http://ick.ge/ka/photogalleries/2681-20 ... 46-06.html
სტატია:
ტბათანა - მიტოვებული აგარაკი ცაში
სამშაბათი, 07 სექტემბერი 2010 10:41
ტბათანა - მიტოვებული აგარაკი ცაშიდუისი, ჯოყოლო, ბირკიანი - პანკისის ხეობის ყველა ამ სოფელს რომ გაივლით და ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალსაც გასცდებით, სოფელი ტბათანაა - კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ახლა იქ მხოლოდ 2 ოჯახიღა ცხოვრობს, შემოდგომაზე ბარში ბრუნდებიან და ტბათანა მომავალ გაზაფხულამდე მიტოვებულია. არადა, სულ რაღაც 20 წლის წინ ტბათანაში 300-ზე მეტი კოტეჯის ტიპის სახლი იდგა. სახლები პანკისის მოვლენების დროს განადგურდა.
ტბათანაში წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ახმეტის საკრებულოს წევრის ზაქარია ქინქლაძის გვერდზე ფოტოები ვნახეთ. ფოტოებზე აღბეჭდილი მთებით, ფართო და ღია ლანდშაფტით იმდენად მოვიხიბლეთ, რომ გვინდოდა ეს ყველაფერი
www.ick.ge -ს მკითხველისთვის გვეჩვენებინა. ინტერნეტში მოვიძიეთ, რომ ტბათანა 1798 წელს მეფე გიორგი მეთორმეტეს თუშებისთვის უჩუქებია, მოგვიანებით კი მათთვის ამ ადგილების წართმევის მცდელობა იყო. 1818 წლიდან კი საბოლოოდ დაუმტკიცდათ საზაფხულო აგარაკად. ამჟამად ტბათანა ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოფისიდან, რომელიც გურჯაანშია, დილის 9:00 საათზე გავედით. მანქანაში ხუთნი ვისხედით, მე, ჩვენი რეპორტიორი ნათია დანელიშვილი, სტაჟიორი ანი გეთიაშვილი, მძღოლი და ტრენერი - ეკატერინე ფირცხალავა, რომელიც გვწვრთნის, რომ გაცილებით საინტერესო ფოტორეპორტაჟები შემოგთავაზოთ. ახმეტაში ბატონმა ზაქარიამ რუქა გადმოგვცა, პურსაცხობში ცხელი პური ვიყიდეთ და გზას დავადექით.
დუისსა და ჯოყოლოს კარგად ვიცნობ. წლების განმავლობაში ამ სოფლებში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილების უფლებების მონიტორინგზე ვმუშაობდი. ბირკიანი რომ გავიარეთ, ალაზნისპირას ცხენოსანი შეგვხვდა. ერთმანეთს მივესალმეთ.
- ტბათანაში მივდივართ, სწორ გზას ვადგავართ?
- კი, ხიდს რომ გადახვალთ, სამი წყალი უნდა გაიაროთ. მერე აღმართია. სულ ზემოთ და მარცხნივ უნდა იაროთ. მეც იქ მოვდივარ. საქონელი მყავს. ასე 2 საათში ვიქნები და თუ რამეში დაგჭირდეთ, რამზანა იკითხეთ და მოგასწავლიან.
ტოლოშისხევს რომ შევუყევით, გზა ძალიან გაცუდდა. სამჯერ წყალში რომ გავიარეთ, ნაკრძალის შესასვლელიც გამოჩნდა. ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალი 2000 წლოვანი, ქრისტესდროინდელი ხეების - უთხოვარის კორომებით არის ცნობილი, რომლის ნახვაც ძალიან გვაინტერესებდა, მაგრამ ტბათანაში დავაგვიანებდით. რამდენიმე ზეგანი რომ ავიარეთ, გავჩერდით, რეინჯერი შემოგვხვდა. „ნაკრძალის გვერდზე ტყე - კაფია და ვათვალიერებ, რომ დაცულ ტერიტორიაზე არავინ შეიპაროსო“, - გვითხრა მან.
ტოლოშის ქედზე კიდევ ერთხელ შევჩერდით. მინდორში ძროხები ბალახობდნენ. სანამ ნათია და ანი ფოტოებს იღენდნენ, მე მწყემსს გამოველაპარაკე, ალაზნისთავიდან ახმეტაში მიდიოდა, სიგარეტის და სხვა პროდუქტების შესაძენად. ალზანისთავიდან ახმეტამდე 68 კილოემტრია.
