ყველის ყიდვის ამბავი:
თბილისში ყველი არ გვიყიდია, გადავწყვიტეთ, ადგილობრივებისგან გვეყიდა და ასეც მოვიქეცით.
ჯუთაში რომ ავედით, მაშინვე ალპინისტების ბანაკისკენ გზა და ყველის ყიდვის ამბავი ვიკითხეთ.
ერთ ოჯახში მივედი და 4 კილოიანი თავები გვაქვს, ვერ გაგიჭრითო, მეორეში არავინ გამოიხედა, არც მესამეში. თან ძაღლებისა გვეშინოდა

.
მე და ალექსა დავდიოდით ყველზე.
მეოთხე სახლში ეს ბებო იყურებოდა აივნიდან.
მივედით და ყველი ვთხოვეთ. 4 კილოზე ნაკლებს ვერ მოგცემთო.
მერე დაფიქრდა და კარგი, დამელოდეთო.
გამოიტანა ნახევარი ყველი, აი ეს წაიღეთო.
საკმაოდ დიდი ყველი იყო, მაგდენი ნამდვილად არ გვჭირდებოდა.
თან არ მომეწონა ”ვიდზე”, თოვლივით თეთრი იყო, ეტყობოდა რომ ყოველგვარი ცხიმი გამოწურული ჰქონდა (მერე რომ გავსინჯეთ, მართლაც არ ვარგოდა. ხაჭოს გემო ჰქონდა. ბოლოს ნახევარზე მეტი გადავაგდეთ).
მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, სხვაგან ვიშოვიდით კი?
ვუთხარი, მოვაჭრით ნაწილს და წავიღებთო.
წყალი გადაავლო, ჩადო ტაშტში და დანა მოგვცა.
ალექსას ვუთხარი, მესამედი ჩამოაჭერი და ორი-მესამედი წავიღოთ-თქო.
ბებოს ვუთხარი, ამ ყველში რამდენი უნდა მოგცე-მეთქი.
რა ვიცი აბა, რამდენს მომცემთო.
აბა მე სულ არ ვიცი, რაც ღირს, მითხარი და მოგცემ-თქო.
აბა აგე ისინი 5 ლარში ყიდიანო, ისინი 4 ლარშიო.
ჰოდა 5 ლარს მოგცემ-მეთქი და მივეცი.
ალექსამ აიღო ყველი ხელში და არა, ბიჭო ცოტა არისო.
მე: რა არის ცოტა?
ბებომ იფიქრა, ყველზე ამბობს ცოტააო და დაფიქრდა, რამდენი ლარი დავუბრუნო უკანო.
ალექსა: ფულია ცოტა. 3 ლარიც დაუმატეო

.
მე: რატო უნდა დავუმატო?
ალექსა: ეს ყველი კილოზე მეტი იქნება.
მე: არ იქნება.
ალექსა: იქნება.
შეიძლება მართლა მეტი იყო, მაგრამ არ მინდოდა მეტის გადახდა, არ ღირდა ნამდვილად 5 ლარი ის ყველი .
ასე ვიკამათეთ ოცდაათიოდე წამი.
ეს ბებო ჩუმად დგას და გვიყურებს

.
ალბათ იფიქრა, ახლა ამათმა არ იჩხუბონო და მითხრა, გინდათ სასწორს გამოვიტანო.
გამოიტანე-მეთქი.
შევიდა.
ამასობაში ალექსას დავუწყე თვალების ბრიალი და ახსნა, რომ 5 ლარად მთაში ღალაუყარ (ცხიმმოუხდელ) ყველს ყიდიან-თქო.
ცოდოა ბებო, კაი ქალი ჩანსო.
ქალი კი კარგი იყო მართლა, მაგარი კილოთი საუბრობდა, მაგრამ უვარგის ყველში ვერ მივცემდი 8 ლარს

.
გამოვიდა ბებო, ავწონეთ და კილო ორასი გამოვიდა.
ლარი დავუმატე და წამოვედით.
ალექსა საერთოდ ძალიან ჩუმი ბიჭია, თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს, მაგრამ ასეთ მომენტებში იცის ხოლმე თავის გამოდება

.