ეს კიდეც ცნობები თუშეთის ისტორიის შესახებ, ამაზე პირველ პოსტშიც დავწერე ნაწილობრივ, მაგრამ ვფიქრობ, დეტალურმა ინფორმაციამ შეიძლება ვინმე დააინტერესოს, ვისაც კიდევ ამდენი კითხვა ეზარება, იმან სურათები დაათვალიეროს

:
გეოგრაფიული იზოლაციის, ისტორიული ცენტრებიდან და მოვლენებიდან მოშორების გამო, გვიან შუასაუკუნეებამდე თუშეთისა და თუშების შესახებ არცთუ ბევრი ისტორიული ცნობა გვხვდება. თუმცა თუშეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12_მე-11 საუკუნეებითაა დათარიღებული, გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ ადამიანს თუშეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია.
კავკასიონის მთების წყალობით მიუწვდომელი და ძნელად მისასვლელი თუშეთი, როგორც უცხოელი დამპყრობლებისათვის ასევე ქართველი ფეოდალებისათვის, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას, ეწეოდნენ მეკოპარობას (მეზობელ მთიელებზე დოვლათის დაუფლების მიზნით დავდასხმა) და თავად იგერიებდნენ მეზობელი ქისტებისა (ჩეჩნები) და ლეკ-დიდოების (დაღესტნელები) შემოსევებს. ბუნების მკაცრმა პირობებმა და მეზობელი მთიელების მუდმივმა შემოსევებმა თუშები საუკეთესო მეომრებად ჩამოაყალიბა.
კახეთის მეფე ლევან II-ემ (1520-1574) თუშებს ზამთრის საძოვრებად ალონის (დღევადნელი ალვანი) ველი უბოძა. ამიერიდან თუშების ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა მეზობელ კახეთს. ყოველთვის, როდესაც კახეთს უჭირდა, თუშები და სხვა მთიელები მას დახმარებას უწევდნენ.
ისტორიის ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ თუშეთი მუდამ განიცდიდა ჩრდილოელი მეზობლების მუდმივ თავდასხმას. ამის დასტურად ციხეებითა და კოშკებით გამაგრებული თუშური სოფლების მონახულებაც კმარა. ომალოსა და წოვათას ციხეს ბევრჯერ მისდგომია მტერი, მაგრამ სიმაგრეების აღება ვერასოდეს მოუხეხებია. ამგვარი ციხეების აგებაში თურმე მთელი სოფელი მონაწილეობდა, რადგან ყოველ გვარს საკუთარი ციხე-სიმაგრის აშენების საშუალება არ ჰქონდა, ხოლო თავშესაფრის გარეშე ყოფნა დაღუპვის ტოლფასი იყო. ძველი თუშური საცხოვრებელი ციხე-სიმაგრის ტიპისა იყო და ერთდროულად დავდაცვით, საცხოვრებელ და სამეურნეო ფუნქციებსაც ასრულებდა. დღეს, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დასახლებათა ნაშთები პირიქითის, წოვათასა და ჩაღმის ხეობებში ისტორიული წარსულის მიწმეებად შემორჩენილან.
თავისებური და განსხვავებულია თუშეთის არქიტექტურა: ფიქალით ნაშენი დახურულაივნიანი სახლები და ციხე-სიმაგრეები მეზობელი მთიელების: ხევსურების, ფშაველებისა თუ დაღესტნელების სახლებისაგან სახურავებით გამოირჩევა. თუშური საცხოვრებელი სახლები სიპი ქვით, ორფერდა სახურავით არის გადახურული, რომელსაც მნახველი პირველივე შეხედვით შეამჩნევს.
XIX საუკუნის ბოლოდან ტრადიციული თუშური სახლები ქალაქური ტიპის აივნიანმა სახლებმა შეცვალა. თუშეთისათვის არატიპიური დუღაბით ნაშენი და პირამიდისებური სახურავის მქონე კოშკები კარგად არის შემონახული პირიქითა ალაზნის თემში და ჭონთიომდე ყველგან გვხვდება. ეს სიმაგრეები, ისევე როგორც მთელი თუშეთი, მრავალი ბრძოლის მომსწრენი არიან.
საკულტო ნაგებობები თუშური სოფლის ორგანული ნაწილია, რომლებიც ქრისტიანული და წარმართული რწმენა-წარმოდგნების შერწყმას ასახავს.
XX საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან თუშებმა კახეთში, ალვანის ველზე დაიწყეს ჩამოსახლება. გაჩნდა ორი დიდი სოფელი – ზემო და ქვემო ალვანი. XX საუკუნის 50-იანი წლებში საბჭოთა მთავრობამ საქართველოს მთიანი რეგიონების იძულებითი დაცლა დაიწყო, ამ პერიოდში მრავალი მაღალმთიანი სოფელი დაცარიელდა. მოსახლეობა მხოლოდ ჩაღმის თემის რამდენიმე სოფელს: ომალოს, შენაქოსა და დიკლოს შემორჩა.
წლის მნიშვნელოვან პერიოდს, სამანქანო გზის არასებობისა და რთული საცხოვრებელი პირობების გამო, თუშეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კახეთში ატარებს, ზაფხულობით კი კვლავ მთაში ბრუნდებიან. ყოველი თუში თავს ვალდებულად თვილს, რომ წელიწადში ერთხელ თუშეთის მთები, მშობლიური სოფელი მოინახულოს და საზაფხულო რელიგიურ დღესასწაულებში მიიღოს მონაწილეობა. შირაქიდან დაძრული მწყემსები კი თავის ცხვარს ყოველ ზაფხულს ისევ თუშეთის მთებში აძოვებს. აქვე წველიან და ამზადებენ თუშურ გუდის ყველს. ზაფხულის მანძილზე მთელი თუშეთი გამოცოცხლებულია, იქაურობა ხალხითაა სავსე და მთებში ყველგან ცხვარია. ხოლო ზამთარში აქ რამდენიმე ადამიანი რჩება და გაუკაცურებულ სოფლებში თოვლი და მდუმარება ისადგურებს.