ის ეკლესია სადაც დაგვეზარა და აღარ ავედით(10 წუთის სავალზე კი მივაყენეთ მანქანა) აღწერილია პანკისის ვებსაიტზე:
დუისი – დუმასტური – ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი და ზემო ხალაწანი – ომალო, (სავარაუდო ხანგრძლიობა დაახლოებით 3 საათი)
მარშრუტს ვიწყებთ დუისის უშუალოდ მდინარე ალაზნის ნაპირზე მდებარე ნაწილში გასეირნებით. ხმაურიანი მდინარე თავისი ფართე და ქვიანი კალაპოტით სოფელს მთელ სიგრძეზე გაუყვება. ზაფხულის თაკარა დღეებში იგი სოფლის მოსახლეობის საყვარელი საბანაო ადგილია. მდინარის ნაპირზე გადაშლილ მინდორში ბიჭუნები ხშირად ბურთაობენ, მამაკაცები კვირის ერთ დღეს ცხენებით სავაჭროდ მოდიან.
დუისის მახლობლად მრავალი პაწია არხი მოსჩანს. ისინი წყალს პირველ რიგში წისქვილს აწვდიან. სამწუხაროდ წისქვილის შენობაში, ერთი პატარა რკინის ფარდულია, არაფერია დარჩენილი ძველი წისქვილის მომხიბლველობიდან. აი, მის გვერდით არსებულ დუისის უძველეს სასაფლაოზე კი პანკისის პირველი მოსახლეების ძველი საფლავის ქვები და ძეგლებია.
წისქვილის დოლაბების ამუშავების შემდეგ წყალი ცალკეული დუისელი ოჯახის საკარმიდამო ბაღებისაკენ მიედინება. წისქვილს ჩავუვლით და გეზს ჯებირისა და ხიდისაკენ ავიღებსთ (სამხრეთის მიმართულება) ალაზნის მოპირდაპირე ნაპირისკენ მიმავალ გზამდე, ჯებირს ჩავუვლით და მარცხნივ მოვუხვევთ ისევ ჩრდილოეთით, კავკასიონის მაღალი მწვერვალებისაკენ, ომალომდე. მარცხნივ მოხვევისთანავე ხელმარჯვნივ დავინახავთ ღრმა მწვანე ხევს, მის ფერდობებზე კი ქარტული ქრისტიანული სალოცავის ნაშთებს, რომელსაც ქისტები ხომს ეძახიან. სავარაუდოდ თამარ მეფის პერიოდის (XII-XIIIს) უნდა იყოს.
სალოცავი ძველი ხეებითა დაბურული, ძირითადად მუხებით. აქ აღსანიშნავია ადგილი სადაც ოდესღაც საკურთხეველი ყოფილა. ხდება ხოლმე, რომ ამ ადგილზე მოდიან ქართველი მთიელები და ქისტები, რათა დაანთონ სანთლები, ცხვარი შესწირონ, უმეტესად ერთ დღეს, რომელიც ამ სალოცავის დღეობაა. ამჟამად ეს ქისტების საყვარელი საპიკნიკეო ადგილია. სალოცავიდან მთელს ხეობაზე იშლება ლამაზი ხედი – განსაკუთრებით მის ფშაურ-ოსურ ნაწილზე. ხომიდან ქვევით ჩავდივართ და ომალოს გზაზე ვბრუნდებით. 200-300 მეტრის შემდეგ, მარჯვენა მხარეს, მივადგებით გორაკს (მასზე მდორე სერპანტინით შეიძლება ასვლა) და რომელზეც დგას მორიგი ქართული სიწმინდე ხორბალო, ასევე XII-XII საუკუნეების. დღეს უკვე ნანგრევებად ქცეული, მაგრამ ძველთა-ძველი ხეებით დაბურული, ლამაზად წარმოჩინდება მთებისა და მდინარის ფონზე. კარგად მოსჩანს მოპირდაპირე ნაპირიდან და დუისიდანაც. ხორბალოსთან მდგომი ადამიანი არ შეიძლება, რომ არ მოიხიბლოს ხეობის ხედით. გარკვევით მოსჩანს დუისის ორი მეჩეთის მინარეთები – ახლისა და ძველის, ხოლო დროის სათანადო მონაკვეთში შეიძლება გავიგონოთ მუეძინის მთელ ხეობას მოდებული და მრავალი ექოთი გაძლიერებული სალოცავად მოხმობა.
