Post
by bela » 04 აგვ 2008, 21:53
დიდება, უშგულის მარიამს...
უშგულს რომ უყურებ, რატომღაც ფიქრობ, რომ მდინარე კი არ ჩამოუდის, ეს კოშკები მიუყვებიან მდინარეს.
უშგულში ოთხი სოფელია: ჯერ მუყმერში შედიხარ, მერე ჩვიბიანი გამოჩნდება, მერე ჩაჟაში, მერე ჟიბიანი. გაღმა დასახლებას ლაგჯვრიშს ეძახიან.
ლამამ აიჩემა, `უაზი~ ლამარიამდე აგვიყვანსო. ჯოჯოს ძმა არანაკლები ჯოჯო იყო, მაგრამ მისმა `უაზმა~ ლამარიამდე მაინც ვერ გაქაჩა. რომელიღაც მკვეთრ აღმართზე შეეკიდა და სანამ დაგორდებოდა, თავს ვუშველეთ. ენგურის ფლატეებს გადავურჩით და ლამას გადამკიდე, უაზის ქვეშ არ ვყვებოდიიით.
თანაც ფეხით გვინდოდა იქურობის მირბენ-მორბენა. ზევით კიდევ, ლამარია გველოდა.
უშგულში ტურისტი კი არ უკვირთ, მაგრამ ჩევნ ისე გზააბნეულები შევესიეთ უშგულის შუკებს, რომ მრავლისმნახველი უშგულელებიც კი გავაკვირვეთ.
გვეტყობოდა, რომ პირდაპირ ლამარიასკენ მივდიოდით, თანაც ერთის ამბით, ჰოდა, სვანეთის დაკეტილი ეკლესიების ამბავი ხომ გახსოვთ, ლამარიაც, რასაკვირველია, დაკეტილია, მაგრამ ჩვენ იმისთანა ყიჟინით მივდიოდით, რომ ლამარიამდე მისულებს, გასაღებიანი სვანი უკვე ადგილზე გველოდა და ვიდრე ეკლესიის გალავანსა და თვითონ ეკლესიას გაგვიღებდა, ჯერ დიდიხანს გვაკვირდებოდა.
ჩვენც, ჯერ ლამარიას კოშკზე ავედით. ვაჟკაცსა გული რკინისაო, მაგრამ იქ რკინის გული და შევარდნის მუხლები სულ არ იყო საჭირო, 4 თუ 5 სართული ავიარეთ, ხის კიბე იყო მიყუდებული, ცოტა კი საშიშად ირხეოდა, და ცოტაზეც ცოცვის მარტივი ელემენტების გამოყენება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენი ეგზალტაციის კოეფიციენტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე შიშის და პირველ ნაკადად ვითიბი, ჯნოსი, მე და თამუსია ავედით.
მეორე ნაკადად მორჩაძე და ნამცეცუნა ამოგვყვნენ. მერე ამეთვისტო, მონადირე, სერგიკუნა და ჯნოსიმ იყვირა, ჩაინგრევა ეს კოშკი, ჯერ ჩვენ გვაცალეთ ჩამოსვლაოოოო.
კოშკის ბოლო სართულზე ისეთები ვისხედით, თითქოს საგვარეულო ბრძოლა მოგვეგოს და ერთის ამბით ვიღებდით სურათებს. ხანდახან ვწითლდები ხოლმე, ამ ამბებეს რომ ვიხსენებ.
ჰოდა, იმდენი ვიჟივილ-ვიხივილეთ, რომ კოშკის ქონგურზე მცხოვრები შევარდნის თუ მიმინოს ბარტყები გავაღვიძეთ. მონადირემ თქვა, შევარდენიაო, და დავუჯერეთ, თორემ შეიძლება მიმინოც იყო, ანდა სულაც ქორი?
პატარა, ახლად შებუმბლული ბარტყები იყვნენ. იქვე მკვდარი თაგვებიც ეყარა. რომ ავედით, არც შეგვიმჩნევია, ჯერ საკუთარი თავი გვახარებდა და...
იმ საწყლებს ისეთი ხმაური ჩაესმათ ყურში, რომ დაფეთებულებმა დაიწყეს წივწივი, მაგრამ აბა რაღა დროს.
და სურათებს რომ ვიღებდით, ამ დროს რაღაც ფრინველი მოასკდა კოშკის სათოფურს და ჩვენს დანახვაზე ისევ უკან გაფრინდა. ამ დროს ბავშვობაში წაკითხული გვრიტის ზრაპარი გამახსენდა, ბოროტმა კაცმა ბუდიდან შვილები რომ ამოუსხა და სახლში წაიყვანა.
ის კაცი, ლამარიას გასაღები რომ ებარა, სიტყვისუთქმელად იჯდა იქვე ხის ფანჩატურში სკამზე და გვაკვირდებოდა.
