Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 თებ 2009, 12:33
გთავაზობთ არჩილ თოდუას ნამუშევრიდან მცირე ნაწილს ასურეთში გერმანელბის დამკვიდრებასა და ყოფა-ცხოვრების თაობაზე:
როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, გერმანელი კოლონისტების 1817-1820 წლებში საქართველოში ჩამოსვლა არ ყოფილა სპონტანური და უმიზეზო. მას გარკვეული პრაგმატული და ტრაგიკული პირობები ედო საფუძვლად, რაც რუსული საარქივო წყაროებიდან შემდეგნაირად გამოიყურება: შიმშილი ვიურტემბერგში, რელიგიური ჭირვეულობები, სექტანტობა, უკეთესი შემოსავლის წყაროს ძიება, უცხოეთში საქმიანი პარტნიორის შეძენის და სამუდამოდ იქ დარჩენის სურვილი, ნათესაური კავშირები ადრე რუსეთის იმპერიაში გადმოსახლებულებთან.
Gგადმოსახლებულ გერმანელ კოლონისტთა პირველმა ჯგუფმა შვაიკჰაიმიდან საქართველოში, 31 ოჯახის – 148 კაცის შემადგენლობით, 1817 წლის 21 სექტემბერს ჩამოაღწია. ამავე წელს, თბილისთან ახლოს, მათ პირველი კოლონია მარიენფელდი დააარსეს. გადმოსახლებულთა ძირითადი მასა, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ _ 1818 წლის 12 აგვისტოს ჩამოვიდა თბილისში და დააარსეს შემდეგი კომპაქტური დასახლებები – ჰელენენდორფი, ანნენფელდი, ალექსანდერდორფი, ელიზაბედტალი, ალექსეევკა, კატარინენფელდი, ნოიდორფი, გნადერბერგერი, გეორგფელდი, აიგენფელდი, გრიუნფელდი, ტრაუბენფელდი, ვალდჰეიმი, როზენფელდი და მოგვიანებით მათ მიემატა კიდევ ბევრი სხვა დასახლება.
რაც შეეხება ბოლნისთან ახლოს, ბორჩალოს მაზრაში დაფუძნებულ დასახლება კატარინენფელდს – ეს სახელი მას, ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმის მეუღლის და რუსეთის მეფე ალექსანდრე პირველის დის, დედოფალ კატარინას პატივსაცემად დაერქვა. დასაწყისში კატარინენფელდის მოსახლეობა მხოლოდ 116 ოჯახს შეადგენდა.
ერთერთი საინტერესო გერმანული კოლონია გახლდათ ელიზაბედტალი – დღევანდელი ასურეთი. იგი დაარსებულ იქნა 1818 წლის 19 ნოემბერს. რუსი პუბლიცისტი ვასილ ველიჩკო პუბლიცისტურ ნაწარმოებში „კავკასია“ აღნიშნავს, რომ ელიზაბედტალში (ასურეთი) ძირითადად შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ. დასაწყისში მისი მოსახლეობა მხოლოდ 65 ოჯახს შეადგენდა. მოგვიანებით, აქედან 38 ოჯახი გადასახლებულ იქნა ჩოჩიანი-წალკაში, სადაც დაარსდა ახალი გერმანული კოლონია ალექსანდერსჰილფი. ჩამოსახლების პირველ წლებში გერმანელ კოლონისტებს დიდ მხარდაჭერას და დახმარებას უწევდნენ ადგილობრივი გლეხები.