ქისტები, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანები არიან, პატივით ეპყრობიან ქრისტიანულ სალოცავებსა და მათ ნაშთებს. ხდება ხოლმე, რომ მიდიან იქ დღეობებზე, რათა მათი სახელობის წმინდანებს, უმეტესად წმიდა გიორგის, შემწეობა სთხოვონ ან მადლობა მოახსენონ უკვე გაწეული დახმარებისათვის. ამჟამად უკვე აღარ ლოცულობენ იქ, როგორც ეს ხდებოდა 1990 წლების დასაწყისში. ქისტები არავის აძლევენ უფლებას შეურაცხჰყონ ეს ადგილები, მოჭრან ხეები ან დაკრიფონ ყვავილები. ყვებიან, რომ ბევრი ადამიანი, ვინც დაარღვია ამ ადგილების სიწმინდე, მკაცრად იქნა დასჯილი. ძოგს, ვინც სალოცავის ახლოს მდგარი მუხა მოჭრა, გონი წაერთვა; სხვები, რომლებმაც სალოცავის კედლები დაცხრილეს, სულ რამოდენიმე თვეში ჩეჩნეთში დაიღუპნენ.
ხორბალოდან ქვევით ჩამოსვლის შემდეგ გზას გავუყვებით და ნახევარ საათში მივალთ ამ ნაპირის პირველ უმეტესად ქისტებითა დასახლებულ სოფელთან – დუმასტური. სოფელში შემორჩენილია რამოდენიმე ოსური ოჯახი, რაც ადვილი გამოსაცნობია, რადგან მათი სახლების ახლოს შინაურ ღორებს შენიშნავთ.
[img /images/routes/Chorbalo2.jpg
დუმასტურიდან გზა შუა ხალაწანისკენ მიემართება. იქედან კი ზემო ხალაწანის გავლით მთავარ ციხე-სიმაგრმდე თორღვა პანკელამდე მიდის. [ იხილე მარშრუტი თორღვა პანკელი]
ჩვენ კი მთავარ გზას ომალოს მიმართულებით მივუყვებით. დუმასტურიდან გავემართებით ქისტურ-ოსური სოფლის ქვემო ხალაწანისაკენ. ხალაწანში დაბალ მწვანე გორაკზე, იმავე მხარეს სადაც სატელეფონო ანძაა, დავინახავთ ძველი ხეების ტევრებს. ეს არის სწორ ხაზად მდებარე სამი მონაკვეთი. მათკენ მიმავალნი გავდივართ გაშლილ მდელოზე, საიდანაც მთელი ხალაწანი მოსჩანს. ყოველ ამ ტევრში არის ძველი ციხის ან გამაგრებული ნაგებობის მცირე ნანგრევი. ქისტები ამბობენ, რომ ამ ნანგრევებიდან ხშირად გამოძვრებიან ხოლმე გველები და ქეწარმავლები, მაგრამ შხამიანები არ არიან. ჩვენ არცერთი გველი არ გვინახავს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. გორაკის ავლა ნამდვილად ღირს იმ სიამოვნებად, რასაც მოგვანიჭებს ამ გაშლილი მინდორიდან დანახული დუისის, დუმასტურის, სამივე ხალაწანის, ასევე ომალოს ლამაზი ხედები. ძალიან კარგი ადგილია პარამფრენებისათვის.
სოფელ ხალაწანში ჩამოსულებმა შეგვიძლია მოვინახულოთ ოსური სასაფლაო, სადაც საფლავებზე ვნახავთ ადამიანის ფორმის ქანდაკებებს, ან ქვებს, რომლებზეც გამოსახულია გარდაცვლილი ადამიანების პორტრეტები ან მათი ცხოვრების სხვადასხვა მომენტის ამსახველი სურათები. ასეთი საფლავები დამახასიათებელია მთელი საქართველოსათვის.
ხალაწამიდან ჩავდივართ ალაზნის მარჯვენა ნაპირზე მდებარე პანკისის ბოლო სოფელში – ომალო.
სოფლის შესასვლელში გავივლით ორ სასაფლაოს. მათგან ერთი ქრისტიანულია, მეორე კი – მუსულმანური. მუსულმანური ამჟამადაც მომქმედია, აქ დღესაც კრძალავენ მიცვალებულებს. სასაფლაოსთან არის მეჩეთი, რომელიც ამჟამად არის ქალების სალოცავი სახლი. იქ ლოცულობენ ისლამური სუფიტური ორდენის წევრი ქალები. ქალებს, ქისტური ტრადიციის მიხედვით უფლება არა აქვთ მიცვალებული სასაფლაომდე მიაცილონ, მაგრამ შეუძლიათ წაიკითხონ თავიანთი სუფიტური ლოცვები. ქალთა ორდენები ისლამურ სამყაროში იშვიათობაა, მაგრამ არა ქისტებში. [ ბმული: ისტორია და ადამიანები]
მამაკაცები 2001 წელს აგებულ სოფლის ცენტრში მდებარე ახალ მეჩეთში ლოცულობენ. არც თუ შორეულ წარსულში (10 - 15 წლის წინ), ომალოს მოსახლეობის ნახევარი ისლამის მიმდევარი იყო, მეორე ნახევარი კი - ქართული მართლმადიდებელი. ამას გარდა უმეტესობა აღნიშნავდა როგორც მუსულმანურ ასევე ქრისტიანულ დღესასწაულებს. ამჟამად ომალოში სულ რამოდენიმე ქრისტიანული ოჯახი დარჩა (მაგალითად ბექაურების ოჯახი) ან შერეული. ხშირად მისი წევრები მისდევენ ერთ სარწმუნოებასაც და მეორესაც. მიდიან და ლოცულობენ მეჩეთში და პატივს მიაგებენ ქრისტიანულ წმიდანებსაც. ომალოში ოდესღაც ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელი პერიოდის სალოცავების ადგილას აგებულნი სამი სალოცავი იყო. ორი მათგანი აფეთქებული იქნა ე.წ. ვაჰაბისტების მიერ ლტოლვილებსა და ჩეჩენ ბოევიკებს შორის არსებული კრიზისის პერიოდში, 2000-იანი წლების დასაწყისში.
ომალოში გადარჩა სალოცავი სახელწოდებით წმიდა გიორგი ცქვიტორი. მის სიახლოვეს შეგვიძლია ვნახოთ შესნიშნავი სამრეკლო. ამ სალოცავის უდიდესი დღეობა 4 აპრილსაა (წმ.გიორგი). მაშინ აქ ამოდიან ქრისტიანი ფშავები მატანიდან და საკობიანოდან. რამოდენიმე ქისტიც ამოდის ომალოდან. ანთებენ სანთლებს, შეაბამენ ბაბთებს, ეკლესიის კედელში დებენ ფულსა და ლოცულობენ. ლოცვის შემდეგ იმართება პიკნიკი ხორაგითა და ღვინის სმით.
გზა ომალოს ბოლომდე მიდის. იქ, ალაზნის შენაკადის ნაპირზე, არის ფანჩატური, გამაგრილებელი ბანაობისა და დასვენებისათვის მოხერხებული ადგილი.
ამ ადგილებში კიდევ შეიძლება ასვლა ახლო-მახლო გორაკებზე, მათ შორის მათზე წამოჭიმული სატელეფონო ანძიანზე. დაბურული ტყის გავლის შემდეგ, გამოკვეთილი ბილიკით, 20 წუთში მივადგებით პატარა სალოცავ ხატს – ეს მორიგი წმინდა ადგილია. გზა კი მთას მიუყვება კიდევ ერთი სალოცავისაკენ, რომელსაც კუპალას ეძახიან. აქ ქალები მოდიან რათა მას ვაჟიანობა გამოსთხოვონ.
