შაორის ტბა
მსუბუქ აღმართს ნელ-ნელა ავუყევით.
ვიცოდი, რომ ახლოს იყო შაორის ტბა და არ ვჩქარობდით. დაბნელებამდე 3-4 საათი გვქონდა.
მივდიოდით და ავლილ-ჩავლილი მანქანებიდან, გაკვირვებული მზერა გვაცილებდა.
ტრასაზე მოძრავი მანქანები და მათი მგზავრები ცალკე სასაუბრო თემაა, ამ ლაშქრობაში.
ჩვენი მარშრუტი ხომ ძირითადად ტრასაზე გადიოდა.
ზოგი დაგვისიგნალებდა, ზოგი ხელს აგვიწევდა
რა ვიცი, რას ფიქრობდნენ იმ მომენტში.
ალბათ უცხოელები ვეგონეთ, რომლებსაც ჯერ არ გაეგოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ და აეროპორტში პირველივე რეისით გაქცევის ნაცვლად, მშვიდად მიაბიჯებდნენ ზურგჩანთააკიდებულები.
რა იცოდნენ, რომ ბედკრული საქართველოს, უკუღმართი შვილები ვიყავით
.
ყვავის ფეკალიებიანი წყლის შემდეგ ეს ჩანჩქერი უკვდავების წყლად მოგვეჩვენა. ოღონდ სანამ ბოთლები დავავსეთ, კი დავსველდით გვარიანად
ცხრაჯვარის გადასახვევიდან საათზე ცოტა მეტი სიარულის შემდეგ, შაორის ტბის პატარა განშტოება გამოჩნდა.
18:19
ტბის დანახვამ ძალიან გაგახარა, მალე გავშლიდით კარვებს და დავისვენებდით.
ბევრი კი არ გვქონდა გავლილი, მაგრამ საკმაოდ დაღლილები ვიყავით, ალბათ ემოციურმა ფონმა იმოქმედა.
ტბას რომ გავუსწორდით, უცებ დაბლა რაღაც მხტუნავი ციცქნა არსება შევნიშნე.
პატარ-პატარა ნახტომებით ტბის მხრიდან, მთაზე შეფენილი ტყისკენ მიხტოდა.
კარგად დავაკვირდი და პატარა ბაყაყი აღმოჩნდა.
სურათის გადაღება ვცადე და არ გამომივიდა, უკვე საკმაოდ მოსაღამოვებული იყო.
ერთი-ორი ნაბიჯი გადავდგი და კიდევ ერთი პატარა ბაყაყი შევნიშნე. მერე კიდევ ერთი.
ჩემდა გასაკვირად, ყველა ერთი მიმართულებით მიხტოდა.
რა საინტერესოდაა მოწყობილი ბუნება. ნეტა რა აიძულებდათ ამ პატარა ბაყაყებს ტბის ნაპირი (სადაც რამდენიმე მეტრიანი ტყის ზოლიც იყო) დაეტოვებინათ და ტრასის გავლით მთისკენ წასულიყვნენ.
ღმერთმა იცის ამ მოგზაურობისას რამდენი გაჭყლიტა მანქანებმა
.
ძალიან ბევრიც აღარ მიდარდია ბაყაყებზე, ჩვენგან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ხომ ჩვენი ძმები იღუპებოდნენ...
უბრალოდ ვცდილობდი ყურადღებით გამევლო, რომ შემთხვევით არ დამებიჯებინა.
ტბის განშტოებას ხიდი კვეთდა.
ხიდიდან ეს ხედი გადაგვეშალა.
სამწუხაროდ თვალსაწიერზე, ვერც საბანაკე ადგილს ვხედავდით და ვერც სანაპიროსთან ჩასასვლელს. ტყიანი ნაპირები ციცაბოდ ჩადიოდა ტბაში.
გავაგრძელეთ გზა და რამდენიმე წუთში პოლიციის კოლონები გამოჩნდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ.
სულ დამავიწყდა დამეწერა, ცხრაჯვარის გადასახვევთან რომ ვისხედით, მაშინაც ჩამოიარეს პოლიციის ჯავშნოსანმა მანქანებმა.
