ცნობები დირბის ტაძრის შესახებ:
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი შიდა ქართლში (ქარელის რაიონში) მდინარე ფრონის ხეობაში მდებარეობს. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტეოქე მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".
ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.
ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.
აი ეს ფრესკაც
მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.
აი სხვა ფრესკებიც:
წმ. გიორგი
