Post
by bela » 07 ივლ 2008, 13:52
ვიდრე მუცოს ვნახავდი, მასზე სტატია რამდენიმე თვით ადრე მქონდა დაწერილი...
მოლაშქრეებს დავპირდი, რომ ამ სტატიას მათაც გავაცნობდი.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ლაშქრობიდან შთაბეჭდილებები თითქმის ყველას ერთნაირი გვაქვს, დამატებით აღარაფერს ვიტყვი და პირდაპირ ხევსურეთის არქიტექტურაზე მოგიყვებით:
აღმოსავლეთ საქართველოს მთის არქიტექტურა ფორმებით, ნიშნებითა თუ მასალით უფრო ახლოსაა ჩრდილოკავკასიურ არქიტექტურასთან, ვიდრე დასავლეთ საქართვლოს მთიანეთთან. სვანური ციხე-კოშკები გვხვდება ყაბარდოში, ხოლო ხევსურულ-თუშური _ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. ზოგადად ეს საერთო კავკასიური არქიტექტურაა, თუმცა გავლენას სამხრეთი ახდენდა, ვინაიდან აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და საქართველოს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ტერიტორია ეკავა.
ამავე დროს მთის არქიტექტურაში დაცულია მახასიათებლები, რაც ბარში შემორჩენილი აღარ არის. კერძოდ, ციტადელითა და გალავნით დაცულ ბარის ქალაქს, მაგალითად ძველ თბილისს, ჰქონდა შიდა დამცავი სისტემებიც – ჩიხები იკეტებოდა და ბანიდან ბანზე, აივნიდან აივანზე ისე შეეძლოთ გადასვლა, რომ მიწაზე ფეხი არ დაედგათ. მსგავსი ელემენტების ნიშნები ჯერ კიდევ შემორჩენილია მთიან რეგიონებშიც ხევსურეთსა და თუშეთში.
ძველი ციხექალაქის მაგალითად შეგვიძლია მუცოს ციხის კომპლექსი განვიხილოთ, რომელიც დღეს მიტოვებული ნასოფლარია. როგორც არქიტექტორმა სოსო ბანძელაძემ გვითხრა, ეს არის ტერასებად აშენებული გამაგრებული დასახლება, სადაც კარგად იკითხება ვიწრო ქუჩების ქსელი და მცირე მოედნები_თავშეყრის ადგილები. ძალიან საინტერესოა დონეთა ურთიერთკავშირები, გადასასვლელი ხიდები, რაც აკავშირებდა ნაგებობებს ერთმანეთთან.
სოსო ბანძელაძე: `მართალია, მუცოს ქალაქს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ეს მაინც მიკროურბანული დასახლებაა, ერთგვარი პატარა პოლისია. გარდა შიდა გეგმარებითი სტრუქტურისა, მუცოს იმითაც აქვს ქალაქის ნიშნები, რომ მას აქვს გამაგრებული ციტადელი, რაც ქალაქისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო გზის პირას მდგომი ხეობის ჩამკეტი თირღვას კოშკს, სავარაუდოთ საბაჟოს ფუნქცია უნდა ჰქონოდა ვინაიდან აქ კავკასიის ქვეყნების და კუთხეების დამაკავშირებელი გზა გადიოდა. მუცოსკენ ერთიEბილიკი ხეობიდან ადის, მეორე კი ჩრდილო-კავკასიიდან გადმოდის. ციხის ორივე მისასვლელთან არის `მკვდარი სოფლები~, ანუ აკლდამები.
მუცოს ციხის მწვერვალზე, ანუ აკროპოლზე, არის პატარა მინდორი, რომელიც `ბროლისკალოს~ სახელითაა ცნობილი. აქ არის წმ. გიორგის სახატე ნიში. იქვე აკლდამა-სამლოცველო, რომელსაც ეთნოგრაფიული გადმოცემის მიხედვით ბროლისკალოს დარბაზი ჰქვია. ძველი ქართული ტერმინი დარბაზი თანამედროვე პარლამენტს ნიშნავდს. ბროლისკალოს საფიხვნოზე თემთა საბჭო იკრიბებოდა. ამ ადგილის მნიშვნელობა ტოპონიმმა შემოინახა, დღემდეა შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ლოდი, სავარძელი, სადაც ხევისბერი იჯდა.