ახლა კი ძირითადად ტოიოტას ჯიპები და ნივები იყო.
თითქმის ყველა გვესალმებოდა, ხელს გვიწევდნენ
.
სურათის გადაღება მომინდა, მაგრამ არ ვიცოდი, შეიძლებოდა თუ არა და ზედმეტ პრობლემას თავი ავარიდე
.
მე გამიხარდა, რომ მიდიოდნენ. ვიცოდით რომ ონი დაბომბილი იყო და რადგან ესენი რაჭიდან მიდიოდნენ, ე.ი. აქ საშიში აღარაფერი იყო.
ზარები და ცუდი ამბები კი ისევ გრძელდებოდა.
ეკას უთხრეს, რომ დილა გათენდება თუ არა, ეგრევე ფოთში წადი, ბებიასთანო
.
მალე მეთევზეები ვნახეთ, რომლებმაც საბანაკე ადგილი გვირჩიეს.
რაღაც ჯამის თუ ჯორის წყალი არისო ტყეში და იქ შეგიძლიათო.
თუმცა არ მოგვეწონა და გზა გავაგრძელეთ.
შემდეგ სანაპიროსკენ ჩავუხვიეთ, მაგრამ ისეთი დაბინძურებული იყო და ისეთი საშინელი სუნი იდგა, რომ მაშინვე თავიდან ამოვიგდეთ აქ გაჩერება.
სამაგიეროდ აქედან კარგი ადგილი დავინახეთ. საკმაოდ დიდი სანაპირო ტერიტორია მოჩანდა დაახლოებით კილომეტრში და იქვე კოტეჯებიც იდგა.
წესით წყალიც უნდა ყოფილიყო.
იმედმოცემულებმა გავაგრძელეთ გზა.
ოციოდე წუთში შემოღობილ ეზოს მივუახლოვდით, სადაც ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი კოტეჯები იდგა. რამდენიმე უკვე დანგრევის პირას იყო მისული, ზოგში კი დამსვენებლები შევნიშნე.
ჩანთები დავაწყვეთ და ეზოში შევედი.
აივანზე გოგონა რაღაცას ბერტყავდა თუ ფერთხავდა.
გავარკვიე, რომ თურმე წყალიც აქვე ყოფილა კოტეჯებს შორის და სანაპიროზეც შევძლებდით დაბანაკებას.
გახარებული ჩავედი ჩვენებთან. დავავლეთ ხელი ჩანთებს და სანაპიროზე მოსწორებული ადგილი მოვნახეთ.
ფოტოაპარატი მარიტას ჩავაბარე და კარვების გაშლას შევუდექით...
19:55
როგორც ხედავთ, ეკა ყველაზე მეტად აქტიურობდა ამ პროცესში.
სანამ ჩვენ კარვებს ვშლიდით და მარიტა ფოტოებს გვიღებდა, პოკაჰონტასი ვახშამის თადარიგს იჭერდა.
15 წუთში ყველაფერი მოვამთავრეთ, ჩვენც და პოკაჰონტასმაც.
კარვებიც და ვახშამიც მზად იყო.
ავიღეთ ჭურჭელი და წყალზე წავედით.
ტბასთან სერგი დავტოვეთ.
წყალთან მორიგი არასასიამოვნო ამბები გავიგეთ, დამსვენებლებისგან.
მათი ძირითადი ნაწილი რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას ეხებოდა, თუმცა იყო კიდევ ერთი ამბავი, რომელიც მაშინვე აისახა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ხელების დაბანა ვერ მოვასწარი რომ რამდენიმე კოღომ ერთად მიკბინა.
დამსვენებელმა გოგონამ გვახარა, სანაპიროზე უფრო მეტი კოღო არისო.
რაღას ვიზამდით, კარვების დაშლას და სხვაგან აწყობას, ვეღარ მოვასწრებდით...
უცებ დავიბანეთ ხელები, ჭურჭელიც ავავსეთ და ჩვენს ადგილს დავუბრუნდით.
ბანაკამდე გზა, ქეციანივით, ფხანვით და კლაკვნით ჩავიარე.
