რაკი განცდებზე დავიწყეთ საუბარი, ისევ ამ თემით გავაგრძელებ, ოღონდ მხოლოდ ჩემთვის გამორჩეულებზე ვისაუბრებ, დანარჩენებზე ლაპარაკის პრეროგატივა კი სხვებისთვის დამითმია.
თავისი სილამაზით კიდევ ერთხელ მომხიბლა ორეთის ტბამ. განსაკუთრებით -დეკიანებმა. მართლაც საოცარი სანახაობაა მწვანე ველზე გადაფენილი მოყვითალო დეკა... ჩაისთვის წამოვიღე კიდეც, მაგრამ დათოს ზურგჩანთაში დამრჩა. იმედია, გააშრობს, გაახმობს და მერე კარაველები ერთად დავლევთ დეკის ჩაის. დაუვიწყარი იყო ტბაში ბანაობაც. რაღაც უცნაური რამ ხდებოდა. ეტყობა, იმ მცირე ტბაშიც სხვადასხვა დინებებია და თბილი თუ ცივი წყლები ისე ენაცვლებოდა ერთმანეთს, როგორც ლორის ნაჭერზე - ქონი და ხორცი.

ეგ კი არა, ერთგან რომ დავდექი, ზევით თბილი წყალი იყო, წვივებზე კი - ცივი.

მაგ ტბაში თუშები არ ბანაობენ, მაგრამ ჩვენ ყველამ გავცურეთ, ხოლო ეჰ-დათო ვერ ამოვიყვანეთ წყლიდან.

სათვალავიც აგვერია, იმდენჯერ გადაცურ-გადმოცურა ტბა. ნირვანაში იყო.

მერე იქაურობა ნაგვის ნარჩენებისგანაც გავათავისუფლეთ და წამოვედით.
ბოჭორნაში მოგვხიბლა თუში-ს სახლმა და განსაკუთრებით - ვერანდამ. გაჩნდა იდეა, რომ ერთხელ ერთი ღამე იმ აივანზეც გავათიოთ იმის მიუხედავად, იქნება იქ თუში ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი თუ არა.
ისე, სიტყვამ მოიტანა და როგორც ომალოში გვითხრეს, თურმე ერთხელ თუში-ს მამა წამლისთვის ფეხით ჩამოსულა ალვანში და იმავე დღეს დაბრუნებულა სოფელში.

ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ იქაურებისთვის ფეხით სიარული ბევრად უფრო იოლი მცნებაა, ვიდრე - ჩვენთვის - იმათთვის 1 საათის სავალი ჩვენთვის ლამის 3 საათისა იყო.

დიკლოდან რომ მოვდიოდით, მესაზღვრეები დაგვემგზავრნენ სოფლამდე. მათ შორის ერთი ადგილობრივიც იყო - 15-16 წლის ბიჭი, შამილ ქორთოშიძის ძმისშვილი (აი, აფხაზეთში რომ ძმა დაეკარგა, იმის შვილი). წყალისთვის გააგზავნეს გზაში და იმხელა აღმართი აირბინა შეუსვენებლად...

ჯიხვივით მიკუნტრუშებდა იმ აღმართში.
პირველი ორი დღე - დიკლო-შენაქო და გომეწარი მანქანით მოვიარეთ, მესამე დღეს კი პირიქითში ფეხით წავედით. ბედის ირონიაა - ყველაზე კარგი გზა იქ იყო და ჩვენ მაინცდამაინც იქ წავბლაყუნდით ფეხით. კიდევ კარგი, აქეთობას ომალოელმა ნაცნობმა ამოგვიყვანა დართლოდან, თორემ ზოგიერთები დარჩებოდნენ დართლოში. როგორც გითხარით, კახამ იქ თავისი მეგობარი და ნასტუდენტარი ნაცნობი არქეოლოგი ნახა, მერე გობე-ს დაც აღმოვაჩინეთ და ბინა ქე ქონდათ დასარჩენად.
აქედან ასულები ომალოში დავბანაკდით. სამწუხაროდ, სოფელში წყალი არ იყო, მაგრამ იქაური ნაცნობების დახმარებით, ამ პრობლემას მაინც იოლად გავიმკლავდით. შეიძლებოდა სხვა სოფელში დაბანაკებაც - მაგალითად, წყლითა და ტყით მდიდარ ქუმელაურთაში, მაგრამ იქიდან მოძრაობა ძნელია. თან, ომალოში ახლობლები დაგვპატრონდნენ (თუშური გამოთქმაა) და ამიტომ იქ ვარჩიეთ.
პირველი ღამე ზედა ანუ ძველ ომალოში გავათენეთ, კესელოების ძირში. იმ ღამითაც იწვიმა და ცოტა კი შეგვაწუხა, მაგრამ მეორე დღეს უმშვენიერესი დილა გათენდა და ხეობებიდან წამოსულ ნისლს ჩვენებმა ბლომად ფოტოებიც გადაუღეს მთის წვერიდან.
მე ყოველ დილას ადრე მეღვიძებოდა - 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. იმ დილითაც რომ ავდექი, მინდოდა, ნატალიას კარავი ერთი კარგად შემეჯანჯღარებინა და შემეშინებინა, მაგრამ 6-ს აკლდა 10 წუთი და შემეცოდა.