ციტადელში არის ეკლესიის ნიშნები, ჩანს საკურთხევლის შემკლავება და ტრაპეზის ქვა. ციტადელი შედგება 3 ციხე-კოშკისაგან. სამ კოშკიანი ციხის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია მთის საფორტიფიკაციო სისტემებში. ანალოგია ბევრგან გვხვდება. მაგალითად მურის ციხე ლეჩხუმში ცაგერთან (გვიანდელი ხალხური გადმოცემით ამ ციხეებს დაუხვდი, დაჰკარ, არ გაუშვა ეწოდებათ); სვანეთში ჩაჟაშის ციტადელი; თუშეთში კესელოს, გირევის და ინდურთის ციხეები და სხვა.
მუცოს ნასახლარზე ორი უბანია, შეთეკაურების და დაიაურების. ორივე უბანს თითო კოშკი იცავდა. ზედა კოშკი შეთეკაურებისაა, ქვედა დაიაურების. მუცოში ცხოვრობდნენ აგრეთვე ნაცაურნი, ჭინჭარაულნი და ბორჩაშვილები. ხევსურთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა ხელოსნობა და ნადირობა იყო. მთაში ფეოდალური იერარქია არ იყო, ამიტომ სამხედრო საქმე ყველას ეხებოდა. სულ მუცოში 6 კოშკია ამათგან შეთეკაურებისა მეტად ავარიულია, ციტადელის შუა კოშკი დანგრეულია, ხოლო შეთეკაურების უბანში კოშკის კვალი თითქმის წაშლილია. მუცოში 25 ციხე-სახლია, გადახურვები არცერთ სახლს არ შემორჩა. ბევრი ძლიერ დაზიანებულია, ნაწილი ჩაშლილია. მოსალოდნელია გაწმენდის შედეგად სხვა ციხე-სახლთა ნაშთების აღმოჩენა ~.
ტრადიციულად, მშენებლობის ხელოვნება ბევრადაა დამოკიდებული გარემოზე, ადგილზე და იმ მასალაზე, რაც ადგილობრივად მოიპოვება. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მშენებლობისათვის ფიქალებსა და ქვიშა-ქვებს იყენებდნენ, თუმცა კი, განსხვავება იყო ქვის ხარისხშიც. როგორც სოსო ბანძელაძემ აგვიხსნა, მშენებლობისათვის წინასწარ ხდებოდა ადგილის მომზადება, მოედნის მოჭრა, ზოგ ადგილებში უფრო დიდი და კარგი ქვა იყო. მაგალითად, თუშეთში, დართლოს კოშკები კარგი ქვით არის ნაგები. ქვის წყობის ხასიათი დროზეც მიანიშნებს ხოლმე.
