ტურის საიხლე კარვისთვის ლორეში:
ვიკიპედიიდან,
ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი) — ქართული ეკლესია სომხეთში, მას ქართულად ძელი ჭეშმარიტისა ეწოდება. სახელწოდებას ორნაირი მნიშვნელობა აქვს. ჰუნე ვანქ — ბერძენთა მონასტერი და ჰუნე ვანქ — ძველი მონასტერი, ქალკედონიანთა სავანის მნიშვნელობით. ვახუშტი ამ მონასტრის შესახებ წერს:
„კვალად დასავლით ამის არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა — მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავთ სომეხთვე.“
პროფესორმა კ. ღაფადარიანმა სიტყვა ძელი ძველთან მსგავსების გამო ძველად აღიარა, რაც სომეხმა მეცნიერებმაც არ გაიზიარეს. ეს ცნობა პ. მურადიანმა სათუოდ მიიჩნია და აღნიშნა — ვახუშტი თავის „საქართველოს გეოგრაფიულ აღწერას“, როცა რომელიმე ეკლესიას, მონასტერს თუ ციხესიმაგრეს აღწერს, გარდა საისტორიო წყაროებისა, ეყრდნობა ხალხის ისტორიულ მეხსიერებას.
გიორგი ჩუბინაშვილს ეს ძეგლი VIII-IX საუკუნეებით აქვს დათარიღებული. ამ ძეგლის დეტალურად განხილვისას ლეონ მელიქსეთბეგი მართებულად დაასკვნის:
„ყოველ ეჭვისგარეშეა, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა ყოფილა, შემდეგ კი XII საუკუნიდან ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რის აღმნიშვნელნი არიან XII-XIII საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე.“