1820 წელს ელიზაბედტალის მოსახლეობას მთავრობამ 120.381 მანეთი გრძელვადიანი სესხი გამოუყო. მე-19 საუკუნის 60-იან და 80-იან წლებში ამ კოლონიაში არსებობდა რამდენიმე სასოფლო–სამეურნეო საწარმო. კოლონიის მიწები მოსახლეობის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, რაც ეთნიკური სიმრთელის შენარჩუნების აუცილებლობით იყო გამოწვეული. ელიზაბედტალის სოფლის მეურნეობის წამყვან დარგს ძირითადად მევენახეობა წარმოადგენდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ელიზაბედტალის კოლონიამ პირველი ღვინის მარანი გახსნა თბილისში, საიდანაც წარმატებით ჰყიდდა საკუთარ ნაწარმს. ამავე დროს, ელიზაბედტალის კოლონია (სხვა გერმანულ კოლონიებთან ერთად) ამარაგებდა თბილისს რძით, გლეხური არაჟნით და კარაქით. კოლონიაში მოქმედებდა საგანმანათლებლო სასწავლებელი, სადაც მე-19 საუკუნის შუა წლებში 85 მოსწავლე, მათ შორის 45 ვაჟი და 40 ქალი სწავლობდა. 1914 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ელისაბედტალს სახელი შეუცვალა და ასურეთი დაარქვა. 1919 წლის ივლისში საქართველოს გერმანულმა კოლონიებმა ელიზაბედტალში (ასურეთში) სამხრეთ კავკასიაში მათი გადმოსახლების 100 წლის იუბილე იზეიმეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გერმანულმა კოლონიებმა და მათ შორის ელისაბდეტალმა უაღრესად დიდი როლი ითამაშეს სოფლის მეურნეობის, ხელოსნობისა და მეღვინეობის შემდგომი განვითარების საქმეში. Gგერმანულები ძალიან ახლო საქმიანი ურთიერთობებით გამოირჩეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან (ქართველებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან) და ამის გამო, მათი უმრავლესობა, რუსების მეტი წილისაგან განსხვავებით, სამივე ენაზე თითქმის თავისუფლად საუბრობდა, რაც, ასევე, ამ ერის წარმომადგენელთა დიდი ნიჭისა და ადგილობრივი მოსახლეობისადმი პატივისცემის გამოვლინებაცაა.
გერმანული ეროვნული ტრადიციები და მათი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სტილი, განსაკუთრებულად, სწორედ, ელიზაბედტალში (ასურეთში) იქნა წარმოჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები სულ რამდენიმე დღეში, დაჩქარებული ტემპით გასახლებულ იქნენ საქართველოდან და, კერძოდ, ასურეთიდანაც. ამ დასახლებაში გერმანული ცხოვრების კვალი იმდენად ძლიერი და შთამბეჭდავი იყო, რომ იგი აქ დღესაც აშკარად შესამჩნევია.
სოფლის მთავარ გზას მიუყვებოდა ბაზალტის ნათალი ქვებით მოპირკეთებული განიერი ტროტუარი, რომელზეც მკაფიოდ იყო გამოყოფილი ბილიკი ველოსიპედით მოსიარულეთათვის. ქუჩისაგან ეზოს გამომცალკევებელი ხის ლამაზი მესერი ეყრდნობოდა ასევე ნათალი ბაზალტის ქვის მასიურ სვეტებს, რომელთა უმეტესობა, სამწუხაროდ, დღეს წაქცეულია და სანახევროდ მიწითაა დაფარული.