ზუსტად 12:00 საათისთვის ტოლოშის ქედის თავზე ვიყავით და ტბათანაც გამოჩნდა. ასეთ სილამაზეს არ ველოდით. სამ - ოთხ ადგილზე, გვერდი - გვერდ პატარა ქოხები დგას. ზემოდან ღრუბლები დასტრიალებენ. სოფელს დასავლეთიდან ტბათანას მთა გადმოჰყურებს. გადმოცემით ვიცით, რომ იმ მთის ძირში ტბაა, რომელიც საფუძვლად დაედო ზეგანის დასახელებას. ქედიდან მთელი პანკისის ხეობა, ქოდაჩალას ხეობა და ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალი ხელისგულივით მოჩანს. სპეროზას მთა ცამდე აზიდული თავისებურად განსხვავებულია გარშემო მდგარი სხვა მთებისგან. ცოტა შევფიქრიანდით. ირგვლივ ჩვენს გარდა არავინ ჩანდა, მაგრამ მალე მეცხვარის ძაღლების ყეფის ხმაზე, ყველაზე ახლოს მდებარე ქოხიდან კაცი გამოჩნდა. ახლოს მოსვლა ვთხოვეთ.
ომარ ბაღაკაშვილი სოფელ დუისიდან არის. ტბათანაში ზაფხულობით მეუღლესთან - შარიათასთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, საკუთარ და სხვის 70-მდე საქონელს უვლის. ქოხი სიძველისგან გადახრილია და რომ არ წაიქცეს ხის საყრდენებითაა გამაგრებული. ქოხი სულ სამი ნაწილისგან შედგება. ერთში - ცეცხლი ანთია, მეორეში - ყველით სავსე ტომრებია მოთავსებული, მესამეში - ხის ტოტებით გაკეთებული საწოლები დგას.
შარიათა არ ლაპარაკობს. ჩვენს ფოტოაპარატებსაც თავს არიდებს, თუმცა ბოლოს სურათის გადაღებაზე თანხმდება. შარიათამ იცის რომ ლამაზია. ყველაზე მეტად ის დაგვამახსოვრდა, რომ შარიათა ყოველდღიურად 40 ძროხას წველის, მერე რძისგან ყველას ამზადებს, შემდეგ დამბალ ხაჭოს.
ტბათანაში ზაფხულობით ყველს აგროვებენ და სექტემბრის ბოლოს, როცა ბარში ბრუნდებიან, ყიდიან. რძის პროდუქტები მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.
ბაღაკაშვილების შვილები სახლში არ იყვნენ. „ცხენით არიან გასულები, გზაზე თუ არ შეგხვდნენ, კაკოსთან იქნებიანო“, - გვითხრა ომარმა.
კაკო შორთიშვილი ტბათანას მეორე მკვიდრია. კოტეჯის ტიპის სახლში მეუღლესთან, 10 წლის ქალიშვილთან და მწყემსთან - არსენ მაგამედოვთან ერთად ცხოვრობს. კაკო, ომარის ქოხიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, შედარებით დაბლობში ცხოვრობს. იქ, სადაც ბაწარას დაცული ტერიტორია მთავრდება. ჩვენს ხმაურზე არსენა შემოგვეგება. ძაღლებს გაუჯავრდა, სტუმარი არ იცითო?.. და შინ მიგვიწვია. რომ გაიგო ჟურნალისტები ვიყავით, კაკოს დაუძახა: „კაკოო, სტუმრები არი, თან ჟურნალისტები, გამო კაცოო“.
კაკოს გამოსვლამდე, არსენმა თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბო: „თექვსმეტი წელია ამ ტერიტორიაში, ამ ძროხებში ვარ. რაც ეს მთავრობა აურია, იმის შემდეგ სუ... აბა საიდან, ხელფასი არ მოდის, სამოცდაათი ძროხას ვუვლით, ყველა მეწველი არ არი, მეწველი არი ერთი ოცდაათამდის. რო მოვწველით, ვაკეთებთ ერბო და ყველი და კარაქი. თავის რაიონშივე მოდის ალვანში ვაჭრები და მიდის. ხან რვა ლარიანი არი, ხან ხუთი ლარიანი არი, ხან ექვსი ლარიანი არი, რა ვიცი. მე ქართველი ვარ, შორთიშვილი“,- ამბობს არსენა და თან იცინის.
- ქართველი კი არა ლეკი ხარ, ლეკი, - გამოეხმაურა კაკო. „გამარჯობათ ახალგაზრდებო. ახლოს მოდით, დასხედით, დაისვენეთ“.