სანაპიროსთან დაბანაკება მხოლოდ კოღოების გამო არ აღმოჩნდა ცუდი. სანამ წყალზე ვიყავით, კარვებიც და ჩვენი ჩანთებიც (რომლებიც გარეთ ეწყო ბალახებზე) დანამულიყო და გარედან საკმაოდ სველი იყო.
გრძელტოტებიანი შარვალი ჩავიცვი, სხეული მაქსიმალურად დავიფარე და სუფრას მივუსხედით.
ცოტა რომ დავნაყრდით, დადგა სიურპრიზის დროც.
საქმე იმაშია, რომ ეკამ წელს დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები.
მე შევთავაზე, რომ ეს ამბავი ლაშქრობით აგვეღნიშნა.
კი დამთანხმდა, მაგრამ მას მერე დიდი ხანი გავიდა და ვერც ერთხელ ვერ შეძლო ლაშქრობაზე წამოსვლა (ვაღიარებ, ერთხელ ჩემი მიზეზით ჩაიშალა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წავედი).
მე კი სპეციალურად ამ ამბისთვის წითელი ნახევრად-ტკბილი ღვინო მქონდა შემონახული, რომელიც ეკას ყველაზე მეტად უყვარს.
აი ძლივს მომეცა საშუალება, გამომეჩინა ღვინო და დიდი ხნის ჩაფიქრებული აგვესრულებინა
.
20:38
სამწუხაროდ კორპის ამოსაძრობის წამოღება დამვიწყებია და ალექსამ ჯერ ზედა ნაწილი მოაჩიჩქნა დანით, დარჩენილი ნაწილი კი შიგნით ჩააგდო კარვის სოლით.
ორ-ორი ჭიქა გამოგვივიდა. აქედან ერთ-ერთი რა თქმა უნდა მშვიდობის სადღეგრძელო იყო
.
ბოთლი გვერდით გადავდე, მეორე დღეს მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეესრულებინა
.
ამასობაში ალექსას დადგმული ჩაიდანიც ადუღებულიყო.
ზოგმა ცხელი შოკოლადი დალია, ზოგმა ყავა, ალექსამ და მე სწრაფი კვების პაკეტები მივირთვით.
პიურე გავსინჯე და ძალიან მომეწონა.
აი ჩვენი ნასუფრალი
ჭამის შემდეგ ფოტოებს ვიღებდით
დიდი დაკვირვება არ სჭირდება, ალექსას თავზე კოღოს ნაკბენების შემჩნევას
.
ამ ფანრის დამამზადებლებმა, ვერ გაითვალისწინეს ის, რომ შეიძლება შლაპის მოყვარულ ადამიანს მოუნდეს გაკეთება!
შუბლზე ორივე ვერ ეტევა და შლაპაზე ზემოდანაც ვერ მოვარგე
.
ფოტოების გადაღებითაც რომ გული ვიჯერეთ, დავსხედით და მარიტას შემოთავაზებული თამაში ვითამაშეთ (თამაში არ იყო, მაგრამ ასე დავარქმევ).
რაც მე მგონი ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა.
დაახლოებით 12 საათისთვის შევძვერით ჩვენ ჩვენს კარვებში და დავიძინეთ.
დილით არ ვიცი რამ გამაღვიძა. 8 ახალი დაწყებული იყო.
ჩავრთე მობილური და რამდენიმე მესიჯი ერთად მომივიდა.
შორენას დაიკო მწერდა (სამეგრელოდან), სენაკის და ფოთის დაბომბვის გარდა რამე სიახლე თუ გაქვს, გამაგებინეო. რა იცოდა, რომ ესეც სიახლე იყო ჩემთვის.
იყო ასევე ბუსუსას წერილიც, რომელიც, ასე იწყებოდა: კამიკაძეებო!..
კიდევ ჩემი ძმა მწერდა გერმანიიდან, სად ხარ, როგორ ხარო.
ზლაზვნით ჩავიცვი და ავდექი.
მალე ალექსამ მომბაძა.
გოგონები ისევ ნებივრობდნენ.