ლამაზად და ეფექტურად გამოიყურებოდნენ გერმანელ კოლონისტთა კომპაქტური დასახლება აკურატულად შეერთებული ერთსახოვანი კოტეჯების ორ რიგს ქმნიდა, რომელთა შორის განიერი შარაგზა გადიოდა. ეს ლამაზი სტილი დღესაც შენარჩუნებულია ასურეთში (ელიზაბედტალში), სადაც განიერ სოფლის გზაზე სპეციალურად იყო დატოვებული ადგილი ვენახებისა და მარნის გავლით ბორჩალომდე ტრამვაის ხაზის გასაყვანად, რაზედაც ორთქლის მანქანა იმოძრავებდა. სოფელი რელიგიურობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მართლაც საოცრად ლამაზი სანახაობა იქნებოდა სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი მოსახლეობის ნელი სვლა ეკლესიისკენ. პროფესორ ა. სონღულაშვილს, თავის ცნობილ ნაშრომში „ეროვნული უმცირესობანი და კონფესიები საქართველოში“ (გვ. 83) მოჰყავს ინგლისელი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰამის სიტყვები: „ქალები, სუფთა ქუდებითა და წელამდე მოსასხამებით, მათი წითური თმებითა და ჭორფლიანი სახეებით მართლაც ვერ შეეცილებოდნენ სილამაზეში თავიანთ შავთვალა და გრძნობიერ მეზობლებს, მაგრამ მათი აკურატული და მოკრძალებული გარეგნობა საკმაოდ გამახალისებელია აღმოსავლელი ქალების უსუფთაო ტანისამოსს შეჩვეული თვალისათვის“.
როგორც წესი, ყველა გერმანელი კოლონისტის სახლი ბელეტაჟზე აწეული ერთსართულიანი შენობა იყო. დიდი თლილი ქვებითა და მუხის ხის მასიური ბოძებით ნაშენებ ყველა კოტეჯს ჰქონდა ვრცელი სარდაფი, რომელიც ზაფხულში მაცივრის როლს ასრულებდა, ზამთარში კი პროდუქტების დათბილული საწყობისას. ამგვარი სახლები დღესაც უხვადაა ასურეთში (ელიზაბედტალში). კოტეჯების სხვენი რამდენიმე ნაწილად იყო ფიცრებით გადატიხრული, სადაც კოლონისტები ძირითადად ინახავდნენ ხორბალს, ქერს, მზესუმზირას, შებოლილ შაშხს, გოგრას, სიმინდს, ხილს და სხვა სურსათ-სანოვაგეს. ოთახები მაღალი გემოვნებით ჰქონდათ გაწყობილი ხელით ნაქსოვი ფარდაგებით, კაკლისა და მუხის ხის ავეჯით. თითქმის ყველა ოჯახს ამშვენებდა ხისგან ნატიფად გამოთლილი ორნამენტებიანი ვრცელი აივანი და ჰქონდა საკუთარი ფურნე, სადაც საოცრად გემრიელ პურს აცხობდნენ და ორიგინალურ კერძებს ამზადებდნენ. სახლს წინ მომცრო ხასხასა ბალახიანი მოლი ჰქონდა, უკან კი საკმაო დიდი ბაღი, სადაც ოჯახში მოსახმარად უხვად მოჰყავდათ ბოსტნეული და ყვავილები. ბაღში ასევე გაშენებული ჰქონდათ მრავალნაირი ხეხილი. დღესაც ლამაზად გამოიყურება ასურეთის ცენტრში გაშენებული დასასვენებელი პარკი.
დღეისათვის ასურეთში პირვანდელი სახით შემორჩენილია უამრავი გერმანული არქიტექტურის ძეგლი – საცხოვრებელი სახლი, ღვინის სარდაფები, გოგირდის აბანოები, ლუთერანული ეკლესია, რომლებიც სასწრაფოდ აღდგენას და რესტავრაციას მოითხოვენ. ელიზაბედტალის გერმანული სასაფლაო პროფესორ გერტ ქუმმელის, გერმანელი და ქართველი სტუდენტების დახმარებით შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა აქაც ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მართალია კარგადაა მოწყობილი მემორიალი, მაგრამ სასაფლაოზე გაუვალ ტყედ არის გადავლილი იასამნის ხეები, რაც სასწრაფო ამოიძირკვას საჭიროებს.
ქართული კულტურისადმი გერმანელთა პატივისცემა ასურეთის გერმანულ სასაფლაოზე მდგარ ქვის ძეგლებშიც არის ასახული. გარდაცვლილთა საფლავის ქვებზე გამოკვეთილია ტრადიციული ქართული ორნამენტი _ ვაზის ფოთოლი და ყურძნის მტევანი, რაც ქართული და გერმანული კულტურების ნიმუშთა სინთეზირებაზე მეტყველებს.
