ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთის ლამაზ ხეობაში, ქ. ზესტაფონიდან 7-8 კილომეტრის დაშორებით. VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.
მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის.
აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა.
კომუნისტური ათეიზმის პერიოდში მონასტერი გაპარტახდა.
ძველ ნაწილში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ.. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო.
XX საუკუნეში, კომუნისტური ათეიზმის პერიოდში, ტაძარი და მოხატულობა დაზიანდა. 1980-1986 წლებში ტაძარი გადაიხურა და ჩაუტარდა რესტავრაცია.
ახალი ნაწილი - XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ბერების საცხოვრებელი სახლი ეზოთი, ამ ეზოში 2000 წელს აიგო თორმეტი მოციქულის სახელობის ერთნავიანი ტაძარი და მოიხატა.
XX საუკუნის 90-იან წლებში ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.) შეემატა, გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი.
ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის და გულისხმიერი ადამიანების შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ.
მონასტერში მრავალი ახალგაზრდა აღიზარდა მაცხოვნებელი სწავლებითა და აქაურ მოძღვართა რჩევა-დარიგებებით.
დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.
რომ ავდიოდით ზემოდან ულამაზესი ხედი გაიშალა
