც-და-სამ წელში, რომელსაც ქართველთა ეკკლესია დღესასწაულობს მეშვიდესა ზადიკის ოთხშაბათსა, ე.ი. ამაღლების შემდეგ, სწორეთ წინა დღეს დავით გარესჯელის დღესასწაულისა; მამა ლუკიანე, მოწაფე წმინდა დავითისა; ღირსი მამა არსენი, წამებული შაჰ-აბაზისაგან ათას-ექვსას-სამ წელში; გრიგორი ხუცეს-მონაზონი, გარდაცვლილი ათას-ექვსას-ოცდა-რვა წელში, რომელმაც აღწერა წამება ქეთევან დედოფლისა.



დოდოს რქა ჩანს ლავრადან -
დიდი მთაა, რომლის მწვერვალზე პატარა ნაგებობაა -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 01:11

აქ დასაფლავებულნი არიან სხეულნი საქართველოს მეფეთა: 1) ალექსანდრე პირველისა ათას-ოთხას-ორმოც-და-ორ წელში, 2) ბაგრატიონისა, რომელმაც დასტოვა სამეფო ტახტი და შეიმოსა მონაზონებითი ცხოვრება, 3) დიმიტრი, რომელიც შეუდგა მამის მაგალითს, დაუტევა ქვეყნიური მეფობა და შევიდა ბერად, იწოდებოდა დამიანედ, მრავალს მოღვაწებაში აღსრულდა ათას-ხუთას-ორმოც-და-თოთხმეტ წელში, და 4) მეუღლე საქართველოს მეფის გიორგისა ეკატერინე (ქართულად) ქეთევანი, ათას შვიდას ოთხმოცდა ორ წელში.

აქვე მარხიან მღვდელთ-მთავარნი: 1) იოსებ მიტროპოლიტი ნინო წმინდისა, ათას შვიდას თერთმეტ წელს, 2) ნიკოლოზ ნინოწმინდელი, 3) იოანე ბოდბის მიტროპოლიტი, 4) დომენტი რუსთავის მიტროპოლიტი, 5) დავით ბოდბის მიტროპოლიტი და 6) მთავარ ეპისკოპოსი ქართლისა, რომანოზ მონაზონი, ათას შვიდას წელს და სხვა.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდის, დავით გარესჯელის უდაბნო იყო ყოვლისფრით მდიდარი და უნაკლულო, როგორც სჩანს გუჯარებისაგან; ლეონ მეფესა და შემდეგთა ჰქონდათ მიცემული ყმა და მამული, წისქვილები, ეგრეთვე ხორაგნი, რამდენიც კი საჭირო იყო იმ დროს დიდ-ძალის ბერებისათვის, ე.ი. პური, ღვინო, თევზი, ყველი, ერბო, ბრინჯი, ხიზილალა, ნიგოზი, ხახვი, მარილი, მატყლი და ტანის სამოსი, რომელიც შესდგებოდა მარტო შალის ჩოხებისაგან და ცხვრის ტყავებისაგან; ხოლო ეკკლესიისთვის სანთელი და საკმელი საკმაო.

უწინდელი დიდი მამულები გარდავიდა ხაზინში 1818 წელში; დღეს აქვს ამ უდაბნოს საკუთარს მფლობელობაში საძოვარი მინდვრები ირგვლივ მახლობლად მონასტრისა, ზვარი და წისქვილი ს. საგარესჯოში.

ძმანი სცხოვებენ საზოგადო ტრაპეზით და ჯამაგირით. აწ არიან შტატით: ერთი წინამძღვარი არხიმანდრიტი გრიგორი (დადიანი), წევრი საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორისა, სამი მღვდელ-მონაზონი, ორი იერო-დიაკონი, ოთხი მორჩილი, ექვსი შაგირდი, ერთი ჩაფარი და სამი მოსამსახურე; ესენი მუდამ მონასტრის ხარჯზედ ინახებიან.