არადა, საკარავედ გზის პირას შეარჩია ადგილი და ვეხუმრებოდი, ეზოს სიღრმეში დადგი, ღამით ცხენიანმა ჩერქეზმა არ ჩამოგიაროს და არ მოგიტაცოს-მეთქი.
მეორე ღამეს უკვე ბოსელ-ომალოში ჩამოვინაცვლეთ და ჩემი ახლობლების სახლთან დავბანაკდით, იქაური მეტყევეების უფროსის ეზოში. ჩვენდა ბედად, ის კაცი თბილისში დაებარებინათ, სახლში არავინ ცხოვრობდა და რაკი კარგი ეზო ჰქონდა, იქ დავეცით კარვები. ეს იმითაც იყო მოსახერხებელი, რომ იქ კარვებს გაშლილს დავტოვებდით და ყურადღებას მიაქცევდნენ, ბარგს კი მასპინძლებს მივაბარებდით. თან, აქედან კარგი ხედი იშლებოდა - შემაღლებულზე ვიყავით. ეზოს სიახლოვეს სამოკლეო გზა ადიოდა და რომ დავიძინეთ, იმ ბილიკზე რამდენიმე ცხენოსანი ამოჭენდა თქარა-თქურით. მე კი ვიცოდი, იქ გზა რომ იყო, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ცხენებს პირდაპირ ჩვენსკენ მოაჭენებდნენ. ნატალიას შეეშინდა, არ გადაგვთელონო და უცებ მისი შეშფოთებული ხმა ისმის - ნეტა, კარვებს ხომ შეამჩნევენ?

საბოლოოდ გადარჩა გადათელვას.
ნატალიას მესამე კურიოზი ორეთის ტბას უკავშირდება. მაგის ცხენი მე მიმყავდა აღვირით და გზაში ვეხუმრე, დედოფალივით ტახტრევანდით მიგაბრძანებთ-მეთქი. 5 წუთი არ იყო გასული და ნატალიას ფეხზე დიდი ბუზი დააჯდა, რომელიც მწარედ იკბინება. ნატალიამ ფეხის გაქნევით ბუზი ვერ მოიშორა. არადა, იმდენად იყო დაძაბული, ვერც უნაგირის კეხს გაუშვა ხელი და ვერც ის მოიფიქრა, ცხენისთვის გაესვა ფეხი და ასე მოეშორებინა. ჰოდა, ზის ცხენზე და ლამის კივის - მიშველეთ, მომაშორეთ, მიკბინა, ვაი, ვაი!!!

აბა-მეთქი, შენ ახლა მართლა დედოფალი ნუ გგონია თავი, ბუზი მაინც მოიშორე შენით-მეთქი. მერე ვახელებდი, მარაოც ხომ არ დაგინიაოთ-მეთქი.
ორიდე კურიოზი თუსებსაც უკავშირდება. დართლოდან რომ ამოვდივართ, იქით მიმავალი ნივა შეგვხვდა. მძღოლები, წესისამებრ, მიესალმნენ ერთმანეთს და უცებ ის ეკითხება ჩვენსას - ნუგზარ, მიდიხარ თუ მოდიხარო.

