02.09.07 ანუ პროლოგი
სამსახურიდან ზემო სვანეთს მიმავლინეს. ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა მყინვარული წარმოშობის მდინარეების გამოკვლევა; რა თქმა უნდა რამოდენიმე მდინარის, რადგან ყველას გამოკვლევას სულ ცოტა 1 თვე მაინც დასჭირდებოდა, თუ მეტი არა...).
მზიანი, უქარო კვირა დღე იყო. მშვენივრად ვიმგზავრეთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გზად, სოფელ ბეჩოს გადასახვევთან ვიღაც ტიპები გადაგვიდგნენ და არაფრის დიდებით არ გაგვატარეს. ბოლოს მაინც ქრთამმა გაჭრა - ლუდი და სიგარეტი მივეცით, დაგვემშვიდობნენ და გზა გაგვიხსნეს. დამშვიდობებისას ვთხოვე, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ ერთად მეთქი.

ეჭვის ნატამალიც კი არ გასჩენიათ. ეხლა ამ ფოტოს ამუშავებენ ერთ ადგილას. დამპირდნენ, დარდი ნუ გაქვთ, ყველას ვიპოვნით იმ ერთის გარდა, სახეს რომ მალავსო.
...
დაახლოებით 9 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივუახლოვდით სოფელ მაცხვარიშს.
სოფელი მაცხვარიში (~1340 მ. ზ.დ). უკანა პლანზე, ანუ აღმოსავლეთით, თეთნულდი

სოფლის სახელწოდება "მაცხოვარიდან" გამომდინარეობს. ამ სოფელს ზოგი ლატალად მოიხსენიებს, თუმცა ლატალი სოფელთა გაერთიანებაა (სასოფლო საბჭოს), რომელშიც რამოდენიმე სოფელია გაერთიანებული, მათ შორის მაცხვარიშიც. სწორედ მაგ სოფელში, ცხოვრობენ ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნათესავები. მათი სახლიდან სულ რაღაც 30 მ-ში, პატარა გორაკზე დგას IX საუკუნის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო სახლის პირდაპირ კი, დაახლოებით 100 მეტრში, X (თუ XI ?) საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია.
მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, გადაღებული სხვა მხრიდან.
უკან, სამხრეთით, მოჩანს მთა ლაჰლა (რუკაზე: ლაილი), რომელიც პირდაპირ უშბას უყურებს.

მაცხოვრის სახელობის ეკლესია

მასპინძლები, რომლებიც გაშლილ სუფრასთან, უკვე საათზე მეტ ხანს გველოდნენ, არაჩვეულებრივად დაგვიხვდნენ. გემრიელად ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ და არც თუ ისე გვიანი იყო, როცა ავიშალეთ - დილიდან მუშაობა უნდა დაგვეწყო.
(გაგრძელება იქნება)