ამავე მდგომარეობასა და განსაზღვრებასა სინა იმყოფებიან მკვიდრნი იოანე ნათლის-მცემლის უდაბნოისა, რომელიც მდებარეობს დასავლეთისკენ რვა ვერსტზედ; ესეც ამ გვარს გამოკვეთილ კლდეებში არის და უფრო ფიცხელს და უპოვარს ალაგზედ.

წმინდა დავით გარესჯელის უდაბნო აკლებულია ოთხ-ჯერ სპარსთა და ლეკთაგან: ა) მეთექვსმეტე საუკუნეში, ბ) 1772 წელში, გ) 1851 წელში და დ) 1857 წელში; ამიტომ დღეს არავითარი ძველი ნივთები არ მოიპოვებიან, მხოლოდ არის ძველი ჯაზაირი და თოფები, რომელნიც ჰქონიათ მიცემული მეფეთა და ხალხთაგან მოსაგერიებლად მტერთა. ოთხი ამ თოფებთაგანი საუკეთესო გატანილ არიან სამოქალაქო მმართებლობისაგან 1879 წ. მუზეუმში, ნაცვლად მათისა მოსცეს სამი ახალი სისტების თოფები (ბერდენკები) და ერთი პიბოდი. უწინ ყავდა ამ მონასტერს ოც-და-ათი კაცი ყარაული, შემდეგომ თუთხმეტი კაცი, მერმედ რვა, ამის შემდეგ ოთხი, უკანასკნელ წარსულ წლებში ორი, და ეხლა კი დადგა ერთ ჩაფარზედ...

საშეშე სრულიად არ იპოვება; მხოლოდ ბუნებას მოუცია გასახურებლად ფურნისა გრაკლის ფიჩხი. ძმანი სცხოვრებენ უბუხრო გამოკვეთილ სენაკებში, რომელნიც ზამთრით თბილნი არიან და ზაფხულით კი გრილნი.

თუმცა ეს ადგილი უწყლოა და ცხელი, მაგრამ უწინ მშრომელ ბერებთაგან დარგულია ხევებში ხეხილნი: ნუში, ატამი, ჭერამი, კაკალი, თუთა, ხართუთა და სხვ., განგებ მათთვის გაკეთებულს მოფერდო ალაგზე, ქვა და მიწით შემაგრებულს ხევებში, ძირიდამ აყოლებული ვიდრე უდაბნოს მთის თავამდის, ერთი მეორეზედ მოშორებით, თითქო გალავნით ნაკვეთ-ნაკვეთ მიწებად დაყოფილი, როგორც ბაღი; ამ გვარად დარგული ხეხილი და მწვანე თივა ახარებენ მნახველის გულსა.

Image


ამ ნაირად არიან სხვა და სხვა ამ უდაბნოს კალთებშიაც დარგული ნაყოფიერი ხეები, რომელთაც ასაზრდოებს მიწა და ნაწვიმარი წყალი, ჩამომდინარე ხსენებულის მთებიდამ.

Image

ამ უდაბნოს მთები არიან ფერით მოყვითალო, ქვიშიანი; ქვემოთ მდებარე მთები კი ფერათ არიან თეთრი, წითელი, ლურჯი, შავი და ყვითელი, როგორც საღებავი, და ზოლიანი; არიან ეგრეთვე გოგირდის სუნის მლაშე ადგილები, ქვის ნახშირი, უნდა იყოს ნავთიც. არ შეიძლება არ იყოს რაისამე მადანი ამ მხარეში, თუ კი იმას ეყოლება მცოდნე მძებნელი. ამ მთებს უვლის ბაქოს რკინის გზა თუთხმეტ ვესტზედ ყარაიის მინდვრებით.

უდაბნოს გარეშე აღმომცენარეობს მშვენიერი წმინდა თივა, როგორც აფხაზეთ-სამეგრელოში კოინდარი; ბლომად ამოდის სატაცური, ქარქვეტა, დანდური, კაპარი და სოკო. ოთხფეხისაგან იმყოფებიან აქ ზამთრით ცხვრის ფარები, მუდამ კი ჯეირანები, კურდღელი, აფთარი, დათვი, მგელი და მელა. მფრინველთაგან - მგალობელნი: შროშანი, შაშვი, მერცხალი, ტარბი, კაკაბი, გნოლი, მწყერი, გარიელა, და დაბერებული ორბები; ზაფხულობით ერთობ ბევრი იცის ქვემძრომები. ზამთარში ეწვევიან ხოლმე უდაბნოს გარეული ინდოური, წერო და ბატები.