გამომდინარე იქიდან, რომ მთაში ხის მასალა ნაკლები იყო, მას მხოლოდ სართულებშორის გადახურვისას მიმართავდნენ. მაღალ კოშკებში თუ ერთ სართულზე ხის კოჭები ჩრდილოეთ-სამხრეთზე იყო გადებული, მეორე სართულზე დასავლეთ-აღმოსავლეთზე, რასაც კონსტრუქციული მნიშვნელობა ჰქონდა: ოთხივე კედელზე სტატიკური და დინამიკური დატვირთვა ერთნაირად ნაწილდებოდა. ასეა აგებული, მაგალითად, თორღვას კოშკი. გადახურვებს შორის ხავსსა და მიწასაც იყენებდნენ, რომელსაც ჩხლაკვს ეძახდნენ. ჩხლაკვი ხის ძელებზე იდებოდა, რაც თბოიზოლაციის მიზნით კეთდებოდა. ზედა გადახურვა კი, ჩვეულებდივად, სიპით ხდებოდა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ხალხური მშენებლობა უმეტესად მშრალი წყობით ხდებოდა. პირიქითა ხევსურეთში კირქვა ძნელად მოიპოვება. მის გამოსაწვავად საჭირო შეშის მასალაც ცოტაა. ციხე-სახლები შიგნიდან უმეტესად თიხისა და ნაკელის ნარევით ილესებოდა ცალკეულ შემთხვევებში კირის ნალესობაც გვხვდება. შრალი წყობისას კედელს ამაგრებდა ქვის სიმძიმე და ხახუნის ძალა, რასაც ემატებოდა გადახურვის სიმძიმეც, ისე რომ კოშკი არ იშლებოდა. მშრალ წყობას უპირატესობა აქვს, რომ თუ კარგი ქვითაა ნაგები და ერთმანეთზე მჭიდროდ დგას, ასეთ კოშკებს სახურავიც რომ მოეშალოს, წყალი ვერ შლის. კირით მშენებლობის დადებითი მხარეა სიმტკიცე და უკეთესი თბოგაუმტარობა, მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ სახურავი თუ მოიშალა და კედლებში წყალი ჩავიდა, მრავალწლიანი გაყინვა-გალღობის ციკლის შედეგად კირი იშლება და ირეცხება, კედლები ჯდება, ბზარები ჩნდება და ნგრევა იწყება.
როდის დაიწყო საქართველოს მთიანეთში კირით მშენებლობა, ძნელი სათქმელია. მაგალითად, სვანეთში ადრეული ნიშნების მატარებელი ციხე-სახლები და ზოგიერთი კოშკი მშრალად ნაგებია. შედარებით გვიანდელი მაჩუბიანი კოშკები კი უმეტესად კირით. ხევსურეთსა და თუშეთში კი კირით მშენებლობა აქტიური არ არის, მას უფრო ფუნქციონალური დატვირთვა აქვს. კამაროვანი და პირამიდული გადახურვის კოშკებზე კირია გამოყენებული, მშრალი წყობით ამ კონსტრუქციას ვერ ააგებდნენ. ასეთია მაგალითად ახიელის და ლებაისკარის კოშკები ხევსურეთში.
აღმოსავლეთ საქართველოს ადრე და განვითარებული შუასაუკუნეების კოშკების საბრძოლო აღჭურვილობა ქონგურები, სალოდეები და საისრეებია. გვიან შუასაუკუნეებში სათოფურები ჩნდება. ქონგურებით დიდი ტერიტირიის მომცველი ზღუდე-გალავნებია აღჭურვილი. ასეთი ციხე-გალავნები მხოლოდ ბარში გვხვდება. ადრეული პერიოდის ქონგურებს კვადრატული ფორმა აქვს. განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისას თაღოვანი ფორმები. სალოდეები ყველა დროში და ყველგან გვხვდება. მაგრამ ადრეულ პერიოდში უფროა გავრცელებული. მაგალითად სვანეთის მშრალი წყობით ნაგები სალოდეებიანი ციხე-სახლები და ზოგიერთი კოშკი ადრეული ნიშნების მატარებელია. ხოლო მაშიკულებით დაგვირგვინებული მაჩუბიანი კოშკები შედარებით გვიანი. მაშიკულებიანი კოშკები ძირითადათ სვანეთშია. რამდენიმე ნიმუშია შემორჩენილი რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და მეზობელ ყაბარდოში. ერთადერთი შიდა ქართლის მაღალაანთკარში. კავკასიის აღმოსავლეთ მთიანეთში სიპერდიანი გადახურვის კოშკებია გავრცელებული. ამ გადახურვას პირამიდული ფორმა აქვს. სიპერდი მრავალი საფეხურისაგან შედგება და დასრულებულია წაკვეთილი ქვით, რომელსაც კუშტული ჰქვია. ხევსურეთში სიპერდიანი კოშკია ახიელში, გუროში, არდოტსა და ლებაისკარში, თუშეთში დართლოში, მეზობელ ინგუშეთ-ჩეჩნეთში სოფლები ეგიკალი, ხაიბახოი, დიორე, ერზი, ლეჟგი და სხვა მსგავსი კოშკებით იყო დაცული.
