ხალხნო, მე დღეს დავბრუნდი თბილისში გურიიდან და მარტო archigio რომ არ დაბომბოთ კითხვებით, პასუხებში მეც შევეშველები.
archigio, არტანუჯი მართლა გამომრჩა და სორი!!!
ნიკა, ოსმანას საქციელი იმდენად კარგი რამ აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს, როცა გაბრაზებამ გადაგვიარა, ვლოცავდით კიდეც, კიდევ კარგი, რომ გამოგვაგდო, თორემ ამდენს ვერ ვნახავდითო.

იუსუფელიდან იმ ღამესვე ართვინში წავედით, მაგრამ ღამის ორ საათზე რა სასტუმროს ვიშოვიდით და ვთქვით, ბარემ არტანუჯში წავიდეთ, მაინც იქით ვართ წასასვლელიო (ვიღაცა წყალს მიჰქონდა და გზა მაინც აქეთ მქონდაო, ისე მოგვივიდა

). ყველაზე ნაყოფიერი სწორედ ის დღე აღმოჩნდა, რადგან ვნახეთ დოლისყანა, ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, არტანუჯის ციხე და ჯოჯოხეთის კანიონი! გიდი მეუბნებოდა, დილის 11 საათზე ხანძთაში ვიყავით, ასეთი რამ არც მე მქონია პრაქტიკაში და არც სხვებისგან გამიგონიაო. არადა, ოსმანას რომ არ გამოვეგდეთ, მეორე დილას წამოვიდოდით, ართვინში დიდი-დიდი, შუადღეზე ჩავიდოდით და სადღაც 2-3 ძეგლი გვენახა...
Giorgi Bagrationi
რაც შეეხება შატბერდის სომხურ წარწერას, ამ მხარეში XVII-XIX საუკუნეებში სომხები ცხოვრობდნენ და ეს წარწერაც ამ პერიოდშია ამოჩორკნილი.
შატბერდში ადგილობრივი ქართველი გამოვიდა, ოღონდ ქართული არ იცის. გვითხრა, ჩემი წინაპრები საქართველოდან ყირგიზეთში გადაუსახლებიათ, მაგრამ მერე, როცა აქედან სომხები გაუყრიათ, აქ ჩამოვსახლებულვართო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მანდ სომხები მართლა ცხოვრობდნენ.
აქ ტრადიციებზე და იმათ ქართველობაზე იკითხეს. იუსუფელის ქართველების ლაპარაკის გაგება მართლა გვიჭირდა, მურგულში კი სუფთა ქართულით საუბრობდნენ. იმ ქალაქში შესვლა საოცარი მომენტი იყო - უცებ აღმოვაჩინე, რომ ადგილობრივების ალყაში ვართ. პირველად ვერ მივხვდი, რა უნდოდა ამ ხალხს, რატომ მოდიოდნენ ჩვენსკენ გაღიმებული სახეებით... ყოველი მხრიდან მოგვაშურეს და ქუჩა უცებ გაივსო ხალხით, დიდი ხნის უნახავი ახლობლებივით გვკითხულობდნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე მურგული ქართველების ქალაქია. თურქები აქ ცოტანი ცხოვრობენო და გარშემო რაც სოფლებს დაინახავთ, ყველა ქართულიაო. ესენი იუსუფელის ქართველებზე მეტად ქართველობენ და იუსუფელელებს ცოტა ისეც ახსენებდნენ. იუსუფელში ყველაზე ჯიგარი და მართლა ქართველი იობი ყანთარაშვილი იყო, აქ კი ყველა გულიანი ქართველი ჩანდა.
იუსუფელში ერთმა იქაურ დღეობაზეც გვითხრა. 2 აგვისტოს ხევეკში იმართება სოფლის დღეობა, ოღონდ მაღლა მთაში, სადაც თურმე ზაფხულშიც ცივა. ღამით მანქანის ძარაზე ვშლით საწოლებსო, გვითხრეს. თურმე ხევეკელები ამ დღეობას ჭანებთან (სწორედ ასე უწოდეს, რაც ცოტა გამიკვირდა, რადგან *ჭანს* თითქმის არ იყენებენ) ერთად მართავენ. ისისნი ამ მთების გადაღმა ცხოვრობენ, ზაფხულში საძოვრებზე აქედან ჩვენ ავდივართ, იქიდან - ისინი და ერთად ვზეიმობთო. თურმე იმარტება შეჯიბრებები ფეხბურთში და სხვადასხვა რამეებში.
კიდე, 5-6 აგვისტოს იმერხევში, სოფელ უდეში იმერხევისა და შავშეთის ქართველობის ფოლკლორული ფესტივალი *სათავე* იმართება. 12-13-ში - ბაძგირეთში (თურქულად - მადენი) მარიობა ტარდება. ეს სოფელი მურგულის ზევითაა და ზუსტად არ მახსოვს, მაქაა თუ ხევეკში ხარების კორიდა. ჩვენ რომ ჩავედით, ზუსტად იმ დღეებში ართვინში იმართებოდა თურმე ფესტივალი. სადაც ბაიარ გუნდარიძესაც უმღერია და რომლის საკვანძო მომენტიც კორიდაა, მაგრამ ვერ წავედით.
ჩემს შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, ვთქვი, რომ ამ ლაშქრობამ ორმაგი გრძნობა დამიტოვა - სიხარულთან ერთად სინანულისაც. ეს სევდიანი ლაშქრობა იყო და პირადად ჩემში სწორედ ეს გრძნობა ფარავს აღტაცებას. ბანა დანგრეულია და მის სიდიადეს წარმოსახვით თუ აღიქვამ, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილი ტაძრებიდან პირველი იშხანი ვნახეთ და პირველი ემოციაც მას უკავშირდება. ხომ შელახულია, ტაძარი თავისი სიდიადით მაინც გაოცებს, გხიბლავს, გატყვევებს... შიგ შესვლისას გამაოცა ფართმა - ესეც სიდიადის ასოციაციას აღძრავს და ამაყი ხდები, მაგრამ ავხედე გუმბათს და... ტირილი მომერია. არქიტექტურულად მშვენიერი რამეა, ფრესკების შემორჩენილია და უმშვენიერესი რამეა, მაგრამ გუმბათის რაღაც ნაწილი ჩანგრეულია... ცრემლები სწორედ ამის დანახვამ და იმის გაფიქრებამ მომგვარა, თურმე რისთვის უწვალიათ-მეთქი ჩვენს წინაპრებს, რისთვის გაუწევიათ ასეთი ტიტანური შრომა და რაოდენ უმწეონი ვართ ჩვენ, რომ ვერც ვიცავთ, ვერც ვუვლით ამ საოცრებას... მოგვიანებით უკვე შეგუებული ვიყავი ამას, მაგრამ იშხანმა, როგორც პირველმა, ძაან იმოქმედა. მერე სხვებიც ამბობდნენ, რომ შეგრძნება მათთვისაც ასეთივე მტკივნეული იყო.