ესენი იმიტომ მოვიხსენე, რომ შეუძლიან მკითხველმა გაიცნოს თვისება აქაურის ჰაერისა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 01:22

Image



წმინდა დავით გარესჯელის უდაბნოს მთა, რომელიც ზევით ვახსენეთ, დაჰყურებს ყარაიის მინდვრებს.
Image

გადაღმა გვერდით ციცაბ კლდეში არიან გამოკვეთილნი ეკლესიები და სენაკები, დღესაც მხატვრობით დაშთომილნი, იმ ათას ორას მამებთა, რომელნიც დაიხოცნენ უღმრთო სპარსის მეფის შაჰაბაზის მახვილით, ქრისტეს აღდგომის დღეს, თვით აღდგომის ეკლესიაში, რომელიც დღესაც არის ამ მთის თავზედ ეკკლესიაში, რომელიც დღესაც არის ამ მთის თავზედ დაქცეული; როდესაც ეს ღირსნი მამები აღასრულებდნენ ღამით აღდგომის ცისკარს და გარს უვლიდნენ ეკკლესიას სანთლებით, მაშინ შაჰაბაზმა დაინახა შორიდამ და წამოვიდა ჯარით მათკენ; როდესაც ესენი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდნენ და მიიღეს კიდეც წმინდა საიდუმლო, სწორეთ იმ დროს დაესხა უსჯულო იგი და აწამა 1603 წელში მოწამეობის გვირგვინითა. დღესაც ცხადად ღაღადებს უკან ორას-ოთხმოცი წლის დათხეული სისხლი; მაგ., ერთს ამ მთის კლდეში გამოკვეთილ ეკკლესიაში ტრაპეზის აქეთ-იქით მხარეზედ აჩნია დაღვრილი სისხლი, ასრე რომ შეიძლება იმის აღება. აქ არის ტრაპეზის პირ-და-პირ გამოხატულება: მაცხოვრისა, ღვთის-მშობლისა და ნათლის-მცემლისა, სრულის ტანით მოუშლელი, რომელთათვის თათრებს მოუთხრიათ თვალები ხანჯლის წვერით.
Image

ამ წამებულთ ძვლები საქართველოს მეფემ თეიმურაზ პირველმა შეაკრებინა ერთად, რომ იქმნეს საგრძნობელად ჩვენის ხალხისა; ამიტომ ამ მთის თავზედ აღაშენა ერთი მცირე ეკკლესია, სადაც საკურთხეველში ერთს საწნახელში ჩაწყობილ არიან ამათი ძვლები, რომელთაც აჩნიათ დანაკრავი მახვილისა თავზედ და მკლავზედ.

Image

ხსენებასა ამათსა დღესასწაულობს ქართველი ეკლესია სამშაბათს ბრწყინვალის კვირიაკისას, რომელსაც დღესაც ვდღესასწაულობთ სამღვთო ლიტურგიით თვით ამ წამებულს ეკკლესიაში.

ეკკლესია ქართველთ წამებულთა ამათ იხსენიებს ამ სახით:

„ვნებათა მიერ, წმინდათა იმარტვილნეს,
მმარხველთა ღირსთა, მხნედ ძლევის მოყვარებით,
ნივთნი ბებკულნი, აპორფირ-ძოწეულნეს,
სისხლით ღებვითა, ალარ-უსასყიდლო ჰყვნეს“.
(იხილე სადღესასწაულო, გვერდი 539).