გადახურვის გავრცელებული ფორმაა აგრეთვე ორკალთიანი სახურავი, გვხვდება ბანიანი ან ცალკალთიანი სახურავებიც, რომელიც თუშეთშია შემორჩენილი, მაგალითად გირევის და ინდურთია ციხეები. მუცოს ციხესახლებიც ცალკალთიანი გადახურვისაა, ამბობენ, ზედა კოშკიდან ქუდი რომ გადმოგეგდო, გორვით ჩავიდოდა ხეობაშიო. შატილში ბანიანი გადახურვა გვაქვს. მუცოს ცალკალთიანი გადახურვა იგივე ბანია, ოღონდ ცოტა დახრილი. აქ მიწის ატანა და დამუშავება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ გადახურვას სიპის ფიქალებით აკეთებდნენ.
კოშკების აშენებისას არასდროს გამოიყენებოდა ხარაჩოები, ამისათვის ხის მასალას არავინ გააფუჭებდა, ამიტომ კოშკი შიგნიდან შენდებოდა. საშუალოდ თითო სართული 2 მეტრის სიმაღლის იყო, კოშკის ზევითკენ დავიწროვების, ანუ ენტაზისის ამოყვანა თვალით ხდებოდა. რამდენიმე წლის წინ კესელოს ციხის რესტავრაციის დროს თუშეთის მოამაგე ძმებმა, ანზორ და ნუგზარ იდოიძეებმა, კოშკის გვერდების თანაბარი დახრილობის მისაღებად სპეციალური ლითონის კონსტრუქცია შექმნეს. შემდეგ წელლს დაღესტნიდან გამოცდილი კალატოზები გადმოიყვანეს, რომელთაც ეს რკინის ხელსაწყო ხევში მოისროლეს და კოშკი ძველებურად, თვალის ზომით ააგეს. როგორც სოსო ბანძელაძე ამბობს, მათი აღდგენილი კოშკი უფრო ლამაზი და ცოცხალი გამოვიდა ვიდრე წინა წელ აღდგენილი ციხეები.
მუცოს ციხის საბრძოლო კოშკები 5 სართულიანია, ციხე-სახლები კი 2-4 სართულიანები. კოშკების შესასვლელები, გარდა საბაჟო კოშკისა, მოწყობილია არა მიწისპირას, არამედ მაღალ დონეზე. პიდაპირ მიწის დონეზე შესასვლელები გვიან პერიოდში ჩნდება, განვითარებულ და ადრეულ შუასაუკუნეებში პირველი სართულები დიდი სიმაღლზეა მოწყობილი. განვითარებულ საუკუნეებში ჩნდება ქვედა სართული, მაგრამ მას კარი არ აქვს, იქ ან სურსათის საცავი იყო, ან სადილეგო. ადრეულ საუკუნეებში კი ეს სართული ქვით იყო ამოვსებული, რაც ციხეს მეტ სიმყარეს ანიჭებდა. იმ ეპოქაში, როცა კედელსანგრევი მანქანები გამოიყენებოდა, საძირკვლის სიმყარეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ციხე-სახლების პირველ სართულზე საქონლის სადგომი იყო მოწყობილი, მას თუშეთში “ბაშტეი” ჰქვია, შუა სართული_”შუა” საცხოვრებლი დანიშნულების იყო , მესამეს კი, რომელსაც “ჭერხოს” ეძახდნენ, საძილედ ან სტუმრის მოსასვენებლად გამოიყენებოდა. თუ სახლი ოთხსართულიანი, მესამე სართულს “ზემო შუა” ჰქვია. ხშირად ორი ციხე-სახლის სართულები დაკავშირებული იყო ერდო-ბანებით.
