როგორც ყოველთვის უღელტეხილის ბილიკის ბოლო მონაკვეთი ძალინ გაიწელა. ზემოთხსენებულ პატარა ჩანჩქერს ცოტათი რომ გავცდით, უკვე გვეგონა, რომ მალე ავიდოდით უღელტეხილზე, თუმცა არ აღმოჩნდა მთლად მასე. ბილიკი დაუნდობლად იკლაკნებოდა და ზანტად მიიწევდა მაღლა. ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა: დინჯად და მოთმინებით მივყვებოდით ბილიკს.
აქ უკვე ახლოს გვგონია უღელტეხილი, მაგრამ ჯერ სადა ვართ!
ეს პანორამა მაშინ გადავიღე, როდესაც უღელტეხილამდე მცირე მანძილი გვქონდა დარჩენილი:
ისევ თუშური კავკასიონის მწვერვალები:
ასე საღამოს შვიდის ნახევარი საათი იქნებოდა, როდესაც უღელტეხილზე ავედი. სულ სხვანაირი იყო გომეწრის ხეობა: თუ პირიქეთისკენ გაიხედავდი კავკასიონის გრანდიოზულ მწვერვალებს დაინახავდი; გომეწრისაკენ კი შედარებით დაბალი მთები იყო, თუმცა განსხვავებით პირიქეთის მწვერვალებისაგან, მათი კალთების ქვედა ნაწილები ფიჭვის ტყეებით იყო დაფარული, რაც თავისებურ ხიბლს სძენდა გომეწრის ხეობას.
თუმცა მიუხედავად ყველაფერ ამისა, მთავარი, რის დანახვასაც ნაყაიჩოს უღელტეხილიდან ველოდი თებულოსმთა იყო. თუმცა მაგ ამბავში არ გაგვიმართლა: თებულოს ძალზედ მძიმე ღრუბელი ედგა თავზე თითქმის არ მოჩანდა მისი კონტურები. ერთადერთი რისი დანახვაც მოვახერხე, ეს იყო თებულოდან ჩამომავალი თხემის ნაწილი და კიდევ ჩეჩნეთის მთების მკრთალი კონტურები. წარმომიდგენია რა სილამაზე იქნებოდა ცა რომ მოწმენდილი ყოფილიყო! მაგრამ არა უშავს: სხვა დროს ხომ მაინც არ დაგვემალება თებულო ღრუბლებში?
ეს ორი სურათი დანარჩენი მოლაშქრეების ამოსვლამდე გადავიღე:
როდესაც მოლაშქრეების ძირითადი ნაწილი ამოვიდა ლურჯი ბრეზენტი გავშალეთ და დასასვენებლად ჩამოვჯექით. ბოლოს ელგუჯა ბიძია იყო დარჩენილი და მამაჩემმა მისი დახმარება მთხოვა. სანამ მე წავოდოდი, მანამ მერაბმა ეს სურათები გადაიღო:
ამის შემდეგ მერაბიც წამომყვა ელგუჯა ბიძიას დასახმარებლად. სანამ ჩვენ ამოვიდოდით, გომეწრის ხეობიდან ნისლები წამოვიდა და თან საკმაო სიცივეც ამოიტანა:
უკვე ბუნდოვნად მოჩანს მწვერვალები
ეს დათოა: სცივა როგორც ჩანს
აქ უკვე ყველანი უღელტეხილზე ვართ!
ნელ-ნელა ნისლი და სიცივე იმატებდა. ამიტომ სასწრაფოდ წავიხემსეთ ხილით და ტკბილეულით და დაბლა დავეშვით.