საღამოდან მადათაფის ტბისკენ გავემართეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი გზა თბილისიდან სომხეთის საზღვრამდე გაკეთებულია და უახლესი წარსულისგან განსხვავებით, სწრაფად და კომფორტულად გადავადგილდებოდით

თან წამდაუწუმ ძველ გზას და ალაგ-ალაგ გზაზე ამოჩრილ ლოდებს ვიხსენებდით
მადათაფის ტბა მთლიანად გაყინული დაგვიხვდა. ნაპირისგან მოშორებით ტბაში კუნძული დავინახეთ და გოგამ ერთობ ორიგინალური იდეა შემოგვთავაზა: ტბაზე გადავსულიყავით, კუნძულზე მივსულიყავით და იქ გაგვეშალა სუფრა. იდეა ავიტაცეთ. ნაწილი ფეხით, ხოლო ლომი და ზვიად ჩიტაური კი ლომის მანქანით მივიდნენ კუნძულამდე
მადათაფის ტბა
მერე ლომმა ცოტა იცუღლუტა, ყინულზე მანქანით ისრიალა და ცოტა არ იყოს შეგვაშინა
მადათაფის ტბიდან სომხეთის საზღვრისკენ გავემართეთ, რომელიც იქვეა. მესაზღვრეებს ახალი წელი მივულოცეთ, ტკბილეული მივუტანეთ, მაგრამ აღებაზე უარი გვითხრეს, ქრთამში ჩაგვეთვლებაო
უკან გამოვბრუნდით და სოფელ გორელოვკაში დუხობორების სალოცავთან შევჩერდით. ეზოში რომ შევედით სალოცავის მცველი დეიდა ზინა გამოგვეგება და სალოცავში შეგვიყვანა. თან დაუზარლად გვიხსნიდა ყველაფერს.
სალოცავი ძალიან ლამაზად იყო მორთული. კედელზე კი ხელით ნაქარგი ფარდები ეკიდა, რაც ჩვენ უბრალო დეკორაცია გვეგონა. როცა ვიკითხეთ თუ სად შეიძლებოდა მათი შეძენა, დეიდა ზინამ აგვიხსნა, რომ დუხაბორები ხატებს არ იყენებენ. სანაცვლოდ ისინი ამზადებენ ასეთ 'სუდარებს'. იგი იმ სუდარას განასახიერებს, რომელშიც ქრისტე შეახვიეს ჯვარცმიდან ჩამოხსნის შემდეგ.
რუსული ღუმელი
სალოცავის მონახულების შემდეგ დედიდა ზინა ნინოწმინდამდე გავიყოლეთ, დავემშვიდობეთ და თბილისისკენ გამოვემართეთ.
როგორც ითქვა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი გასვლა. პირადად ჩემთვის კი საუკეთესო კარვული გასვლა იყო