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 01:27

ამ წამებულთ მთიდამ სამხრეთისკენ მეოთხე ვერსტზედ არის ბერთ-უბნის ეკკლესია, მოყვითანო ფერისა, ქვიშიანი, დიდს მთაზედ, - ციცაბ კლდეებში არიან გამოკვეთილნი: ეკკლესიები, სენაკები და შესანიშნავი დიდი პალატები, დიდრონი ჭები და ქვევრები. ერთს ამათგანს დიდს ღვთის-მშობლის ეკკლესიაში უფრო ცოცხლად დაშთენილია ძველი მხატვრობა, სადაც მარცხნით კედელზედ არის დახატული სრულის ტანით ჩვენი დიდებული თამარ მეფე, იმ სახით, როგორც არის მისი სურათი გამოფენილი, გვერდით მისსა შვილი მისი ლაშა გიორგი, ფშაურის ტანის-სამოსით. ამ ბერთ-უბნის და წამებულთ მთები და მშვენიერი ეკკლესიები თვისის სენაკებით ისრე მაღლა დაყურებენ შორ-ახლო მდებარე ადგილებს, თითქო შეუპოვარი მცველი, როგორც მაღლიდამ უხილავი მცველი თვალი ზეციურის დედოფლისა

ბერთუბანში დღეს ვერ მოხვდებით -

ეს უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა...
:cry:

ღმერთმა უწყის რა ბედი ეწია იმ ფრესკებს....


Image
Last edited by Tamari-ch. on 28 სექ 2008, 17:40, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 01:34

არიან სხვებიც მრავალნი გამოკვეთილნი სხვა და სხვა ამ მხრის მთებში:
ეკკლესიები და სენაკები, რომელნიც მოგვითხრობენ, რომ წინაპართა ჩვენთა ჭეშმარიტად ისმინეს სიტყვა ღვთისა და მტკიცედ დაიმარხეს იგი,
Image

სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეს წინეთ ამ მრავალ მთის უდაბნოში იყვნენ უმეტეს თორმეტი ათასის კაცისა, აღვსებულთა კეთილითა და პატიოსანის ცხოვრების მოღვაწეობით, რომელთა სახელები დაწერილ-არიან კალმითა ზენაჲთა.

Image


დღეს მხოლოდ არსებობს ეს პირველად დაარსებული წმიდა დავითის უდაბნო, როგორც უწინარეს ყოველთა დაარსებული, და მეორე ნათლის მცემლის უდაბნოა; ხოლო სხვანი ყოველნი, სამწუხაროდ, იხილვებიან უქმად და ბუდედ ორბთა, ღრმად წარმომადგენელნი სიძველეთა მათთა.

Image

როგორც სჩანს, ამ უდაბნოს მთების სიყვითლისაგან და ქვიშიანობისაგან, ეს მთები უნდა იყვნენ წარმომდგარნი საქვეყნო წარღვნისაგან, მით უმეტეს როდესაც კლდეებში ვპოულობთ გაქვავებულ სხვა და სხვა ქვემძრომლებსა და ცხოველების ძვლებსა...

მღვდელ-მონაზონი კალისტრატე
1884 წ. წმ. დავითის უდაბნო


Image



Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 01:36

ლავრაში მოლოცვის შემდეგ წავედით ჩიჩხიტურზე
და დოდოს რქაზე.....

(გაგრძელება იქნება)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 03:27

დამპყრობელთა შემოსევების შემდეგ მონასტრის შენობა-ნაგებობები მართალია,ნადგურდებოდა,მაგრამ ბერმონაზვნური ცხოვრება მე-20 საუკუნემდე,რუსების შემოსვლამდე არ შეწყვეტილა. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მოხდა სამონასტრო კომპლექსის აღორძინება.მე-17 საუკუნესი ამ ადგილებსი 6000 გარეჯელი ბერი უსჯულოთა ხელით აღესრულა.ისტორიული ცნობების მიხედვით,შაჰ-აბასი მონასტერთან ახლოს თავისი ლაშქრით სანადიროდ იყო გასული, აღდგომა თენდებოდა,ბერები ტრადიციისამებრ ამ დღესასწაულზე მთავარ ეკლესიაში იკრიბებოდნენ და წირვას ატარებდნენ.ღამით მთაზე შაჰ-აბასმა უამრავი მოციმციმე სინათლე რომ შენიშნა,შეიარაღებული რაზმით იქით გაემართა.მონასტრის წინამძღვარმა სთხოვა ,სადღესასწაულო წირვის დასრულება ეცლია და მერე რაც უნდა ის მოემოქმედა,წინამძღვარს ქონდა ხილვა,რომ უფალი გარეჯელ ბერებს თავისთან იხმობდა ,იგი სხვა ბერებსაც მოუყვა .მხოლოდ ორი ახალნაკურთხი ბერი შეშინებულა და მონასტრიდან გაქცეულან.