1871 წლის 29 აგვისტოს გერმანელმა კოლონისტებმა სოფელ ასურეთის შუაგულში დაასრულეს არქიტექტორ ზალცმანის პროექტით შესრულებული მაცხოვრის სახელობის კათოლიკური ტაძრის მშენებლობა, რომელიც დაიწყო 1868 წლის 14 მაისს. გოთური სტილით ნაგები მრავალწახნაგოვანი ვეებერთელა ტაძარი, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატებოდა, 60 წელიწადი ერთგულად ემსახურა ლუთერანულ სარწმუნოების მსახურთ და დღესაც მხნედ არის წამომართული სოფლის ცენტრში, მიუხედავად კომუნისტურ ეპოქაში თავს გადამხდარი უამრავი ფათერაკისა. Mმაგრამ, ისიც ფაქტია, რომ თუ საქონლის სათარეშოდ გადაქცეულ ეკლესიას, როგორც გერმანული კულტურის ძეგლს, დროულად ყურადღება არ მიექცა, იგი მალე ნანგრევებად იქცევა და საზოგადოების გულგრილობისა და უყურადღებობის კიდევ ერთ სამარცხვინო ძეგლად შერჩება ჩვენს ისტორიას...
ასურეთის ეკლესიის საკურთხეველს ამშვენებდნენ ოქროს შანდლები, საეკლესიო რიტუალის ჩასატარებლად საჭირო ძვირფასი ლითონის ჭურჭელი, ძვირფასი ქსოვილის კრეტსაბმელები, ფარნები, ხალიჩები და სხვა რელიგიური ატრიბუტიკა. სადღესასწაულო დღეებში ტაძარი მუქ შინდისფრად იყო მორთული, სამგლოვიარო დღეებში კი მას შავ ფერად რთავდნენ. ეკლესიის მშვენებას წარმოადგენდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუნჰენიდან გამოგზავნილი სამკლავიატურიანი ორღანი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, 1937-1938 წლებში, როცა საქართველოში მასიურად იძარცვებოდა ეკლესია-მონასტრები, გადაუმონტაჟებიათ თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, შემდეგ კი იქიდანაც წაიღეს და საერთოდ ჩაიკარგა სადღაც. სხვა ლუთერანული ეკლესიების მსგავსად ტაძრის დარბაზში კაკლის ხის გრძელი შავად გალაქული მერხები ორ რიგად ლამაზად იყო ჩამწკრივებული.
კათოლიკური ეკლესიის გუმბათს აბოლოებდა ორნამენტებით შემკული სპილენძისაგან ჩამოსხმული ვეებერთელა ზარი, რომელსაც იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ მისი რეკვის ექო ათი კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ მარაბდამდე აღწევდა. უაღრესად მორწმუნე გერმანელი კოლონისტები ყოველ კვირა დღეს დადიოდნენ წირვაზე. ტაძარი დილის 10 საათზე იღებოდა და მხოლოდ შებინდების მერე იკეტებოდა. შემოდგომით, 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე ეკლესია ყოველდღიურად მართავდა საზეიმო წირვას შემოდგომის უხვი მოსავლის მოწევასთან დაკავშირებით. ამ დღეებში ყოველ გერმანულ ოჯახს ეკლესიისთვის აუცილებლად უნდა შეეწირა მოსავლის ნაწილი ან გარკვეული თანხა, რომელსაც შემდეგ პასტორი შედარებით ხელმოკლე ოჯახებზე თანაბრად ანაწილებდა. საეკლესიო წირვის დამთავრების შემდეგ კოლონისტები ერთად მიდიოდნენ ტყეში, შლიდნენ პურ-მარილს და გულიანად მოილხენდნენ ხოლმე.
ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენდა ეკლესიაში ნეფე-დედოფლის ჯვრისწერის ცერემონიალი. პასტორი ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილ ორ-სამ საქორწინო წყვილს ერთდროულად სწერდა ხოლმე ჯვარს, შემდეგ კი მათ ჩუქნიდა ლამაზ გარეკანში ჩასმულ ბიბლიას, რომლის შიდა ცალკე გვერდზე აღნიშნული იყო მათი ჯვრისწერის თარიღი და ჯვარდაწერილთა ვინაობა. მომავალში აქვე ჩაიწერებოდა ხოლმე დაბადებული ბავშვის მონაცემებიც. ასე რომ, პასტორის მიერ ნაჩუქარი ბიბლია მათი ბავშვის ერთგვარი დაბადების მოწმობაც გახლდათ. სადღეისოდ ცნობილია, რომ ეს ბიბლია ვიურტენბერგის ოლქის ქალაქ შტუტგარტში იყო დაბეჭდილი, და მას გერმანელები ძალზე ფაქიზად ეპყრობოდნენ
ასურეთის კათოლიკური ტაძრის პასტორები იყვნენ: მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლებიდან მ. შრენკი, 1892 წელს – ციმმერი, მეოცე საუკუნის ათიან წლებში – ჰ. ჰაინცელმანი, ოციან წლებში – ვალდ ბრაუნ ეუგელჰარტი, შემდეგ პაური და ბოლოს ერიჰ ბერიჰტოლი.
1936 წელს საბჭოთა საქართველოს კომუნისტურმა მმართველობამ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძირფესვიანად ანადგურებდა რელიგიურ საკულტო ქმნილებებს, გამოსცა სპეციალური ბრძანება ასურეთის კათოლიკური ეკლესიის სასოფლო კლუბად გადაკეთების შესახებ. ვიდრე ამ ბრძანებას ოფიციალურად ასურეთამდე ჩამოიტანდნენ, წინა ღამით ტაძრიდან შეუმჩნევლად გაიტანეს საეკლესიო ძვირფასეულობა, საღმრთო წიგნები და მთელი არქივი. მეორე დილით სოფელში ხმა გავარდა, რომ ტაძარი ასურეთის მეზობელ დასახლება ღოუბანში მცხოვრებმა შარაგზის ყაჩაღებმა გაძარცვესო. ამ ფაქტთან დაკავშირებით 1937 წელს შინსახკომელებმა ასურეთელი პასტორი ერიჰ ბერიჰტოლი დააპატიმრეს და შორეულ ციმბირში გადაასახლეს.
სოფლის კლუბად გადაკეთებული ეკლესიის დარბაზი ხუთასამდე მაყურებელს იტევდა, მისი განუმეორებელი სილამაზე კი ყველა შიგ მყოფი ადამიანის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.
1953-54 წლებში კვლავ იქნა დაშვებული საბედისწერო შეცდომა, როცა საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობის ბრიყვული მითითებით შენობას მოანგრიეს რვაწახნაგა გუმბათი და თავმოკვეთილმა ეკლესიამ საბოლოოდ დაჰკარგა პირვანდელი სილამაზე და სოფლის ცენტრიც აშკარად დააუშნოვა. უხეში ხელით ნაწამებ-ნატანჯი კლუბი-ეკლესია კომუნისტებმა საბოლოოდ „დაასამარეს“ 1963-64 წლებში, როცა შენობას შიგნით ჩაუტარეს კაპიტალური შეკეთება, რომლის შედეგად გააუქმეს დარბაზის თაღი, მოაწყვეს ჰორიზონტალური ჭერი, ჩამოგლიჯეს და დაშალეს მიუნჰენიდან ჩამოტანილი ბროლის ვეებერთელა ჭაღი, მოანგრიეს იარუსების სამი მწკრივი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევდა დარბაზს. მიუხედავად საქართ ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები