სირბილ-სირბილით ჩავედით ბანაკში. ყველანი იქ იყვნენ და კარტს თამაშობდნენ. ჯერ 5 საათი არ იყო შესრულებული და ამიტომ ცოტა დრო გვქონდა დასასვენებლად.
დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ დღეს (ან მომდევნო დღეს), როდესაც ჩვენ დართლოში დავბანაკდით, ჩვენს მეზობლად კიდევ ერთი ჯგუფი დაბანაკდა. როგორც შემდგომ გაირკვა მხატვრების ოჯახი ყოფილა და მანქანით ჩამოსულან თუშეთის დასათვალიერებლად.
როგორც დედაჩემმა მითხრა, როდესაც ისინი კვავლოდან ბანაკში ბრუნდებოდნენ, დედაჩემი ჩვენს ''მეზობლებს'' გასაუბრებია. ოჯახის უფროსი ბ-ნი ირაკლი სოსელია გამოცდილი მოლაშქრე ყოფილა. შესაბამისად კარგად ერკვეოდა მთის ავან-ჩავანში. მან ზუსტად იცოდა იქაური ხეობები, ბილიკები, უღელტეხილები და ასე შემდეგ. როდესაც დედაჩემმა მას უთხრა რომ ფეხით ვიყავით ჩამოსულები, ბ-ნი ირაკლი დაინტერესდა თუ რა მარშრუტით ვაპირებდით თუშეთის დათვალიერებას. დედაჩემმა ეს ყველაფერი ზუსტად არ იცოდა და ამიტომ როდესაც ბანაკში ჩავედით მთხოვა, რომ მათთვის მეთქვა თუ როგორი მარშრუტი გვქონდა არჩეული.
ფეხბურთის დაწყებამდე ჯერ კიდევ იყო დრო დარჩენილი და ამიტომ რუკა მოვიმარჯვე და გავემართე ''მეზობლების'' მოსანახულებლად და გასაცნობად.
ბ-ნი ირაკლი ბანაკში იყო, როდესაც მივედი. გაცნობის შემდეგ მკითხა, თუ რა გზით ვაპირებდით მოგზაურობას. ჩვენი გეგმა ასეთი იყო: შემდეგ დღეს დართლოდან გირევში უნდა ჩავსულიყავით და დავბანაკებულიყავით. გირევიდან, უნდა შევსულიყავით ლაროვანის ხეობაში. ლაროვანის ხეობიდან კი სამვრონის უღელტეხილით (3168 მ) უნდა გადავსულიყავით წოვა თუშეთში. იქიდან კი გომეწრის ხეობით დავბრუნდებოდით ომალოში. როგორც ბ-ნმა ირაკლიმ მითხრა ლაროვანის ხეობით წასვლა არც ისე სასიამოვნო გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ის ცივი და ველური ხეობაა და თან იმის გამო რომ ორი წელია იქ არავინ არ ყოფილა, ბილიკებიც სავარაუდოდ აღარ იქნებოდა შემორჩენილი. არადა სანამ უღელტეხილის ძირში მიხვალ, მანამდე გირევიდან 15 კილომეტრი უნდა იარო ამ ხეობაში. ბილიკების არ არსებობა როგორც მინიმუმ კარგად გაგვაწვალებდა. ეს უკვე სათუოს ხდიდა ამ მარშრუტს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ ნაადრევი იყო. შემდეგ ბ-ნმა ირაკლიმ თქვა, რომ იყო მეორე ვარიანტიც: გომეწრის ხეობაში ნაყაიჩოს უღელტეხილით გადასვლა, რომლის ბილიკიც ფარსმასა და ჭეშოს შორის სადღაც შუიდან იწყებოდა და პირიქეთის ქედზე ადიოდა სერპანტინით. ეს ბილიკი კარგ მდგომარეობაში იყო, რადგანაც ადგილობრივები სარგებლობდნენ ხშირად. არ იყო ცუდი აზრი: ამ მარშრუტით ჩვენი ლაშქრობის დედააზრი არ იკარგებოდა: გვინდოდა, რომ ერთი ლაშქრობით გვენახა პირიქეთის და გომეწრის ხეობები და წოვა თუშეთი. თუ რას ვიზამდით, ამას უკვე ჩვენი ლაშქრობის ''სხდომაზე'' გადავწყვეტდით.
ასე რომ დიდი მადლობებით დავემშვიდობე ბ-ნ ირაკლის და თანაგუნდელებთან ერთად გავემართეთ დართლოს ცენტრალურ სტადიონზე!
თამაში როგორც საქართველოს შეეფერება მოგვიანებით დაიწყო
ჩვენ შვიდნი ვიყავით: კარში ელგუჯა ბიძია; დაცვაში ძმები კვირიკაშვილები (გიორგი და ირაკლი); ნახევარდაცვაში მე და დათო და თავდასხმაში გიო და მერაბი. ვერაფერს იტყვი: არნახული ნაკრები იყო!
აი მოწინააღმდეგეს რაც შეეხება: ძალიან ბევრნი იყვნენ სამი სოფლის ნაკრები გუნდი ჰყავდათ! ასე რომ მძიმე თამაში გველოდა წინ.
ყველაფერი კარგი იყო მოედნის გარდა: გარდა იმისა, რომ ცოტა დაღმართი იყო, მას არ ჰქონდა აუტის ხაზები. ასე რომ თამაში მანამ მიდიოდა, სანამ მდინარე არ ცაიგებდა ბურთს
მოკლედ თამაშიც დაიწყო. ჩვენ არა გვიშავდა: მეკარე გამოცდილი გვყავდა და დაცვის ხაზიც წარმატებით ართმევდა თავის საქმეს თავს. პირველ ტაიმში არ გვიჭირდა, რადგან დაღმართში ვუტევდით!