შაჰ-აბასმა 6000 ბერი სააღდგომო კრავებივით ამოწყვიტა.გაქცეულებმა უკან მოიხედეს და საოცარი სურათი იხილეს-ტრაგედიის ადგილზე ზეციდან სამი ნათელი სვეტი იყო გადმოსული.მათ გარშემო კი უამრავი ვარდისფერი გვირგვინი ლივლივებდა.გაქცეული ბერები გონს მოეგნენ,შისი დასძლიეს,უკან დაბრუნდნენ და მოძმეთა ბედი გაიზიარეს. იმ ადგილზე, სადაც ორი ბერი უსჯულოებმა სიცოცხლეს გამოასალმეს , ორი ვარდი ამოსულა.უწყლობის მიუხედავად ვარდები ორი საუკუნის განმავლობაში ხარობდა.არჩილ მეორეს ერთ-ერთი ვარდის გადანერგვა მოუსურვებია,მაგრამ ვერ მოუხერხებია.ვარდი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე,სანამ სამონასტრო ცხოვრება არ ჩაკვდა,ცოცოხლობდა.გადმოცემის მიხედბით,6000 დაღუპული ბერის ცხედარი კარგა ხანს უპატრონოდ,ღია ცის ქვეშ ყოფილა,მაგრამ ისეთ სურნელებას აფრქვევდნენ,ცხოველი და ფრინველი არ ეკარებოდა.შემდეგ ისინი აღდგობის ტაძარსი დაკრძალეს.მათი წმიდა ნაწილები რუსეთის ეკლესია-მონასტრებშიც წაიღეს
.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 27 სექ 2008, 03:32

მამა დავითის სასწაულები

როცა მამა დავითი და ბერები უდაბნოში მივიდნენ,წყურვილი კლდის ნაპრალში შემორჩენილი წვიმის წყლით მოიკლეს.ლუკიანეს ეჭვიშეეპარა, რომ უწყლო და უნაყოფო მიწაზე ცხოვრებას შეძლებდნენ.მამა დავითმა მას შეახსენა,როგორ დააპურა უფალმა მანანით უდაბნოში მოხეტიალე ებრაელი ერი და როგორ ზრუნავდა იგი უდაბნოში გასულ ბერებზე.მამებმა გამოქვაბული იპოვეს,იქ დასახლდნენ და ძირითადად მცენარეებით იკვებებოდნენ.ძაფხულში სიცხემ მცენარეები გაახმო. ლუკიანე საკვებზე ფიქრით ვერ ისვენებდა.მაშინ წმიდა მამამ მას სულმოკლეობა უსაყვედურა და სწორედ ამ დროს მათთან მოულოდნელად მივიდა სამი ირემი,მოთვინიერებულებივით დადგნენ.მამა დავითმა ლუკიანეს ირმების მოწველა უბრძანა.ამის შემდეგ ირმის რძე გახდა უდაბნოში გადახვეწილი ბერების ყოველდღიური საკვები,ოთხშაბათი და პარასკევის გარდა. ამ მცირე მარხვის დღეებში ისინი არაფერა ჭამდნენ. კლდის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილია ბაგა,რომელიც ძროხისთვისაც და ცხვრისთვისაც ძალიან მაღალია.მეცნიერთა ვარაუდით,იგი მოშინაურებული ირმების ბაგა უნდა ყოფილიყო.