ვითომ სძინავთ
7:50
სერგი კარვის კარებთან იჯდა საძილეში გახვეული და ჩუმად აბოლებდა სიგარეტს.
კაი ხანი ხმა ვერ ამოვაღებინეთ, ალბათ ახალი ამბების გამო.
კინაღამ დამავიწყდა!
სანამ კარვიდან გამოვიდოდი, ძახილი შემომესმა.
კოტეჯების მხრიდან ვიღაც ბოხხმიანი ქალი (ვივარაუდე, სიგარეტის მწეველი იქნება-თქო და არც შევმცდარვარ) ყვიროდა: - დამპლებოო!.. ღორებოო!..
კიდე რაღაცეებს იძახდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი სიტყვებს, მხოლოდ ესენი გავარჩიე.
ამ დილაადრიანად რა დაეტაკა-თქო ვიფიქრე.
მერე მივხვდით, რომ ახალი ამბების მოსმენის შემდეგ, რუსების მისამართით ისროდა ამ სიტყვებს...
მაინტერესებდა მარიტამ როგორ გაატარა ღამე.
პირველად ეძინა კარავში და მინდოდა კარგად დამახსოვრებოდა
.
სამწუხაროდ მისი პირველი (ორ-სამ დღიანი) ლაშქრობა ასეთ ცუდ დროს დაემთხვა.
მითხრა, კარგი იყოო და რა ვიცი. იმედია რომ მოვა, თვითონაც დაწერს შთაბეჭდილებებს
.
შაორის ტბა დილით
ნელ-ნელა ყველამ ჩავიცვით და ხელ-პირის დასაბანად წავედით.
იქაურებმა მორიგი ცუდი ამბები დაგვახვედრეს.
ცხვირჩამოშვებულები დავბრუნდით კარვებთან.
დაძინებისას, იმედი გვქონდა, რომ დილით ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა და მშვიდად გავაგრძელებდით ლაშქრობას.
ერთი პუნქტი კი შეიცვალა, ეკას აღარ უწევდა ფოთში დაბრუნება.
ვისაუზმეთ და თან მომავალ გეგმებზე ვსაუბრობდით.
უმეტესობა ვფიქრობდით, რომ ნიკორწმინდის უნახავად არ ღირდა დაბრუნება.
აქამდე ამოვსულვართ და ნიკორწმინდა როგორ არ ვნახოთო
.
ათასი ფიქრი გვიტრიალებდა თავში და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო.
შეიძლება, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით თბილისისკენ, შეიძლება პირიქით, ჯერ არ ღირდა წასვლა.
იმაზეც ვფიქრობდით, მალე თუ არ ჩავალთ თბილისში, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს აქ დარჩენა, ღმერთმა იცისო.
მოკლედ ამ ფიქრებში ავალაგეთ კარვები.
უფრო სწორად, მე და ალექსა ვალაგებდით, ესენი კი კოტრიალობდნენ
წინა ღამეს იდეა მომივიდა, რომ დაგვეწერა წერილი, ბოთლში ჩაგვეგდო და ტბაში შორს მოგვესროლა (გოგამ არ გაგვიგოს
).
ასეც გავაკეთეთ, მარიტამ აიღო ფურცელი და დავწერეთ წერილი, რომ ჩვენ ვართ ესა და ეს, ვიმყოფებით რაჭაში ომის დროს, შეიძლება ხვალ ცოცხლები აღარ ვიყოთ
.
მოკლედ, სიტუაციის მაქსიმალური დრამატიზება მოვახდინეთ.
სრული ტექსტი არ მახსოვს, მოვაბოდიალეთ რაცხაები....
ჩავდეთ ბოთლში...
და ტყორცნის პატივი ბატონ ალექსის ერგო (თურმე ალექსა ცაცია ყოფილა)...
ტყლუმპ!..
10:53
საბოლოოდ ავიბარგეთ და ისევ წყალთან ავედით.
ტრასაზე ერთ-ერთი დამსვენებელი იყო გამოსული, ბავშვს ასეირნებდა და თან ქვემოდან მომავალ მანქანებს, გზის შესახებ ინფორმაციას ეკითხებოდა.