მეკარის ოსტატობით, დაცვის მონდომებით და მერაბის კარგი თამაშის წყალობით 2:1 დავწინაურდით (ორივე გოლი მერაბის ანგარიშზეა). ამის შემდეგ კიდევ გაგვიტანეს და დაგვამწუხრეს, თუმცა ტაიმი მაინც ჩვენ მოვიგეთ: მერაბის კარგი პასით ცარიელ კარში გოლი გავიტანე და ანგარიში 3:2 გახდა.
აი მეორე ტაიმში კი გაგვიჭირდებოდა: გარდა იმისა, რომ თუშები ხშირად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, აღმართში შეტევა უკვე ჩვენ გვიწევდა. ამასთან თუშები ცოტა ნასვამებიც იყვნენ და დაღლა საერთოდ არ ეტყობოდათ!

მაგრამ ღმერთმა არ გაგვწირა: არ იქნებოდა დიდი ხნის დაწყებული მეორე ტაიმი, რომ შხაპუნა წვიმა წამოვიდა. ოთხივე მხარეს ცა გახსნილი იყო და მაინც და მაინც ჩვენს თავზე იდგა ღრუბელი. იმის იმედით, რომ მალე გადაიღებდა თამაში გავაგრძელეთ, მაგრამ არ დაადგა საშველი წვიმას. სხვა გზა აღარ გვქონდა და შევწყვიტეთ თამაში მაშინ, როდესაც 3:2-ს ვიგებდით. ასე რომ დამარცხებულებს არ დაგვიტოვებია მოედანი!

მეტოქის მხრიდან ყველაზე დიდი მოწონება ჩვენმა მეკარემ დაიმსახურა! ეჭვიც კი გამოთქვეს ძველი მეკარე იქნებოდაო!
ასე დამთავრდა ეს სასიამოვნო დღეც: საღამოს კოცონი გავაჩაღეთ, სველი ტანსაცმელი გავაშრეთ და ტკბილად დავიძინეთ. ხვალ უკვე ჭეშო, ფარსმა და გირევი გველოდებოდა.