იმ გამოქვაბულების ქვემოთ,სადაც ბერები ცხოვრობდნენ,სხვა გამოქვაბულიც ყოფილა.მასში საზარელი ვეშაპი ბინადრობდა, რომელსაც შუბლზე რქა და ქედზე ჟაგარი ქონია.ერთხელ ბერებთან მიმავალ ირმებს მხეცის გამოქვაბულის წინ გაუვლიათ.მას ნუკრი მოუტაცია და შეუჭამია.შეშინებული ირმები ბერებთან გაქცეულან.მამა დავითს აუღია თავისი კვერთხი,მხეცთან მისულა და უფლის სახელით გადახვეწა უბრძანებია.მხეცს ბერისთვის უთხოვია,ტბაზე გაჰყოლოდა (სავარაუდოდ ჯანდარის ტბაზეა საუბარი) და მისთვის თვალი არ მოეშორებინა.მამა დავითი ცხოველს ფსალმუნთა გალობით მიჰყვებოდა.ვეშაპის სიარულის დროს თურმე კლდეები ირყეოდნენ.ლუკიანეს ისე შეშინებია,მიწაზე გულწასული დავარდნილა.უცებ მამა დავითს უკნიდან უფლის ანგელოზის ხმა შემოესმა.წმიდა მამამ უნებურად მიიხედა.როგორც კი ვეშაპს თვალი მოაცილა,მას მეხი დაეცა და დაიწვა.მამა დავითი ამ ამბავმა შეაწუხა და უფალს ჰკითხა,რად მოკალი ჩემზე მონდობილი მხეციო.ანგელოზმა მას აუწყა,რომ ვეშაპი ადამიანებს მრავალ უბედურებას მოუტანდა.ანგელოზთა რჩევით,წმიდა მამა გამოქვაბულში დაბრუნდა.იქ ლუკიანე იწვა უგონოდ.დავითმა იგი მოასულიერა და ანუგეშა.

უდაბნოში, სადაც ბერები ცხოვრობდნენ,მრავალი ცხოველი ბინადრობდა.ერთხელ კახელი მონადირეები გაოცებული დარჩნენ,როცა წმიდა ბერის წინ მშვიდად მდგომი ირმები იხილეს.მათ ლუკიანე წველიდა.მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს.ადამიანები,რომელთაც ქრისტეს მსახურება სურდათ,უდაბნოსკენ გაემართნენ.წმიდა მამამ ისინი აკურთხა,რათა სასმელი წყლის შესაგროვებლათ კლდეებში-ქვევრები,ხოლო სიცივისა და სიცხისაგან დასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.

ერთხელ,როცა მამა დავითი განმარტოებით ლოცულობდა,მასთან კაკაბი მიფრინდა,რომელსაც ქორი მისდევდა.კაკაბიცა და ქორიც ბერის ფეხებთან დაფრინდნენ.ამ დროს გამოჩნდა მონადირეც,რომელსაც ფრინველები დაეფრთხო.ეს იყო ბუბაქარი,რუსთაველი ბარბაროსი.ბერმა მონადირეს უთხრა,ხელი აეღო მასთან შეფარებული ფრინველების დახოცვაზე.ბარბაროსმა თავხედურად მიუგო,არამარტო კაკაბის,შენი მოკვლაც მსურსო და ცხენზე მჯდომმა წმიდანს ხმალი მოუქნია.მოულოდნელად მას მამა დავითზე აღმართული ხელი გაუშეშდა.ბუბაქარი მაშინვე მიხვდა თავის დანაშაულს და ბერს განკურნება შესთხოვა.წმიდა მამამ მას ხელი შეახო და განკურნა.ამ სასწაულის შემსწრე ბარბაროსმა წმიდანს შვილის განლურნებაც სთხოვა,რომელიც ორივე ფეხით კოჭლი იყო და ვერ დადიოდა.ბერმა უთხრა,წადი და თუ ღმერთის სურვილი იქნება,განიკურნებაო.მართლაც,ბუბაქარს შვილი განკურნებული დახვდა.გახარებულმა სამივე ვაჟიშვილი მონათლა.