ვითომ ძნელი იყო ამის გამოცნობა.
ერთ საღამოს, როცა კოცონთან ვისხედით, "ჩვენს" ეზოში ნივა ჩამოვიდა. სახლის პატრონი გვეგონა, მაგრამ იმ ჩემი ახლობლების სტუმარი აღმოჩნდა. გადაბარგდნენ მანქანიდან და მძღოლმა გვკითხა, მანქანა აქ ხელს ხომ არ შეგიშლითო. არადა, მართლა არ გვიშლიდა, მაგრამ მძღოლმა რატომღაც ჩათვალა, რომ გვიშლიდა და გვერიდებოდა ამის თქმა. წამოიყვანა ეს მანქანა და ზედ იმ ადგილას დააყენა, სადაც გაზი გვედგა და საიდანაც სახლის აივანზე გავდიოდით. მოკლედ, ყველანაირად რომ გვიშლლიდა, ისეთ ადგილას გადმოაყენა.
დართლოდან მომავლებს ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ნუგზარ იდოიძის მანქანით წამოვედით. ეს კაცი თუშეთის ცოცხალი მემატიანეა და გზაში ბევრი საინტერესო რამეც გვაჩვენა (მანამ მუზეუმში უაღრესად საინტერესო ლექცია წაგვიკითხა თუშეთზე), მაგრამ ერთს გამოვარცევ - თუშეთის პარლამენტს. ეს ადგილი გიმეწრისა და პირიქითის გამყოფ სერზეა, სადაც ადრეც გამივლია, მაგრამ ჩვეულებრივად. იქაურობა ჩემს ყურადღებას მხოლოდ მთებში ნადირობისას დაღუპულთა ნიშებით თუ იქცევდა, არადა, უმნიშვნელოვანესი ადგილი ყოფილა და თვით ერეკლე მეფეც კი ყოფილა ნამყოფი. თურმე იქ თუშეთის პარლამენტი იკრიბებოდა - 3-3 კაცი ოთხივე ხეობიდან, პირიქითიდან, წოვათიდან, გომეწრიდან და ჩაღმადან.
იმედია, შთაბეჭდილებებს სხვებიც დაწერენ, მე კი გამოცდილების გაზიარებაზე გადავალ.
გამოცდილებამ კი გვაჩვენა, რომ საკუთარი მანქანით წასვლა ბევრად იაფია. როგორც ადრე ვწერდი, ალვანიდან ომალოში ნივით ასვლა 150 ლარი ჯდება, ჩვენ კი ეს თანხა გვეყო თავიდან ბოლომდე. სულ დაგვჭირდა 100 ლიტრა ბენზინი, რამაც თბილისიდან ომალოში აგვიყვანა, ჩამოგვიყვანა და იქ კიდე ორი დღე გვატარა! სულ ეს 5-დღიანი ლაშქრობა თითოს 50 ლარი დაჯგვიჯდა - 30 ლარი ბენზინის ფული და 20 - საჭმელისა. მაგრამ საკვები ბევრი დაგვრჩა -პური და რაღაცები, რაც იმ პირობით მასპინძლებს დავუტოვეთ.
დავრწმუნდი, რომ პირიქითის ნახვა 1 დღეში სისულელეა - ერთი დღე მარტო დართლო-დანო-კვავლოს სჭირდება. ასევე გომეწარშიც ორი დღეა სასურველი, თუმცა შეიძლება ესეც არ გეყოს.
უძირო ტბაზე 3 საათში ავედით, მაგრამ კარგი სიარულით ნაკლები დასჭირდება. საქმე რაში იყო - ქუმელაურთელმა ნაცნობმა ცხენებიც გვათხოვა და თვითონაც გამოგვყვა (უკან დაბრუნებულებს ცხვრის მწვადიც გაგვასინჯა და თუშეთის თემაში ასე ნაქები კოტორიც

). ცხენებზე ქალები და კახა შევსვით, რომელსაც წინა დღეს ცოტა ფეხი ეტკინა, მაგრამ იმდენად ციცაბო აღმართები იყო, მაინც დაქვეითდნენ და გარკვეული ნაწილი ფეხით იარეს. ბუნებრივია, ისინი ისე ჩქარა ვერ დადიოდნენ, თორემ ჩემნაირი ბევრად მალე ავიდოდა. საბოლოოდ, ქუმელაურთის აღმართი 1 საათში ავიარეთ, თუმცა ხისოდან თუ ახვალთ, იმ სერზე ასასვლელად ბევრად მოკლე აღმართია. თავად ტბაზე 3 საათში ვიყავით 3 დიდი და რამდენიმე პატარა შესვენებით.
რაც შეეხება უკან დაბრუნებას, ომალოდან უღელტეხილზე 2 საათში ამოვედით, იქიდან ალვანში კი 3 საათში ვიყავით. ცხადია, ესეც შესვენებებით და არა სირბილით.