მიუხედავად ნისლისა და ნესტისა ცეცხლის დანთება არ გაგვჭირვებია: მშვენიერი კოცონი ავაგუზგუზეთ. ნისლს სულ ცოტა ხნით მცირე, სულ მცირე წვიმაც მოჰყვა, მაგრამ ჩვენდა ბედად მალევე გადაიარა. აი მზეს რაც შეეხება, ეტყობოდა რომ ამ დილას ვერ დაგვენახვებოდა. საუზმის შემდეგ ავშალეთ ბანაკი და დავყევით გზას ზეკარის ხეობის ქვედა ნაწილისაკენ.
ჩვენი საბანაკე ადგილიდან გზა უკვე უსიერ ტყეში შედის და ასე მიიკლაკნება მანამ, სანამ მდინარის ნაპირამდე არ ჩავა ქერშავეთის ჩანჩქერის მახლობლად.
ზეკარის ხეობის გზის ქვედა ნაწილმა ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღესაც როდესაც იმ გზაზე წარმოვიდგენ ჩემს თავს ტანში ჟრუანტელი მივლის. ასეთი რამ სხვაგან არსად არ მენახა და ალბათ ვერც ვნახავ. უღრანი ტყით დაფარულ საკმაოდ დამრეც ფერდობებზე ძალიან დახვეწილი და მუყაითი შრომის შედეგად გაყვანილი გზა ჩემში, მსუბუქად რომ ვთქვათ, აღტაცებას იწვევს.
როგორც ადრე ვთქვით ეს გზა ფაეტონებისა და ეტლბისათვის იყო გათვალისწინებული და სწორედ ამიტომ მკვეთრ აღმართ-დაღმართებს ერთი-ორს თუ შეხვდებით (მე პირადად ერთის მეტს ვერ ვიხსენებ). ამიტომ ფერდობი სულ დაუმთავრებელი სერპანტინებითაა დასერილი და ასე ჩადის ის მდინარე ქერშავეთამდე.
საოცარი ის არის, რომ ამ გზაზე სიარულისას მდინარის ხმა ხან ახლოს ისმის, ხოლო ხანდახან მდინარის ხმის გაგონება კი არა თვითონ მდინარე ძლივს მოჩანს უფსკრულში ძაფივით დაკლაკნილი. საკმაოდ ხშირია, როდესაც გზის პირს ჩახედავ და შვეული კლდის ჩაყოლებაზე ასე 50 მეტრის ქვემოთ იმავე გზას დაინახავ. მოგინდება ამ კლდეზე ჩახტე მანძილის მოსაგებად, მაგრამ რას იზამ: ისევ სერპანტინებს უნდა მიჰყვე და ვინ იცის როდის ჩააღწევ იმ ადგილამდე! საინტერესოა, რომ ფერდობი, რომელსაც გზა მიჰყვება, ალაგ-ალაგ იმდენად დამრეცია, რომ გზაზე უამრავი სერპანტინის მიუხედავად ძალიან ცოტაა მოკლეზე მოსაჭრელი ბილიკები. თუმცა იმდენად სასიამოვნო სასიარულოა, რომ არანაირი სურვილი არ გაგიჩნდება კაცს მოკლეზე ჩასვლის და მაგნაირების.
![Smile :)](./images/smilies/icon_smile.gif)
იმის გამო რომ გზა უღრან ტყეში მიდის მთელს გზაზე სიგრილეა და მზე იშვიათად თუ შემოაღწევს ტოტებში. ამას დაუმატეთ ის რომ ზეკარის ხეობა საკმაოდ ნესტიანია და მიხვდებით რამდენად გრილი და სასიამოვნოა იქ ყოფნა და სიარული.
ძალიან საინტერესო დასათვალიერებელია ზეკარის ხეობის ტყე. ფოთლოვანი და წიწვოვანი ძალიან ლამაზად არის შერეული და ადამიანის თვალს, სულს და გონებას ერთიანად ამშვიდებს. ალაგ-ალაგ უზარმაზარ წიფელებსაც შეხვდებით, რომლებზეც შეიძლება ფოცხვერიც იყოს ჩასაფრებული!
ასე კარგად და ლაზათიანად ველური ბუნება არსად არ შემიგრძვნია და ყველაზე მეტად ეს მხიბლავდა და მახარებდა.
ორიოდე სიტყვა ვთქვათ გზის გავლადობაზე. ზეკარის ხეობის გზის ქვედა ნაწილი (ანუ რობაქიძეების ასახვევიდან მანამ სანამ გზა მდინარემდე ჩავა) შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად არის შემონახული. მაღალი გამავლობის მანქანებისათვის გზის ეს მონაკვეთი შეიძლება ითქვას, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ხოლო ერთ-ორ ადგილს, რომლებიც რობაქიძეების ასხვევთან ახლოს არის, თუ არ ჩავთვლით ის ჩვეულებრივი მანქანისათვისაც თავისუფლად იქნება გავლადი. იმ ერთ-ორ ადგილასაც მანქანას ძალიან თუ არ მოუფრთხილდებით გასვლას მოახერხებთ.
აი პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც გზა მდინარის პირას ჩადის ქერშავეთის ჩანჩქერიდან ასე 2-3 კილომეტრის დაშორებით. ამ ადგილას გზა მდინარეს კვეთს და სწორედ გადაკვეთის ადგილი ძალიან არის დაზიანებული. მდინარეს სულ ერთიანად აქვს წალეკილი იქაურობა და უშუალოდ რიყეს არაფერზე არ ეტყობა, რომ აქ ოდესღაც გზა გადიოდა. ამ ადგილის გავლას სამწუხაროდ ურალიც კი ვერ მოახერხებს. მაგრამ ეს არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რაც მერე ვნახეთ. იმ ადგილიდან ასე 1 კილომეტრში გზაზე იმხელა კლდე იყო ჩამოშვავებული, რომ მანქანით კი არა ფეხით ძლივს გადავედით.
ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ზეკარის ხეობის თავიდან ბოლომდე მანქანით გავლა წარმოუდგენელი რამაა. ალბათ ამიტომ არის ის ასე კარგად შემონახული. შეიძლება ითქვას, რომ ეს გზა საქართველოსათვის სამუზეუმო ექსპონატივითაა.