მაშ ასე დავიძარით ტბებისაკენ. სამწუხაროდ დედაჩემი რაღაც შეუძლოდ იყო და ამიტომ ის ბანაკში დარჩა.
დღეისათვის ტბების მონახულების გარდა სხვა მიზანიც გვქონდა დასახული: მომდევნო დღეს უნდა გადავსულიყავით ჯუთაში ჭაუხის უღელტეხილით, რომელის სიმაღლეც როგორც მოგეხსენებათ 3338 მეტრია. ამისათვის უნდა ავყოლოდით ერთერთ თხემს (პირველივე თხემს ჭაუხების შემდეგ) და ასე ავიდოდით ჭაუხის უღელტეხილზე. მაგრამ ამ თხემის დასაწყისი საკმაოდ დაქანებული იყო და ამიტომ მოსაძებნი გვქონდა ბილიკი (საერთოდ თუ იყო შემორჩენილი), რომელსაც შემდეგ უნდა ავყოლოდით. ყოველივე ამის გასარკვევად გადავწყვიტეთ, რომ მე უნდა ავსულიყავი ამ თხემზე (რაღაც მანძილზე) და დამეზვერა იქაურობა: ანუ გამერკვია თუ როგორ ჯობდა ასვლა მომდევნო დღისათვის.
ასე და ამგვარად შევყევი თხემს, ხოლო დანარჩენები თეთრი ტბის სანახავად გაემართნენ.
თხემი საკმაოდ დაქანებული აღმოჩნდა: ალაგ-ალაგ ბალახებს ვეჭიდებოდი და ისე ავდიოდი. ასე ცოცვა-ცოცვით ავედი საკმარის სიმაღლეზე და მივხვდი რომ ამოსასვლელი ბილიკი თხემის იმ მხარეს არ უნდა მეძებნა საიდანაც მე ამოვედი. ამიტომ გადავწყვიტე დაბლა თხემის მეორე მხრიდან ჩავსულიყავი. მანამდე კი ცოტა შევისვენე და უმშვენიერესი ხედებით დავტკბი.
პირველ რიგში ის იყო ლამაზი, რომ ერთდროულად გამოჩნდნენ ლურჯი და მწვანე ტბები:

By
Bernar
ისე ამ ადგილიდან თეთრი ტბის შემჩნევაც შეიძლებოდა თუ კარგად დააკვირდებოდი.
ეს კი ჭაუხების სამკადრიანი პანორამაა რომელიც ამ თხემიდანაა გადაღებული
(ამ სურათით შეიძლება მიხვდეთ რომელ თხემზეა საუბარი, თუ არა და რუკაზე უნდა ნახოთ ის თხემი, რომელსაც ბილიკის ნიშნული მიუყვება)

By
Bernar
მცირეოდენი შესვენების შემდეგ ჩამოვყევი თხემის მეორე მხარეს: თან გაფაციცებული ვეძებდი ბილიკის რაიმე ნიშანწყალს. ძებნა და დაკვირვება შედეგს მაძლევდა: ალაგ-ალაგ ემჩნეოდა ნაბილიკარი, რომელიც დროს და ბალახებს ბოლომდე ვერ წარუშლია. ჩავყევი ამ ნაბილიკარებს და ჩავედი იმ ნაზვავზე, რომელიც წინა დღის საღამოს მოვინახულეთ. ეს მეორე ასასვლელი აშკარად ჯობდა იმას, რომლითაც თავდაპირველად ავედი თხემზე.
ამ ამბით გახარებული მეც გავემართე თეთრი ტბისაკენ. გზაში მამაჩემს და ნანა დეიდას წამოვეწიე. მამაჩემს მოვუყევი რაც თხემზე ვნახე და ისიც დაიმედდა რომ ხვალ დროულად მოვახერხებდით ჭაუხის უღელტეხილის გადავლას!
ამის შემდეგ მარტოს მომიწია თეთრი ტბისაკენ წასვლა, რადგან მამაჩემმა და ნანა დეიდამ უარი განაცხადეს: მიზეზად დაღლილობა დაასახელეს
მე კი შევყევი თეთრი ტბის ბილიკს: სადაც მერაბი, გურამი, აჩიკო, ლალი მასწავლებელი, ნუგზარი ბიძია და, რაც მთავრია, თეთრი ტბა მელოდნენ!
