მაშ, ასე: (გვალვას რეკომენდაციით

შარშან მაისში ვიყავით 'მეპახოდეები' წასული გუდარეხში. ქართულ მიწას და სამშობლოს წარსულს ისე არსად მოვფერებივარ, როგორც იქ! თითოეული ფოთოლი და ქვა საქართველოს წარსულით სუნთქავს!
გუდარეხი თეთრიწყაროს რაიონშია. თეთრიწყაროდან ფეხით რვა კილომეტრის გავლა გიწევს ტყეში. აღმართ-დაღმართი ერთამნეთს ცვლის. ცოტა ხანში გადიხარ პატარა სოფელთან, იქ მე-17 საუკუნის (თუ არ მეშლება) 'ღორისთავის' ორბელიანთა კოშკი დგას. შემდეგ კვლავ ტყეში მიდის გზა. პატარა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გხვდება, თითქოს გამზადებს დიდი აღმოჩენისთვის. ცოტას გაცდები და, მართალია, მხრებჩამოშლილი, მაგრამ მაინც აღიმართება უძველესი გალავანი... მთელი ანსამბლი ყოფილა იქ (XII-XIII საუკუნეების)... ეკლესია, სასახლე, საჯინიბო, მარანი... ეკლესიაში ფრესკებიც შემორჩენილია. დახვეწილი და საუცხოო ჩუქურთმებითაა შემკული.
საოცარი სამრეკლო აქვს გუდარეხის ეკლესიას, სხვათაშორის პირველი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში (1278 წ.) - ორსართულიანი, პატარა ულამაზესი კიბით... აქა-იქ ყავისფერი ქვით ნაშენი (პირველად ვნახე ასეთი რამ). სამრეკლოს მეორე სართულიდან ალგეთის წყალსაცავის მიდამოები ჩანს გადაშლილად. ეს ყველაფერი შუაგულ ტყეშია შემაღლებულ ადგილას. ახლოსვე ჩამოდის გუდარეხის წყალი. და ეს ყველაფერი არ არის!
გუდარეხის წყლის გადაღმა გადადიხარ და ისევ აღმართს მიუყვები. გზადაგზა უზარმაზარი, გოლიათი ლოდები გხვდება, საიდან გაჩნდნენ იქ, კაცმა არ იცის. ისე მიხვალ გუდარეხის ციხესთან, რომ ვერც მიხვდები - კლდესთან და ტყესთან არის ბუნებრივად შეზრდილი... დაბალი და ვიწრო შესასვლელი კარი (თაღი) აქვს. მართალია, ჩამოშლილი აქვს კედლები აქა-იქ, მაგრამ ციხე მაინც ციხეა! ციხის თავიდან საოცარი ხედი იშლება, მწვანეში ჩაფლული მოჩანს გუდარეხის ეკლესია და სამრეკლო, შორს კი ალგეთის წყალსაცავი...
მოკლედ, უნდა წახვიდე და განიცადო.
ამისთვის საჭიროა კ ა რ ა ვ ი, რამდენიმე მოლაშქრე, ცოტა სანოვაგე და ორი დღე. და რაც მთავარია, სურვილი