Post
by Mta Mkvarebia » 18 ივნ 2008, 12:06
ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში.
ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და "სათაურებს". უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
ბაგრატის ტაძარი ჯვრისებური გეგმით (აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაგრძელებული მკლვებით) აგებული, გათლილი ქვით შემოსილი, ერთ გუმბათიანი, თავისი დროის დიდი ნაგებობა იყო. მისი გუმბათი ეყრდნობოდა შენობის ცენტრში აღმართულ მხატვრულად დამუშავებულ ოთხ უზარმაზარ სვეტს.
სვეტები – ასევე რამდენადმე კედლებიც მეტად დიდი ზომის ქვებისაგანაა აგებული. მთლიანი ქვის კაპიტელებზე (ზოგან კედლებზეც) გამოსახულია ფანტასტიური ცხოველები, მცენარეები, ირმებზე მტაცებელი ცხოველების თავდასხმის სცენები და სხვა.
ქუთაისის ტაძარი იყო მარტივი, მიმზიდველი, დიდი შთაბეჭდილების მომხდენი. მას ჰქონდა ფართო შიგა სივრცე, რომლის დანაწევრებას შეესაბამებოდა გაბმული თაღებით გაფორმებული ფასადები და მშენებლობის მეორე ეტაპზე დასავლეთ და სამხრეთ მკლავებზე მიშენებული, მდიდრული ორნამენტით შემკული კარიბჭეები. ამ დროს ქუთაისის ტაძარზე `ადრინდელი ეტაპის გრაფიკული ორნამენტის ნაცვლად აღიმართა მომწიფებული ეტაპის ფაშფაშა, რელიეფური ცვალებადი ჩრდილებით, რომლის `დეტალების შესრულების ტექნიკა ზოგჯერ ოქრომჭედლურ ხერხებს უახლოვდება~. ტაძრის შიგა მორთულობას შეადგენდა კედლის მხატვრობა, მაგრამ ამასთან ერთად ის იყო `სრულიად სოფიის კენჭით (მოზაიკით) შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპატაკითა, წითლითა და ჭრელითა, და სვეტებითა მისითავე, და ყოვლითა შემკობილობითა სრული,~ (ვახუშტი). მართლაც, დღემდე მოღწეულია ფერადი მოზაიკის იატაკი ვარსკვლავისებულრი სახეებით, ფაქიზად დამუშავებული ფერა- დსახოვანი მარმარილოს სვეტების ორი მოზრდილი ნაჭერი (მათ შესახებ ცნობა შემოინახა ა.ი. გვილდენშტედტმაც) და უძველესი მხატვრობის ნიმუშებიც. ტაძარი ფლობდა ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი თვლებით შემკულ დიდძალ ქონება-ინვენტარს (ჰქონდა საგანგებო განძსაცავიც). ის რამდენადმე შეიცავდა სამხედრო-თავდაცვითი ნაგებობის დამახასიათებელ ნიშნებს და ამ დანიშნულებას ზოგჯერ კიდეც ასრულებდა. ტაძარს უკეთესი დაცვის მიზნით შემოვლებული ჰქონდა ქვის გალავანი. გალავნის შიგნით აგებული იყო დამხმარე ნაგებობანი (პალატები) და არქიტექტურულად გაფორმებული ქვის სამრეკლო. ტაძარი გარკვეულ ეტაპზე დახურული იყო მოჭიქული კრამიტით. ტაძრის აგება-შემკობისათვის გამოყენებულია მხოლოდ ადგილობრივი საშენი მასალები, კერძოდ, რამდენიმე სახეობის ქვა, რომლის სიუხვემ ქუთაისსა და მის მიდამოებში ადრიდანვე გააძლიერა შენობათა ქვითმკობელობისადმი ინტერესი და განაპირობა ქვის დამუშავების ხელოვნების დაუფლების საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის დაწინაურება. ირკვევა ისიც, რომ ტაძრის მშენებლობაზე მეტად დიდი ქვების ასაზიდად გამოყენებული იყო თავისი დროის გაუმჯობესებული ტექნიკური საშუალებანი, ეპოქის შესაბამისი მანქანები.
ქუთაისის კათედრალს, რომელიც წარმოადგენს მრავალსაუკუნოვანი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, შექმნილს ქართველი ხუროთმოძღვრების მიერ, აკადემიკოსი ჩუბინაშვილი დამსახურებულად აკუთვნებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს, ქრონოლოგიურად მასთან ახლოს მდგომ მცხეთისა და ალავერდის კათედრალთა შორის. ამ ძეგლზე პირველად აღმოჩნდა საქართველოში არაბული ციფრებით შესრულებული წარწერა `223~ . ბაგრატის ტაძარი თავიდანვე შეიქმნა დიდი უფლებით აღჭურვილი ეპისკოპოსის (ტახტზე ასვლისას ის ადგამდა გვირგვინს საქართველოს მეფეებს) ადგილსამყოფელი. მეფე ბაგრატმა აქ `დასვა ეპისკოპოსი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა~ (ვახუშტი). განსაზღვრულ დრომდე ამ ტაძარში სრულდებოდა მეფეთა კურთხევის ცერემონიალი.
