ძალიან კარგი ადგილი ვნახეთ საბანაკედ, გავჩერდით წასახემსებლად, იქედან უღელტეხილს ვუყურებდით.
ჭკვიანი ხალხი წითელი ისრის მიმართულებით წავიდა და უპრობლემოდ გადავიდა, მე და თამუსია ერთად მოვხვდით ამ ადგილას, მოდი იქეთ წავიდეთ მეთქი, წავიდეთო თამუსიამაც და საბოლოოდ ჩვენ ყვითელი ხაზით მონიშნული გზით ავედით უღელტეხილზე. ზრდილობისთვის ერთი წავუსერპანტინეთ
საკმაოდ მარტივი ასასვლელი იყო, თუ დააკვირდებით ქედზე მარჯვნივ ორ ჩვენიანს დაინახავთ, რომლებიც უკვე სადაცაა ჩასვლას დაიწყებენ. ვინები არიან არ ვიცი, მე მგონი ეგენი ყველაზე პირველები იყვნენ.
უკან საკმაოდ ბევრი ხალხი მოდიოდა
მე და თამუსიას 4ჯერ მოგვიწია თოვლიანი მონაკვეთის გადაკვეთა. თოვლზე გადასვლისას ყოველი ნაბიჯის დადგმისთვის ჯერ 4–5ჯერ ვარტყავდით ფეხს რომ ჩასაბიჯებელი საფეხური გაგვეკეთებინა და მერე გადავდიოდით იმ ადგილას...
საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ უღელტეხილი მე და თამუსიამ მარტოებმა გადავიარეთ, ანუ ჩვენ ორს გვქონდა ლაშქობა, თუ არ ჩავთვლით წინ მიმავლების ნაფეხურებს და უკან მომავლებზე ნერვიულობას. და როგორ გამიმართლა რომ ასეთი თანამოლაშქრე შემხვდა! სრულიად მშვიდად და აუღელვებლად მოდიოდა, ის კი არა, თოვლზე საფეხურების გაკეთებისას ღიღინებდა კიდევაც

, უკვე ბევრი რომ ვიფორთხეთ კი მივხვდით რომ აქეთ არ უნდა წამოვსულიყავით მაგრამ უკან დაბრუნება დაგვეზარა, უკან ჩაფოფხება უფრო მიჭირს და უფრო მეტი წვალებაც მოგვიწევდა, ამიტომ წინ მივიწევდით. ასე დიდი მონაკვეთი კლდეებზე არასოდეს მიფოფხია. ძალიან საინტერესო გამოდგა

, ჯერ ერთი ვფიქრობდი მარტო იმაზე ფეხი სად დამებიჯებინა და ძალიან გავერთე ამ ძებნით, მეორე ის რომ სანამ ახალ დასაბიჯებელ ადგილს იპოვი კი ისვენებ ცოტას

ხელის მოსაჭიდებელიც საპოვნია, ეს მოძრაობს, აბა ეს? ვა, ესეც მოძრაობს, აა, აი ეს მყარადაა, ეხლა ფეხი... მერე იქედან სად გადავალ? კარგია, წავედი

ზურგზე თუ სიმძიმე მეკიდა არც შემიმჩნევია

, მე არ ვიცი ამ დროს სხვები ჯოხს როგორ იყენებენ ხოლმე, მაგრამ მე ძალიან გამოვიყენე. ბოლო 50 მეტრზე ცოოტა გავიყავით და თამუსია ჩემზე ადრე ავიდა და მითხრა ძააალიან ცოტაღა გაქვს ამოსასვლელიო, მართლაც 4–5 მეტრი იყო ჩვენს შორის. ჩემზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ნათქვამმა რომ 100 მეტრის ნახევარი 99 მეტრიაო. ეს ბოლო გამიჭირდა და თამუსია რომ ბიჭი ყოფილიყო შეიძლება მეთხოვა დამეხმარე მეთქი

, მაგრამ ბიჭი არ იყო და ჩემით ავედი.
სანამ მივფოფხავდი როგორც ვთქვი ფეხის დასადგმელ ადგილს ვეძებდი და არ გამიაზრებია სად ვიყავი, მგონი ქვემოთ არც ჩამიხედავს არცერთხელ. რომ ავედი და ქედზე დავჯექი შემშინდა. ისეთი ციცაბო იყო ორივე მხარეს როგორ უნდა ჩავსულიყავი ვერ წარმომედგინა. მაგრამ ჩემი თვალით ვნახე (და აგერ თქვენც განახებთ) რომ მთელმა ჯარმა ხალხმა გაიარა და როგორღაც ჩავიდა.
სხვათაშორის, ერთი ასეთი გამვლელი ჯგუფიდან დაგვიძახეს, სად აპირებთ ამოსვლასო? რამდენჯერმე დაჟინებით გვეკითხეს. დიდი მადლობა, აშკარად დახმარებას აპირებდნენ, მაგრამ რა მეპასუხა არ ვიცოდი, იმიტომ რომ მეც არ ვიცოდი სად ვაპირებდი ასვლას, იმ თოვლზე ქვემოდან გავლას ვაპირებდი მაგრამ არ გამომივიდა

, კიდე კარგი არ გამომივიდა, ქვემოდან უფრო ცუდი ჩანს ეხლა ფოტოზე.
ეხლა ფოტოს რომ ვუყურებ ვხვდები ჩვენი ყურებით რა ტანჯვა გადავატანინეთ civciva–ს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი
