kotetbeli
დიდ ნისლში უზარმაზარი მთის კონტურები გაურკვევლად ჩანდა. ვაა, რამხელაა-მეთქი და... ჩემმა მეგობარმა გაიცინა, რასაც ხედავ, ეგ ?ცერის? ძირიაო... და მაშინ ვითხოვე პირველი ჭიქა არაყი...
რეზომ, ჩემმა მეგობარმა, აბა ეხლა ძირს გადაიხედეო. წამოვიწიე, გადავიხედე და... მაშინ მივუჯექი სუფრას მეორედ...
შენ მაგ გზაზე ღამით იმგზავრე და შიშიც და სილამაზეც მერე ნახე!

მე ერთხელ მხვდა ეგ ბედნიერება წილად და მართლა უმშვენიერესი სანახაობა ვნახე. ჟველურთიდან საღამოს წამოვედით - სხვათა შორის, კოკლათელი მძღოლი იყო - თემო ბაშინურიძე, ერთ-ერთი გამოცდილი და საიმედო შოფერი თუშებში. ცოტას იქვე ჟინჟლავდა, ხოლო ცერზე გვარიანად წვიმდა და ციოდა. თან, ძლიერი ნისლი იყო და ისე გვეგონა, თითქოს ღრუბლებში მივცურავდით. ცერზე დაგვაღამდა კიდეც, აქეთ კი დარი დაგვხვდა, მაგრამ ელავდა და სწორედ ეგ იყო ულამაზესი სანახაობა - ღამის სიბნელეში ცის ტაღზე გაკლაკნილი ცეცხლოვანი ზოლი. მაგრამ განცდაც წარმოიდგინე - იმ გზებზე გავლა დღისით როგორია და ღამით რა გრძნობა დაგეუფლება!
თუშეთი მართლა ულამაზესი მხარეა და ნამდვილად ღირს იქ წასვლა, ყველას ვურჩევ. სარისკკო კია, მაგრამ არ წააგებთ. მთაში წასვლის წინ მძღოლების უმეტესობა შეგნებულად სვამს და ნამდვილად მიკვირს იმ მგზავრებისა, რომლებიც მასეთებს უჯდებიან მანქანაში. თუშებში რამდენიმე მძღოლია, რომელიც გზაში არ სვამს და ერთი თემოცაა. თუმცა თუშეთში წასვლა უფრო იოლადაც შეიძლება - როგორც ვიცი, თბილისიდან ყოველ დღე ვერტმფრენი მიფრინავს (ყოველ შემთხვევაში, ზაფხულში) ომალოში, იქ კი ორი სასტუმროა. მე ერთი ვიცი - ზემო ომალოში, თემო არშაულიძის სახლში. კომფორტიც არის და არც ძვირია - კაცი დღეში 20-25 ლარი, მაგრამ სამჯერადი კვებით და თუშეთის სხვადასხვა მხარეებში გასეირნებით. თან, კაპიტალური აბანოც აქვს და აბა, კონდიციონერი არც დაგჭირდებათ. ამასთან, ძალიან კარგი ხალხია, გულს ვერ მოაშორებთ, ისეთი. პლუს, დიასახლისმა უგემრიელესი ხინკალი იცის. ეგეთი არც თუშეთში მიჭამია და სხვაგან ხომ - რაზეა საუბარი.
თუშეთი ყველგან ლამაზია, მაგრამ თუ გინდათ, მისი სილამაზეც და სამშობლოც ბოლომდე შეიგრძნოთ, აუცილებლად ნახეთ დიკლოს ძველი ნაციხარი და საქართველოს სამანთან , ბიჭეხის სალოცავთან მდგარმა იქით ლეკების სოფლებს - წეროს და ინცუხს, აქეთ კიდევ საქართველოს სილამაზეს, შეხედეთ. პრინციპში, ეს სოფლები სადემარკაციო ზოლშია და ოფოციალურად ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ იმ ერთი ბეწო ტაფობს ლეკები იჩემებენ. ყოველ შემთხვევაში, იმ სერზე, სალოცავთან ჩვენი მესაზღვრეები დგანან და იქით არ გიშვებენ. აი, იმ სოფლების ზევით, დიდ ქედზე უკვე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარია, მაგრამ ჩვენთვის საქართველო ბიჭეხის სალოცავთან მთავრდება. როცა იქიდან ლეკების უამურად ჩაჟამებულ მხარეს, აქეთ კიდევ თუშეთის მწვანედ მობიბინე ბუნებას დაინახავთ, საქართველოს სილამაზეს უფრო ცხადად შეიგრძნობთ. იმ სერზე მდგომს დუმბაძის "ნუ გეშინია, დედამ" კინოკადრივით გამირბინა თავში და მთელი არსებით ვიგრძენი სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა ტვირთი. ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიმძაფრა დიკლოს ნაციხარის ხილვამ. ხომ სანახევროდ ჩაქცეულია, ხომ ქონგურებმორღვეული და კოშკებმოშლილია, ამ ნანგრევებითაც კი საქართველოს ძველი დიდების მოწმედ დგას. სიდიადეს ნანგრევებშიც კი ინახავს და თავის დროზე რა დიდებული რამ იქნებოდა!
დიკლოსკენ მიმავალ გზაზე შენაქოს სილამაზეც მოგხიბლავთ. პირიქითის ალაზანს რომ გადახვალთ და აღმართს აივლით, მერე შენაქომდე თითქმის სწორი გზა მიდის. ერთგან იგი ცოტათი უხვევს და მისი გავლისას სოფელს პირდაპირ გადაადგებით. როცა პირველი მგზავრობისას დაოთხილები მივაქროლებდით ცხენებს და იმ მოსახვევს გავცდით, წინ იმდენად წარმტაცი სოფელი გადაგვეშალა, ცხენი უნებურად შევაჩერე. შენაქოში კიდევ ის მომეწონა, რომ ძველი და ახალი სტილი ერთმანეთშია არეული - ქვით დახურული სახლის გვერდით თუნუქით გადახურული დგას, ქვით ნაშენთან - ფიცრული, იქით ხელით გამოყვანილი რიკულებია, აქეთ - სატელიტური ანტენაც კი (ოღონდ ეს რად უნდოდათ, ვერ მივხვდი - შუქი იქ არაა და ალბათ, დვიჟოკი ჰქონდათ). სოფლის ბოლოში ვრცელი მინდორია, მის განაპირას კი მოუვლელი ეკლესიაა. ეკლესიისადმი თუშთა ზრუნვის ერთადერთი გამოხატულება შესასვლელთან დადებული თეთრი მარმარილოს ფილაა ზედ წარწერით - ვინამ თქვა თუშთა დალევა, / ნაპირ მოტეხა ცისია!