იმან რა იცოდა, რომ სიმბოლურად ოუშენის მეგობრები ვიყავით და ხმას არ იღებდა.
როცა კოშკიდან ყველა ჩამოვედით, ჩვენც ფანჩატურის სკამებზე ჩამოვსხედით და აღარ მახსოვს, სიმღერა ვინ დაიწყო, ანდა პირველი რა იმღერეს.
ფაქტია, რომ მერე `შინა ვორგილი~ დაიწყეს.
აი, სიმღერა ხომ არ გვაკლდა მთელი ათი დღე არა? მაგრამ ცეკვაში აშკარად გვიჭირდა. ერთი მონადირე ჩამოუვლიდა ხოლმე წრეში გაააჰგიჟებული და ქალთაგანი რომ ვერავინ გაეცეკვებოდა, კიდევ უფრო გიჰჟდებოდა.
მოკლედ, უქალობის ნიადაგზე სვანეთში `თამარიონს~ `ლომკა~ ჰქონდა.
ჰოდა, უშგულში წასვლამდე, წინა საღამოს, მუშკუდიანების სახლის სამზარეულოში მონადირემ სახელდახელო ცეკვის კურსები გახსნა და დაჩქარებული მეთოდით ოუშენის მდედრ მეგობრებს `შინა ვორგილის~ ცეკვის სამი მთავარი ილეთი შეასწავლა.
ამის მომსწრენი იყვნენ თვით `თამარიონი~ და ოუშენის მეგობარი თინეიჯერები.
ჰოდა, მუშკუდიანების სამზარეულოში შესწავლილ ცეკვას ფართო აუდიტირიაში გატანა ხომ უნდოდა და გაისმა რა ლამარიას ეზოში სიმღერის ხმა, იქვე, შარშანდელი არტგენის ფსტივალისთვის მოწყობილ სცენაზე მონადირე და მისი ქალთა გუნდი საცეკვაოდ აიჭრა.
თამუსიას ერჩივნა, ხელები ბიჭივით წინ მოემუშტა და წარმოსახული ქამრის ბალთაზე წარმოსახული ხანჯალი ჩაებღუჯა. მგონი ვითიბიც ასე იდგა.
მე და ნუსას მილიტარისტული განწყობა რაღაც არ მოგვეწონა და ორივე ხელი მარჯვენა თეძოზე ჩამოვიდეთ.
და წავიდა: შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეეე,
შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეე...
რაშოვ რერო, რა მაიდაააა, რაშივ ვორუდილა რამაიდაააა...
სიმღერა ხომ მთელ უშგულს ესმოდა, აი, ცეკვის სანახავად, თუ ვინმე ახლომახლო ბალღი იყო, ყველა საცქერად შეიკრიბა.
ცეკვა ხო ისეთი რაღაცაა, როცა უყურებ, რა ლაღად დასრიალებენ, ფეხები თავისით გითამაშებს და ხელებსაც აღარ იცი რა უყო! მონადირე მაინც, ხელს რომ გაშლიდა და ნიავქარივით ჩამოუვლიდა ხოლმე...
`შინა ვორგილის~ ცეკვასაც რა უნდა, რაღა როკ-ენ როლი და რაღა ეს, მაგრამ იმ სახელდახელო სცენაზე საცეკვად რომ გავმწკრივდით, ჯერ იყო და ფეხი აგვერია, მერე იყო და გული ამოგვიჯდა და ეს თავქეიფა გოგოები უცებ გოდერძი ჩოხელის ფილმის დედაბრებს დავემსგავსეთ `ბაკურხეველი ხევსურიდან~, აი, თოფმომარჯევბული ხევსური რომ ცეკვას აიძულებთ...
მონადირემ რომ დაინახა ჯგუფი ეშლებოდა და შრომა წყალში ეყრებოდა, მესამე ილეთი, მესამეო, შემოგვიძახა და ისევ წრეში ჩაგვაყენა. ჰოდა, კიდევ უფრო დაგვამსგავსა ბაკურხეველ ქალებს...
გულს თუ უხაროდა, თქვენ, რა... ჰოდა, გული კი დაგვეღალა და სუნქვაც გაგვიხშირდა, მაგრამ ის `შინა ვორგილი~ ბოლომდე ვიცეკვეთ და `თამარიონის~ წევრებმაც, რაღაი აცეკვებულები დაგვინახეს, ისეთი ტაში დასცხეს, მგონი, ყველაზე ყრუ ყვავიც კი გამოაფხიზლეს.
მერე, ჩემო ბატონო, იყო სცენაზე ამოვარდნა და ხელების ჩაჭიდება და `პაკლონზე~ გამოსვლა და კიდევ და `ერთად-ერთად~ და `მოდი, შეც, შენც~ და `აბა, ამირანი ავიტაცოთ, ამირანი~ და ამის შემხედვარე ის გასაღებიანი კაცი როგორ არ გაგვიხსნიდა ლამარიას კარს, აბა მითხარით?