აქ კიდევ ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ.
თუშების საცხოვრისი ოდითგან კოშკები იყო, როგორც სვანებისა და ხევსურებისთვის.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა შამილი დაამარცხეს და ლეკთა გამანადგურებელი თარეშიც შეწყდა, თუშებმა დროის შესაბამისად ახალი საცხოვრისების შენება დაიწყეს.
კოშკებიც დაიტოვეს, მაგრამ უმრავლესობამ ხის აივნიანი ფიქლის სახლი აიშენა.
ახლაც ნელ-ნელა იცვლება თუშეთის ყოფა - მთელი თუშეთი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა და სასტუმროების ბუმი დაიწყო.
შორიდან მოტანილი ფიქლით აშენებენ ახალ სახლებს და ბარიდან ამოტანილი ხით უკეთებენ აივნებს.
სწავლობენ ტურიზმის ანა-ბანასაც.
ცდილობენ დროის დინებასაც აუწყონ ფეხი, მაგრამ არც თავისი ცხოვრების წესი დაკარგონ.
ძალიან ძნელია აქ ოქროს შუალედი მოძებნო.
მაგრამ აქ მთავარი მაინც არდათმობის, არგაჩერების, ძიების და შრომის პროცესი მგონია.
ესენი კი თუშებს არ აკლიათ.
ჩვენ როცა ვესაუბრებოდით ამ თემაზე, დიდი ყურადღებით გვისმენდნენ და არც თავიანთ შეხედულებებს გვზარდებოდნენ.
აქ როგორ გინდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელო" არ გაიხსენო.
ეს სურათიც ერთ-ერთი აღდგენილ-მშენებარე სასტუმროს აივანზეა გადაღებული.
