ჩემი მივლინება რიო დე ჟანეიროში 11 სექტემბერს, 13,30-ზე დაიწყო თბილისის აეროპორტიდან. თავდაპირველი მარშრუტით, მიუნხენში უნდა ჩავფრენილიყავით, იქიდან სან-პაულოში, საიდანაც მცირეოდენი შესვენების შემდეგ რიოში გადავფრინდებოდით. ტურისტულმა ფირმამ, რომელიც ჩვენს მგზავრობას უზრუნველჰყოფდა (ამ შემთხვევაში მეც ტურისტის სტატუსით გავდიოდი, როგორც ხათუნა გოგორიშვილი მეგობრებითურთ, დავით კირკიტაძე მეუღლითურთ, ვალერი გიორგობიანი, დავით ნამგალაური თუ სხვა პარლამენტარები ან ჩინოვნიკები), მარშრუტი ცოტათი შეცვალა - მიუნხენის ნაცვლად ფრანკფურტში ჩავფრინდით, სხვა ყველაფერი კი ძველებურად დარჩა. ეტყობა, ლუფტჰანზას რეისზე ყველა ვაკანსია პარლამენტარებმა შეავსეს, რომლებმაც აერზენას ბოინგები არ იკადრეს, თუმცა ამით ნაღდად არაფერი დაშავებულა - 11 სექტემბრის მიუხედავად, რიოში მშვიდობიანად ჩავფრინდით. ერთი ეგ იყო, გზამ გაგვტანჯა მაგრად. ფრანქფურტამდე ხომ 4 საათი ვიფრინეთ, ერთი ამდენი იქ ვიცადეთ, მერე კი რიოში ჩაფრენას სან გაულოში გაჩერების ჩათვლით, არც მეტი, არც ნაკლები, სრული 14 საათი მოვანდომეთ. ამას ისიც დაემატა, რომ გერმანიიდან საღამოს გაფრენილები იმ ნახევარსფეროშიც ღამე შევედით და ღამე უჩვეულოდ გაგვიგრძელდა. თან, სან პაულოში საათნახევარი ვიჯექით, ჩვენ კი გადმოსვლის ნება არ გვქონდა.
მაგრამ ბრაზილიაში ჩასვლამდე საინტერესო რამე ჯერ კიდევ ევროპის ცაზე ვიხილე - თეთრად მოქათქათე ღრუბლების ზღვა. ალბათ, მსგავს ვითარებაში ბევრი თქვენგანი მოხვედრილხართ და დამეთანხმებით, ულამაზესი რამეა, მე კი ასეთს პირველად შევესწარი და აღფრთოვანებული დავრჩი. საოცრება იყო, როცა ირგვლივ ფენა-ფენად დაკეცილი და ზღვის აქოჩრილი ტალღებივით დალაგებული ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა. თითქოს ზღვაში მივცურავდით...
სან პაულოში რიჟრაჟზე ჩავედით და კარგა გათენებულში გავფრინდით რიოსკენ. ამ მანძილის გავლას სულ 40 წუთი სჭირდება და ილუმინატორიდან ასეთი ხედები ჩანდა.
ფოტოების ხარისხზე ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმედია, პირველ სურათზე დასახლებულ პუნქტებსაც გაარჩევთ.