გარეჯის უდაბნოში უამრავი ქვეწარმავალი ბინადრობს.ბევრი მათი შიშით ერიდება წმიდა ადგილის მონახულებას.ქვეწარმავალთა სიმრავლის მიუხედავად,არ ყოფილა შემთხვევა,გარეჯის მიდამოში მათ ვინმე დაეგესლოს.ეს სასწაულიც მამა დავითთანაა დაკავშირებული.გადმოცემის მიხედვით,ერთხელ გველს კაცი დაუგესლავს.მამა დავითს მოუკლავს გველი და უთქვამს,ჩემი სახელით გველი ამ ადგილებში აღარავის უკბენსო.

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by ჩიტუციო » 27 სექ 2008, 08:54

ერთ ერთ სენაკში - რომელიც ყველაზე მაღლა მდებარეობს ,
შემორჩენილია ულამაზესი ფრესკები -
ამ სენაკში საკურთხევლის ქვა მოჩანს -
სავარაუდოდ ეს პატარა სალოცავი ან ეკლესია იყო.

ესაა ხარების ეკლესია. მხატვრობა XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ეს მოხატულობა დემეტრე თავდადებულის სულის საოხადაა მოხატული. გეცოდინებათ ალბათ, რომ იგი მონღოლებმა 1289 წელს სიკვდილით დასაჯეს და როგორც ცნობილია ეს გარეჯის მახლობლად მომხდარა. აქვე ჩრდილოეთ კედელზეა გამოსახული დემეტრე II
Image

სამხრეთ კედელზე კი გამოსახულია ეკლესიის მხატვრობის დამკვეთი იოანე მთავარეპისკოპოსი. აი ეს გამოსახულებაც. მის წინ დავით გარეჯელია.
Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by ჩიტუციო » 27 სექ 2008, 09:10

ეს ეკლესია, რომელიც უდაბნოს აღმოსავლეთ ბოლოში დგას აღდგომის ეკლესიაა, აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

Image

ხოლო დასავლეთით რომაა ეკლესია ის გარეჯელ მამათა სამარტვილეა, ეკლესია მოხატულია. თუმცა იმის გამო, რომ ტაძარი დაკეტილია ვერ მოვახერხეთ მხატვრობის გადაღება. მე როცა ვიყავი პირველად გარეჯში, სადღაც 10 წლის წინ, მაშინ ღია იყო ეს ეკლესია და როგორც მახსოვს აქ გამოსახული იყო გარეჯელი ბერების მოკვდინების სცენები. სამწუხაროდ მაშინ აპარატი არ მქონდა :(

Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by ჩიტუციო » 27 სექ 2008, 09:21

ისე გარეჯში ძალიან ბევრია პილიგრიმული წარწერები, ახლა მართალია ძირითადად ჩანს ჩვენი საამაყო ერის და არა მარტო მათ მიერ დაწერილი სახელი და გვარები ზედ მხატვრობაზე, მაგრამ აქ მრავლადაა წინა საუკუნეებში შესრულებული მომლოცველთა წარწერები, გვაქვს ბერძნული, სპარსული, თურქული, სომხური, არაბული წარწერები. ზოგიერთი წარწერა გამოქვეყნებულიცაა, აქედან ერთი სპარსული წარწერა მაქვს ამოწერილი. ის განთავსებული ყოფილა მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე: ქვეყანა -ჯამი, ზეცა - მერიქიფე, სიკვდილი -ღვინო, ხალხი ამ მეჯლისის ღვინის მსმელი. ქართულად ასე აქვთ ნათარგმნი.
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 28 სექ 2008, 17:38

ჩვენი შემდეგი გაჩერება იყო ჩიჩხიტური -

სადაც უშუალოდ გადის საზღვარი -

როგორც უკევ აღვნიშნე - ჩვენ გამოგვყვა ორი ჩვენი მესაზღვრე -

ამოგყვებით ჩიჩხიტურთან -

პრობლემები არ შეგექმნათო -

კიდევ სამი კარგი ახალგაზრდა წამოვიყვანეთ გარეჯიდან -
გიორგი, ილია და გიორგი...
რომლებიც იქ იყვნენ ჩასულები რამდენიმე დღით -
და თბილისში დაბრუნება სურდათ -

ჰოდა ავიღეთ გეზი ჩიჩხიტურისაკენ...


Image
Last edited by Tamari-ch. on 28 სექ 2008, 17:45, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]