- ლეკი არა ვარ, ქართველი ვარ, ქართველი. აბა უყურე, 365 წმინდა გიორგისგან დალოცვილი ბუნება, სად არის დაღესტანში ასეთი? მე ქართველი ვარ“.
- ძია კაკო, სოფელი უკვე გადავიღეთ. ტბის ნახვა გვინდა და იქნებ დაგვეხმაროთ.
- ამხელა გზა გამოიარეთ, დაღლილები იქნებით. აქ უარი არ იქნება. პური გავტეხოთ და მერე რაც გაინტერესებთ, ყველაფერს გაჩვენებთ.
ამის თქმა იყო და კაკოს მეუღლემ ცეცხლი დაანთო, სახლის გვერდზე, ეზოში მაგიდა დადგა. სანამ მაგიდა გაიწყობოდა, ბავშვებმა ანის შესთავაზეს, ტბაზე ჩვენ წაგიყვანთო, ცხენზე შემოისვეს და წაიყვანეს. ჩვენ კი უცნაური ნაყოფის ხე გადავიღეთ - ცირცელი. არსენა მას ლეკვას ეძახის. ნაყოფი ზაფხულში მწიფს და მჟავე გემო აქვს. გამხმარ ნაყოფს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
ხაჭაპური, ხიკნალი, გუდის ყველი - მლაშე და უმარილო, ხაჭო, კარაქი, სალათი, საზამთრო, არაყი - ყველაფერი ერთმანეთზე გემრიელი. კაკო იმდენად გულუხვი მასპინძელი და სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ ხათრი ვერ გავუტეხე და მარწყვის არაყი დავაგემოვნე. სადღეგრძელო სადღეგრძელოზე წავიდა.
მასპინძელმა წოვათაზეც გვიამბო, საიდანაც არის წარმოშობით. გვითხრა, რომ ტბათანა ხალხისგან დაცლილია, მაგრამ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. „წელს ტურისტების რამდენიმე ჯგუფი იყო ჩამოსული. მყავდნენ პოლონელი, შვეიცარიელი, ფრანგი და სხვა ტურისტები. რაც შემიძლია, ყველაფერში ვეხმარები. ერთი ოთახი მაქვს თავისუფალი და უსასყიდლოდ ვუთმობ ხოლმე“, - გვითხრა ძია კაკომ.
მასპინძელმა სიტყვა შეასრულა. ტბაზე აგვიყვანა. ერთი შეხედვით ტბა პატარაა, მაგრამ ამავე დროს დიდი და ღრმა. ტბა კლდიდან გამოსული წყლით ივსება და ალაზანში გადადის. კლდიდან გამოსული კამკამა წყალი იმდენად ცივია, რომ მუჭს ყინავს. მაინც დავლიეთ.
ტბიდან ძია კაკომ სალოცავში წაგვიყვანა. სალოცავი, მაღალ მთაზე, რამდენიმე ქვისგან არის შეკოწიწებული. სანთლებიც დავანთეთ, ოღონდ მხოლოდ მამაკაცებმა. ძია კაკომ ნიშის შესახებაც გვიამბო: „ეს ქვა, რაზედაც სანთელს ვანთებთ წოვა თუშს წამოუღია წოვათადან. ორი დღე მოდიოდა. ცხენი რომ დაღლილა, მეორე მხარესაც დაუკიდია ქვა, წონასწორობის შესანარჩუნებლად. ამ ადგილზე თურმე ცხენი გაჩერდა და ადგილიდან ვეღარ დაძრა. ამიტომ, აქ გააკეთა სალოცავი“. სალოცავთან მთისა და ბარის სალოცავების და მშვიდობის სადღეგრძელო ჩვენც შევსვით.
„სხვაგვარად არ იქნებაო“, - ბრძანა ჩვენმა მასპინძელმა.
დამშვიდობებამდე ძია კაკომ გვითხრა, სექტემბრის ბოლომდე აქ ვარ, დრო რომ გექნებათ, ამოდით და ბორბალოზე ავიდეთ, ალაზნისთავიც დავათვალიეროთო. მოწვევა მიღებულია.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია პროექტის „ყოველდღიური ახალი ამბები და ფოტორეპორტაჟები კახეთში“ ფარგლებში, რომელსაც „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. ფოტორეპორტაჟები ყოველდღიურად მომზადდება და ერთი წლის განმავლობაში კახეთის 300-მდე სოფელს მოიცავს.
გელა მთივლიშვილი