აქ მიიღო ფიცი იმერეთის მეფე ალექსანდრემ რუსეთის მეფის ერთგულებაზე. ამ ტაძარში იქნა დაკრძალული საქართველოს ზოგიერთი მეფე (მაგ: გიორგი I) და ა.შ. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ქუთაისის კათედრალი წარმოადგენდა მსხვილ საეკლესიო-ფეოდალურ ცენტრს ძლიერი საეკლესიო-ეკონომიკური ბაზით. იგი რელიგიური დოგმების ქადაგებითა და მის ხელთ არსებული ყველა სხვა საშუალების გამოყენებით, ენერგიულად იცავდა გაბატონებული კლასის ინტერესებს. მას მთლიანად ეკუთვნოდა არაერთი სოფელი, ხოლო 1578 წლის დავთარის მიხედვით, მისთვის შეწირული ყმების რაოდენობა 500-მდე ოჯახს უდრიდა, ყმებს დიდძალი გადასახადის გადახდა ევალებოდა, თუმცა მას შემოსავალი მიღების მრავალ სხვა წყაროც გააჩნდა.
ქუთაისის ტაძარი, რომელიც წარმტაცი მდებარეობის ბუნებრივად გამაგრებულ ადგილზე - `ხორხის მთაზე~, ციხისა და სამეფოს სასახლის გვერდით იყო აგებული, ხუთასი წლის მანძილზე იდგა დაუზიანებლად, მაგრამ 1510 წელს, როდესაც `აქა (ქუთაისში) მოვიდეს თათარნი.... დაწვეს საყდარი ქუთათისი და გელათი~. ტაძარი ამჯერად აღდგენილი იქნა, მაგრამ 1691 წელს `იქნა საქმე საგლოველი, რამეთუ გამოვიდნენ (ქუთაისის) ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთატისის ეკლესია~. ამ დროს მათ თან `წარიღეს სვეტნი მისნი და მარმარილონი სამცხეს~ (ვახუშტი). ამიერიდან ქუთაისის ტაძარს ოსმალები დაეპატრონენ, `გუმბადიც მოაქციეს~ და 1740 წლიდან ტყვია-წამლის საწყობად გახადეს. ის რუსის ჯარის დახმარებით, 1770 წელს ოსმალებს ხელიდა გამოსტაცა იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა. მისი მეთაურობით `ახოანი, ბუმბერაზი... ყრმა-ჭაბუკნი იმერნი..., რომელთაც სასვამად, ვითარცა ღვინო, სწყუროდათ სისხლი (დამპყრობ) ოსმანთა~, `დათხევად სისხლისა~ ეკვეთნენ მტერს `ვითარ არწივი გუნდსა კაკბთასა, ვითარ ლომი ზვარაკსა, ვითარ მარტორქაი სპილოსა და ვითა მგელი ცხოვართა~, შემუსრეს `ქალაქ-ციხე-სიმაგრენი მათნი~, აღუდვეს `ცეცხლი შურისგებისა სახლთა მათთა~ და ტაძარიც გამოხსნილი იქნა. მაგრამ დასუსტებულმა იმერეთის სამეფომ ვეღარ შეძლო მისი აღდგენა, ხოლო საეკლესიო მმართველობის უგნურმა ღონისძიებამ კიდევ უფრო გააძლიერა ტაძრის ნგრევა და ნანგრევების განიავება. მეფის ხელისუფლებამ ასევე არ გაატარა საჭირო ღონისძიებანი ტაძრის დასაცავად, ხოლო ქართველ პატრიოტთა ჯგუფის მიერ 1912-1913 წლებში შეგროვილი თანხებით აგებული იქნა მისი გალავანი. ქუთაისის ტაძრის დაცვის, გაწმენდის, მეცნიერული შესწავლის, გამაგრებისა და სარესტავრაციო სამუშაოების ფართოდ გაშლამ, რომელიც შესაძლებელი შეიქმნა რომელშიც განსაკუთრებული ინტერესი გ.ჩუბინიშვილმა, ნ.სევეროვმა, ვ.ცინცაძემ, ზოგმა სხვა მკვლევარებმა აგრეთვე შესაბამისმა უწყებებმა გამოიჩინეს. საბოლოოდ იხსნა ის განადგურებისაგან. აღნიშნული ძეგლი, იმის მიუხედავად, რომ 269 წლის მანძილზე დგას ნანგრევების სახით, ამჟამადაც გვაძლევს წარმოდგენას მშენებლობის ხელოვნების განვითარების დონის შესახებ. კერძოდ, X-XI საუკუნეების ქუთაისში