გამოველაპარაკეთ ქალბატონს და მთელი ჯალაბობა გამოიშალა.
გვირჩიეს, რომ მალე წავსულიყავით თბილისში, სანამ გზა ჩაიკეტებოდა.
დავჯექით და ზემოდან მომავალ ტრანსპორტს დაველოდეთ. თან დამსვენებლებთან ვსაუბრობდით და ტელეფონებზე ვრეკავდით.
ეს მომენტები კარგად არ მახსოვს და თუ სხვა ვინმე დაწერს, კარგი იქნება.
საათზე მეტ ხანს ვიყავით გაჩერებული ამ ხალხთან და ბევრიც არის დასაწერი...
არ ვიცი, როგორ, რატომ, მაგრამ ავიღეთ ჩვენი ბარგი, დავემშვიდობეთ იმ ხალხს და ისევ ზემოთ, ნიკორწმინდისკენ წავედით.
ორიოდე წუთში კარგი პლაჟი დავინახეთ. ”კარგი” შედარებითი ცნებაა ამ შემთხვევაში. ესეც საკმაოდ იყო დაბინძურებული
.
ცოტა ხანი აქ გავჩერდით, სერგიმ, ალექსამ და ეკამ იბანავეს კიდეც.
მხოლოდ ორ ფოტოს დავდებ, იმედია არ გამიბრაზდებიან
.
სახტომი არ ჰქონდათ და რა ექნათ...
13:09
ჩვენ კი ნაპირზე ვისვენებდით
მე და რა თქმა უნდა ტელეფონი.
ამაოდ ვცდილობ დედასთან დაკავშირებას...
გული რომ იჯერეს ჭყუმპალაობით, ამოვიდნენ, გაშრნენ და ზემოთ გავაგრძელეთ გზა.
ცოტა ხანში მივხვდით, რომ მზის გულზე სიარულით, ორმაგად დავიღლებოდით და გაჩერება ვამჯობინეთ.
შემაღლებული მყუდრო, ჩრდილიანი ადგილი მოვნახეთ და გავჩერდით.
პლუს ამას, ქარი უბერავდა და ოდნავადაც არ გვაწუხებდა სიცხე.
თან ტრასასთან ვიყავით და შეგვეძლო გაგვეგო ამბები (ტელეფონით საერთოდ ვეღარ ვახერხებდით დაკავშირებას. ზოგს დამჯდარი ჰქონდა).
მატიტამ უკანასკნელი ენერგია გამოწურა თავისი აიპოდიდან
ჩვენს შორიახლო ზომიერად ფერხორციანი თეთრი ცხენი ბალახობდა
ეკა მოწყენილი იჯდა ხის მორზე, ნერვიულობდა. ვიფიქრე, მივუჯდები, ცოტას გამოველაპარაკები-თქო და კინაღამ ცუდი რაღაც შემემთხვა.
ვერ ვისწავლე ჭკუა და ფოტოაპარატის ჩართულად დატოვებას ვერ გადავეჩვიე. აიღე რა შე ოხერო და გამორთე, მიაფარე ობიექტივზე თავსაფარი!
აქამდე ორჯერ გადამირჩა, კინაღამ მივამტვრიე ქვებზე შუშა და აი მესამედაც.
ეკასთან რომ მივედი, აპარატი პარალონზე დავტოვე. დაუბერა ძლიერმა ქარმა, პარალონი აიქნია და ჩემი ჩართული ფოტოაპარატი ქვიან მინდორზე ჩაგორდა.
წამოვხტი მაშინვე, მივირბინე, დავწვდი და ერთი-ორ ადგილას, მიჭეჭყილივით არის
. პატარა ზომისებია, მარა მაინც.
ბედად ობიექტივის შუშას არაფერი დაემართა, თორე გავსკდებოდი გულზე.
ვისხედით და ისევ პოლიტიკაზე ვსაუბრობდით.
შემდეგ ”ცია” ვითამაშეთ, ცია-ზე რომ მთავრდება, ის სიტყვები უნდა თქვა. კაი ხანს გაგვიგრძელდა, სხვათა შორის, კაი ბლომად სიტყვები გვხსომ ...