აღმოსავლეთ საქართველოს არქიტექტურაზე საუბრისას ცალკეა აღსანიშნავი აკლდამები, სადაც ღრმა სიბერეში ან ჟამიანობისას ხევსური თავისი ნებით შედიოდა სიკვდილთან შესახვედრად. აკლდამები საგვარეულო იყო, მაგალითად, მუცოს ციხესთან 20-ზე მეტი აკლდამაა. აკლდამები, ისევ როგორც კოშკები, სიპი ქვით არის ნაგები. შიგნიდან კამაროვანი, გარედან სიპერდის მსგავსი გადახურვა აქვს. შიგნით იყო თაროები, სადაც მომაკვდავი წვებოდა.
ქართველმა არქიტექტორებმა და რესტავრატორებმა მუცოს უნუკალური კომპლექსის აღდგენაზე ფიქრი დაიწყეს, რასაც არა მხოლოდ კულტურული დატვირთვა ექნება, ხევსურეთში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
2004 წელს მუცოში მასშტაბური ექსპედიცია მოეწყო კომპანია `არსის~ და `თBჩ~ ბანკის მხარდაჭერით. მოხდა ფერადი ფოტოფიქსაცია, კინოგადაღება და 1989 წელს დაწყებული აზომვების დასრულება.
დღის წესრიგში დადგა მუცოს რესტავრაცია-რეკონსტრუქციისა და რეგენერაციის საკითხი. ქართველმა რესტავრატორებმა უცხოურ ფონდებსაც მიმართეს. პროექტის ხელმძღვანელმა სოსო ბანძელაძემ და წარმოშობით მუცოელმა, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პაატა შეთეკაურმა პროექტი გაუგზავნეს “გეტისა” და მსოფლიო ძეგლთა ფონდებს.
მიმდინარეს წელს კულტურის სამინისტრო აცხადებს ტენდერს მუცოს რეკონსტრუქციის პროექტზე.
სოსო ბანძელაძე: `მუცოს რესტავრაცია საშენი მასალის გარეშე ვერ მოხერხდება, მასალის მიტანა კი იქ ამჟამად შეუძლებელია. ყველაზე მოსახერხებელი საბაგირო გზის მონტაჟი იქნება (ამის პრეცედენტი გვაქვს, ასე ავაშენეთ ლენტეხის მიუვალი კლდის თავზე ეკლესია), მაგრამ საბაგიროს მუშაობისთვის საჭიროა ელექტრო ენერგია, რისთვისაც ალბათ მცირე ჰესი უნდა მოეწყოს. (აქაც სიფრთხილეა საჭირო რომ ეკოსისტემას ზიანი არ მივაყენოთ. მდინარეში კალმახია) ამავე დროს მუცოში არის მეტად ავარიული ნაგებობები, რომლებიც სასწრაფოდ გასამაგრებელია.
მუცოს სრულ აღდგენას არავითარი აზრი არ ექნება, თუკი იქ ადამიანი არ დასახლდა, რადგან ზამთარში სახურავი თუ არ გადაითოვლა, ისევ დაინგრევა. ამიტომ მუცოს განვითარების კომპლექსური პროექტია შესადგენი~.
რესტავრაცია თვითმიზანი არ უნდა იყოს, თუ იქ არ შევიდა სიცოცხლე, და არ მოხდა რეგენერაცია ( და არა ადაპტაცია), იგი ტურისტებისათვის მიმზიდველი ვერ გახდება. ტურიზმის ყველაზე სწორი ფორმა იქნება არა მომსახურე ტურიზმის, არამედ სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტის აღორძინება. თანამედროვე ტურისტული კომპლექსი შეიძლება მუცოს მისადგომებთან გაკეთდეს, ოღონდ კარგად შეფარული, რათა ახალი დომინანტი არ გაჩნდეს. Mმხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის იქ დაბრუნება. ახალი დროება, ინფორმაციის ინტერნეტ სივრცით ხელმისაწვდომობა უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ასეთ ადგილებში იცხოვროს და თავი გარიყულად არ იგრძნოს. უნდა აღდგეს საზღვრის დაცვის ისტორიული მოდელი, რაც მესაზღვრე ოჯახებ ...